შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოზარდის თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარები სკოლაში

სკოლის მთავარი მიზანი, სწავლებასთან ერთად, იყო, არის და იქნება პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. პიროვნების მნიშვნელოვან ნიშან-თვისებათაგანია თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარები. რამდენად იძლევა ჩვენი სკოლა მოზარდისთვის ამ უნარების განვითარების საშუალებას?

დღევანდელ სკოლაში ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს – მათემატიკურ ფორმულებსა და თეორემებს, ფიზიკის კანონებს, ქიმიურ ელემენტებს, ცხოველებისა და მცენარეების აგებულებას, სწავლობს, რა ხდება მიწაში, ზეცაში და კოსმოსშიც კი, მაგრამ რა ხდება მის სულში, რით არის გამოწვეული სხვადასხვა ასაკში მასში მომხდარი ცვლილებები, ამაზე მას არავინ ესაუბრება. ყოველ შემთხვევაში, სასწავლო დისციპლინებს შორის არ არის საგანი, რომელიც ბავშვს საკუთარი თავისა და სხვების შეცნობასა და თვითაღზრდაში დაეხმარებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავდება ვითარება გარდამავალ ასაკში. სწორედ ამ პერიოდში უძლიერდება მოზარდს ადამიანის სულიერ სამყაროში წვდომისა და საკუთარ თავში უკეთესად გარკვევის სურვილი; ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური ცვლილებები ხშირად საგონებელში აგდებს მოზარდს და ბადებს მასში უამრავ კითხვას, რომლებიც არცთუ იშვიათად უპასუხოდ რჩება. გასათვალისწინებელია, რომ მოზარდს ძალიან უჭირს სწავლაზე ფიქრი, თუ მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თვითშეცნობისა და სხვათა შეცნობის მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩა. ამდენად, ფსიქოლოგიურ საკითხებზე საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი სწორედ ამ ასაკობრივ საფეხურზეა. სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების უმრავლესობას კვალიფიციური ფსიქოლოგი არ ჰყავს, ამიტომ მოზარდები აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციას მოკლებულნი არიან. წარმოდგენილი სტატია მოზარდთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მოკრძალებული ცდაა. ვიმედოვნებთ, პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით ის აუცილებლად მივა ადრესატამდე. 
შეიცან თავი შენი

გარდატეხის ასაკი ანუ შენ უკვე დიდი ხარ
გაიზარდე და… უამრავი თავსატეხიც გაგიჩნდა 
ალბათ რამდენჯერ გიოცნებია ბავშვობაში, დიდი ყოფილიყავი. აი, თითქოს აგისრულდა კიდეც ოცნება. საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულს, გსიამოვნებს ნაცნობებისგან იმის მოსმენა, რომ საოცრად შეცვლილი, გაზრდილი და დავაჟკაცებული ხარ. თავადაც ატყობ საკუთარ თავს ცვლილებებს, რომელთა წყალობითაც უფრო და უფრო ემსგავსები დიდს. მაგრამ იმ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც შენში „დიდობის” განცდა იწვევს, უამრავი თავსატეხიც გიჩნდება – საკუთარ თავში ხშირად ისეთი უცნაური ცვლილებების მოწმე ხდები, რომ შენსავე სრულფასოვნებაში ეჭვი გეპარება და არცთუ იშვიათად შიშიც კი გიპყრობს. უნდა იცოდე, რომ ის, რაც ახლა შენში ხდება, მოსდის შენს ასაკში მყოფ ნებისმიერ მოზარდს. თავისი განვითარების გზაზე ყველა ადამიანი გაივლის იმ პერიოდს, რომელშიც ახლა შენ იმყოფები და რომელსაც გარდამავალ ასაკს, მოზარდობის პერიოდს, გარდატეხის ასაკს, კრიტიკულ პერიოდს უწოდებენ. ეს ასაკი დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება. მაინც რა ხდება ამ პერიოდში შენში ისეთი, რაც უამრავ პრობლემას გიჩენთ როგორც შენ, ისე შენ ირგვლივ მყოფ უფროსებსაც და მძიმე სულიერი განცდების მიზეზად  იქცევა?
არ მოგწონს საკუთარი თავი? საგანგაშო არაფერია 

უპირველეს ყოვლისა, ალბათ უკმაყოფილო ხარ იმ ცვლილებებით, რომლებიც შენმა აღნაგობამ, სხეულის კონსტრუქციამ განიცადა. გიხარია და გეამაყება, რომ საოცრად სწრაფად იზრდები და ნაცნობები გაოცებას ვერ მალავენ შენს დანახვაზე, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩახედვისას უკმაყოფილება გეუფლება – კიდურები სხეულთან შედარებით დაგგრძელებია, ცხვირი, ნიკაპი და ყურებიც თავის სხვა ნაწილებთან შედარებით საოცრად გაგზრდია, რის გამოც სახის ნაკვთები უხეში და მოუქნელი გეჩვენება… გაღიზიანებს, რომ აღნაგობაში მომხდარ ცვლილებათა გამო შენი მოძრაობები აღარ არის უწინდელივით მოქნილი და ზუსტი – უფრო უხეში, აჩქარებული და ნერვულია. განსაკუთრებით მაშინ ღიზიანდები, როცა რაიმეს წამოედები, გატეხავ და ამისთვის უფროსების საყვედურებსა და შენიშვნებს იმსახურებ. ხედავ, რომ, მიუხედავად მცდელობისა, უფრო დახვეწილი და ფაქიზი მოძრაობები არ გამოგდის, რის გამოც განწყობილება გიფუჭდება, ბრაზობ საკუთარ თავსა და სხვებზე… უნდა იცოდე, რომ საგანგაშო არაფერია, შენი სხეული თანდათან დაიბრუნებს პროპორციულობასა და ჰარმონიულობას, ხოლო მოძრაობები – მოქნილობასა და სიზუსტეს.
ხშირად გეცვლება ემოციები, გუნება-განწყობილება? ეს ბუნებრივია

შენი ასაკის ერთ-ერთი თავისებურება ისიც არის, რომ ძალიან სწრაფად გეცვლება განწყობილება, ერთი უკიდურესობიდან უეცრად მეორეში ვარდები. ალბათ თავადაც შეგიმჩნევია – მთელი არსებით ხარობ, ერთბაშად კი სულ უბრალო საბაბით სრულიად საპირისპირო განწყობილება გეუფლება, თავს განაწყენებულად, დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობ, ბრაზობ… კიდევ ერთი მცირე საბაბი და ისევ კმაყოფილი და მხიარული ხარ. ხშირად საქმიანობის დროსაც მოგდის ასე – წუთის წინ რომ ხალისით, ენერგიულად და გატაცებით აკეთებდი რაღაცას, წუთის შემდეგ ამ საქმიანობისადმი ყოველგვარი ინტერესი გეკარგება და საკუთარ თავში მის გასაგრძელებლად საჭირო ძალას ვეღარ პოულობ. ეს ცვლილებებიც დროებითია, შენი ემოციური ცხოვრება თანდათან ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.
ბოლო ხანს ხშირად ფიქრობ ქვეყნიერების დასაბამსა და დასასრულზე, სიცოცხლის აზრზე, სიკვდილზე… ეს იმიტომ, რომ შენში იღვიძებს აზროვნების ის მიმართულება, რომელსაც ფილოსოფიურს უწოდებენ. ფილოსოფიურთან ერთად შენში ფსიქოლოგიური აზროვნებაც იწყებს გამოღვიძებას. სწორედ ამით უნდა აიხსნას შენი დიდი სურვილი, გაერკვე როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანთა სულიერ სამყაროში, პიროვნულ თავისებურებებში.
გინდა ყველას დაუმტკიცო, რომ უკვე დიდი ხარ

ურთიერთობისას ხშირად გიშლის ხელს კრიტიკული დამოკიდებულება საგნების, მოვლენებისა და ადამიანების მიმართ, რაც შენს ასაკში კრიტიკული აზროვნების განვითარების უშუალო შედეგია. ამით ერთგვარად ცდილობ, დაუმტკიცო უფროსებს, რომ უკვე დიდი ხარ და ისევე როგორც ყველა მოზრდილ ადამიანს, შენც შეიძლება გქონდეს საკუთარი აზრები და შეხედულებები, რომლებიც შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდეს სხვათა აზრებისა და შეხედულებებისგან. დიდობისკენ ლტოლვის გამოა, რომ კრიტიკულ აზროვნებას უმეტესად მასთან ურთიერთობისას ამჟღავნებ, ვინც შენს დიდობას არ აღიარებს. ალბათ გქონია შემთხვევა, როცა მასწავლებლისთვის ან მშობლისთვის დაგისვამს ისეთი კითხვა, რომლის პასუხიც უკვე ამოკითხული გქონია რომელიმე ენციკლოპედიაში ან ლექსიკონში და საოცარი კმაყოფილება გიგრძნია, როცა უფროსს შენს კითხვაზე პასუხი ვერ გაუცია. ეს უფრო მეტად გარწმუნებს, რომ პატარა აღარ ხარ და ბევრი ისეთი რამ იცი, რაც შესაძლოა მოზრდილმაც კი არ იცოდეს.
მაგრამ დიდობის გრძნობა სირთულეებსაც გიქმნის

ალბათ უკვე ხვდები, რომ დიდობის გრძნობა ზემოთ აღწერილი ცვლილებებით არის გამოწვეული და ეს სწორედ ის გრძნობაა, რომელიც ამდენ სირთულეს გიქმნის გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით კი უფროსებთან, ურთიერთობისას. ეს ცვლილებები გიჩენს განცდას, რომ ცოტა რამით თუ განსხვავდები მოზრდილი ადამიანებისგან და აცხადებ, შენი აზრით, სამართლიან პრეტენზიას, უფროსებსაც ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეთ შენთან, ისევე გეპყრობოდნენ, როგორც თანატოლს, ხოლო როცა ისინი ბავშვივით გექცევიან, თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობ. რაკი დიდობის მოთხოვნილებას უფროსებთან ურთიერთობით ვერ იკმაყოფილებ, ცდილობ, სხვა გზა იპოვო საამისოდ. მრავალი შენი თანატოლი ცდილობს, თამბაქოს წევით დაირწმუნოს თავი, რომ უკვე დიდია. ბევრისთვის თამბაქოს წევა დამოუკიდებლობის სიმბოლოა, შინაგანი ძალის ნიშანი. სინამდვილეში ზრდასრულობა მტკიცე ნებისყოფას და დამოუკიდებლობას გულისხმობს, თამბაქოსთან თამაშს კი შეუძლია, ძალიან ძლიერი მამაკაციც კი სიგარეტის მონად აქციოს. ასე რომ, აჯობებს, სხვა გზა იპოვო უფროსების დასარწმუნებლად, რომ პატარა აღარ ხარ და უფრო მეტად უნდა გენდობოდნენ. თუმცა უფროსებსაც უნდა გაუგო და არ ეცადო, ერთბაშად იმაზე მეტი თავისუფლება მოიპოვო, ვიდრე საკუთარი ქცევით იმსახურებ. ეცადე, შენი მოქმედებით დაარწმუნო ისინი, რომ უფრო მეტად შეიძლება შენი ნდობა.
***
არ ვიცი, შევძელი თუ არა შენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, მაგრამ ალბათ დამეთანხმები, რომ ერთ წერილში შეუძლებელია ყველა იმ თავისებურების ახსნა, რომელიც ასეთ პრობლემებს გიქმნის. იმედი მაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ საუბარს და შენი არც ერთი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი