სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

როცა სათაური მეტაფორაა….

ერთხელ ფეისბუკზე გამოქვეყნდა ასეთი სტატუსი: ”ერეკლე დეისაძეს თავი მოუკლავს! ხომ არ იცით, რა მოუვიდა საწყალს? ”

როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტს სტატია დაუწერია სათაურით: “ერეკლე დეისაძემ თავი მოიკლა!”  საქმე იმაშია, რომ  სათაური მეტაფორული იყო… ჩვეულებრივმა მკითხველმა კი პირადაპირ გაიგო… 

ერთი პოეტი ამ ფაქტის შესახებ წერდა: ”ხომ გითხარით, საქართველოში მხოლოდ სათაურებს კითხულობენო…”
დავამატებდი, რომ მხოლოდ სათაურებსაც ვერ კითხულობენ… უმეტესად, თუ კითხულობენ, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ და მიდის მერე განხილვა: რას ნიშნავს იმავე დეისაძის „საიდუმლო სირობა” ან ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი”…? 
რთულია, ადამიანს აუხსნა, რას ნიშნავს მეტაფორა და რისი თქმა სურდა სინამდვილეში ავტორს, როცა მანამდე მეტაფორის არსებობის შესახებ არაფერი გაუგია.
როგორ დავარქვათ სათაური?

ყველაფერი, რაც არსებობს ამ სამყაროში, ითხოვს სახელს. სახელის დარქმევით თითქოს სრულდება ერთგვარი რიტუალი და საგანს, მოვლენას, ფაქტს, ნებისმიერ ტექსტს, ენიჭება ფუნქცია. ამის შემდეგ ის შემოდის  სახელთა სამყაროში და ფუძნდება, როგორც  გარკვეული შინაარსისა და ფუნქციის მქონე, რომელსაც ენიჭება ”კანონიერი უფლება” შევიდეს ურთიერთქმედებაში  სახელით გამოხატულ სხვა საგნებთან, მოვლენებთან, ფაქტებთან.

ტექსტისთვის სახელის დარქმევა შემოქმედებითი მოღვაწეობაცაა და ერთგვარად შემოქმედის მოღვაწეობაც… რაღაც ახალი ქმნადობა. ავტორი ტექსტის ბატონ-პატრონია, მან კარგად იცის, რისთვის, რატომ, რა მოტივებით შეიქმნა ტექსტი. გაცნობიერებული აქვს მისი არსი, ფუნქცია, დანიშნულება, აზრი (ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ეს შესაძლებელია…). ენის  ქაოსიდან ავტორი ქმნის ტექსტს, ანიჭებს მას სიცოცხლეს და დამოუკიდებლობას და აუცილებლად აძლევს სახელს (სათაურს). ეს პროცესი შეგვიძლია შევადაროთ ბავშვის დაბადებას, როცა მშობელი მას არქმევს სახელს.  ტექსტის სათაური (ისევე, როგორც ბავშვის სახელი) შეიძლება არ განსაზღვრავს და არ ამოწურავს  ყველაფერს, მაგრამ აუცილებელია, როგორც მისი არსებობის ნიშანი.
სახელდება _ ეს არის გამორჩევა სხვა დანარჩენისგან. ინფორმაციულ ოკეანეში ჩვენ ვარჩევთ ტექსტებს სახელებით ანუ: სათაურებით.

ლოსევის მიხედვით, სახელი, ეს არის: საზღვარი, ფორმა, განსხვავებულობა, თავისებურება, სახე, აზრი… იგივე შეიძლება გავიმეოროთ სათაურებზეც.

ავტორები ძალიან  ბევრს ფიქრობენ სათაურის დარქმევაზე და ეს ყოველთვის არის რთული პროცესი, რადგან შენ განსაზღვრავ უკვე არა მხოლოდ ტექსტის აზრს, არამედ ორიენტაციასაც, საით და როგორი მკითხველისკენ გასცუროს ამ ტექსტმა.

უმბერტო ეკო წერდა: სათაურმა არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი/მაყურებელი, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია.  …სჯობს, მწერალი უმალვე გარდაიცვალოს, როგორც კი ბოლო გვერდს დაწერს, რათა ნაწერი უსათაუროდ მივიდეს მკითხველამდეო…

თანამედროვე სამყაროში ტექსტის სათაური  არის ამავე დროს რეკლამა _  ბრენდის ნაწილი, ტექსტის პასპორტი, ფასადი, სახე, გზამკვლევი, დროშა და სიმბოლური ნიშანიც…

რეკლამის ტექსტი კი უნივერსალური დანიშნულებისაა, მისი მიზანია, რაც შეიძლება, საზოგადოების დიდ ნაწილზე მოახდინოს ზეგავლენა. ამისათვის რეკლამა იმუშავებს ზემოქმედების უნივერსალურ ფორმებს. ენა (მეტყველება) უკვე თავის თავში ატარებს ზემოქმედების ფუნქციას იმის მიუხედავად, ამ ფუნქციას აცნობიერებს თუა არა მოლაპარაკე. ის ვინც მეტყველებს, ტექსტს ქმნის, უკვე ნიშნავს, რომ მას სურს, რომ მის ნათქვამს ან დაწერილს ჰქონდეს ზეგავლენა მეორე ადამიანზე, ადამიანთა ჯგუფზე, ან საზოგადოებაზე… სხვაგვარად ის, უბრალოდ, არ ილაპარაკებდა (არ დაწერდა). რეკლამის და, ამ შემთახვევაში, სათაურის შერჩევისას, მეტყველების ზეგავლენის ფუნქცია პრიორიტეტული ხდება, რათა სათაურმა, როგორც რეკლამამ, მიიქციოს ყურადღება.

სალექსიკონო განმარტებით:  რეკლამა (ლათ. reclamo – „წამოვიყვირებ”) _ ეს არის ინფორმაცია, გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

ტექსტის სათაურის, როგორც რეკლამის გაგება, გვაიძულებს, მეტი სიფრთხილით შევარჩიოთ სათაურები, რადგან ძალიან არ გაგვიტაცოს სარეკლამო ფუნქციამ და არ დაშორდეს ტექსტი სათაურს, როგორც ეს ხშირად ხდება რეკლამაში. იმ შემთხვევაში, თუ ავტორი ეფექტურად შეარჩევს სათაურს, მაგრამ ამ სათაურს არ ექნება კავშირი ტექსტთან, მკითხველი მოტყუვდება ერთხელ და მეორედ ამას უკვე აღარ დაუშვებს.

 სათაურის ფუნქციაა, მკითხველი მიიყვანოს ტექსტამდე, ამისთვის ავტორები განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ.

როგორი შეიძლება იყოს კარგი სათაური? _ ორიგინალური, სხარტი, კრეატიული, რაღაც უნდა თქვას ტექსტზე და, ამავე დროს, არ უნდა თქვას ყველაფერი. მოკლედ, სათაურებიც მრავალფეროვანია ისევე, როგოც მათი შემქმნელი ავტორები.

ეგრეთ წოდებული, “მოლაპარაკე” სათაურები გვაძლევს პუბლიკაციაზე პირველად წარმოდგენას, რითაც მკითხველი იღებს გადაწყვეტილებას, რა წაიკითხოს პირველ რიგში და რა _ გადადოს.
პროვოკაციული (ეპატაჟური) სათაურები  ზემოქმედებს მკითხველის ემოციაზე, იწვევს ინტერესს, აინტრიგებს მას.
 
როგორ დავწეროთ სათაური

▶ სათაური უნდა შეიცავდეს გასაღებ სიტყვებს და გამოხატავდეს სტატიის არსს;
გასაღები სიტყვების შერჩევა სათაურში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამის მიხედვით ხდება ინტერნეტ-სივრცეში თქვენი მასალის ინდექსაცია;
▶უმჯობესია, თხრობითი, მარტივი წინადადებები;
▶ზმნა _ არის “მოლაპარაკე” სათაურის მთავრი ელემენტი, შეარჩიეთ დინამიური ზმნები;
▶დრო უმჯობესია ახლანდელი!
▶სათაურმა არ უნდა გამოიწვიოს იმედგაცრუება, უნდა შეესაბამებოდეს შინაარს!

   რომელი სათაურები იქცევს ყურადღებას თანამედროვე საზოგადოებაში, ანუ: როგორი სათაურები ”მუშაობს”:

1. ყვითელი პრესის, მყვირალა სათაურები (შეიძლება, არ მოგვწონს, მაგრამ ეს ფაქტორი მუშაობს…);

2. ნეგატიური ინფორმაციის შემცველი სათაური აგრეთვე იქცევს ყურადღებას პოზიტიურთან შედარებით;
3. პროვოკაციული და ეპატაჟური;

4. კრეატიული…

თუ თქვენ შექმნით ამგვარად სათაურებს, ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს და შეიძლება წაგიკითხონ კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ: ამის შემდეგ როგორი აზრი დარჩებათ, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას… რადგან ეს ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს თქვენს იმიჯზე.

ნებრისმიერი რჩევა, რომელიც შეიძლება სათაურის დარქმევასთან დაკავშირებით მოისმინოთ, პირობითია და მათ შორის  საუკეთესო რჩევა ასეთია: უბრალოდ, იფიქრეთ ამაზე…
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი