პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასკოლო ადაპტაციის ზოგიერთი სირთულე

„ჩვენი შვილების სწავლებამ ისე გაგვიტაცა, დაგვავიწყდა, რომ განათლების არსი მათთვის ბედნიერი ცხოვრების შექმნაა. სწორედ ამას ვუსურვებთ მათაც და საკუთარ თავსაც” (ს. ჰარისონი).
სკოლაში მისვლა ბავშვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია. რადიკალურად იცვლება მისი ცხოვრების სტილი, ადგილი საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში, მერხთან უძრავად ჯდომა პრობლემებს უქმნის ორგანიზმს, იზრდება ფსიქოემოციური დატვირთვა, სასწავლო პროგრამის ათვისება მოითხოვს დაძაბულ გონებრივ მუშაობას… ამის პასუხად, ბუნებრივია, თავს იჩენს გარკვეული სირთულეები. ბავშვები ადვილად იღლებიან, უჩივიან თავის ტკივილს, ღიზიანდებიან, ტირიან, ცუდად სძინავთ, კარგავენ მადას, წონას… ამას შესაძლოა დაერთოს ფსიქოლოგიური პრობლემები – შიში, სწავლისადმი, მასწავლებლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში დაეჭვება და სხვა. ამ ცვლილებებს „ადაპტაციურ დაავადებებს”, ,„სასკოლო შოკს”, „სასკოლო სტრესს” უწოდებენ.

ადაპტაციის ცნება უშუალოდ უკავშირდება სწავლისთვის მზადყოფნას, რაც მოიცავს 3 სფეროს: ფიზიკურს, ფსიქოლოგიურსა და პროვნულს. ნებისმიერ მათგანში წარმოშობილი პრობლემა გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე, მოსწავლის განცდებზე, მის შრომისუნარიანობაზე, ურთიერთობების ხარისხზე და სხვა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის მთავარი სირთულეა წერა-კითხვისა და მათემატიკურ წარმოდგენათა დაუფლება, რასაც მკვლევრები არ ეთანხმებიან. სირთულეებს საფუძვლად უმეტესად სხვა მექანიზმი უდევს. საქმე ის არის, რომ სკოლამდელ ასაკში ცოდნის ათვისება სპონტანურად, თავისთავად ხდებოდა, მაგალითად, თამაშის პროცესში, სასკოლო სწავლება კი მოსწავლისგან სასწავლო ამოცანის გაცნობიერებას მოითხოვს, რაც დიდი გარდაქმნების, ძალისხმევისა და მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი თვისებების განვითარების შედეგად მიიღწევა. ყოველივე ამას, მასწავლებლის მაღალი პროფესიონალიზმის პირობებშიც კი, საკმაო ხანი სჭირდება.

ადაპტირების ხარისხის მიხედვით, ბავშვები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დავყოთ: 1. ადვილად ადაპტირებადები – ისინი, ვინც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ერთვებიან ურთიერთობებში, იძენენ მეგობრებს, უმეტესად კარგ გუნება-განწყობაზე არიან, მშვიდად და განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. რასაკვირველია, ზოგჯერ ისინის აწყდებიან სირთულეებს თანატოლებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობისას, მაგრამ ორი თვე ჰყოფნით ახალ რეჟიმთან მოსარგებად. 2. მეორე ჯგუფში შედიან მოსწავლეები, რომელთაც დაახლოებით ნახევარი სასწავლო წელი სჭირდებათ ადაპტაციისთვის. მათ უჭირთ ახალი – მოსწავლის – სოციალური როლის ათვისება. კარგა ხანს არ რეაგირებენ ადეკვატურად მასწავლებლის მითითებებსა და მოთხოვნებზე (ტირიან, იბუტებიან…), უჭირთ სასწავლო ამოცანების დაძლევა სწორედ არაადაპტირებულობის გამო და არა იმიტომ, რომ ინტელექტუალურად ჩამორჩებიან სხვებს. 3. მესამე ჯგუფში მოიაზრებიან მოსწავლეები, რომლებსაც საგრძნობლად უჭირთ სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტირება. ისინი უმეტესად ცუდად იქცევიან, ამჟღავნებენ უარყოფით ემოციებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას, ხელს უშლიან კლასის ნორმალურ ფუნქციობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფში ხვდება მოსწავლეთა დაახლოებით 56%, მეორეში – 30%, მესამეში, შესაბამისად – 14%.

ადაპტაციის დარღვევა საბოლოოდ გავლენას ახდენს მოსწავლის საქმიანობის ყველა სფეროზე. როგორ ვლინდება იგი? 1. აქტიური პროტესტით (მტრობა). მოსწავლე არ ასრულებს მასწავლებლის მითითებებსა და მოთხოვნებს, არღვევს დისციპლინას, გაკვეთილზე, დასვენებაზე ეჩხუბება თანაკლასელებს, ხელს უშლის მათ თამაშში. თანაკლესელები მას გაურბიან ან სულაც უარყოფენ. მოსწავლე გაღიზიანებულია, აგრესიული და ბრაზიანი. 2. პასიური პროტესტით (გაქცევა): ბავშვი იშვიათად იწევს ხელს გაკვეთილზე, სწავლობს მექანიკურად, არ ცდილობს იმის გაცნობიერებას, რასაც სწავლობს, რასაც აკეთებს. შესვენებებზეც პასიურია, მარტო ყოფნას ამჯობინებს, არ ერთვება ჯგუფურ თამაშებში, უმეტესად უგუნებოდაა ან დამფრთხალი. 3. შფოთვითა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობით. მოსწავლე ამ შემთხვევაშიც პასიურია გაკვეთილზე, პასუხობს დაძაბული, დასვენებებზე ვერ პოულობს შესაფერის აქტივობას, ის ბავშვების გვერდითაა და არა მათთან ერთად. ხშირად ტირის, უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი წითლდება, იბნევა. ზოგჯერ ამას ერთვის ტიკები, მეტყველების შეფერხება, თავის ტკივილი, დაღლილობისა და ღებინების შეგრძნებაც კი.

ადაპტაციის დარღვევის ძირითადი მიზეზებია:

* მოსწავლის მიმართ მასწავლებლისა და მშობლის მიერ წაყენებული არაადეკვატური მოთხოვნები;
* დროში შეზღუდულობით გამოწვეული სტრესი;
* ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური გადატვირთვა;
* ასაკსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები;
* სასწავლო და არასასწავლო მეცადინეობების რეჟიმის დარღვევა, არასათანადო ორგანიზაცია;
* სასწავლო პროცესის პირობებისა და მოთხოვნებისადმი არასაკმარისი ფსიქოლოგიური და ფუნქციური მზაობა.

დეზადაპტაციის ტიპური გამოვლინებებია:

1. ნევროზის მსგავსი დარღვევები: ძილის, მადის დაკარგვა, არაადეკვატური რეაქციები, დაღლილობა, თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, შიშები, აკვიატებული მოქმედებები (თვალის ხამხამი, სახისა და კისრის კუნთების მოძრაობა, ხშირი ჩახველება. ფრჩხილების კვნეტა, მეტყველების ტემპის დარღვევა და ა.შ.); 
2. ნევროზები, ნერვული დარღვევები (ენურეზი, ენაბლუობა, აკვიატებული მოქმედებები და ა. შ.);
3. ასთენიური მდგომარეობები (წონის დაკლება, სიფითრე, თვალების ქვეშ კანის გამუქება, დაბალი შრომისუნარიანობა, ადვილად დაღლა და ა.შ.);
4.იმუნიტეტის დაქვეითება (ხშირი ავადმყოფობა);
5. სასწავლო მოტივაციის დაქვეითება;
6. თვითშეფასების დაქვეითება, შფოთვის მომატება, ემოციური დაძაბულობა.

რით გამოიხატება მასწავლებლის როლი ამ რთულ პერიოდში? მოსწავლეებს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა. ბევრი პირველკლასელი ვერ აცნობიერებს ვერც მასწავლებლის პოზიციას და ვერც საკუთარ მდგომარეობას კლასში. ბავშვმა შესაძლოა გითხრათ, რომ არ უნდა სწავლა და არ აინტერესებს თქვენთან ურთიერთობა. ბრძანებებით და „მკაცრი ხელის” პრინციპით ასეთი მოსწავლეების მართვა შეუძლებელია. საჭიროა მათი პრობლემების იდენტიფიცირება, თანაგრძნობა და ნდობის მოპოვება, რაც პედაგოგისგან საკითხის ცოდნას, შესაბამისი ტექნიკების ფლობას და, ამავე დროს, მოთმინებასა და კეთილგანწყობას მოითხოვს. განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ და სახლიდან მოვიდნენ სკოლაში. ისინი უფრო ჯიუტები, ჭირვეულები არიან, თუ წინააღმდეგობას წააწყდნენ, შესაძლოა მოისროლონ სასკოლო ნივთები, იტირონ, სახლში მშობლებს შესჩივლონ, რომ თქვენ ის არ გიყვართ, შესაძლოა საერთოდ უარი განაცხადონ სკოლაში სიაარულზე. ხშირად ყოველივე ამას სერიოზულ კონფლიქტამდე მივყავართ. არ ღირს ამაში მშობლების დადანაშაულება, ეს კიდევ უფრო გაგირთულებთ სიტუაციას; ესაუბრეთ მათ შექმნილი მდგომარეობის მიზეზების შესახებ და ერთად იმუშავეთ მის გამოსასწორებლად. იმუშავეთ კლასთანაც, დაანახვეთ მოსწავლეებს თითოეული მათგანის ძლიერი მხარეები. მაგალითად, შესაძლოა გიორგი ჯერ კიდევ ვერ წერდეს ლამაზად, ან ვერ კითხულობდეს კარგად, მაგრამ მშვენივრად ხატავდეს ან ანგარიში ეხერხებოდეს. კარგია ჯგუფური აქტივობა – ეს აახლოებს მოსწავლეებს და აადვილებს შეგუებას. პოზიტიური შეფასებები (თუნდაც უმნიშვნელო წარმატებისა) ემოციური მხარდაჭერის გამოხატულებაა და დადებითი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით – დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია და თითოეული მოსწავლისადმი მისი დამოკიდებულება მოდელია ყველა ბავშვისთვის: მათ მოსწონთ ის თანაკლასელი, ვინც მასწავლებელს მოსწონს და პირიქით. სასკოლო წარუმატებლობის დრამატიზება, ზედმეტი სიმკაცრე, მომთხოვნელობა, მორალური ზეწოლა, როგორც წესი, უფრო მეტად აკარგვინებს წონასწორობას მოსწავლეს, აძლიერებს დაუცველობის განცდას, ზრდის სასკოლო შფოთვას, იწვევს ახალ წარუმატებლობას და სასკოლო ადაპტაციის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
 
გთავაზობთ კითხვარს, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლის სკოლისადმი დამოკიდებულების შეფასებაში დაგეხმარებათ:
 
1. მოგწონს სკოლაში? 
1) კი
2) არც ისე
3)არა
2. დილაობით სიხარულით მიდიხარ სკოლაში თუ შინ დარჩენა გინდა?
1. სიხარულით მივდივარ
2. ზოგჯერ კი
3. შინ დარჩენა მირჩევნია
3. მასწავლებელმა რომ გითხრას, ხვალ სკოლაში მოსვლა ყველა მოსწავლისთვის არ არის აუცილებელიო, წახვიდოდი თუ სახლში დარჩებოდი?
1. სკოლაში წავიდოდი
2. არ ვიცი
3. სახლში დავრჩებოდი
4. გიხარია, როცა გაკვეთილი გიცდება?
1. არ მიხარია
2. ზოგჯერ კი
3. მიხარია
5. გინდა, რომ საშინაო დავალებებს არ გაძლევდნენ?
1. არ მინდა
2. არ ვიცი
3. მინდა
6. გინდა, რომ სკოლაში მხოლოდ დასვენებები იყოს, გაკვეთილები კი – არა?
1. არა
2. არ ვიცი
3. მინდა
7. ხშირად ესაუბრები მშობლებსა და მეგობრებს სკოლის შესახებ?
1. ხშირად
2. იშვიათად
3. საერთოდ არ ვესაუბრები
8. გსურს, სხვა, ნაკლებად მკაცრი მასწავლებელი გყავდეს?
1. მასწავლებელი მომწონს 
2. არ ვიცი
3. მსურს
9. კლასში ბევრი მეგობარი გყავს?
1. კი
2. ცოტა
3. საერთოდ არ მყავს
10. თანაკლასელები მოგწონს?
1. მომწონს
2. არცთუ ისე
3. არ მომწონს
პირველი პასუხი – 3 ქულა, შუალედური პასუხი – 2 ქულა, მესამე პასუხი – 0 ქულა
მაქსიმალური შეფასება – 30 ქულა. 
25-30 ქულა: მოსწავლეს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება, მაღალი სასკოლო მოტივაცია.
20-24 ქულა – საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია
15-19 ქულა – სკოლისადმი დამოკიდებულება დადებითია, მაგრამ სკოლა მოსწავლეს მოსწონს არასასწავლო თვალსაზრისით.
10-14 ქულა – არ არის ჩამოყალიბებული საკუთარი თავისადმი როგორც მოსწავლისადმი დამოკიდებულება
10 ქულა და ნაკლები – სკოლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება.. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი