პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ესპანეთის სასკოლო განათლება

ესპანეთში სასკოლო განათლება სავალდებულო (დაწყებითი და საშუალო სკოლა) და დამატებითი განათლებისგან შედგება. აქ არის სახელმწიფო სკოლები, რომლებშიც სწავლა უფასოა, სკოლები თანაგადახდით, სადაც მშობლები ნაწილობრივ იხდიან სწავლის გადასახადს და კერძო სკოლები, სადაც ოჯახები სრულად ფარავენ სწავლის საფასურს. კერძო სკოლები, ამასთან, მოიცავს სრულ საგანმანათლებლო ციკლს, ბაგა-ბაღებიდან და საბავშვო ბაღებიდან სკოლის დამამთავრებელი კლასების ჩათვლით. 

კერძო სკოლები, რომლებსაც კოლეჯებსაც უწოდებენ, თავის მხრივ, ნაციონალურ და ინტერნაციონალურ სკოლებად იყოფა. ინტერნაციონალურ კერძო სკოლებში სწავლების დონე ნაციონალურზე გაცილებით მაღალია, რადგან ისინი აქტიურად იყენებენ მთელ მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას სწავლების პროცესში და დაქირავებული ჰყავთ უცხოელი (არაესპანელი) მასწავლებლები, ამიტომ ამგვარი სკოლები უფრო პროგრესულად მიიჩნევა ესპანურ საზოგადოებაში. აქ უფრო ღრმა და კვალიფიციური ცოდნის მიღებაა შესაძლებელი.

ესპანეთში კერძო სკოლებს მეტი თავისუფლება აქვთ მინიჭებული სახელმწიფოსგან, ვიდრე საჯაროს. ეს იმით გამოიხატება, რომ მათ სრულიად დამოუკიდებლად შეუძლიათ სასკოლო პროგრამების შერჩევა. ბევრი კერძო სკოლა ისეთი ქვეყნების სასკოლო პროგრამებს მისდევს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი. ასეთ სკოლებში სწავლება ერთდროულად ორ ენაზე მიმდინარეობს. მათ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ უადვილდებათ იმ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება, რომლის სასკოლო პროგრამითაც სწავლობდნენ და რომლის ენასაც ეუფლებოდნენ როგორც მეორე ენას.

კერძო სექტორში არსებობს, მაგალითად, ინგლისურ-ესპანური სკოლებიც, რომელთა სასწავლო პროგრამები უშუალოდ ეფუძნება ბრიტანულ სასწავლო გეგმას, თუმცა ესპანური ენა და კულტურა ესპანური საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე ისწავლება (The British School of Barcelona). ასეთი სკოლების კურსდამთავრებულნი საფუძვლიან აკადემიურ მომზადებას და საშუალო განათლების ორ სერტიფიკატს იღებენ, რომელთა წყალობითაც თავისუფლად აბარებენ მისაღებ გამოცდებს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ოქსფორდი და კემბრიჯი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთივე პროგრამები თავად დიდ ბრიტანეთში ორჯერ ძვირი ღირს.

ამრიგად, კერძო სკოლები ესპანეთში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. განათლების სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს სწავლის დონეს, განურჩევლად იმისა, კერძოა სკოლა თუ სახელმწიფო. სასწავლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, ყველა ასპექტით აკმაყოფილებდნენ განათლების სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიის მოთხოვნებს. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა სწავლების მეთოდოლოგია, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სკოლის ტექნიკური აღჭურვილობა, საკლასო ოთახში მოსწავლეთა რაოდენობა, გულმოდგინედ ანალიზდება. სკოლა მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში იღებს საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.

ახლა კი ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ ესპანური საშუალო განათლების თითოეული საფეხური: 

სკოლამდელი განათლება 

სკოლამდელი განათლება ორ ნაწილად იყოფა: ბაგად და საბავშვო ბაღად. ბაგაში სამ წლამდე ასაკის ბავშვებს იღებენ, საბავშვო ბაღში კი სამიდან ექვს წლამდე ასაკისას. ამ საფეხურის გავლა არ არის სავალდებულო. მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ესპანელ მშობელს დაჰყავს შვილი საბავშვო ბაღში, რადგან მიიჩნევა, რომ ადრეული განვითარება სათანადოდ ამზადებს აძლევს ბავშვს სკოლაში სწავლისთვის, საზოგადოდ, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას. მშობლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ, შვილები მიაბარონ იმ კოლეჯებთან არსებულ საბავშვო ბაღებს, რომელშიც სურთ შემდეგ მისი მიყვანა.
დაწყებითი სკოლა 

ამ საფეხურიდან უკვე სავალდებულო განათლება იწყება. სახელმწიფო სკოლებში სწავლა, როგორც აღინიშნა, უფასოა. დაწყებითი სკოლა მოიცავს სამ ორწლიან ციკლს ანუ ექვს კლასს – 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. კანონით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. კერძო სკოლებში ის შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები იყოს, რაც დადებითად აისახება სწავლის შედეგებზე. სახელმწიფო სკოლებში უცხო ენის სწავლებას რვა წლიდან იწყებენ, ზოგიერთ კერძო სკოლაში კი საბავშვო ბაღიდან, რაც სწავლის მომდევნო ეტაპებზე მეორე და მესამე უცხო ენის დამატების საშუალებას იძლევა. თუ სკოლა ესპანეთის ავტონომიურ რეგიონშია, ესპანურ ენასთან ერთად პირველივე კლასიდან ისწავლება მეორეც (მაგ., კატალონიური, ვალენსიური, გალიციური, ბასკური), რამდენადაც ხსენებული ენები მოცემული ავტონომიური გაერთიანებების ოფიციალურ ენებად მიიჩნევა.
 
სავალდებულო საშუალო განათლება (ESO) 

ეს საფეხური გულისხმობს ოთხწლიან სწავლას – 12-დან 16 წლამდე – და იძლევა საბაზო ცოდნას საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, ტექნიკურ, კულტურისა და ხელოვნების სფეროებში, უცხო ენებსა და ფიზიკურ კულტურაში. საშუალო სკოლაში სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო სავალდებულო განათლების დამადასტურებელი ატესტატი (el título de Graduado en Educación Secundaria Obligatoria), რომლის მიღებაც აუცილებელია დამამთავრებელ კლასებში (ე.წ. Bachillerato), მერე კი უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, ასევე – უმაღლესი პროფესიული განათლების მისაღებად.

განათლების ეს საფეხური სავალდებულო არ არის. მოსწავლეს აქვს ალტერნატივაც: სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში და აითვისოს რომელიმე ხელობა.
უფროსი კლასები (Bachillerato) 

Bachillerato ეწოდება საშუალო განათლების ზედა საფეხურს, რომლის გავლაც, როგორც ითქვა, სავალდებულო არ არის. აქ მოსწავლეები 16-დან 18 წლამდე სწავლობენ სამი მიმართულებით: ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიებისა. უფროს კლასებში სწავლისთვის აუცილებელია საშუალო განათლების ატესტატი. მოსწავლე ირჩევს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებას, რათა ზედმიწევნით მოემზადოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მოცემული სპეციალობით. უნივერსიტეტში მოსახვედრად კი აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება (ეს გამოცდები გახლავთ საქართველოში დანერგილის ესპანური ანალოგი, სახელწოდებით Selectividad). უფროს კლასებში სწავლისას მოსწავლეები იძენენ ინფორმაციის მოძიების, დამოუკიდებელი თუ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან კვლევითი მუშაობისთვის აუცილებელ ჩვევებსაც, რაც მათ ძალიან ეხმარება უნივერსიტეტში სწავლის დროს.

აუცილებელი სასკოლო პროგრამა დგება სახელმწიფო და რეგიონული ხელისუფლებების ერთობლივი მუშაობით. რეგიონული პარლამენტები და მთავრობები განათლების სფეროში საკმაოდ ფართო უფლებამოსილებით სარგებლობენ, ამიტომ ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის სასკოლო პროგრამები შესაძლოა საგრძნობლად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. განათლების შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის თანახმად, სავალდებულო საგნების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს სასკოლო პროგრამის 65 პროცენტს.

ესპანური სასკოლო განათლების კიდევ ერთი უდავო უპირატესობაა მასში მაღალი სპორტული კულტურის არსებობა. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ საგანმანათლებლო პროცესის ფუნდამენტური ნაწილია ბავშვის ფიზიკური აღზრდა, ამიტომ ესპანეთის სკოლები, უფრო მეტად კი კერძო, განთქმულნი არიან სპორტული დარბაზებითა და ჩოგბურთის, მძლეოსნობის, ფეხბურთის, მინიფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ძიუდოს, გოლფისა თუ წყალბურთის მოედნებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი