პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

Vici და, აქედან გამომდინარე, ვიცი

 

წარმოიდგინეთ: შედიხართ საკლასო ოთახში, სადაც
გხვდებათ ერთი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე. მოსწავლეები ბიჭუნებიც არიან
და გოგონებიც. თქვენ უნდა მოახდინოთ მათი კლასიფიკაცია ერთი რომელიმე ნიშნის
მიხედვით და ორ ჯგუფში განათავსოთ ისინი. ვინაიდან თავისუფლება გვეძლევა, ჩვენი
სურვილის მიხედვით გავაერთიანოთ ჯგუფები, ცხადია, კლასიფიცირება რამდენიმენაირად
შეიძლება მოხდეს. შესაბამისად, საკლასო ოთახში მყოფებიც სხვადასხვაგვარად
დაჯგუფდებიან. “მასწავლებელი – მოსწავლე” ალბათ ტიპური დაჯგუფებაა, თუმცა
დაჯგუფება სქესის ან ასაკის მიხედვითაც ჩვეულებრივი რამ იქნება. ამის შემდეგ კი
შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და საკლასო ოთახში მყოფები თმის სიგრძე-სიმოკლის,
ჩაცმულობის, თვალის ფერის, რომელიმე საკვების, რომელიმე საგნის, სპორტის რომელიმე
სახეობის მოყვარულებად და მოძულეებად გადავაჯგუფოთ.
ჯგუფებად დაყოფა იმდენნაირად მოხდება, რამდენსაც ჩვენი ფანტაზია გასწვდება. რაში დამჭირდა, მეთხოვა თქვენთვის ამ დავალების
შესრულება? საქმე ისაა, რომ ასე უკეთ წარმოვიდგენთ, როგორ შეიძლება, ერთი და იგივე
ადამიანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფში აღმოჩნდეს – გააჩნია, ვინ იმსჯელებს
მასზე და რა მიზნით. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს ხან ოჯახური, ხან
ეთნიკური, ხან რელიგიური, ხან რასობრივი, ხან გენდერული, ხან პროფესიული
ნიშნით გაერთიანებული სულ სხვადასხვა
ადამიანებთან ერთად. ასევე ერთი და იგივე ადამიანი ერთდროულად შეიძლება ნიჭიერთა
და ნაკლებ ნიჭიერთა ჯგუფშიც გააერთიანონ – გააჩნია, რისი ნიჭი იზომება; ანუ ერთი
და იგივე ადამიანი ერთდროულად ნიჭიერიც და ნაკლებ ნიჭიერიც აღმოჩნდება – გააჩნია,
რას უფასებენ და ვინ აფასებს მას.

ჩვენი გონება ამგვარ კლასიფიკაციას ყოველ წუთს
ახდენს და ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც საგანთა იდენტიფიცირებას
ვახდენთ. როგორც კი შევხედავთ რაიმე საგანს, ჩვენს გონებაში მაშინვე მისი სახელი
ამოტივტივდება, სახელი კი სხვა არაფერია, თუ არა საგანთა ჯგუფებში მოთავსების
მცდელობა. ამგვარ კლასიფიკაციას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. დადებითი
ისაა, რომ ჩვენ არ გვჭირდება თითოეული ნივთისთვის ცალკე სახელის მოფიქრება.
წარმოიდგინეთ, ყველა ქვას, ყველა კენჭს, თითოეულ ბალახს, თითოეულ მწერს რომ თავისი
სახელი ერქვას და მათ არა ზოგადი, არამედ საკუთარი სახელით მოვიხსენიებდეთ. არა მგონია, რომელიმე
ადამიანმა შეძლოს ამდენი სიტყვის დამახსოვრება. ამდენად, ენის ეკონომიურობისკენ
სწრაფვა ერთ-ერთი დადებითი მხარეა კლასიფიცირებისას. მაგრამ ამ პროცესს უარყოფითი
მხარეც აქვს. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ უამრავი ომი, ეთნიკური წმენდა თუ
გენოციდი სწორედ კლასიფიკაციას და ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფას
უკავშირდება. დაჯგუფების თანამდევი პროცესია იარლიყების მიწებება. მას შემდეგ, რაც
ერთ დიდ ჯგუფში მოვათავსებთ საგნებს ან ადამიანებს, ვიწყებთ ახალი მახასიათებლის
გამოძებნას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მახასიათებელი საერთო არაა ჯგუფის ყველა
წევრისთვის, ჩვენ მაინც ვაზოგადებთ და მთლიან ჯგუფზე ვავრცელებთ. ასე მივიღეთ
გერმანელების მახასიათებლად პუნქტუალურობა, რუსების მახასიათებლად – ალკოჰოლის
სიყვარული, ფრანგების მახასიათებლად – ხელმომჭირნეობა და სხვ. არადა, ვიცით, რომ
ყველა გერმანელი არ არის პუნქტუალური, ისევე, როგორც ყველა რუსი არ არის ლოთი,
მაგრამ ეს იარლიყები, შეიძლება ითქვას, ხანგრძლივად შერჩა ეთნიკური ნიშნით
გაერთიანებულ გერმანელთა და რუსთა ჯგუფებს. იარლიყების მიმაგრება კი სტერეოტიპების
გაჩენის საწინდარია. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ კერძო შემთხვევები ნაუცბათევად
არ განვაზოგადოთ, გვირჩევნია, სტერეოტიპების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი.

ახლახანს
კათედრის არაფორმალური სხდომა გვქონდა. მოსწავლეებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლისას
ერთმა მასწავლებელმა სასიამოვნო გაოცებით შენიშნა, რომ წელს ერთ-ერთ კლასში
გამორჩეულად ბევრი ნიჭიერი სპორტსმენი გვყავდა. ნიჭიერებაში კი გულისხმობდა არა
მათ სპორტულ მიღწევებს, არამედ აკადემიურ წარმატებებს. რა თქმა უნდა, დავეთანხმე,
რადგან მეც ვიზიარებდი მის მოსაზრებას, ოღონდ მივხვდი, რომ ჩვენ ამ მოსწავლეების
წარმატება იმიტომ გვაოცებდა, რომ ისინი სპორტსმენები იყვნენ. მეც და ჩემი კოლეგაც
გავრცელებული სტერეოტიპის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდით. ეს გავრცელებული სტერეოტიპია,
რომ სპორტსმენი კარგად არ უნდა სწავლობდეს. სამწუხაროდ, მათ აკადემიურ
ჩამორჩენილობას ადვილად ვეგუებით და ნაკლებად ვზრუნავთ ამის გამოსწორებაზე. არ
ვუფიქრდებით იმას, რომ სპორტსმენი იმიტომ არ გამოირჩევა მაღალი აკადემიური
მოსწრებით, რომ დიდ დროს უთმობს ვარჯიშს და არა საგნების შესწავლას.

ამხელა შესავალი
იმისთვის დამჭირდა, რომ გადავსულიყავი მთავარ სათქმელზე. დღევანდელი სასკოლო
პროგრამების შემქმნელები მოსწავლეთა ცხოვრებაში სპორტის როლს გააზრებისას
ცდილობენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი როგორც სკოლის შიგნით ამ სფეროს
განვითარებას, ასევე სკოლების თანამშრომლობას სხვადასხვა სპორტულ სექციებთან.
ჟურნალი და ინტერნეტგაზეთი ”მასწავლებელი” არაერთხელ გამოეხმაურა ამ თემას.
ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის
სადიპლომო პროგრამის ერთ-ერთ შემადგენელ და აუცილებელ კომპონენტზე, რომელსაც CAS
ჰქვია. ეს აბრევიატურა იშიფრება, როგორც Creativity, Action and Service, ანუ
მოსწავლეთა ჩართულობა შემოქმედებითობის კუთხით (სხვადასხვა კლუბებში მათი
მონაწილეობა), მოქმედება (სპორტულ სექციებში გაწევრიანება) და სერვისი (სოციალური
თანადგომა და გარემოზე ზრუნვა). შემოქმედებითობისა და სერვისის ნაწილზე უკვე
გესაუბრეთ ადრინდელ წერილებში. ახლა მინდა, მეორე ნაწილს, მოქმედებას, ანუ სპორტულ
აქტივობას შევეხო.

გავრცელებული
სტერეოტიპის მიუხედავად, სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ხელს კი არ უშლის, არამედ
ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აკადემიური
საგნების ათვისების უნართან. ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები,
გამარჯვებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. სპორტი მარტო ვარჯიში კი არა, შეჯიბრიცაა,
ხოლო შეჯიბრი გამარჯვებისკენ სწრაფვას გულისხმობს. იმისათვის, რომ გაიმარჯვო,
ვარჯიში არ უნდა გააცდინო, შესაძლებლობები
უნდა გათვალო, რომ დროზე ადრე არ დაიღალო, ენერგია ბოლომდე შეგრჩეს და არ
გადაიწვა, ტრენერს უნდა დაუჯერო. თუკი ამ ყველაფერს სპორტული დარბაზიდან სკოლის
შენობაში გადმოვიტანთ და მივუსადაგებთ სკოლას, ვნახავთ, რომ ეს ზუსტად ის
უნარებია, რაც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს, ე. ი. მოსწავლეც საუკეთესო
შედეგების მიღწევაზე უნდა იყოს ორიენტირებული, უნდა იყოს მიზანდასახული, მიზნის
მისაღწევად კი ბევრი უნდა იმეცადინოს, სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება
უნდა მოახერხოს, მასწავლებელს უნდა დაუჯეროს.
გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულნი, საკუთარ თავზე
უწევთ მუშაობა. ჯერ ერთი, გამარჯვება შრომის გარეშე იშვიათად მოდის; მეორეც,
საკუთარ თავზე მუშაობისას მათ ბევრ აკრძალვას და ცდუნებას უნდა გაუძლონ; და ბოლოს,
დროც სწორად უნდა გადაანაწილონ. ეს ყველაფერი კი ნებისყოფას აძლიერებს. თუკი ამას
ისევ სპორტსმენის ცხოვრების წესიდან მოსწავლის ცხოვრების წესზე გადმოვიტანთ,
ვნახავთ, რომ ზუსტად ის უნარებია, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს.
საკუთარ თავზე მუშაობა უმთავრესია ნებისმიერი მოსწავლისთვისაც, ინტელექტუალური
განვითარება კი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, რადგან
მეცადინეობა ფიზიკურ დაძაბვასაც გულისხმობს. ვითომ უმარტივესი საქმე – მერხთან
ჯდომაც კი – ფიზიკურ ძალისხმევას უკავშირდება. ამ ჩვევასაც თანდათანობით შეჩვევა
სჭირდება. არავინ ამბობს, რომ სკოლამ გართობა უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ ზედა
კლასებში გადასვლასთან ერთად მოსწავლეს რაღაცებზე უარის თქმა უხდება და თუკი მას
სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსება უნდა, დროის სწორად გადანაწილებაც უნდა
ისწავლოს.

ჩვენს
ქვეყანაში მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ფიზიკური აღზრდა (სპორტი)
სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის განათლების სამივე ეტაპზე, თუკი ჯანმრთელობა
მათ ამის საშუალებას აძლევს. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მიხედვითაც,
ფიზიკური განათლება (Physical Education) სავალდებულოა დაწყებით (პირველიდან მე-5
კლასის ჩათვლით), საბაზო (მე-6-მე-10 კლასები) და სადიპლომო პროგრამაშიც (სკოლის
დამამთავრებელი ორი კლასი). თუკი მე-10 კლასის ჩათვლით მას საგნის სახე აქვს და
გაკვეთილის დრო ეთმობა, მე-11-მე-12 კლასებში მოსწავლემ მას აუცილებლად უნდა
დაუთმოს კლასგარეშე 50 საათი (შემოქმედებითობის და სერვისის საათებთან ერთად სულ
150 საათი). თანაც, ეს საათები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობით უნდა
შეავსოს (მაგ., ზამთარში თხილამურებით სრიალი – 10-15 საათი, ცურვა კვირაში
ერთხელ, რაც იმაზე მეტ საათს შეადგენს, ვიდრე ჩათვლას სჭირდება, მაგრამ მას 15
საათზე მეტი არ მიენიჭება; სხვადასხვა სასკოლო გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის
მიღება – 10 საათი, ლაშქრობებიც – 10-15 საათი). მიიჩნევა, რომ ამგვარი აქტივობა
ხელს კი არ უშლის სწავლას, არამედ აუმჯობესებს სწავლის ხარისხს. მაგრამ არის კიდევ
ერთი რამ, რაც ამ პროცესს ახლავს თან. CAS-ის კოორდინატორი, რომელიც შეიძლება
ნებისმიერი საგნის მასწავლებელი ან დამრიგებელი იყოს, აკონტროლებს მოსწავლის მიერ
შესრულებულ საქმიანობას. გარდა იმისა, რომ იგი შეიძლება დაესწროს სექციურ
მუშაობებს, რომელთაც მოსწავლე ასრულებს, მან შეიძლება მოითხოვოს სხვადასხვა სახის
მტკიცებულება (მაგ., ტრენერის მიერ შევსებული ანკეტა ან ფოტოსურათები). ამ
ყველაფერთან ერთად მოსწავლე ამზადებს საქაღალდეს (პორტფოლიოს). საქაღალდეში შედის
მტკიცებულებები ფოტოებისა და ტრენერის მიერ შევსებული ანკეტების სახით, ე. წ.
გააზრებები (reflections), რომლებიც ასახავს მოსწავლის ანალიზს ფიზიკური (და ორი
დანარჩენი კომპონენტის) აქტივობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ მოსწავლემ უნდა
აღწეროს, თუ რატომ აირჩია სპორტის ესა თუ ის სახეობა და როგორ შეძლო დასახული
მიზნის მიღწევა.[1]მიზანი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, გაძლიერებით თუ ჯანმრთელობის გაუმჯობესებით
დაწყებული და წონის დაკლებით დამთავრებული. აქ აღარაფერს ვამბობ იმ უნარებზე, რომელთა
განვითარებასაც სპორტი ეხმარება. მთავარია, მოსწავლემ სწორად ამოიცნოს, რა მიზანს
ემსახურება მისი არჩევანი და მიაღწიოს რვა სავალდებულო შედეგს:[2]

1.მოახდინოს საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება,
ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში გაიაზროს შემდგომი ზრდის აუცილებლობა;

2.თვალი გაუსწოროს ახალ გამოწვევებს;

3.ისწავლოს დაგეგმვა და განხორციელება;

4.ისწავლოს გუნდური მუშაობა[3];

5.მიეჩვიოს საქმის ერთგულებას, ჩამოუყალიბდე მედგარი და შეუპოვარი ხასიათი;

6.სკოლიდანვე
ჩაებ
ასგლობალური ხასიათის ინიციატივაში[4];

7.ისწავლს ეთიკური ქვეტექსტის ამოცნობა[5];

8.განივითარს ახალ უნარებ.

და ბოლოს,
როგორც აღვნიშნე, სპორტი გამარჯვებისკენ სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ორთაბრძოლა
დამარცხებითაც სრულდება. თუმცა ამ შემთხვევაში დამარცხებაც გამარჯვების ტოლფასია,
რადგან საქმე საკუთარ თავზე გამარჯვებასთან გვაქვს და ხდება სიზარმაცის, შიშის
დაძლევა. რომაელები გამარჯვების შემთხვევაში იტყოდნენ: „Vici!” (ე.ი. გავიმარჯვე).
საკუთარ თავზე ამგვარი გამარჯვების შემდეგ ჩვენს მოსწავლეებსაც შეეძლებათ თამამად
თქვან: „Vici და, აქედან გამომდინარე, ვიცი”.


[1]როგორც აღვნიშნეთ, CASსამი კომპონენტისგან შედგება. სამივე კომპონენტი შესრულებულად ჩაითვლება, თუკი
მოსწავლე მათ 50 საათს მაინც დაუთმობს. არ შეიძლება, მოსწავლე თითოეულ კომპონენტში
მხოლოდ ერთი საქმიანობით დაკავდეს. თითოეულ ამ საქმიანობას კი არ შეიძლება 15
საათზე მეტი მიენიჭოს. CAS-ის კოორდინატორი პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს და
მოსწავლეს ჩათვლას პორტფოლიოს საფუძველზე აძლევს.

[2]ეს შედეგები სავალდებულოა CAS-ის
სამივე კომპონენტისთვის.

[3]აქვე შევნიშნავ, რომ არ არის აუცილებელი, ერთი აქტივობით რვავე
შედეგის მიღწევა. მთავარია, ყველა აქტივობა რომელიღაც შედეგზე იყოს ორიენტირებული,
თუმცა ზოგიერთი შედეგი შეიძლება ყველა აქტივობას მოიცავდეს.

[4]სპორტული აქტივობით ამ შედეგის მიღწევა ყველა მოსწავლისათვის
წარმოუდგენელია, ამიტომაც მისი მიღწევა პირველი და მეორე კომპონენტებით ხდება.

[5]ეთიკა და სპორტი რომ განუყოფელია, ამაზე აღარავინ დავობს. მთავარია,
ეს მოსწავლემაც გააცნობიეროს და აღწეროს, როგორ გაიუმჯობესა ეთიკური ქცევები
(მაგ., არ ითაღლითა თამაშის დროს, არ დაარღვია წესები, არ გამოიჩინა უტაქტობა
მოწინააღმდეგის მიმართ, დამარცხების შემთხვევაში გამარჯვებულს ხელი ჩამოართვა და
მიულოცა და ა. შ.).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი