ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ჩემი საყვარელი სამი ფილმი აუტიზმზე

დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ყველა ფილმი აუტიზმზე, მათ შორის ყველაზე მავნე კიდევ “წვიმის კაცი” მგონია, რომლის შექმნილი სტერეოტიპებისა და სტიგმისგან ჯერაც ვერ გათავისუფლდა ხალხი აუტიზმის მქონე ადამიანის შეფასებისას.  იმ წლების განმავლობაში, რაც  აუტიზმთან ერთად ვცხოვრობ, ყველაზე  დიდი პრობლემა სწორედ ეს მავნე მითები, სტერეოტიპები და მზა ჭეშმარიტებებია, რომლის მიხედვითაც, აუტიზმის მქონე ყველა ბავშვი აგრესიულია, თავს და სხვასაც აზიანებს, გენიოსია, საშიშია, თვალებში არ გიყურებს და მეგობრობა არ შეუძლია.

მითებს საზღვარი არ აქვს, ეს ადამიანის ფანტაზიის ისეთი ილუსტრაციაა, რომელიც წარმოსახვის უსაზღვრობას გვიმტკიცებს. ამას წინათ, ერთ ძალიან კარგ სკოლაში სტუმრობისას, ჩემს კითხვაზე, რა იციან აუტიზმის მქონე ბავშვების შესახებ, ერთმა უსაყვარლესმა კუდრაჭამ მიპასუხა:

-ვიცი, ვიცი, ისინი ვამპირივით თეთრები არიან და კბილები ძალიან ადრე ამოსდით!

ამიტომ არ უნდა ვუსმინოთ მითებს და ინფორმაციით უნდა გავანეიტრალოთ მათ მოქმედება.

ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა იმ საზოგადოებამდე, სადაც ყველას ზუსტად გვეცოდინება, ვინ არის და როგორია ყოველი 42-ე ჩვენ შორის, დიახ, დიახ, ეს ახალი სტატისტიკაა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სამედიცინო საიტმა გამოაქვეყნა. 41-ბავშვში ერთი აუტიზმის მქონე- მარტივი სტატისტიკა არაა.

კინო და ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ძალიან მიხარია, რომ აუტიზმის მქონე პერსონაჟის სახე „წვიმის კაციდან“  ახალგაზრდა, ნიჭიერ ექიმამდე შეიცვალა, რომელიც ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ სერიალში ვიხილეთ.

მივყვეთ თანდათანობით და ჩემს  საყვარელ რამდენიმე  ფილმსაც ( მათ შორის, სერიალს) გაგაცნობთ:

 

  1. კარგი ექიმი

 

ლეგენდარული ექიმი ჰაუსის შექმნელის, დევიდ შორის კიდევ ერთი შესანიშნავი  სამედიცინო სერიალი,  მაღალფუნქციური აუტიზმის სპექტრის მქონე ექიმი, თავისი ბავშვობის ტრავმული მოგონებებით,  ოსტატური თამაშით.  როგორია თვითდამკვიდრებისა და კარიერული წინსვლის პროცესი, ემოციები, გრძნობები, რომანტიკული ეპიზოდები, საკუთარი სურვილების გაგება და რეალიზება, ემპათია და სწორად მოქმედების სტრატეგია.

ძალიან სასარგებლო ფილმია, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც აუტიზმის მქონე ადამიანებთან ახლო შეხება აქვს.

  1. უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

კარგი ფილმი, თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიაზე, რომელმაც ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება შეცვალა და ასპერგერის სინდრომიან ბიჭზე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მამა.

ბიჭი თავის ყველაზე საყვარელ ადამიანს, მამას კარგავს, თუმცა მათი ურთიერთობა სიკვდილის მერეც გრძელდება. ბიჭმა მამის საიდუმლო უნდა ამოხსნას, უნდა იპოვოს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე. პოულობს თუ არა, თავად ნახეთ, თუმცა საყვარელი ადამიანების გულწრფელ გრძნობებს ნამდვილად აღმოაჩენს.

  1. ადამი

ეს ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო აუტიზმის შესახებ, რომელიც ვნახე და რომელმაც ჩემს ყველაზე მთავარ კითხვასა და შიშს გასცა პასუხი – როგორ გაუმკლავდება აუტიზმის მქონე ბავშვი იმ გრიგალსა და თავბრუდამხვევ ეიფორიას, რასაც სიყვარული ჰქვია. რა მოხდება მერე, როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება და სიყვარულის ძებნას დაიწყებს?

„ადამი“  2009 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აუტიზმის მქონე პერსონაჟი შექმნა. კოსმოსის კვლევებით დაინტერესებული კოსმოსური ბიჭი სიყვარულის წინაშე- როგორ დაიმკვიდრებს ემოცია ადგილს მის პირად წესრიგში? როგორ გასცემს პასუხს ტკივილებსა და იმედგაცრუებებს?

მოკლედ, ნახეთ სამივე ფილმი და თქვენი აზრიც გამიზიარეთ.

ნახეთ მშობლებმა და მასწავლებლებმა, კლასელებმა და მეგობრებმაც, აუცილებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი