ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბულინგის შესახებ

ადრე თუ გვიან ყველა ბავშვს უწევს ბულინგთან შეხება:ზოგს მსხვერპლის,ზოგს მოძალადის,ზოგსაც კი მოწმის როლში.ყველა ეს როლი დამანგრევლად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.ამერიკელი პედაგოგი მელისა ლოვენშტაინი და ფსიქოთერაპევტი ჯენიფერ ფრედი გვიხსნიან, როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნაში.

სტატისტიკა და ტოპოლოგია

თუ თქვენ ცხოვრების მანძილზე არასდროს განგიცდიათ სისტემატური ძალადობა ან ღვარძლი,  შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბულინგთან დაკავშირებული პრობლემები წვრილმანებია.

აშშ-ს  განათლების დეპარტამენტის მოხსენებიდან ჩანს,რომ 4-დან ერთი ბავშვი 12-დან 18 წლამდე  ბულინგის მსხვერპლია.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვები მეტად არიან მიდრეკილი შფოთვისა და დეპრესიისკენ. ნუ წარმოვიდგენთ თანამედროვე ბულინგს  მხოლოდ კადრებით ძველი ფილმებიდან-უნიტაზში თავის ჩაყოფით ან რაიმე მსგავსით. ამ ასაკის ბავშვების ჩაგვრამ ახალი ფორმები მიიღო, ხშირად ეს კიბერ ბულინგია : ბოროტი შეტყობინებები,მუქარა,გარკვეული ინფორმაციის გაჟონვა ქსელში და შანტაჟი. ადამიანებს  ეადვილებათ მონიტორთან თავიანთი უარყოფითი ემოციების გამოხატვა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა,რომ კიბერბულინგის შემთხვევებმა მასშტაბური სახე მიიღო.

 

                                პრობლემის არსი

        ბულინგი გაუაზრებელი აგრესიული ქცევაა, რაც რეალური და შინაგანი ძალაუფლების დისბალანსითაა გამოწვეული. ბულინგს განმეორების ტენდენცია ახასიათებს, რაც მსხვერპლს მუდმივ შიშსა და სტრესში ამყოფებს. მსგავს ეფექტს მათზეც ახდენს, ვინც ამ ძალადობის მოწმე ხდება. თუ ბავშვებმა ერთხელ იჩხუბეს ან თანატოლი დაამცირეს, ან გუნდიდან ერთხელ გარიყეს, ეს არ კვლიფიცირდება ბულინგად, მაგრამ თუ ბავშვთა კოლექტივში ყალიბდება დაუსჯელი ძალადობის კულტი,  უკვე მჩაგვრელებს  დაუსჯელობის შეგრძნებას უყალიბებს.

   შედეგები

შედეგები შესაძლოა საკმაოდ დამანგრეველი იყოს. ყველას გვსმენია ბულინგის შედეგად  გამოწვეულ თვითმკვლელობების შემთხვევებზე. ახლახანს აშშ-ში ეკრანებზე გამოვიდა ტელესერიალი ბულინგის შესახებ ,,13 მიზეზი- რატომ“ ჯეი ეშერის წიგნის მიხედვით, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი ეს პრობლემა. ბულინგის მსხვერპლმა შეიძლება სწავლას მოუკლოს, გაკვეთილები აცდინოს.  ბულინგით გამოწვეულ  ტრავმებს  ისინი მოზრდილობაშიც  ვერ ივიწყებენ . ბულინგის მსხვერპლნი  უფრო მეტად არიან მიდრეკილნი   სომატური და ფსიქოლოგიური პრობლემებისკენ.

            თუ ფიქრობთ,რომ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია

იდეალურ შემთხვევაში თქვენი შვილი მოდის თქვენთან და გიყვებათ, თუ როგორი რთულია  სკოლაში ყოფნა. მაგრამ თუ ბავშვი ამაზე არ ლაპარაკობს, თქვენ კი ხედავთ,რომ ის გახდა მოწყენილი, გაფანტული,რაღაცის ეშინია, თავად გაუბით საუბარი. უთხარით რომ ამჩნევთ,თუ როგორ შეიცვალა, ხვდებით, რომ რაღაც აწუხებს.დეტალურად აღუწერეთ, რა ცვლილებები შეამჩნიეთ. მაგრამ შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. არანაირი სარკაზმი და ჭკუის დარიგებები!  შეეცადეთ შეუქმნათ თქვენს შვილს  ისეთი გარემო, სადაც შეძლებს თავისი ტკივილის გაზიარებას. დაუსვით ღია კითხვები:,,მგონია,რომ ბოლო დროს  მოწყენილი ხარ. მოხდა რამე?,, ან ,,ამ ბოლო დროს, რაღაც აღარ გინდა სკოლაში სიარული და ავადმყოფობას იმიზეზებ. თუ სკოლაში რამე ისეთი ხდება,რის გამოც წასვლა არ გინდა,ვილაპარაკოთ ამის შესახებ.,,

იყავით მომთმენნი ! მოუყევით, როგორ გადაგიტანიათ ბავშვობაში ძალადობა და მკაცრი მოპყრობა. თუ ბავშვი მოგიყვებათ ბულინგის შესახებ,დაიოკეთ მრისხანება, გამოხატეთ ემპათია, მოუსმინეთ:,, აი, ეს ნამდვილად სამარცხვინოა, როგორც ჩანს, შენი ამხანაგი, ამ შემთხვევაში ძალიან არამეგობრულად იქცევა,  შეგიძლიათ გაამხნევოთ და შეაქოთ  ,,შენ მშვენივრად მოქცეულხარ,, ან ,,კარგია, რომ გამიზიარე, ასეთ რამეზე ძნელია საუბარი“. აგრძნობინეთ, რომ მას შეუძლია გააჩნდეს საკუთარი აზრი, მაგრამ დაარწმუნეთ,რომ არავინ იმსახურებს ბულინგის მსხვერპლად ყოფნას. არავინ და არასდროს! მას შემდეგ, რაც ბავშვი გულახდილად მოგიყვებათ პრობლემაზე, არ იჩქაროთ მოძალადეების მშობლებთან და მასწავლებლებთან თქვენი წუხილის გამოხატვა. დასაწყისისთვის აცალეთ ბავშვს გამოხატოს თავისი გრძნობები, ეცადეთ წაახალისოთ, დააწყნაროთ.  ბავშვს ეცოდინება, რომ ყოველთვის შეეძლება თქვენთან გულახდილი იყოს.

              თუ თქვენი შვილი მოძალადეა

თუ გაიგებთ, რომ თქვენი შვილი ჩაგრავს სხვებს და ძალადობს, პირველ იმპულსად მისი დასჯის სურვილი გიჩნდებათ.   ეს იქნება ერთჯერადი ზომა და  პრობლემას უფრო გააღრმავებს.  დასჯით ვერ გამოასწორებთ ცუდ ქცევას, სამაგიეროდ გაანადგურებს თქვენდამი მის ნდობას. თქვენ უნდა მოახერხოთ, სხვისი ჩაგვრის სურვილი სიკეთის კეთების სურვილით ჩაუნაცვლოთ. როგორ მიიღწევა ეს? არსებობს ე.წ. ,,შემრიგებლური“ მიდგომა. ამ მიდგომით  მუშაობენ კონფლიქტის ყველა მონაწილესთან: მსხვერპლთან, მოძალადესთან,მოწმეებთან. მათ შორის უნდა შედგეს გულწრფელი საუბარი, რომლის მოქნილად წარმართვა უნდა შეძლოთ. ამისთვის საჭიროა ფასილიტატორი,რომელიც თავიდან ყველას ცალ-ცალკე გაესაუბრება, შემდეგ ყველა ერთად იკრიბება, მოძალადე ჯდება წრის შუაში-მან უნდა აიღოს მომხდარზე პასუხისმგებლობა. მოძალადეს  უნდა შევახსენოთ თავისი ძლიერი და დადებითი მხარეები, უნდა ავუხსნათ,რომ გამოსწორების გულწრფელი სურვილის შემთხვევაში(რაც ტექსტის სახით უნდა წარმოადგინოს და ხელი მოაწეროს), მას არა მარტო აპატიებენ, არამედ ჩადენილის გამოსწორების საშუალებასაც მისცემენ.  სკოლებში ასეთი პროცედურა კარგ შედეგს იძლევა. მსხვერპლიც და მოძალადეც დიდ შვებას გრძნობენ და რეციდივების რიცხვიც  იკლებს. ბავშვთან სახლშიც უნდა იმუშაოთ „შემრიგებლური“ პრინციპით.  დაანახეთ, აუხსენით, რა დააშავა და დაეხმარეთ იპოვოს  გამოსავალი, გამოსწორების გზები. ჰკითხეთ, რამ აიძულა ასე მოქცეულიყო, დაეხმარეთ გააცნობიეროს  და გაიგოს, რომ  საქციელზე პასუხისმგებლობის აღებით, ის შეძლებს დაიბრუნოს დაკარგული პატივისცემა. გახსოვდეთ,რომ ბავშვის ასეთ ქცევას რაღაც მიზეზით გამოწვეული შინაგანი დისკომფორტი განაპირობებს. როდესაც საკუთარ თავს პოზიტიურად აღვიქვამთ,სხვისი წყენინება არ გვინდება. დაიმახსოვრეთ-ცუდია ქცევა და არა ბავშვი! ელაპარაკეთ,რომ ის კარგია და ასეთი ქცევა  არ შეეფერება.

     კიდევ როგორ შეგვიძლია დახმარება

თუ მშობელთან კონტაქტის პირველი ეტაპი ჩაიფუშა,თუ ბავშვი,მსხვერპლია ის თუ მოძალადე,არ გაიხსნა,უნდა მოძებნოთ კარგი ფსიქოთერაპევტი. ისეთი, ვისაც მსგავს პრობლემებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. დიალექტიკური ქცევითი თერაპია ან დესენსიბილიზაცია და თვალებით მოძრაობის დამუშავება-ამ ორი მეთოდის ეფექტურობა კვლევებითაა დადასტურებული.

არ დაივიწყოთ, რომ ბევრი რამ თქვენს ოჯახში არსებული ურთიერთობების კულტურაზეა დამოკიდებული. ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს ოჯახში თავისუფლად იგრძნოს თავი, თავისუფლად ილაპარაკოს თავის გრძნობებსა და ფიქრებზე, არ ეშინოდეს, რომ უყვირებენ,  ეჩხუბებიან და გამუდმებით ჭკუას დაარიგებენ. თუ ოჯახში რთული საუბრები ყვირილით იმართება, ეცადეთ პოლემიკა ცივილურ ფორმებში გამართოთ და ყველას მისცეთ საშუალება, ეს აგრესიული ქცევა შეაფასოს. დამცირება და მუქარა არ უნდა იყოს ურთიერთობის ჩვეული ფორმა.

 

 

წყარო: goop.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი