პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კრიტიკული აზროვნების სხვა ზღვარი

რა შეიძლება იყოს თანამედროვე სამყაროში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა? ალბათ არაფერი. თუმცა ამ თვალსაზრისს ყველა არ იზიარებს. 15 წელზე მეტია საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია, რომელიც სათავეს შუა 90-იანი წლებიდან იღებს და რამდენიმე ქვეყანაში კითხვის საერთაშორისო ასოციაციის, „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტისა და დემოკრატიული პედაგოგიური კონსორციუმის ეგიდით ხორციელდება. მისი მთავარი იდეა სწავლების დროს ისეთი პირობების შექმნაა, როდესაც ბავშვები მასწავლებელთან ერთად აქტიურად და შეგნებულად იმუშავებენ, გაიაზრებენ სწავლის პროცესს, გააანალიზებენ მიღებულ ცოდნას და სხვ.

ამავდროულად, პროგრამისა და ტექნოლოგიის მიზანია მოსწავლეთა აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც სასარგებლოა არა მარტო სწავლის დროს, არამედ შემდგომ ცხოვრებაშიც (გადაწყვეტილებების მიღებისას, ინფორმაციებთან მუშაობისას, სხვადასხვა მოვლენის ასპექტების გაანალიზებისას და ა.შ.). პროგრამა მიმართულია ისეთი კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია ლოგიკურად გაანალიზდება, რათა მისი შედეგების გამოყენება შესაძლებელი გახდეს როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ სიტუაციებში, არასტანდარტული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრისას. კრიტიკული აზროვნება არის ახალი კითხვების დასმისა და ახალი არგუმენტების პოვნის, დამოუკიდებელი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

მკვლევრების მიერ შემოთავაზებულ ამ სისტემებს გარკვეული განსხვავებები აქვთ, მაგრამ საბოლოოდ თითოეული მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების გაღვივებას, დაკვირვებების, შედარებების, მიზეზ-შედეგობრივი ბმულების წარმოჩენის მეთოდით.

კრიტიკული აზროვნების განვითარების თეორიის მომხრეთა მოსაზრებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმართულება, როდესაც ადამიანს უვითარდება დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. მიუხედავად ამისა, დერბის უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროფესორი დენის ჰეისი მიიჩნევს, რომ ზედმეტი ენთუზიაზმით ანთებული მასწავლებლები კრიტიკული აზროვნების სწავლების დროს უკიდურესობაში ვარდებიან.

ამ საკითხის მოგვარებას დენის ჰაიესი ფილოსოფიურად უდგება და წერს, რომ მასწავლებლები ამაოდ ირჯებიან, როცა ცდილობენ, ბავშვს კრიტიკული აზროვნების უნარი გამოუმუშაონ, რადგან კრიტიკულობის სწავლა წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც მასწავლებელს თავად არ გაგაჩნია ეს უნარი. კრიტიკული აზროვნების სწავლა არ არის მარტივი მექანიკური ამოცანა.

„როგორც მასწავლებელს, თქვენ უნდა ჰქონდეთ კრიტიკული შემართება, სულისკვეთება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით უნდა ვაკრიტიკოთ საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც არ მოგვწონს. არც მოსწავლეებს უნდა ვეჩიჩინოთ, რომ „მათ ყველაფერზე ბევრი იფიქრონ“. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებთან სიღრმისეული საუბარი შეგვეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დებატები და დისკუსიები უნდა ეფუძნებოდეს ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც საგანმანათლებლო სამყაროში ცოტა გვაქვს. გარდა ამისა, ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დისკუსიის მონაწილე მშობლებთან და სხვა ადამიანებთან და არა მხოლოდ კლასში მასწავლებელთან“.

ჰაიესის აზრით, მოსწავლეებთან სიღრმისეული საუბრები რატომღაც დავიწყებას მიეცა, რადგანაც მასწავლებლების უმეტესობა კრიტიკულ აზროვნებას მხოლოდ უნარად აღიქვამს. ჰაიესი დარწმუნებულია, რომ ეს არასწორია – ნახევარი საუკუნის წინ ეს იდეა ავსტრალიელმა ფილოსოფოს ჯონ პასსმორმაც კი გააკრიტიკა: „თუ კრიტიკული განწყობა მხოლოდ უნარია, მაშინ მას საგნად ვისწავლიდით და პედაგოგებიც შეგვასწავლებდნენ მიუხედავად იმისა, ექნებოდათ თუ არა თვითონ ეს უნარი. ეს კი იგივეა, რომ პაციფისტმა ჯარისკაცს იარაღის ხმარება შეასწავლოს. რეალურად, კრიტიკული აზროვნება შეუძლია გვასწავლოს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც თავად შეუძლია მონაწილეობა კრიტიკულ დისკუსიაში“.

„კრიტიკის“ კონცეფციის არასწორად გამოყენების შემთხვევები:

„კრიტიკის იდეის ბოროტად გამოყენების პრეცედენტი მაშინ მქონდა, როდესაც პირველკურსელთა დიდ ჯგუფს შევხვდი. ერთმა სტუდენტმა მითხრა, ყველაზე მეტად ის პედაგოგები მაღიზიანებენ, ვინც კრიტიკულად ფიქრს მაძალებს და ამას ხაზგასმით მოითხოვენ ჩემგანო. სტუდენტმა მოჰყვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი მისგან თავისი სიტყვების დადასტურებას ან ისეთი რაღაცის თქმას ითხოვდა, რაშიც შეწინააღმდეგებას შეძლებდა“ – ჰყვება ჰაიესი. მისი ღრმა რწმენით, იდეა იმის შესახებ, რომ კრიტიკული აზროვნება მხოლოდ უნარია და სხვა არაფერი, მცდარია და ლახავს კრიტიკული აზროვნების საზოგადო კონცეფციას, აფიქრებს მასწავლებლებს, რომ მათ შეუძლიათ იაზროვნონ კრიტიკულად, სინამდვილეში კი ამ ყველაფრისგან შორს დგანან. აი, ეს ცდომილებანი:

1.კრიტიკული აზროვნება უნარია

„ასე არ გახლავთ, – ამბობს ჰაიესი. – ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებთ კრიტიკულ აზროვნებას, მეორე ეშელონის არაფორმალური და ფორმალური ლოგიკის ცნებამდე დავიყვანთ – ეს მეორეხარისხოვანი ლოგიკა და ღატაკი ფილოსოფია, სისტემას მოწყვეტილია. მაგალითად, თუ ფემინისტურად განწყობილი მასწავლებელი მოითხოვს, რომ ბავშვებმა მხოლოდ მისი თვალსაზრისი გაიზიარონ და ეს მიიჩნიოს კრიტიკული თვალსაზრისის გაზიარებად, გამოვა, რომ ფემინიზმს თავს ახვევს“.

2.კრიტიკული აზროვნება ნიშნავს „იდეოლოგიურ დამუშავებას“

„როდესაც მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლე კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი,  ხშირად გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უნდა მიუსადაგოს თავისი მოსაზრებები რაღაც არსებულს, – ამბობს დენის ჰაეისი. – მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს მიუღებელი იდეების კრიტიკას და „სწორი“ იდეების აღიარებას. მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა ყველაზე გავრცელებული „სწორი“ იდეებია, რომელზეც მსჯელობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი“.

  1. კრიტიკული თეორიები „არაკრიტიკული თეორიებია“.

„როდესაც გარკვეულ თეორიას აქვს პრეფიქსი „კრიტიკული“, ის მოითხოვს არაკრიტიკულ დამოკიდებულებას გარკვეული პოლიტიკური თვალსაზრისით, – დარწმუნებულია  პროფესორი. – კრიტიკულ თეორიას, რასის კრიტიკულ თეორიას, კრიტიკულ რეალიზმს, კრიტიკულ რეფლექსიურ პრაქტიკას – ამ ყველაფერს აშკარად აქვს პოლიტიკური მიზნები, რაც უნდა გვახსოვდეს“.

მაშინ, ჰაიესის აზრით, რას ნიშნავს „რეალური კრიტიკა“?

ვიქტორიანული ეპოქის კულტურის კრიტიკოს მეტიუ არნოლდის განმარტებით, ეს არის მცდელობა გავავრცელოთ ის საუკეთესო, რასაც სამყაროში უკვე მიაღწიეს. თუ ამ განსაზღვრებას დავეყრდნობით, ჩვენ უნდა ვიყოთ „საზღვარი“ ცოდნებს შორის.

„მაგრამ როდესაც სოკრატეს მეთოდზე მასწავლებლებს ან მწვრთნელებს ვესაუბრები, გამოვტოვებ ხოლმე ანდერსონის მიერ გაჟღერებელ „გაურკვევლობას“, – ამბობს დენის ჰაიესი, – იმიტომ, რომ ბევრმა პედაგოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ „გაურკვევლობა“ ნიშნავს იმ „ცუდი იდეების“ ეჭვქვეშ დაყენებას, რომლებიც თვითონ გააჩნიათ, რადგან ძირითადად თვითონ საყოველთაოდ შეთანხმებული, უკვე არსებული თეორიების გარშემო ტრიალებენ.

დღეს გაცილებით უფრო რთულია იაზროვნო კრიტიკულად. ბევრს სურს, რომ სოკრატე იყოს, მაგრამ სოკრატე ცოდნას ელტვოდა, დღევანდელ დღეს კი სოკრატობა ნიშნავს არსებული ცოდნის გამოყენებას“, – ასკვნის პროფესორი.

პროფესორ ჰაიესის მოსაზრებები საინტერესოა და, რა თქმა უნდა, მის იდეებს ჰყავს მხარდამჭერები თუ ოპონენტები. თუ პროფესორის ლოგიკას მივყვებით, ის უარყოფს ბავშვებში კრიტიკულ აზროვნების განვითარების პირდაპირი სწავლების გზას. ის მოუწოდებს მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე არ ისაუბრონ ზედაპირულად და ეს ტერმინი უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზროვნებას მოვაშორებთ პრეფიქს „კრიტიკულს“, რომელიც ამდენ უთანხმოებას იწვევს, დარჩება უმნიშვნელოვანესი რამ – ბავშვის აზროვნების განვითარების იდეა. იმ შემთხვევაშიც, თუ კრიტიკული აზროვნება პრობლემურ სიტუაციებში ვითარდება, ის უკვე აპრიორი ატარებს დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს, რადგან ბავშვი, რომელიც ცოდნას ეზიარება  გარკვეული პრობლემის გადაწყვეტის გზით, აღარ არის მხოლოდ პასიური მსმენელი და ის უკრიტიკოდ აღარ აღიქვამს მასწავლებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი