პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ მიყვარს სოციალური ქსელი

მიყვარს სოციალური ქსელი. უამრავ ინფორმაციასთან ერთად, ის რესურსების საუკეთესო წყაროა. რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლაში ვიწყებდი მუშაობას, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კომპიუტერი ასე ღრმად შემოიჭრებოდა  ჩემს ცხოვრებაში.
განათლების არსი ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ. ისინი კი გვასწავლიან, როგორ ვასწავლოთ. სოციალურ ქსელთან ჩემი დამეგობრებაც მათი დამსახურებაა. პირველივე კონფერენციისთვის ჩემმა მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და სკოლაში აღიარებაც დაიმსახურეს. იმ დღიდან დაიწყო კომპიუტერთან ჩემი მეგობრობა. მე და ჩემი მოსწავლეები სოციალურ ქსელში ახლაც ვმეგობრობთ. ვმეგობრობთ და ვმუშაობთ.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებული რესურსების გამოყენების რამდენიმე მაგალითს.

www.facebook.com-ით გავრცელდა ამერიკელების მიერ შევსებული ევროპის კონტურული რუკები, რომლებიც ევროპაზე მათ წარმოდგენას ასახავს. შედეგი გამაოგნებელია.
https://www.buzzfeed.com/summeranne/americans-try-to-place-european-countries-on-a-map
 
 

ეს შეცდომით შევსებული რუკებია სწორედ გაკვეთილის რესურსი.

დავალება მარტივია: მოსწავლეებმა უნდა გაასწორონ შეცდომები. დამეთანხმებით, საინტერესო და სახალისო სამუშაოა: მოსწავლეები სწავლობენ ევროპის ქვეყნების ადგილმდებარეობას და ამავე დროს სივრცეში ორიენტაციის უნარიც გამოუმუშავდებათ. 

მეორე რესურსი, რომელიც ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე, არის „რუკები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიან” (https://ucnauri.com).

„სკოლის დამთავრებისას ჩვენ ბევრი რამ ვიცით, მაგრამ მაინც გვრჩება შეგრძნება, რომ ყველაზე საინტერესო არ უსწავლებიათ. შესაძლოა ვიცოდეთ, სად არის რომელიმე გეოგრაფიული ობიექტი, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდეს მსოფლიოზე. სწორედ ამიტომ ერთ-ერთმა ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეადგინა ინფოგრაფიკული რუკები, ანუ რუკები, რომლებზეც ჩვეულებრივი რუკისგან განსხვავებული ინფორმაციაა დატანილი და რომლებიც უადვილებს ადამიანებს დანარჩენი მსოფლიოს აღქმას”, – ვკითხულობთ ბლოგზე.

ვეთანხმები ავტორს – მხოლოდ გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის ცოდნა მსოფლიოზე წარმოდგენას ვერ შეგვიქმნის. დღეს გეოგრაფიის სწავლებისას მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე კი არ ვართ ორიენტირებული, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაზე, ანალიზსა და შეფასებაზეც. გეოგრაფია არ არის ობიექტების, ფაქტებისა და მოვლენების მხოლოდ აღწერა; გეოგრაფიის სწავლისას მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გაიცნონ და მთლიანობაში აღიქვან სამყარო. მოსწავლემ მხოლოდ ობიექტების ადგილმდებარეობის დასასწავლად არ უნდა დაკარგოს დრო – საჭიროა ვასწავლოთ მათ ის პროცესები და მოვლენები, რაც ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარეობს, დავანახვოთ მათ შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირები.

ამ ბლოგის რესურსი სწორედ ასეთი აქტიური გაკვეთილების ჩატარების საშუალებას იძლევა. მადლობა ავტორს.
პირველივე რუკა სივრცეში ორიენტაციის უნარ-ჩვევის განვითარებაში დაგვეხმარება.
რუკა 1. ყველაზე პოპულარული გვარები ევროპაში
 
ამ რუკის მიხედვით მეშვიდეკლასელებს შეიძლება მივცეთ მარტივი დავალება: ამოიწერონ, რომელ ქვეყნებში რომელი გვარებია ყველაზე მეტად გავრცელებული. ამ დავალების შესრულება უფრო სახალისოა, ვიდრე ქვეყნებისა და მათი დედაქალაქების დასწავლა.

სივრცეში ორიენტაციის უნარის განვითარებისთვის გამოდგება მეორე რუკაც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური ქსელების გავრცელებას გვიჩვენებს.
რუკა 2. სოც. ქსელების გავრცელების რუკა
 
ამ რუკის შედარებითი ანალიზი დაგვანახვებს, როგორ იცვლებოდა წლიდან წლამდე მსოფლიოში სოციალური ქსელების მოხმარება და რა როლს ასრულებენ ისინი გლობალიზაციის პროცესში.

მომდევნო რუკები ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რომელ ქვეყნებშია მაღალი მოსახლეობის სიმსუქნისკენ მიდრეკილებისა და IQ-ს მაჩვენებელი, მერე შეადარონ ეს რუკები მშპ-ის მიხედვით შედგენილ რუკას და ამ მაჩვენებლებს შორის არსებულ კავშირზე იმსჯელონ, განსაზღვრონ, აქვთ თუ არა მათ უშუალო კავშირი ერთმანეთსა და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასთან. დასკვნა შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ფორმით.
რუკა 3. მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის მიდრეკილება სიმსუქნისკენ
 

რუკა 4. ქვეყნები მოსახლეობის IQ ქულების მიხედვით

 
ეს აქტივობა მხოლოდ ისეთი სპეციფიკური უნარების განვითარების საშუალებას კი არ იძლევა, როგორიცაა რუკის გამოყენება და გაანალიზება, არამედ მოსწავლეებს აზროვნების უნარს უვითარებს, საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მონაცემები ერთმანეთს დაუკავშირონ და დასკვნები გამოიტანონ.

ამ ბლოგზე კიდევ უამრავ სასარგებლო რესურს ნახავთ, რომლებსაც გაკვეთილზე გამოიყენებთ. 21-ე საუკუნეში, როცა ასე სწრაფად იცვლება და ვრცელდება ინფორმაცია, მხოლოდ წიგნებით ვერ შემოიფარგლები. თვალსაჩინოების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე საჭიროა. უამრავი ცხრილი, გრაფიკი, დიაგრამა და რუკაა სახელმღვანელოებში, მაგრამ საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლების დროს აუცილებელია ინფორმაციის გაცნობა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება. ამ ინფორმაციას სწრაფად და მოხერხებულად სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით მოვიპოვებთ.

აი, რატომ მიყვარს სოციალური ქსელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი