ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფერიდე – საუკუნის ბიბლიოთეკარი

იმ დღეს ფერიდე კვაჭანტირაძესთან ვიყავით. მე, სოფო გელუკაშვილი, ციური კოჭლაშვილი და ლევან თაქთაქიშვილი. მისი თანამშრომლები ანუ.  საუკუნის ბიბლიოთეკარის წოდება გადავეცით.  ფერიდე პატარა ოთხაში იწვა. ავად იყო. როცა ბიბლიოთეკაში მუშაობა დავიწყე, მეორე დღესვე მოვიდა კაფანდარა, ცოცხალთვალებიანი ქალი. რარიტეტის გამგე ვარ და წიგნის მუზეუმი უნდა გავაკეთოთო. ასე, დაბეჯითებით. ხუთი წელი დაგვჭირდა და გავაკეთეთ. მაშინ ძნელად წარმოიდგენდა ადამიანი, მაგრამ რაც ფეროს უნდოდა, ყველაფერი სრულდება. მაშინც მითხრა, რაღაც სიურპიზი მაქვსო, ზუსტად ვიცი, ეს სიურპიზი, რამე კატალოგის მომზადება იქნებოდა. დამიდასტურა კიდეც. ფერიდე ხომ ბიბლიოთეკით ცხოვრობდა – მისი სიურპრიზები, სიხარულებიც და დღესასწაულებიც ბიბლიოთეკის ირგვლივ ტრიალებდა.

 

ჰოდა, ფერიდე წავიდა.

მაგრამ, მე მაინც ვესაუბრები. ჰოდა, გამარჯობა ფერიდე. ალბათ გახსოვს, ამასწინ რომ მოვედით და საუკუნის ბიბლიოთეკარის სერთიფიკატი მოგიტანეთ (რაც ალბათ ცოტა ადრეც უნდა გვექნა), მერე ღიმილი გამოვიგონეთ და რაღაც სასაცილო ამბების მოყოლა დავაძალეთ თავს, შენც რომ აგვყევი და იცინოდი, კიდევ ოცი წელი უნდა ვიცხოვროო, ბიბლიოგრაფია უნდა დავამთავროო და სიურპრიზად გამოგიგზავნოო.

გამოვედით და ერთ საათში დამირეკე, მე მაგას ვერ მოვასწრებო. კაი, რას ამბობთ მეთქი – ვითომ მხიარულად გიპასუხე. ვიციო, რასაც ვამბობო. შენ ყოველთვის იცოდი, რასაც ამბობდი. მაშინაც, როცა წიგნის მუზეუმის გაკეთების ჯერაც უტოპიურ იდეაზე მესაუბრებოდი და მაშინაც, როცა სოფელ-სოფელ ფოტოების გასაციფრებლად დაგვყვებოდი. შენ უასაკო ადამიანი იყავი, ანუ უფრო უკეთ – სულ ძალიან ახალგაზრდა. ახლაც ასეთი ხარ, უბრალოდ სხვა სამყაროდან კითხულობ ამ წერილს და მე მინდა დაგპირდე, რომ იმ და კიდევ ორ სურვილს, რაც მაშინ ტელეფონში მითხარი აუცილებლად აგისრულებთ.

შეხვედრით კი ზეციურ ,,რარიტეტში” შევხვდებით, სადაც დღეიდან იცხოვრებ, მე კი დროებით შემომატარებენ და პირველად, რა თქმა უნდა, შენ შემეგებები და მეტყვი: გიორგი, დაჯექი ორი წუთით ახლა და მომისმინე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი