რატომ არ ვდგავართ ქართველები ესკალატორზე მარჯვნივ

ნიუ-იორკში ყოფნისას ვიფიქრე, რომ ამ წერილს აუცილებლად დავწერდი, ეს კი ნაღდად კაი 5 თვის წინ იყო.

ამ უცნაურ მეგაპოლისში, რომელსაც თანამედროვეობის უდიდესი ნიუ-იორკელი მწერალი პოლ ოსტერი ბაბილონს ეძახის, რთულია გაარკვიო, ვინ სტუმარია და ვინ მასპინძელი. მეტიც, აქ მასპინძლის ცნება ალბათ არც არსებობს, ან სხვაგვარად რომ შევხედოთ, ყველა ახალჩამოსულიც მასპინძელია, რადგან JFK-დან მანჰეტენზე ტაქსით მისული, 64-ე ქუჩისა და მესამე ავენიუს კვეთაზე რომ ყავას დალევ და სასტუმროში დარეკავ, იქნებ ცოტა ადრე შემომიშვათო, ისინი კი გეტყვიან – ნეტა შენა, მოგცლიაო, ხვდები, რომ იგივე ამბავი შეიძლება ურეკშიც გადაგხდეს და ბრიუგეშიც.

რამდენიმე თვე ვიცხოვრე ამ მართლაც საოცარ ქალაქში, რომელიც, რომ არა ლინკონის ვაშინგტონური ქანდაკება, თავისი ოდნავ წინ წამოწეული მარჯვენა ფეხით, სრულიად უსამართლოდ არ იქნებოდა ამერიკის დედაქალაქი.

ნიუ-იორკი, ან როგორც მას შინაურულად ეძახიან „ენვაი“ კონტრასტების ქალაქია. შუა მანჰეტენზე გაჩერებულ იმ წლის გამოშვება 3-მილიონიან Aston Martin Valkyrie-ს საბურავთან, Shack Shack ბურგერის ნამუსრევის ცუცქვნით გართული ვირთხაც ჩამოგიცუცქდება და ოდნავ ზევით, ჯერსისკენ, ირმებიც გადაგიჭრიან გზას.

აქ რთულია გაარკვიო, ვინ რომელ სოციალურ ფენას ეკუთვნის, რადგან შეიძლება ზემოთ ნახსენები ასტონ მარტინის პატრონი იმავე საბურგერეში მიმტანად მუშაობდეს, რომლის წინაც მანქანა ჰყავს გაჩერებული.

ამ ქალაქის მთავარი ამბავი კი მაინც მეტროა. რომ არა ნიუ-იორკის მეტრო, „ენვაი“ ის ქალაქი აღარ იქნებოდა, რაც ახლაა, რადგან სწორედ მეტროა აქაურობის უმთავრესი, მიწისქვეშა თავგადასავალი.

რაკი საქმე ბევრი არც არაფერი მქონდა და ჩემი მთავარი ამბავი დროის ისე დახარჯვა იყო, რომ რამე ნორმალური მენახა და დამეწერა, ძირითად დროს მუზეუმებში ხეტიალსა და სასაფლაოების თვალიერებაში ვატარებდი. აქაური სასაფლაოები მართლაც რომ დასათვალიერებელია, მუზეუმები კი სახეტიალო, რადგან იმ, უკვე თქმული ეკლექტიკისა არ იყოს, შეიძლება ისეთები ნახო ერთგანაც და მეორეგანაც, მოსაყოლი ბევრი და ბევრნაირი ამბავი დაგიგროვდეს.

„ენვაი“ კი არაა პატარა ქალაქი, სწრაფი და მოწესრიგებული მეტროთიც კი, თუ ვინმე მოანაკარენინო თვითმკვლელი ან დაუდევარი ლიანდაგზე არ ჩავარდა და მოძრაობა არ შეფერხდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მისასვლელად კაი 1.5-2 საათი გჭირდება.

მეც როგორ თბილისურად ვთქვი – ერთი ბოლოდან მეორეში, თითქოს ბრონქსი და ბრუკლინი ან მანჰეტენი და ლონგ აილენდი ქალაქის თავები ან ბოლოები ყოფილიყოს.

მოკლედ, როგორცაა, მეტრო დიდია და გზაც კაი შორი გიდევს სანამ ერთი მუზეუმიდან მეორეს მიუსწრებ.

ძირითადად დილით ვიწყებდი სიარულს – ასე ადვილია, საქმიანი იერი გაქვს და რაც მთავარია, მეტის ნახვას ასწრებ, იმდენისას, ერთი სრული დღისთვის საკმარისზე მეტი რომ იყოს, ჰოდა, დილაადრიან ვჯდებოდი ხოლმე ვაგონში და ჰაიდა, რომელიმე თანამედროვე ან Native American, ან Historical მუზეუმში მივდიოდი.

დილა ნიუ-იორკში ის დილა არაა, ჩვენ რომ ვიცით, შუადღეს რომ დილას ვეძახით. „ენვაის“ დილა უთენია იწყება, როგორც კაი ბარაქიანი და ნამდვილი ქართველი გლეხკაცის განთიადი, მზეზე ადრე ადგომას რომ გაღვიძებას ეძახის, ისეთი. ამ დროს მეტრო რაღაცნაირი ჩქარია. მუშები და დიპლომატები, მუსიკოსები და მაღაზიის კონსულტანტები, სტუდენტები და ჩემნაირი მოხეტიალეები საქმიანად, ჩქარად და რაც მთავარია, ყავით ხელში მიდიან დანიშნულების ადგილას.

შეიძლება ისეც იყოს, რომელიმე მათგანი ბრაიტონიდან ზემო მანჰეტენისკენ მიდიოდეს, სამუშაო დილა 8-ზე ეწყებოდეს და სახლიდან 6-ზე იყოს გამოსული, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მაგრად ეჩქარებოდეს, მაგრამ არაფრის, არაფრის დიდებით ის ესკალატორის წინ მდგარ უზარმაზარ რიგში მარცხენა ხაზს არ დაიჭერს, თუ ბოლომდე ფეხით ასვლას არ აპირებს.

ამას ჩემი იქ ყოფნის მეოთხე კვირას დავაკვირდი, როცა ვცდილობდი ხოლმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები რაიმე ფორმით ამომეცნო. ერთხელაც მეტროში ქართველი კაცი გავიცანი, გვერდით მომიჯდა და ქართულენოვანი წიგნი რომ დაინახა, გამომელაპარაკა. გზაში იქეთურები და აქეთურები ვილაპარაკეთ. საათს აკვირდებოდა, სულ მაგვიანდება ხოლმე და ხელფასს დამიქვითავენო. ამერიკელებზეც ვილაპარაკეთ, არ მიყვარს აქაურები, აქაურობა მიყვარს, მაგრამ აქაურები არა, რაღაცნაირები არიან, ძალიან გამოუქექავები და ხისთავიანები. თავიანთი სიმართლე აქვთ და არასოდეს გადაუხვევენ გზასო.

ამ ლაპარაკისას ერთ გაჩერებაზე ჩამოვედით და ესკალატორთან მისულებს გაგვინათდა, მე ნაღდად გამინათდა როგორ ამომეცნო პოსტსაბჭოთა (სიმართლე ვთქვათ, არც აღმოსავლეთის ქვეყნები აკლებენ) ადამიანი.

მოკლედ, იმას ეჩქარებოდა, მე ნაღდად არა, მაგრამ ესკალატორთან მისულებმა გრძელ, უგრძეს რიგს ჩავუარეთ და თავისუფალ მარცხენა ზოლში 2-3 ნაბიჯი გავიარეთ და ამაყად ჩავდექით. ჯერ ერთი გვეუბნება – Sorry-იო, მერე მეორე – აქ რას დამდგარხართ, თუ არ ადიხართო, მესამემ – მუჯლუგუნიც გვითავაზა და ისევ „მასპინძლურად“ მითხრა იმ ჩემმა თანამემამულემ, ამათთან ასეთი წესია – თუ დგახარ მარჯვენა ზოლს იკავებ, თუ არადა უნდა იაროო. რიგის კულტურა ბევრ ქვეყანაში მინახავს, არც მე ვარ სხვაზე თავზეგადამხტომი კაცი, მაგრამ აი, ამდენი ადამიანი რომ ერთბაშად ერთ სივრცეში გხვდება, მაშინ ხვდები, რომ ამ თავისუფალ, ქაოსურ, კონტრასტებიან ქალაქშიც კი არის რაღაც წესები, რასაც უსიტყვოდ და შეუმჩნევლად ყველა ემორჩილება. ალბათ სხვანაირად რთულია და სხვანაირად ვერ დალაგდება. თუ სამტრედიის ქუჩაში გინდა, მარცხნივ ივლი, გინდაც მარჯვნივ. „ენვაიში“ დიდი დომხალიზაცია მოხდებოდა, რამდენიმე ათას კაცს ერთდროულად ისე რომ ევლო, აგერ, ჩვენთან, თავისუფლების მოედანზე რომ დავხეტიალობთ ხოლმე და ხან ნაყინიან კაცს შეასკდები, ხან ხელი-ხელჩაჭიდებულ დედა, მამა, რვა ბავშვს რომ უნდა გადაახტე თავზე მთელ ტროტუარზე რომ მითვალსეირნობენ ხელჩაჭიდებული.

ჰოდა, იმას ვამბობდი, მაგალითად, შენ შეიძლება ძირს დააგდო ნაგავი, იმგზავრო ავტობუსში უბილეთოდ, გაყიდო 20 დოლარიანი ბილეთი ზედ სალაროსთან სამჯერ ძვირად, მაგრამ აი, რიგში ურიგოდ წასვლა? – ნურას უკაცრავად.

განა მარტო რიგებზე და ურიგობაზეა ეს ამბავი? ქუჩაში ხეტიალისას და ამის მეტი იქ რა მიკეთებია, ყოველთვის შეფერხებით ვმოძრაობდი. მიდიხარ – წინ კაცი აგესვეტება, მიდიხარ ახლა ქალი, რომელიც კი გიღიმის, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ მანაც იცის – ჰომო სოვიეტიკუსი ხარ, შენთვის არავის უსწავლებია ან დაჟინებით არ უსწავლებია, უფრო სწორად, განმეორებითად არ უსწავლებია, რომ როგორც მანქანებს, ადამიანებსაც მოეთხოვებათ დაიცვან მოძრაობის წესი (გოგა ჩანადირი გამახსენდა, კულტურულად რომ უხსნიდა ერთ საერთო ნაცნობს, მხოლოდ მანქანებს კი არა, ადამიანებსაც ევალებათ მარჯვენა ზოლში სიარული ფეხითმოსიარულეთა ნაწილზეო); რომ გაჩერებულ ავტობუსთან, შუა ქუჩაში ზედახორით კი არ უნდა შევარდე, სულ რომ ოცდამეხუთე იყო, წინ მდგომის ზურგი კარგად უნდა გქონდეს შესწავლილი, რომ მატარებლიდან და სხვა ნებისმიერი ტრანსპორტიდან ჯერ გამოდიან და მერეღა შედიან ადამიანები; რომ ფეხმძიმეს, ასაკოვანს, სპეციალური შესაძლებლობების ადამიანებს ადგილი უნდა დაუთმო (სხვათა შორის, სტერეოტიპი, თითქოს „დასავლური“ ცივილიზაცია ეგოისტურია, სწორედ აქ მარცხდება, რადგან სკოლებში, ტრანსპორტში, დიქტორის ხმა ყოველთვის შეგახსენებს მარტივ წესს, რომ მგზავრობის ფული კი გადახდილი გაქვს, მაგრამ პრიორიტეტული ადგილები არსებობს).

ეს ამბავი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ მაშინ დავინახე, როცა დავაკვირდი, როდის აცხადებდა მეტროს ვატმანი თავისი აფროამერიკული დამახასიათებლად დაბალი ხმით „გთხოვთ, ადგილი დაუთმოთ ასაკოვან, ფეხმძიმე და ისეთ ადამიანებს, ვისაც გარკვეული Disability აქვთო. როდის და როცა ვაგონში შესვლამდე, ვატმანი თავს გამოყოფდა ხოლმე და ბაქანზე მოტრიალე ხალხს შეათვალიერებდა, აქაოდა არავინ  გამომეპაროსო.

მე არ ვიცი როგორ ხდება თანამედროვე სკოლაში, ასეთ დეტალებს ვასწავლით თუ არა ბავშვებს, ვუხსნით თუ არა მათ, რომ შუქნიშანის სამი ფერი შემთხვევით არ ინთება, რომ ზებრახაზი ასფალტზე დაწუწული თეთრი საღებავი არაა, რომ მოძრაობას, ფეხით მოძრაობასაც აქვს თავისი წესები, რომ რიგის დაცვას ხელზე მარკირება, ციფრული აღრიცხვა და სატელიტიდან დაკვირვება არ სჭირდება.

თუ არ ვასწავლით და მაინც ვთხოვთ, გამოდის, რომ ასეთი ზნე კი არ გვაქვს, როგორც ჩემს ამერიკაში გაცნობილ ქართველ თანამემამულეს ეგონა, ჩვენი ბობოქარი ხასიათის და ამერიკელების მონური აღზრდის (ასევე მისი ციტატა) ბრალი კი არაა, ჩვენი აღმოსავლური ანგლობის პრობლემა კი არ იჩენს თავს (ეს ნაღდად მე გავიფიქრე), არამედ, უბრალოდ არ გვასწავლეს, არ აგვიხსნეს, არ დაგვაზეპირებინეს რაღაცები და იმიტომ.

არადა, ხომ მარტივად შეიძლებოდა, რომ სკოლაშივე, მანამდე კი საბავშვო ბაღში, ჯერ ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ კიბეზე ამომსვლელს ერთგვარი უპირატესობა აქვს და რომც არ ჰქონდეს, მისი მხარე ნამდვილად მარჯვენა ნაწილია და რა გინდ გვეჩქარებოდეს, ზედ არ უნდა შევდგეთ ფეხებით.

ამას რომ ავუხსნიდით და დაავიწყდებოდათ და, ცხადია, დაავიწყდებოდათ, ის ძველი უშნო კიბეები რომ ლამაზად მოგვეხატა ზედ მინაწერით: ჩავდივართ-ავდივართ და სიმბოლური ხაზებითაც გამოგვეყო ეს დალოცვილი კიბე, იქნებ მერე სადღაც ზედ შუა რუსთაველზე, ან იმავე სამტრედიაში, ისედაც ვიწრო საფეხმავლო ბილიკზე შუახაზელი რაგბისტივით კი არ ვერიდებოდეთ შემხვედრს, ტრამვაივით მშვიდად და სწრაფად მივაბიჯებდეთ.

გავუმეოროთ, გავუმეოროთ, გავუმეოროთ.

გამეორებისა და ცოდნის ნათესაობის ამბავი კიდევ კი იცით, ისედაც.

კომენტარები

comments