სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება. პროფესიული განვითარებისა და სწავლების მონიტორინგის ინსტრუმენტი

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება პედაგოგიური საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სწავლების მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების როლს და ფუნქციებს პროფესიული განვითარების და სწავლების მონიტორინგის თვალისაზრისით.

 

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის გამოყენებისთვის პროფესიული განვითარების შესაბამისი საფეხური უნდა შეირჩეს, რათა ამ მეთოდის ეფექტურობა უზრუნველვყოთ. გავიხსენოთ პროფესიული განვითარების ხუთსაფეხურიანი სქემა და განვიხილოთ, რომელ ეტაპზე შეიძლება იყოს უფრო მეტად სარგებლიანი მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ინტეგრირება. პროფესიული განვითარების პირველ საფეხურზე ძირითადი ყურადღება ეთმობა ცოდნისა და ინფორმაციის დაგროვებას. აქვე მოიაზრება ინფორმაციის გააზრება, გაანალიზება, კონცეპტუალიზაცია. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის რეკომენდებული აქტივობები შეიძლება იყოს: მიზნების დასახვა, საჭიროებების მოკვლევა, ინტერაქტიულ ტრენინგებში მონაწილეობა, რესურსების გაზიარება და განხილვა. პროფესიული განვითარების მეორე საფეხურზე კონცენტრირება ხდება სწავლების მოდელებისა და მაგალითების აღქმასა და გაანალიზებაზე სასწავლო მოდელების დაკვირვების გზით. ამდენად, ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურია გაკვეთილებზე დაკვირვება, კოლეგების მუშაობაზე დაკვირვება, არსებული სასწავლო გეგმების და მოდელების გაცნობა, ერთობლივი დაგეგმვა, აუდიო/ვიდეო მასალის გაცნობა. მესამე საფეხურზე ფოკუსში თვით-ანალიზი ექცევა – ახალი ცოდნის გათვალისწინებით მასწავლებელი აფასებს და აანალიზებს სწავლების პროცესს. ასევე, რეკომენდებულია ჟურნალების გამოყენება, ჯგუფურ განხილვებში მონაწილეობა და რეფლექსია. შემდეგი, მეოთხე საფეხური სწავლების პრაქტიკის მოდიფიცირებაზეა ორიენტირებული, რაც გულისხმობს პროფესიული ცოდნის ინდივიდუალურ და კოლაბორაციულ გეგმებში ასახვას, სასწავლო გეგმისა და სწავლების მოდელების ცვლილებისთვის სამოქმედო გეგმის შედგენას პრაქტიკული კვლევების, მენტორობის, პედაგოგიური განხილვების, სასწავლო გეგმების ერთობლივად დამუშავების, პროფესიული ჯგუფების ჩამოყალიბების გზით. მეხუთე ეტაპზე მასწავლებლები ახდენენ ექსპერტული ცოდნის გამყარებასა და გაზიარებას სწავლების პრაქტიკის დახვეწის მიზნით. ამ ეტაპზე რეკომენდებულია თანამშრომლობითი სწავლის, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების, გუნდური დაგეგმვის, მენტორობის, კოლეგასთან პარტნიორობისა და წყვილში სწავლების, პროფესიულ ქსელში ჩართვის წახალისება.

პროფესიული განვითარების საფეხურების მოკლე მიმოხილვიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ყველაზე ეფექტურად გამოყენება მეოთხე და მეხუთე საფეხურებზე შეიძლება. ურთიერთდაკვირვება ორმხრივი პროცესია. ამ მეთოდის ძირითადი მიზანია სწავლების პროცესის გაანალიზება და მასწავლებლებს შორის განმავითარებელი ურთიერთშეფასების გაზიარება. სასწავლო პროცესის დაკვირვების ფუნქცია კი პროფესიული განვითარების პირველ ეტაპზე ცალმხრივი პროცესია (დამწყები მასწავლებელი აკვირდება სწავლების მოდელებს ან მენტორი/შემფასებელი აკვირდება დამწყებ მასწავლებელს ცოდნისა და ინფორმაციის დამატებითი საჭიროებების გამოვლენის და საწყისი პრაქტიკის შეფასების მიზნით).

პროფესიული განვითარების სხვა მეთოდებთან შედარებით, მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ სწავლების უშუალო მონიტორინგის და შესაბამისად, მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის შესაძლებლობას ქმნის. კვლევების თანახმად, აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე მიმართული ყველაზე გავრცელებული ინტერვენციები, რომლებიც ფოკუსირებულია სასწავლო პროგრამების დიზაინზე, სასწავლო მასალებსა და რესურსებზე, სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფერგუსონი და თანაავტორები (ნაშრომში „მასწავლებლის პროფესიული განვითარება პროცესია და არა ერთჯერადი მოვლენა”, CORD 2003), აღნიშნავენ, რომ განათლების სფეროში ნებისმიერი რეფორმის საბოლოო მიზანი მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაა, ხოლო წარმატებულმა რეფორმამ თუ ინიციატივამ, პირველ რიგში, უნდა აღიაროს, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისთვის მასწავლებლების პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებააა საჭირო.

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება სწორედ პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაზეა მიმართული. გარდა ამისა, ტრადიციული, სკოლის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სადამკვირვებლო და შეფასებითი მეთოდებისგან განსხვავებით, მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვებას განმავითარებელი შეფასების ფუნქცია აქვს. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, თავად აირჩიოს დამკვირვებელი, შეიქმნას უსაფრთხო გარემო და თავად განსაზღვროს გაკვეთილის დაკვირვების მიზნები და სასურველი შედეგები.

დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე, ხშირად საუბრობენ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების მეთოდის სოციალურ სარგებელზეც. ამ მეთოდის გამოყენებით მასწავლებლებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის და ერთმანეთთან დაახლოების შესაძლებლობა ეძლევათ. საქართველოში კი, სადაც მასწავლებლებს შორის უკვე არსებობს მჭირდო სოციალური ურთიერთობები, მათი სასწავლო მიზნებისთვის გამოყენება ეფექტურად შეიძლება, კერძოდ, უსაფრთხო გარემოს და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

ურთიერთდაკვირვების მეთოდის დადებით მხარეებს შორის, ასევე, უნდა აღინიშნოს ამ მეთოდის მაღალი რენტაბელობა, როგორც დროის, ისე ფინანსური რესურსების თვალსაზრისით. სწორი სტრატეგიის შერჩევის შედეგად, სკოლას შეუძლია, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოს მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების გრძელვადიანი და ეფექტური სისტემის დანერგვა.

ურთიერთდაკვირვების მეთოდს თავისი შეზღუდვები და უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამ მეთოდით, გაკვეთილის მხოლოდ ხილვადი ასპექტების დაკვირვებაა შესაძლებელი – დროის განაწილება, აქტივობები, შეკითხვის დასმის ტექნიკა, მონაწილეობა, საკლასო/პროცედურული ენა, პრეზენტაციის და ინფორმაციის მიწოდების ტექნიკები. მასწავლებლის მიერ გაკვეთილის დაგეგმვისას მიღებული გადაწყვეტილებები, მოსწავლეთა შეკითხვებზე/ქცევაზე რეაგირება, შერჩეული აქტივობების ტიპები წინა სასწავლო გამოცდილებასა და კლასში არსებულ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და ამდენად, ერთ გაკვეთილზე დაკვირვებით ყველა ასპექტის სრულყოფილად დანახვა და ობიექტურად შეფასება შეუძლებელია. ამდენად, დაკვირვების მიზნების წინასწარ შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურთიერთდაკვირვებამ შესაძლოა, გარკვეული მღელვარება მაინც გამოიწვიოს მასწავლებლებში. მეორე მხრივ, ამ მეთოდის შედარებით არაფორმალური ხასიათის გამო, შესაძლოა, დაკვირვების და შეფასებითი კომენტარების ხარისხის და აუთენტურობის უზრუნველყოფა რთული იყოს.

პროფესიული განვითარების მიზნებისთვის ურთიერთდაკვირვების რეკომენდებული ჩარჩო REACT მოდელს ეფუძნება (REACT წარმოადგენს აკრონიმს: R – პირად გამოცდილებასა და ცოდნასთან კავშირი, R- გამოცდილების მიღება, A – პრაქტიკაში გამოყენება, C – თანამშრომლობა, T – გათავისება (CORD, 1999); მოსწავლეთა აკადემიური შედეგების ასამაღლებლად ურთიერთდაკვირვებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც კვლევების მიხედვით ყველაზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. ესენია: ამოცანების განსაზღვრა, თანამშრომლობითი სწავლება, ცოდნის გამყარება, პრაქტიკა, კითხვა-პასუხი, სწავლის ორგანიზება, ანალიზი და ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, საშინაო დავალება და შეფასება (Marzano, Pickering, & Pollock, 2001).

იმისათვის, რომ მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვება წარმატებით განხორციელდეს სისტემურ დონეზე, რეკომენდებულია რამდენიმე ფუქნციური კრიტერიუმის დაკმაყოფილება. ამ მეთოდის ეფექტურად გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობააა მასწავლებელთა გზამკვლევის შემუშავება და გაზიარება. აღნიშნული რესურსი სასურველია, თავად მასწავლებლებლებმა შეიმუშაონ. გზამკვლევში აღწერილი იქნება ურთიერთდაკვირვების მიზნები, ვადები, დაკვირვების კრიტერიუმები, ფორმები, შეფასების სტანდარტები, რუბრიკები, კონფიდენციალობის მოთხოვნა, ეფექტური დამკვირვებლის მახასიათებლები, რჩევები დამკვირვებლის შერჩევისთვის, დაკვირვებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების და დაკვირვების შემდგომი შეხვედრების მიზნები, ინფორმაციის დოკუმენტირების გზები და დაკვირვების ფორმების ნიმუშები.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაკვეთილის ყველა ასპექტზე დაკვირვება და მათი ობიექტურად შეფასება შეუძლებელია. დაკვირვებისთვის პრიორიტეტული კატეგორიების შეიძლება იყოს:

· გაკვეთილის დაწყება და დასრულება;

· დავალებების/ინსტრუქციების მიცემა;

· სახელმძღვანელოს გამოყენება;

· ინდივიდუალური ყურადღება/ჯგუფური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;

· კითხვების დასმა/შეცდომების გასწორება და შეფასება.

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ორგანიზება კი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

· გაკვეთილის დასწრებამდე შეხვედრა (გაკვეთილის გეგმის და დაკვირვების მიზნების გაზიარება)

· გაკვეთილზე დაკვირვება (შესაბამისი ფორმის გამოყენებით: აღწერითი, ფოკუსირებული და ჩართული დაკვირვების მოდელებისთვის)

· გაკვეთილზე დასწრების შემდგომი შეხვედრა (შედეგების გაზიარება)

· წერილობითი ანგარიშის გაზიარება (ანგარიში შეესაბამება დაკვირების ფორმას – აღწერითი, ფოკუსირებული, ჩართული დაკვირების მოდელებისთვის)

საბოლოოდ, პროცესის ორგანიზებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. სტრატეგიის შემუშავების გარდა, ადმინისტრაციის ჩართულობა მაღალი უნდა იყოს საჭიროებათა მოკვლევაში, სასწავლო ცხრილში საჭირო ცვლილებების შეტანასა და ტრენინგების ჩატარებაში.

ქვემოთ წარმოგიდგენთ გაკვეთილის დაკვირვების ფორმების ნიმუშებს.

 

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმები

მოსამზადებელი კითხვარი

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

1.რა არის გაკვეთილის მიზნები? რა არის მოსალოდნელი შედეგები? რა კონტექსის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი?

2.გაკვეთილის რა ასპექტებზე გსურთ შეფასების მიღება? (მაგ. ახალი მეთოდების გამოყენება, მოსწავლეებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიების გამოყენება, გაკვეთილის მსვლელობა და თანმიმდევრობა, დროის მართვა და ა.შ.)

3.რა კრიტერიუმები არის მნიშვნელოვანი? (მაგ. აქტივობების ეფექტურად გამოყენება, მოსწავლეთა ჩართულობა, პრეზენტაციის უნარ–ჩვევები)

4.კიდევ რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეს დამკვირვებელს? (ჯგუფის დინამიკა, პრობლემები ურთიერთობებში, პრობლემური საკითხები)

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმა

დამკვირვებლის ფორმა (ფორმა 1)

ქვემოთ მოცემული მიმართულებები შერჩევითია და არა სრულყოფილად ამომწურავი. გაკვეთილის დაკვირვების მიზნებიდან გამომდინარე, კატეგორიები შეგიძლიათ შეცვალოთ შესაბამისად.

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

მიმართულება

კომენტარები

1.ორგანიზება

მიზნები და ამოცანები ეფექტურადაა ჩამოყალიბებული, მასალა ეფექტურადაა ორგანიზებული, გაკვეთილის გეგმა ორგანიზებულადაა აგებული, ინსტრუქციები ნათლადაა ჩამოყალიბებული.

 

2.პრეზენტაცია

ინფორმაცია ნათლადაა წარმოდგენილი, ინფორმაცია დაკავშირებულია წინა მასალასთან და მოსწავლეების საბაზისო ცოდნასთან, მიზნებსა და ამოცანებთან. გაკვეთილის ბოლოს ხდება ინფორმაციის შეჯამება და მომავალი ნაბიჯების მიმოხილვა.

 

3.სასწავლო მიდგომა და მასალები

სწავლების მეთოდები და შესაბამისობა მოსწავლეების საჭიროებებთან. სასწავლო აქტივობების სახეები, მოსწავლეთა წახალისება, გაკვეთილის და კლასის მართვა, შეფასების მეთოდები.

 

4.მოსწავლეთა მონაწილეობა

მოსწავლეთა მონაწილეობის და ინტერესის დონე. კლასის ზოგადი გარემო.

 

 

 

5.ზოგადი შენიშვნები

 

 

 

მასწავლებელთა ურთიერთდაკვირვების ფორმა

დამკვირვებლის კომენტარები (ფორმა 2)

საგანი და კლასი _________________________ თარიღი ­­­­­_____________

გაკვეთილის ხანგრძლივობა _______________ მოსწავლეთა რაოდენობა _____

დამკვირვებელი ___________________________

ზოგადი შენიშვნები

გაკვეთილის რა ნაწილი/ელემენტები იყო ეფექტური? (მაქსიმუმ 5)

რჩევები (მაქსიმუმ 5)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი