ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ გადავაქციოთ პასიური მეთოდები აქტიურად

ტრადიციულ მეთოდთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ლექციაა. მას პასიურ მეთოდთა რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან ითვლება, რომ ლექციის დროს დაბალია მსმენელთა აქტიურობის ხარისხი და, შესაბამისად, მცირეა შემეცნებითი ეფექტი, დამახსოვრების მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ს აღწევს (გაიხსენეთ ჩართულობისა და დამახსოვრების პირამიდა). თუ ლექცია 20 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, შეიძლება ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიწიოს. 
მაშინაც კი, როცა ლექცია სწავლების დომინირებული მეთოდი იყო, არსებობდნენ ლექტორები, რომლებიც ახერხებდნენ აუდიტორიის ჯერ მონუსხვას, შემდეგ კი დროდადრო მსმენელების გააქტიურებას შეკითხვებით, ლირიკული გადახვევებით, იუმორის ჩართვითა და სხვა ეფექტებით. ამას ორატორულ ხელოვნებას მიაწერდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ნიჭი ერთეულთა ხვედრი იყო. დღეს განსხვავებულია დამოკიდებულება და ცხადი ხდება, რომ სწორი მეთოდოლოგიის შერჩევის შემთხვევაში ტრადიციული ლექციის აქტიურ მეთოდად გარდაქმნა სრულიად შესაძლებელია. სწორედ ასეთ ვარიანტებს შემოგთავაზებთ სტატიაში.     
ლექცია პრობლემის დასმით, ანუ პრობლემური ლექცია
ეს არის ლექციის ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური მსმენელის პოზიციიდან გადაიქცევა აქტიური შემეცნების სუბიექტად, ჩაერთვება ძიებისა და კვლევის პროცესში. მისი ფუნქცია აღარ არის მხოლოდ  ინფორმაციის მიღება. ის საკუთარი ცოდნის კონსტრუირების პროცესის თანაავტორი ხდება. ლექცია პრობლემის დასმით უზრუნველყოფს სამი დიდაქტიკური მიზნის მიღწევას:
·მოსწავლეების მიერ თეორიული ცოდნის ათვისებას.
·პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
·ასახსნელი მასალის მიმართ შემეცნებითი ინტერესის აღძვრასა და მოსწავლეების შემეცნებით აქტივაციას. 
განსხვავებით ტრადიციული ლექციისაგან, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ ცოდნას გადასცემს როგორც უალტერნატივოს, რაც მათგან მხოლოდ დამახსოვრებას მოითხოვს,  პრობლემური ლექციის დროს მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უქმნის უკვე კარგად ნაცნობის აღმოჩენის ილუზიას. ეს მათ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უზრუნველყოფს მასალის ღრმად გააზრებასა და ხანგრძლივ დამახსოვრებას.
ასეთი ლექცია იწყება შეკითხვით, პრობლემის დასმით, რომელიც მასალის გადაცემის პროცესში უნდა გადაიჭრას. პრობლემა დაისმება მანამ, სანამ მოსწავლეები მიიღებენ ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელ ახალ ინფორმაციას. ეს იძლევა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურების საშუალებას. ტრადიციული ლექციის დროს კი პირიქით ხდება. მასწავლებელი მოსწავლეებს თავიდანვე გადასცემს საჭირო ინფორმაციას, აცნობს პრობლემის გადაჭრის არსებულ გზებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.  
პრობლემური ლექციის დროს ახალი მასალა დიალოგის ფორმით გადაეცემა მოსწავლეებს. შესაბამისი ხერხების გამოყენებით, როგორებიცაა პრობლემური შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზების წამოყენება მოსწავლეების მხრიდან, მათი დადასტურება ან უარყოფა, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მონახვაში მოსწავლეების ჩართვა და ა.შ.,  მასწავლებელი უბიძგებს მათ ფიქრისაკენ, დისკუსიისაკენ, რომელიც შეიძლება დაიწყოს უშალოდ ლექციის დროს ან მის შემდეგ. დიალოგში ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
·მასწავლებელი უნდა იყოს ჭეშმარიტების არა ერთადერთი გადამცემი, არამედ თანამოსაუბრე, რომელიც უზიარებს მოსწავლეებს არსებულ თვალსაზრისებს და აინტერესებს ამაზე მათი აზრი.
·მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ახალი ინფორმაციის ობიექტურობას  განსაზღვრავს არა მხოლოდ მასწავლებლის, მეცნიერისა თუ სახელმძღვანელოს ავტორიტეტულობა, არამედ მოსწავლეთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისების დამამტკიცებელი არგუმენტებიც.
·სალექციო მასალა უნდა უშვებდეს ისეთი განსხვავებული ხედვის, თვალსაზრისების არსებობას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საგნის ლოგიკას.
·მოსწავლეებთან უნდა დამყარდეს ისეთი ურთიერთობა, რომ ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ დასკვნებამდე, შეძლონ თავად მასწავლებლის მიერ საგანგებოდ შექმნილი წინააღმდეგობრიობიდან გამოსავლის მოძებნა.
·მასწავლებელი ლექცია-დიალოგის პროცესში უნდა სვამდეს შეკითხვებს, რომლებიდანაც ნაწილს თავადვე გასცემს პასუხს, ნაწილს კი – მოსწავლეები (მაგალითად, „როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იწვევდეს ასეთ მოვლენას?”).  
 დიალოგური ლექციის მიზანი მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებაა, რომლის დროსაც გამოიყენება როგორც პრობლემური, ისე ინფორმაციული შეკითხვები. პრობლემურია შეკითხვები, რომლებზედაც მოსწავლეების პასუხები  არ ემყარება წინარე ცოდნას და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ ინტელექტუალურ სირთულეებს შეუქმნის მათ, თუმცა ჰიპოთეზების დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ ასეთ კითხვებზე სხვადასხვა პასუხის გაცემა გამოცდილების, ან ლოგიკური თუ წარმოსახვითი აზროვნების გამოყენებით. ინფორმაციული შეკითხვები კი მიმართულია იმ უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებისაკენ, რომელიც ხელს შეუწყობს დასმული პრობლემის გადაჭრას. პრობლემური და ინფორმაციული შეკითხვების მონაცვლეობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს გაააქტიუროს მოსწავლეები, დიაგნოსტირება გაუკეთოს მათ ცოდნასა და შესაძლებლობებს, თვალი გაადევნოს მათი აზროვნების პროცესს და დაეხმაროს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაში.    

ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ანუ ლექცია-პროვოკაცია
ასეთი ლექცია მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავი იგრძნონ ექსპერტებად, ოპონენტებად, რეცენზენტებად, განასხვავონ არაზუსტი ინფორმაცია ზუსტი და სანდო ინფორმაციისაგან.
მასწავლებელი წინასწარ ეუბნება მოსწავლეებს, რომ მის ლექციაში დაშვებული იქნება რამდენიმე შეცდომა (სასურველია, თუ ზუსტ ციფრს დაუსახელებს). ეს შეცდომები კარგად უნდა იყოს შენიღბული, ისე, რომ მოსწავლეებმა ადვილად ვერ შენიშნონ. მოსწავლეების ამოცანაა, გააკეთონ ლექციის კონსპექტური ჩანაწერი და თან აღნიშნონ, რა მიაჩნიათ შეცდომად. ლექციის ბოლოს ისინი ასახელებენ ამ შეცდომებს, რომელთა განხილვა მიმდინარეობს ერთობლივად – მასში მონაწილეობენ როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომების ჩამონათვალი მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს ჩამოწერილი ფორმატზე და მოსწავლეთა პრეზენტაციების დაწყებამდე გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას. შეცდომების შინაარსი, სპეციფიკა და რაოდენობა დამოკიდებულია მასალის შინაარსზე, სასწავლო მიზანსა და მოსწავლეთა მომზადების დონეზე. ეს შეიძლება იყოს ფაქტობრივი შეცდომა, ლოგიკური შეცდომა, ენობრივიც კი. ინფორმაცია შეცდომის ტიპზე/ტიპებზე მასწავლებელმა ასევე ლექციის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს. 

ასეთი ინტელექტუალური თამაში ქმნის დადებით ემოციურ ფონს და იწვევს მოსწავლეთა შემეცნებით აქტივაციას, უვითარებს მათ ინფორმაციის ოპერატიული ანალიზისა და შეფასების უნარს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას. ამასთან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საშულებას. ასეთი ტიპის ლექცია მიზანშეწონილია თემის დასასრულს.  
ლექცია წყვილში 

ასეთი ლექციის დროს მოსწავლეებს მიეწოდება პრობლემური შინაარსის შემცველი მასალა ორ მასწავლებელს შორის ცოცხალი დიალოგის სახით. აქ ხდება ისეთი საკითხის განხილვის მოდელირება, რომელიც საჭიროებს ორი განსხვავებული პოზიციიდან დანახვასა და ანალიზს, მაგალითად, მომხრისა და მოწინააღმდეგის, თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის და ა.შ. დიალოგის დროს მასწავლებლები მიუბრუნდებიან მოსწავლეებს და მათგან ითხოვონ მხარდაჭერას არგუმენტებით, ფაქტებით. მიმართავენ აუდიტორიას შეკითხვებით, რომლებიც მათი პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

წყვილში ლექციის დროს აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

·მასწავლებელებმა თავად უნდა მისცენ მოსწავლეებს პრობლემური საკითხზე მსჯელობისას დილოგის წარმართვის კულტურა. ისინი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ, ამისათვის საჭიროა წინასწარ უნდა მომზადება, მაგრამ, ამავე დროს, მათ უნდა გამოიჩინონ იმპროვიზაციის უნარი, შეძლონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოსწავლეთა კომენტარებზე.

 

·მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ყოველგვარი შიშისა და უხერხულობის განცდის გარეშე გამოხატონ საკუთარი პოზიცია. ამისათვის მასწავლებელმა, შეიძლება მადლიერებაც გამოხატოს იმ მისწავლის მიმართ, რომელიც არ დაეთანხმა მას და ამისათვის საინტერესო არგუმენტი მოიშველია (მაგალითად, „მადლობა, რომ საკითხი განსხვავებული კუთხით დამანახვე. ამაზე აუცილებლად დავფიქრდები”).    

ლექცია წყვილში მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებთან ერთად უვითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარსაც, რადგან მათ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, რომელ პოზიციას ემხრობიან და დამაჯერებლად დაასაბუთონ  საკუთარი გადაწყვეტილება.  
არსებობს აქტიური ლექციის კიდევ რამდენიმე ტიპი: ლექცია-ვიზუალიზაცია, ლექცია-პრესკონფერენცია, ლექცია-დისკუსია და სხვ., რომელთა შესახებაც მკითხველთა დაინტერესების შემთხვევაში  შემდეგ წერილში გესაუბრებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი