სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სადისკუსიო მეთოდები

ყველასათვის ცნობილია, რომ დისკუსია კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კომუნიკაციური უნარების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა. ამიტომ შემთხვევითი არ არის ის, რომ მასწავლებელთა დიდი ნაწილი ყველაზე ხშირად გამოყენებულ სტრატეგიათა შორის სწორედ დისკუსიას ასახელებს. დისკუსიის იმდენი სახეობა არსებობს, რომ მათი გაერთიანება შეიძლება ერთი ტერმინის ქვეშ: სადისკუსიო მეთოდები. ასეთი მეთოდებს შორის მოიაზრება დიალოგი მონაწილეთა ან მონაწილე ჯგუფებს შორის, სოკრატული საუბრები, ჯგუფური დისკუსია „მრგვალი მაგიდის” ირგვლივ, კონკრეტული სიტუაციის ანალიზი, არაოფიციალური კამათი / დებატები და სხვ.

ნებისმიერი სადისკუსიო მეთოდის გამოყენებისას საჭიროა რამდენიმე პირობის დაცვა:

1.მონაწილეთა წინასწარი და საფუძვლიანი მომზადება დისკუსიისათვის როგორც შინაარსობრივი, ისე ფორმალური თვალსაზრისით. შინაარსობრივი მომზადება გულისხმობს სადისკუსიო თემის შესახებ აუცილებელი ცოდნის დაგროვებას, ფორმალური კი – ამ ცოდნის გამოხატვის ფორმის შერჩევას. საკითხის ცოდნის გარეშე დისკუსია ხდება უსაგნო, უშინაარსო, ზედაპირული, ხოლო აზრის მწყობრად გამოხატვის უნარის გარეშე, ბუნდოვანი და შეიძლება წინააღმდეგობრივიც.

2.კეთილგანწყობილი და ღია გარემო კომუნიკაციური ურთიერთობებისთვის. მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ვინმე დასცინებს მას განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის. არც ის არის რეკომენდებული, რომ მასწავლებელმა ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია სადისკუსიო საკითხის მიმართ. ის აფასებს გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების საფუძვლიანობას და არა თვალსაზრისებს. მასწავლებლის მიერ დისკუსიის დროს გამოთქმული რომელიმე მოსაზრების აშკარა მხარდაჭერამ შეიძლება შემდგომ დისკუსიაში მონაწილეობის ინტერესი დაუკარგოს იმ მხარეს, რომლის შეხედულებაც არ დაემთხვა პედაგოგისას.

3.დისკუსიის მონაწილეთა მზაობა მოისმინონ და პატივი სცენ განსხვავებულ პოზიციას, თვალსაზრისს. ამის დარეგულირება მასწავლებელს შეუძლია დისკუსიის წინასწარ შემუშავებული წესებით.

4.დისკუსიის ყველა მონაწილისათვის აზრის გამოთქმის უფლებისა და საშუალების მიცემა. ხშირად დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე იჭერს დომინანტურ პოზიციას და სხვებს აზრის გამოთქმის საშუალება აღარ ეძლევათ. ეს განსაკუთრებით მოქმედებს გაუბედავ მოსწავლეებზე. ამგვარი ვითარების თავიდან აცილება მასწავლებელს შეუძლია მონაწილეთა გამოსვლების რეგლამენტირებით. მაგალითად, აზრის გამოთქმისათვის ფიქსირებული დროის განსაზღვრა ან დამატებითი კომენტარის გაკეთებისათვის საშუალების მიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა მონაწილე გამოხატავს საკუთარ პოზიციას.

5.სადისკუსიო საკითხის სწორად შერჩევა. სადისკუსიოდ უნდა შეირჩეს ისეთი საკითხი, რომლის ირგვლივაც განსხვავებული თვალსაზრისები შეიძლება არსებობდეს ან დაისვას ისეთ პრობლემა, რომლის გადაჭრის ალტერნატიული გზები არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში დისკუსია შემეცნებით ინტერესს დაუკარგავს მოსწავლეებს.

დისკუსიის უმთავრესი ფუნქცია შემეცნებითი ინტერესის სტიმულირებაა. მაგრამ ამასთან ერთად მას აქვს სასწავლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი და საკორექციო ფუნქციაც. ეს არის მართული შემეცნებითი კამათი, რომლის შედეგიც შეიძლება არ იყოს ამა თუ იმ თვალსაზრისის ჭეშმარიტებისა თუ სამართლიანობის დადგენა, მაგრამ თავად კამათი ყოველთვის ზრდის ინტერესს საკითხის, პრობლემის მიმართ, სადისკუსიო საკითხში უფრო კარგად გარკვევის სურვილს. დისკუსია მოსწავლეს ეხმარება ცოდნის განმტკიცებაში, სისტემატიზაციასა და ორგანიზებაში. მასწავლებელი, თავის მხრივ, იღებს სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად საფუძვლიანია მოსწავლეთა ცოდნა საკითხის შესახებ, მას ეძლევა შესაძლებლობა დაუკვირდეს თითოეული მოსწავლის თავისებურებებს: აზროვნების წესს, ხასიათს, ტემპერამენტს, მეხსიერებას, ემოციების მართვის უნარს და სხვ.

როგორც ზემოთ ითქვა, დისკუსიის ბევრი სახეობა არსებობს. ამჯერად წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
როლური დისკუსია

იმის მიხედვით, რა მასალაა შერჩეული სადისკუსიოდ და რა მიზანს ვუსახავთ დისკუსიის მონაწილეებს, შეიძლება შემდეგი როლების შერჩევა და განაწილება:

·წამყვანი – ეკისრება დისკუსიის ორგანიზებისა და წარმართვის ფუნქცია. ის წინასწარ შეისწავლის აუდიტორიის ინტერესებსა და შესაძლებლობებს, განსაზღვრავს სადისკუსიო/პრობლემური საკითხის არეალს, რომ დისკუსიამ არ შეიცვალოს მიმართულება, აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას. ამასთან, ის ნეიტრალურია, არა აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რომელიმე თვალსაზრისის მხარდაჭერით.

·ოპონენტი – ეძებს მოსაზრებებში სუსტ წერილებს და სთავაზობს თანაკლასელებს რჩევებს.
·ლოგიკოსი – ავლენს მონაწილეთა მსჯელობებში წინააღმდეგობრიობებსა და ლოგიკურ შეცდომებს.
·ფსიქოლოგი – პასუხისმგებელია თბილი და კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნებაზე.
·ექსპერტი – აფასებს დისკუსიის პროდუქტიულობას, თითოეული მონაწილის წვლილს დისკუსიაში.


აკვარიუმი

ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის მოსწავლეთა ჯგუფში წარიმართოს პროდუქტიული დისკუსია. კლასი იყოფა ორ ჯგუფად. ერთ ჯგუფს დამკვირვებლის ფუნქცია აქვს, მეორეს – მოქმედი ჯგუფისა. ჯგუფები არათანაბარი რიცხოვნებისაა. მცირერიცხოვანი ჯგუფი (6-8 მოსწავლე) განლაგდება წრიულად საკლასო ოთახის შუაგულში. თანაკლასელები მათ გარშემო წრიულად სხდებიან. შიდა წრეში მიმდინარეობს დისკუსია წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე. შიდა წრე შეიძლება იყოს დახურული ან ღია. ღია წრე გულისხმობს იმას, რომ დამკვირვებელ მოსწავლეებს შეუძლიათ დისკუსიაში ჩართვა, რისთვისაც შიდა წრეში თავისუფალი სკამია გამოყოფილი. მსურველი ჯდება ამ სკამზე, გამოთქვამს თავის მოსაზრებას და უბრუნდება კვლავ თავის ადგილს გარე წრეში, ანუ დამკვირვებლის პოზიციას.

გარე წრეს შეიძლება სხვადასხვა დავალება ჰქონდეს:

ა) თვალყური ადევნონ დისკუსიას, იფიქრონ თავიანთ არგუმენტებზე, რათა მოგვიანებით ისინი გააცნონ მთელ კლასს. ამ შემთხვევაში ორიენტაცია აღებულია დისკუსიის შინაარსზე. ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია ღია ტიპის შიდა წრე.

ბ) დააკვირდნენ დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეთა მიერ დისკუსიების წესების დაცვას, სოციალურ ქცევებს, მონაწილეთა პოზიციების დამაჯერებლობას და ა.შ. ფოკუსშია საუბრის ხელოვნების აღზრდა. ამ მიზანს შეესაბამება დახურული შიდა წრე.

გარე წრისათვის მინიჭებული ფუნქციის მიხედვით განისაზღვრება დისკუსიის შემდეგ საერთო საკლასო განხილვის შინაარსი. პირველ შემთხვევაში (ა) დისკუსია გრძელდება, მეორეში (ბ) – ხდება დისკუსიის მიმდინარეობის ანალიზი და შეფასება.

სასურველია მორცხვი და გაუბედავი მოსწავლეების ჩაბმა თავდაპირველად დამკვირვებლის როლში. ისინი თანდათან, შეუმჩნევლად შეძლებენ თავიანთი წვლილის შეტანას დისკუსიაში. გარდა ამისა, შიდა წრის წევრების ქცევა გაუბედავი მოსწავლეებისათვის იქნება ერთგვარი ნიმუში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი