ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოსმენის პედაგოგიკა

„თქვენ შესაძლოა გქონდეთ შესანიშნავი სმენა, მაგრამ იყოთ ცუდი მსმენელი – გესმოდეს არ ნიშნავს უსმენდე”, – ეს მოსაზრება ეკუთვნის ფრანგ ექიმ ოტოლარინგოლოგს ალფრედ ტომატისს („ექიმი მოცარტი”). იგი არაერთმა კვლევამ დაარწმუნა, რომ ყური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა ადამიანის აზროვნების ფორმირების პროცესში. ტვინის მუშაობის თავისებურებათა კვლევისას ტომატისმა დაადგინა, რომ მაღალსიხშირიანი ბგერების მოსმენა ააქტიურებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნების პროცესებს. კომპოზიტორების ნაწარმოებთა გაანალიზებისას მოცარტის მუსიკაში ყველაზე მეტი მაღალსიხშირიანი ბგერა აღმოჩნდა. დაკვირვებებზე დაყრდნობით ექიმმა ტომატისმა მუსიკით მკურნალობის მეთოდი შეიმუშავა, ხოლო იმ ზემოქმედების აღსანიშნავად, რომელსაც მოცარტის მუსიკა ახდენდა მსმენელზე, დამკვიდრდა ტერმინი „მოცარტი-ეფექტი”. მასვე ეკუთვნის შესანიშნავი აღმოჩენა – ნაყოფზე მუსიკით ზემოქმედება მუცლად ყოფნის მეოთხე-მეხუთე თვეებში, როცა ნაყოფის ყურს მუსიკა გარედან ჩაესმის.

ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს, არსებით გავლენას ახდენს მის მომავალზე. მუსიკის საშუალებით შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფორმირების სტიმულირება, ამიტომ სასურველია, მშობელმა ნაყოფს ყოველდღიურად მოასმენინოს სასიამოვნო მელოდიები. ეს, გარდა ზემოხსენებული ეფექტისა, პატარებს მუსიკალურ სმენასაც უვითარებს. მუსიკალური სეანსები სასარგებლოა თავად მომავალი დედებისათვისაც, რადგან მუსიკა მათ სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. არსებობს მოსაზრება, რომ მომავალ დედას თუ ზოგიერთი მუსიკალური ნაწარმოების სმენისას ნეგატიური განწყობა ეუფლება, დაბადების შემდეგ ბავშვი ამ მუსიკაზე ცუდად რეაგირებს, ხოლო თუ ახალი ბგერების სამყაროში რომელიმე ბგერა დაბადებამდე მისთვის პოზიტიურად ნაცნობი იყო, მისი რეაქციაც შესაბამისია – თავს იქით აბრუნებს, საიდანაც მუსიკა ესმის, მიმიკა ეცვლება, გაღიმებას ცდილობს.
 
ვიდრე გავერკვეოდეთ ბავშვის ამა თუ იმ ქცევის მიზეზებში, რათა მივხვდეთ, როგორ უნდა მოვეპყროთ მას, თვალი გადავავლოთ ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს.

ადამიანის განვითარების პერიოდები დაკავშირებულია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მომწიფების პროცესებთან, რომლებსაც სტაბილური და კრიზისული პერიოდების მონაცვლეობა ახასიათებს.

სტაბილური ასაკობრივი პერიოდებია: ჩვილობისა (1 წლამდე), ადრეული ბავშვობისა (1-დან 3 წლამდე), სკოლამდელი ასაკისა (3-დან 6-7 წლამდე), დაწყებითი სასკოლო ასაკისა (6-7-დან 11-12 წლამდე), მოზარდობისა (11-12-დან 15-17 წლამდე), სიჭაბუკისა (15-17-დან 19-21 წლამდე), ადრეული მოწიფულობისა (19-21-დან 25-30 წლამდე), შუალედური მოწიფულობისა (25-30-დან 55-64 წლამდე), გვიანდელი მოწიფულობისა (65 წლიდან).

ჩვილობიდან სკოლამდელი ასაკის ჩათვლით ბავშვის ძირითადი ინტელექტუალური საქმიანობა თამაშით შემოიფარგლება. თამაშიდან სასწავლო პროცესზე გადასვლა თანდათან, ბუნებრივად უნდა მოხდეს. ამ პერიოდისთვის ისინი უკვე მზად არიან ინფორმაციის მისაღებად და ლოგიკური დასკვნების გამოსატანად. პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით ბავშვებთან მუშაობის მეთოდად აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული თამაშები, რომლებიც მათ კითხვის, კომპიუტერთან მუშაობის, ხატვის, მუსიკის ათვისებაში დაეხმარება.

მომდევნო წლებში (10-დან 18 წლამდე) სასწავლო პროცესი უფრო სიღრმისეულ ხასიათს იძენს. მოზარდში შინასამყაროს აქტიური ფორმირება – ღირებულებების, ეთიკისა და მორალური ნორმების გააზრება იწყება.
კრიზისული პერიოდები ასაკობრივი განვითარების გარდაუვალი ფაზებია და ვლინდება განვითარების ერთი სტაბილური პერიოდიდან მეორემდე, მათ საზღვარზე:

1. დაბადებიდან ერთ თვემდე;
2. სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს;
3. სკოლამდელი ასაკის პირველ წელს (3 წლის);
4. უმცროსი სასკოლო ასაკის პირველ წელს (7 წლის);
5. სქესობრივი მომწიფების (მკვეთრი ჰორმონული ცვლილებების) ასაკში (13 წლის);
6. 17 წლის ასაკში.

ასაკობრივი კრიზისი გამოიხატება თითქოსდა უმიზეზო სიჯიუტით, გაღიზიანებით, მომაბეზრებლობით, უხეშობით, არამოტივირებული აგრესიით და სხვა. ბავშვის ქცევის მკვეთრ ცვლილებებს ობიექტური მიზეზები აქვს, რადგან დაკავშირებულია ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის განვითარების ჰეტეროქრონულ ტემპებთან და აგრეთვე ჰორმონული სისტემის ძლიერ ბიოლოგიურ გარდაქმნებთან.

პედაგოგიური თვალსაზრისით მოზარდის ფსიქიკა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. განვითარების ამ პერიოდს, „მოზარდულ მაქსიმალიზმს”, ახასიათებს დაძაბულობა, კონფლიქტურობა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება უკიდურესი შეხედულებების ფონზე და ა.შ. ამ პერიოდში მოზარდი ცდილობს საკუთარი სივრცის გაფართოებას, აკონტროლებს ურთიერთობებს, მოითხოვს მეტ თავისუფლებას. უმეტესად გაუცნობიერებლად სურს დაამტკიცოს, რომ აქვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება. ამ დროს მშობლის როლი ძალზე მნიშვნელოვანი ხდება. მისი მხრივ ყურადღების ნაკლებობამ შესაძლოა შვილთან კონტაქტის დეფიციტი, გაუცხოება და ჩაკეტილობა გამოიწვიოს. შესაბამისად, მშობელი თანადგომით უნდა ახერხებდეს შვილის ნდობის მოპოვებას.

მშობლებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ სურთ შვილის მრავალმხრივ განვითარებულ პიროვნებად აღზრდა, მხოლოდ სკოლის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. რაც შეეხება მუსიკას, იგი უნდა იქცეს ოჯახის საქმიანობად. ყველა საქმეში არსებობს სასიამოვნო და ნაკლებად სასიამოვნო მომენტები, რომელთა გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს გზა გასავლელია და არაერთხელ. ზრდასრულთა უმეტესობას ეს ესმის და თუ სასურველ შედეგს ხედავენ, მთელი ძალისხმევით მიილტვიან მიზნისკენ. ხოლო ბავშვებმა, რომელთა კრედოა „აქ და ამწუთას” შესაძლოა ვერ გადალახონ სირთულეები. აქაც აუცილებელია მშობლის თანამონაწილეობა – მუსიკის ერთად მოსმენა, ნოტების შესწავლა, და თუ თქვენ ამ საქმეს ინტერესით არ მოეკიდებით, სასურველ შედეგს ნუ ელით.

წესისამებრ, ბავშვები მუსიკალურ და ჩვეულებრივ საგანმანათლებლო სკოლაში ერთდროულად შეჰყავთ. ვინაიდან ისინი პატარები არიან, მშობლები წყვეტენ, ისწავლის თუ არა ბავშვი მუსიკას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, I-II კლასებში ბავშვები ხალისით დადიან მუსიკაზე. პირველი ორი წელი ფორტეპიანოსთან ურთიერთობა მათ ართობს. კრიზისული პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ დგება, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები ძნელად გასარჩევი და შესასრულებელი ხდება. მარტო პედაგოგთან მუშაობა საკმარისი არ არის; საჭიროა შინ ბეჯითად მეცადინეობა. ვიდრე თქვენი პატარა სავსებით გააცნობიერებს მუსიკაში არსებულ სირთულეებს, კიდევ უფრო დააინტერესეთ, შეაჩვიეთ, განავითარეთ, შეაყვარეთ მუსიკა და ისიც ამ რთულ გზას გატაცებით, ცრემლებისა და იმედგაცრუების გარეშე გაივლის. ხოლო მოზარდი, რომელიც აცნობიერებს, რომ ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის გარეშე მუსიკა ვერ გახდება მისი პროფესია, უარს ამბობს მუსიკალური განათლების გაგრძელებაზე და ტოვებს მუსიკალურ სკოლას. ხშირად ძალზე ნიჭიერი ბავშვიც ზარმაცობს, ამიტომ აუცილებელია, მშობელი შეძლებისდაგვარად მონაწილეობდეს საშინაო დავალების შესრულებაში, რათა საინტერესო გახადოს შინ მუშაობის პროცესი. სწორედ მშობლებმა უნდა შთააგონონ შვილებს, რომ მუსიკისგან სიამოვნება მხოლოდ დიდი შრომითა და წინააღმდეგობების გადალახვით მიიღება.

როგორც ვხედავთ, უდიდესი როლი ეკისრება იმ გარემოს, სადაც ბავშვი იზრდება და ვითარდება. განათლების მიღება კი არსებულ გარემოში ცხოვრებასთან შეგუების საშუალებაა. შესაბამისად, ოჯახში მუსიკალური გარემო პედაგოგიური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ხდება.
 

თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ბახის საგვარეულო, რომელმაც მსოფლიოს 50 ცნობილი მუსიკოსი და რამდენიმე კომპოზიტორი მისცა. მათ შორის ყველაზე მეტად აღიარებულია იოჰან სებასტიან ბახი.

ასევე აღსანიშნავია შტრაუსების დინასტია. ამ გერმანულმა გვარმა განსაკუთრებით მუსიკაში გაითქვა სახელი, თუმცა მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი მხოლოდ ორი კომპოზიტორი გახდა: მსოფლიოში განთქმული „ვალსების მეფე” იოჰან შტრაუსი (შვილი) და ნაკლებად ცნობილი რიჰარდ შტრაუსი – მსოფლიო მუსიკალური კულტურის უდიდესი მოვლენა, რომლის მრავალფეროვანი შემოქმედება გამოირჩევა ფილოსოფიური კონცეფციებით, ფსიქოლოგიურად გართულებული სახეებით. ამ რთული ნატურის, თავისებური ხელოვანის თაყვანისმცემლებს  – გამორჩეული გემოვნების გამო თამამად შეიძლება ეწოდოთ გურმანები. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალი თაობის ამგვარ მსმენელებად აღზრდისკენ, მით უფრო – თუ ისედაც „მთელი სამყარო ბგერაა” და ჩვენ – „სმენის შემძლენი”.

ახლა კი გავიხსენოთ რიჰარდ შტრაუსის სიმფონიური პოემა ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოების მიხედვით „ასე იტყოდა ზარატუსტრა” – პროგრესული რომანტიკული სიმფონიზმის ბრწყინვალე ნიმუში, „სიმფონიური მიგნებების” ფეირვერკი.
პოემა იწყება მზის ამოსვლის ფონზე ზარატუსტრას მიერ მარტოობის უარყოფით. ამ შესავლის მუსიკალურ თანხლებად კომპოზიტორს გამოყენებული აქვს მარტივი დო მაჟორის სამხმოვანება, რომლითაც ის ცდილობს მიგვანიშნოს, რომ ყველაზე რთული ფილოსოფიური აზრიც კი შეიძლება ძალზე მარტივად აიხსნას.
 
მუსიკალურ გარემოში აღზრდილი კომპოზიტორების მცირე ჩამონათვალი ასეთია: დომენიკო სკარლატი, იოზეფ ჰაიდნი, ვოლფჰანგ ამადეუს მოცარტი, კარლ ვებერი, ფრანც შუბერტი, ვინჩენცო ბელინი, ჰექტორ ბერლიოზი, ფელიქს მენდელსონი, ფრედერიკ შოპენი, შარლ გუნო, ბედრჟიხ სმეტანა, ჟორჟ ბიზე, ედვარდ გრიგი, ჯაკომო პუჩინი, იგორ სტრავინსკი.

რაც შეეხება პოპკულტურიდან მაგალითს, ცნობილმა ამერიკელმა პოპმომღერალმა დაიანა როსმა მუსიკა ჩვილობიდანვე შეისისხლხორცა. მისი სახლი თითქოს სავსე იყო მუსიკით. დედა, რომელიც სამზარეულოში ტრიალებდა, მღეროდა საეკლესიო ჰიმნებს; რადიო შეუჩერებლად გადმოსცემდა მუსიკას. მუსიკა იყო დაიანას თანამდევი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იგი იხსენებს: „ჩვენი სახლის ფანჯრებიდან ყოველთვის მუსიკის ხმა ისმოდაო”.

მაიკლ ჯექსონის (ცხრაშვილიანი ოჯახის მეშვიდე შვილის) ტალანტიც ადრეულ ბავშვობაში გამომჟღავნდა. უკვე 5 წლისა ის საშობაო კონცერტებზე გამოჰყავდათ. მაიკლის მამის, ჯოზეფ ჯექსონის, ინიციატივით შეიქმნა ოჯახური ჯგუფი „The Jackson 5″. ამ საბავშვო კვინტეტში ფაქტობრივად მაიკლს მიჰყავდა მთავარი სოლო პარტიები. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა საოცარი ცეკვითა და სცენაზე მოძრაობის მანერით. მაიკლი ერთადერთია, რომელიც სუპერვარსკვლავად იქცა იმ ასაკში, როდესაც მისი თანატოლები ანბანისა და ოცამდე თვლას სწავლობდნენ.

(დაიანა როსი მაიკლ ჯექსონის „ნათლიად” იწოდებოდა. სწორედ მან გამოიყვანა ხელიხელჩაკიდებული პატარა მაიკლი დიდ სცენაზე).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი