ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მოგონებათა ავტონომია – რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო”

ის, რაც ამ წიგნის კითხვის დაწყებისთანავე გვატყვევებს, მონათხრობის მხატვრული ოსტატობა და ნიავის სიმსუბუქეა, ის თავიდან ბოლომდე, თითქოს ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ესაა ფილოსოფიური ფანტასტიკის ჟანრში გადმოცემული განუმეორებელი, ბავშვური სამყარო. ჩვენც შევემზადოთ ამისთვის, გავიკეთოთ ,,ვარდისფერი სათვალე” და… წლების ტვირთის სიმძიმე გაქრება, თვალები გადიდდება და მათში ცნობისმოყვარეობა და მოუსვენარი სიცელქე ჩასახლდება, სულში მრუმე ბინდს გულწრფელობისა და ზნეწრფელობის მკრთალი ნათელი მომიფანტავს და ის ნელ-ნელა თვალისმომჭრელ სინათლედ იქცევა. თვალზე ხელს აიფარებ და გადაინაცვლებ ოცნებებისა და საოცრებათა ქვეყანაში, რომელშიც არც ურვაა, არც ტკივილი, არც ღალატი, არც ორპირობა, არც სიკვდილი, არც სასოწარკვეთა, არც სიძულვილი, დაუნდობლობა და ა.შ. იქ, მზისფერ, ფერადოვან სამყოფელში ადამიანები სულ იღიმებიან, მხოლოდ ხანდახან შეიპყრობთ სევდა, მათ უყვართ ერთმანეთი, ცხოველები, ვარსკვლავები, სამყარო, ისეთი იდუმალი და არქაული მზერა აქვთ, როგორც გოგენის ნახატებზეა. ისინი მოგისმენენ, ყოველთვის გამოგიწვდიან დახმარების ხელს, ყველაფერს გაგიგებენ, საღამოობით მოგიყვებიან ნაღვლიან ზღაპარს, ტკბილ, მშობლიურ ჰანგს გიმღერებენ ძილის წინ და შენც დაიძინებ ახალი, უცნაური, როგორც ყოველთვის, იმედიანი დღის მოლოდინში…ნაწარმოებში 1928 წლის ზაფხულია, სეზონი, როცა ცხოვრება განიძარცვება მოსაწყენი, შეჩვეული მონოტონურობისაგან და მშვიდი იდუმალებით იმოსება. საოცარი, ბავშვის თვალით დანახული სამყარო: ,,ყვავილები თურმე მზეები ყოფილან, თუ ზეცის მოელვარე ნაგლეჯები, ვიღაცის ხელს რომ უხვად მიმოეფანტა ტყის მდელოზე. ცა ფართო, გადმოპირქვავებულ ტბად იქცა, მის ზედაპირზე ჩიტები მარჯვედ ნასროლი ქვებივით მიხტოდნენ”. ბავშვის გაფართოებულ თვალებში მსუბუქი იუმორით ამოკითხული ქვეყნიერების ჯადოსნური მომნუსხველობა და ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მივიწყებული, ანგელოზებრივი სიხარული. ,,დაგლასს ხშირად უჩნდებოდა სურვილი, ეკითხა: – ბებო, ეს არის ის ადგილი, საიდანაც ქვეყნიერება დაიწყო? – რადგან უეჭველი იყო: სწორად ამისთანა ადგილას ჩაეყარა საფუძველი სამყაროს. სამზარეულო უდავოდ შესაქმის შუაგულს წარმოადგენდა, რადგან ყოველივე მის გარშემო ტრიალებდა. ის გახლდათ საძირკველი, რომელზედაც ტაძარი დაფუძნებულიყო”…

ზაფხულის ხვატიანი, უცნაური მოლოდინის ენერგიით დატუმბული მშვიდი დღეების პოეზია, მშვენიერი ყოველდღიურობის რიტუალების (თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი დღე მბრუნავი სამყაროს ცენტრია, მსგავსი არასდროს გამეორდება და ყოველთვის აღრმავებს სიცოცხლის საიდუმლოს) ხიბლი – მწვანილების ქილა, რომანტიკული, გემრიელი ბანალობა…ესაც სულ მარტივი ადამიანური ბედნიერება, როგორც საღამოს დიდ, გაშლილ მაგიდას, ბებოს გამზადებულ კერძებთან შემომსხდარი მოშიებული ოჯახის წევრები, ნერვიული ყიჟინით, უკბილო ხუმრობით, მაგრამ იმ საოცარი ერთიანობის შეგრძნებით, წარმავალ, მაგრამ სანუკვარ ამქვეყნიურ სიტკბოსა და სიამოვნებებს რომ იტევს. განა, ეს ის არ არის, რისთვისაც ცხოვრება ღირს?!…

დროს მიაქვს ბავშვობა. ის გადის დაუნდობელი, მაცდური სისწრაფით, აზარტით და ერთ მშვენიერ დღეს დადგება წუთი, როცა ცხოვრება დაემსგავსება საღამოს მზეში ობობას ნაქსოვზე წვიმის დატოვებულ წვეთ-მოგონებთა სხმულას, რომლებშიც, თითოეულში, პატარა, ჩამავალი მზეა…და ბრწყინავს ეს სხმულა თვალისმოჭრელი სილამაზით, სანამ ,,ღამის” ბინდში განიბნევა და განქარდება…იქ კი, საინტერესო იყო, ბავშვობაში…,,ხუთი მილიარდი ხის ძირიდან გამოცოცებული ჩრდილები! წარმოიდგინე! ჩრდილები ჰაერში ირევიან და ჰაერს ამღვრევენ. რამენაირად რომ მოვნახოთ და ეს წყეული ხუთი მილიარდი ჩრდილი თავ-თავიან ხეებქვეშ დავაკავოთ, მაშინ შეგვეძლება ნახევარი ღამე ფეხზე გავატაროთ, დაგ, იმიტომ, რომ მაშინ საერთოდ არ დაღამდება! …”.

ჩვენი სივრცისა და განზომილების ერთ- ერთი საზომი – დ რ ო…როცა დასაწყისში დასასრული მოიაზრება და დასასრულიდან დასაწყისს ვითვლით. ყველაზე შესატყვისი სიმბოლო წუთისოფლის დროის კატეგორიისათვის, გაჩერებული საათი მგონია, ანუ ხშირად დროის უდროობა, განუსაზღვრელობა. თომას მანისეული დროის ფარდობითობა: საუკუნედ გაწელილი წამი თუ ოდესმე წამად ნაქცევი ყველა საუკუნე. დრო ხან, მართლაც, დროზე სწრაფად მიქრის სინათლის სხივის სიჩქარით, თუმცა უფლისთვის წამი ჩვენთვის თაობათა სიცოცხლეა. დრო მიედინება, თითქოს, თითებში იცრება ქვიშასავით, რომ სიბერეში ისევ ბავშვობაში დაგვაბრუნოს, არსთა წვდომის სიღრმე შეგვძინოს, მერე კი ჩვენთან ერთად გარდაიცვალოს და განიბნეს მეტაფიზიკურ მარადისობად. ,,იქ” კი ალბათ ჩვენ აუცილებლად ისევ ჩვენ ვიქნებით, შევინარჩუნებთ თავში დროის მონაპოვარს, მაგრამ, ამავე დროს, შევადგენთ რაღაცა მთლიანობას, ერთიანობას, ნათელს, ლამაზს, საინტერესოსა და დროზე აღმატებულს…განსაკუთრებულია მწერლის დამოკიდებულება დროის კატეგორიასთან. საათის ისრებს კი გადასწევ უკან, როგორც ამას ნაწარმოების გმირი აკეთებს, მაგრამ დროს ვერ შეაჩერებ. ვერც პასიური მჭვრეტელი ვერ იქნება ადამიანი, ის დინამიკისთვისაა შექმნილი ( სულიერი მაინც, ფიზიკური თუ არა). იგი უნდა ვითარდებოდეს, ისწრაფოდეს უკეთესობისაკენ, ეს კი იდეაში მომავალში კარგის მოლოდინს ნიშნავს. დროით არც თამაში შეიძლება, რადგან ის მოუხელთებელია, არის და გიქრება, გამუდმებით მოძრაობს, იცვლება, იწვევს შენშიც მეტამორფოზებს…

ცხოვრება აღქმის სიმძაფრეა და წამის შეჩერების მცდელობა, რომლის განცდა უნდა მოასწრო, სანამ გარდაისახება მომავლად, რომელიც გარდაუვალია, მწერლის შიშის მიუხედავად, ოღონდ ისევ წარსულად ქცევის პერსპექტივით. ,,შეჩერდი, წამო”, რადგან შენ ძვირფასი ხარ წარსულად მოკვდინებამდე. ბრედბერი ამბობდა, რომ სურდა მომავლის პრევენცია(to prevent future), მას მესამე დრო არ მოსწონდა, რადგან აფრთხობდა ადამიანური ურთიერთობების ტექნოლოგიებით ჩანაცვლების საფრთხე. ილიასეული დროთა კავშირის ფორმულაც გავიხსნოთ: ,,აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისა”. ადამიანი არასდროს გაუხეშდება სულიერად, თუ სიყვარულს არ დაკარგავს, ეს კი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მომავალზე უარის თქმა საკუთარ თავში ჩაკეტვაა. ისე კი, მხოლოდ აწმყოს შეგრძნება აქვს კაცს, წარსული აღარ არის, მომავალი ჯერ არ არის. ,,დღის ეს დასრულებული სიმრგვალე და ბალახის სურნელი სინათლის სიჩქარით მიიწევდა მომავლისაკენ” – მესამე დროის ეს შიში, შოპენჰაუერის უძრაობის ფილოსოფიასთან ასოცირებულ-გადაწნეხილი, აბსოლუტურად გაუმართლებელია თუნდაც იმიტომ, რომ მომავალი მარტო სიბერე არაა, გარდაცვალებაცაა, სხვა, შეუცნობელ, სრულყოფილ სამყაროში გარდასახვა. ,,დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ვხედავდი სიზმარს, ისეთ ტკბილ სიზმარს, მერე კი ვიღაცამ გამომაღვიძა და ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც დავიბადე” – პირველსაწყისიდან, არყოფნის ზმანებიდან ყოფნაში გამოფხიზლება, ცხოვრების მღვრიე თუ დაწმენდილ ნაკადში მიზნისკენ თუ უმიზნოდ ტრიალ-ბორიალი, ბოლოს კი წამში მოგონებებად მიქცეული ყველა გარდასული განცდა, ისევ სიზმარეთისკენ გზაზე საგზლად. ეს ხსოვნა ,,იქ” ჩვენი ავტონომიურობისთვისაა… ,,სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდაო”, ძალიან ტანჯული კაცის ცოდნა, რომ ნებისმიერი არსებობა სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა ისევ სრულყოფილებასთან შესარწყმელად…ადამიანის სულიც, დიად ნათელს გამოყოფილი, ციცინათელასავითაა წუთისოფლის ბინდში, პირველქმნილი, ხელთუქმნელი იდუმალების წილიც და უტყუარი დასტურიც…

ადამიანი დროში მოგზაურია, მოხუცი კი თავად დროის მანქანაა, მოგონებებითა და ილუზიებით. მოხუცები და ბავშვები სოლიდარულები არიან მათი ასაკობრივი სიმაღლიდან გამომდინარე. მოხუცები ყოველთვის პატივისცემას აღძრავენ, როგორც დროის უკვე მიგდებული, უკანონო შვილები. ჩვენც ვიქნებით სიკვდილთან სიახლოვით შესაბრალისები ოდესმე… ბავშვებს აქვთ მოხუცებისათვის დამახასიათებელი, გაუცნობიერებელი სიბრძნე, ხოლო მოხუცები პატარებივით არასერიოზულები, გულუბრყვილოები ხდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანი სხეული ტყვეობაა სულისთვის, ახალგაზრდობა მაინც შინაგანი მდგომარეობაა, რადგან არსებობენ ახალგაზრდა მოხუცებიც. ,,ვიცი, რომ არაფერი ვიცი” – ამაოებათა შეცნობის სიბრძნის დასაწყისია: ,,როცა ჩვიდმეტი წლის ხარ, მაშინ ყველაფერი იცი. და თუკი ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკშიც ყველაფერი იცი, ესე იგი, ისევ ჩვიდმეტი წლის დარჩი…მოხუცების პრივილეგია სწორედ ის არის, რომ ყოვლისმცოდნეობის შთაბეჭდილებას ქმნიან, მაგრამ ეს ისეთივე თამაშია, როგორც ნებისმიერი სხვა როლი, რომელსაც ვთამაშობთ, ანდა ნიღაბი, რომელსაც ვირგებთ, ერთმანეთს კი ღიმილით ვუკრავთ ხოლმე თვალს მოხუცები, თითქოს ვკითხულობთ: როგორ მოგწონს ჩემი ნიღაბი, ხომ კარგად ვთამაშობ ჩემს როლს? ხომ დამაჯერებელი ვარ? განა ცხოვრება პიესა არ არის?”.

წარსულის რეზონანსი ყოველთვისაა მომავალში: ,,ოდესმე წარმოთქმული ყოველი სიტყვა, ოდესმე ნამღერი ყველა სიმღერა სადღაც გროვდება, უშორეს სივრცეში განიბნევა…და სინათლეს რაღა მოსდის? ოდესღაც დანახული ყველა საგანი არ კვდება, უბრალოდ, შეუძლებელია უკვალოდ გაქრეს. თუკი მთელ სამყაროს გაჩხრეკ, სადმე, პირამდე სავსე მრავალუჯრიან ფიჭაში, სადაც ყვავილის მტვრისგან მუგუზალივით მოშიშხინე ფუტკრებს სინათლის ქარვიფერი ხსენი დაუგროვებიათ, ანდა შუადღის ნემსიყლაპიას ოქრომკერდით ნაქარგი თვალების ოცდაათი ათას წახნაგში – მსოფლიოს ნებისმიერი წელიწადის ყველა ფერსა და სურათს აღმოაჩენ”. სამყარო, როგორც მფეთქავი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც სიკვდილი ყოველთვის რაღაც ახლის, დასასრულით დასაწყისია. ამ სიცოცხლის ორბიტაზე ტრიალებდნენ გუშინ ჩვენი წინაპრები, დღეს ჩვენ და აუცილებლად იქნება ხვალეც, როგორც მომავალთა უცხო ჰანგებში ჩაწნული წასულთა თუ მიმავალთა სავდიანი ამოძახილი. ყველაფერი, როგორც სულ მცირე ნაწილაკთა ერთი მთლიანობა, ვან გოგის მნათობებით აკიაფებული ღამესავით, ამ ფერხულშია ჩაბმული, ურთიერთდაკავშირებულია, მიღმიერიც და ამქვეყნიურიც. ამ დიდი მოძრაობის მისტიკის, კანონის აუცილებლობაა არსებობის მთელი ფილოსოფიაც.

ეს წიგნი მორიგი ცდაა ცხოვრების საიდუმლოს წვდომისა. სიცოცხლე – სიკვდილზე აღმატებული ზმანებაა. ყოველ დილით შენი დაბადება და ყოველ ღამით შენი კვდომაა იგი, საცალფეხო ბილიკია სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელთა მისტიკური ზღვარი ძ ი ლ ი ა, ქვეცნობიერის საიდუმლო სიღრმეებში ჩაყურყუმალავება და სიზმრებად შემორჩენილი უცნაური ფრაგმენტები. თუ დილა, გამოღვიძება-გაცოცხლება გიხარია, საყაროს უწყვეტ, ყრუდ მოგუგნე წრებრუნვაში ისევ ჩაბმული ხარ, როგორც ერთი მომცრო წერტილი პუანტილისტურ ტილოზე, ურომლისოდაც ნახატი არ აღიქმება შორი მანძილიდან.

და მაინც, რატომ ვართ? ოცნებები ხდება თუ,პირიქით,ილუზიაა მთელი ჩვენი ცხოვრება? უნდა გიყვარდეს,გწამდეს,სრულყოფილებას მიელტვოდე თუ რობოტივით ანგარიშობდე ან ანგარებით ესწრაფოდე სიმდიდრეს,აღზევებას და ძლიერებას ამა ქვეყნისა? ან იქნებ მხოლოდ შემოქმედებითი წვა,თვითგამოხატვის გენიალური სურვილი და უნარია ყველაზე მეტად ადამიანური,ან სულაც არაფერში ჩაღრმავება ამაოებათა ამაოებისა გამო…ერთი კია, უმარტივესი ჭეშმარიტებაა: არ დამორჩილდე, არ მოკვდე,სანამ ცოცხლობ და ისწრაფე ბედნიერებისაკენ! ,, ვის სჭირდება უსასრულოდ გაჭიანურებული მზის ჩასვლა? ვის სჭირდება მარადიული კეთილსურნელება და იდეალური ტემპერატურა? დროთა განმავლობაში ამ ყოველივეს ვეღარც კი შევამჩნევთ. მზის ჩასვლა ორიოდ წუთით არის მშვენიერი, შემდეგ ის რაღაც სხვამ უნდა შეცვალოს. ასეთები ვართ ადამიანები”. მართლაც, სიცოცხლის მრავალფეროვნების წყურვილია ბედნიერება. საინტერესო პერსონაჟია მოხუცი, პოლკოვნიკი ფრილაი, სპილოს ძვლის ფეხებით, რომელიც ინვალიდის სავარძელში ზის და დანაოჭებულ ყურებზე მაგრად მიბჯენილი ყურმილიდან მთელი არსებით უსმენს სამხრეთული ქალაქის ხმაურს, სიცოცხლის ხმას ახალგაზრდობიდან. ასე კვდება იგი, აკრძალული სიამოვნებით, ყურმილით ხელში…,,მინდა ვნახო სტამბოლი, პოსტ-საიდი,ნაირობი, ბუდაპეშტი, დავწერო წიგნი, მოვწიო ბევრი სიგარეტი, კლდიდან გადავიჩეხო, მაგრამ შუა ვარდნისას ტოტებმა შემაჩეროს. მინდა მაროკოს უკუნ ღამეში ვიღაცამ ერთი-ორჯერ მესროლოს ტყვია, მინდა მშვენიერი ქალი მიყვარდეს.” – ეს ბილი ფორესტერია, ახალგაზრდა კაცი, მოხუცი ქალბატონი რომ შეჰყვარებია. ისინი ჭიქა ჩაიზე ხვდებიან, წარმოსახვით მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, ვერ ელევიან ერთმანეთს. ქუჩაზე გამავალი დახურული ტერასიდან ისმის მათი შორეული, ფარვანასავით მოწრიალე ხმები. ერთს ახალგაზრდა თავისი ერთადერთი სიყვარულის რეინკარნაცია ჰგონია, მეორისთვის ის საოცნებო ქალის თვისებებითაა შემკული. ასეცაა: ხშირად ადამიანთა ბედისწერა ერთურთს ნაადრევად ან ნაგვიანევად ჩაექსოვება.

ცხოვრება არაა მხოლოდ ,,ჰეფი ენდი”, ის ბევრი ტკივილი და ცრემლიცაა, დაბნეულობა წონასწორობის ნაცვლად, ნაკლოვანებების სიმრავლესთან შეგუებისა და მიღების მცდელობა სრულყოფილების ნაცვლად, ხშირი სინანული, იმედგაცრუება სიხარულით აღტკინების ნაცვლად, სასოწარკვეთა სასოების წილ და ა.შ. მაგრამ ცხოვრებასაც და ადამიანსაც ვიღებთ ისეთებს, როგორებიც არიან, ბოლომდე ამოუხსნელები, მოუწესრიგებლები, ცოდვა-მადლიანები, ძნელად შესაცვლელები, რადგან მათ არსებობაში არის რაღაც, ხშირად ულამაზო, ზოგჯერ შემაძრწუნებელიც, მაგრამ მაინც ამაღლებული, მ შ ვ ე ნ ი ე რ ი…

ადამიანი კი მარტოა სიცოცხლეშიც, სიკვდილშიც და შეიძლება, სიკვდილის მერეც. ეს დიადი სიმარტოვეა. მოარული, ზღაპრული სიუჟეტია, ბუდას ცხოვრებაშიცაა, რომ ბავშვს ამყოფებენ თვალუწვდენელ კოშკში, რათა მან არ ნახოს სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი…ასე უმწეოდ ცდილობს ადამიანი გაექცეს ხშირად საკუთარ თავს და იპოვოს სულის განსასვენებელი. სადაა ეს ნეტარი სიმშვიდე, ჩვენშია თუ რომელიმე სხვა ადამიანში, ან სულაც ძნელადგანსახორციელებელ იდეაში, სიკვდილში თუ სიცოცხლეში, ადამიანურ ურთიერთობებში თუ პირიქით, მათგან განდგომაში, ტანჯვით მოიპოვება თუ ზღვარგადასული მხიარულებით, წუთისოფლის სიყვარულით თუ მისი პირობითობებისგან გათავისუფლებით, სიბრძნით თუ სიშლეგით?…როგორ არ უნდა გადაგყლაპოს რეალობამ და როგორ არ უნდა იქცეს ცხოვრება რწმენის სასაფლაოდ, იქნებ რაღაც მაინც ამ უკიდეგანო ცისქვეშეთში არ ემორჩილება ამაოების მოსაწყენ კანონს, თუნდაც ეს ერთი წამი, აზრი ამ დროს ჩემს ტვინში, გრძნობა ჩემს გულში, სანამ ის არ შერევია სხვა, გარდასულ წამთა ქორონიკონს და არ დაუკარგავს სამყაროს ქმნადობისა და გარდასახვის არსი და ენერგია…

,, – ის მაფიქრებს,ღმერთი როგორ მართავს ამ სამყაროს.

ტომი ამ სიტყვებმა ერთხანს ჩააფიქრა.

– ღმერთი კაი ტიპია, დაგ, – საბოლოოდ დაასკვნა ტომმა, ცდილობს.” – ადამიანად ყოფნის სირთულეც და უპირატესობის ბედნიერებაც, სიბერის შიშიც და თანაგრძნობაც ღმერთისადმი, რომელიც ყველაფერს ჩვენსავით ცრემლამდე განიცდის.

არსებობის წრეზე ტრიალში წიგნის ზაფხულიც მთავრდება. მოგონებათა დანალექი, ის, რაც წარსულიდან ჩვენში რჩება, ადამიანები – ხიდები წარსულსა და მომავალს შორის: ,,ბაბუაწვერას ღვინო სუფთად, უნაშთოდ, უკვამლოდ წვავს წარსულის განცდებს…სინამდვილეში არაფერი დამთავრებულა, – თქვა ტომმა, – და არც ოდესმე დამთავრდება. ის, რაც მოხდა, ყოველთვის მემახსოვრება. -ყველაფერი მანამდე დამთავრდა, ვიდრე დაიწყებოდა, – შენიშნა პაპამ, რომელიც ღვინის პრესის სახელურს ატრიალებდა…

– შენ, ალბათ, ხუმრობ?

– არა, დაგ, არა, ტომ, წლები რომ მოგემატებათ, თქვენც იგრძნობთ, რომ დღეები რაღაცნაირად იბინდება და ერთმანეთში ირევა…ერთ დღეს მეორისგან ძნელადღა გაარჩევთ…”.

უკვე დროა მოვიხსნათ ,,ვარდისფერი სათვალე”, მოვემზადოთ ისევ და ისევ მკაცრ, უცერემონიო, ხშირად რომანტიკისგან დაცლილ სამყაროში დასაბრუნებლად, იქ, სადაც უნდა გამოიგონო ან ეს ზღაპარ-ქვეყანა გაიხსენო, რომ გადარჩე, საბოლოო დასკვნისთვისაც განვეწყოთ…გზა მომავლისკენ წარსულზე გადის, სხვანაირი სავალი არ არსებობს. მხოლოდ ბავშვებმა შეუძლიათ ცხოვრების გრძნეულ ქაოსში სწორად გაიკვლიონ გზა. მერე კი ეს ალღო იკარგება. ხანდახან მივბაძოთ მათ სილაღესა და გულწრფელობაში, ვისწავლოთ მათგან, როგორ უნდა შევიგრძნოთ სამყარო. ეს წიგნიც ჩვენს ბავშვობაში დაბრუნებაა, როგორც პატარა, ანკარა წყარო, რომლის ნაკადი მოდუნებულ ძარღვებში მოხვედრისას სისხლს სასიამოვნოდ, თავგადასავლებისთვის აჩუხჩუხებს… სადღაც ჩვენში არის სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა სულის მდგომარეობა. ჩვენმა ბედნიერმა ,,მემ” უნდა ჩაჰკიდოს ხელი უბედურს და მრავალ კარს შორის მოძებნოს ერთი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ როგორც ზღაპარშია, უნდა იგრძნო მისი უჩვეულობა. მის მიღმა კი დრო გაჩერებულა და სანამ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს, უნდა ჩაისუნთქო ღრმად იქაური კრიალა ჰაერი, სმენა დაიტკბო იდუმალი სიჩუმის ჰანგებით, დაიმახსოვრო ყვავილოვანი მწვანე ფერის სიღრმე, უზაკველობა და დაბრუნდე უკან. კარისმიღმა სამყაროს ასეთი პატარ-პატარა ,,ულუფები” საჭიროა  სიცოცხლისთვის აზრის, სიკეთისა და სიყვარულის ძალის მისაცემად…ოღონდ უნდა იპოვო ის კარი და შეაფარო თავი…საკუთარ თავს…ერთ- ერთი კარი რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინოცაა”. მწერლის სამყარო შესანიშნავია, პერსპექტივაშიც რომ გასაზრდოებს, მომავალი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე წინასწარმეტყველება. წიგნი კი არასდროსაა წარსული კარგი მკითხველისათვის, ის მომავალია…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი