პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლა და პასუხისმგებლობის ფასი

 „ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა“

ლუკა 20, 17

გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ ამერიკაში ორი წლის სმენადაქვეითებული გოგოს გამო სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა[1]. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც „პასუხისმგებლობა“, როგორც საგანი  სასწავლო საგნობრივ ბადეში ჯერ კიდევ დეკადების წინ იძებნებოდა. ჩვენთანაც ბევრი ვიფიქრეთ, ვიდავეთ, მსგავსი საგანი შემოვიტანეთ, „მე და საზოგადოება“ ვუწოდეთ, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის. ჩვენ მეტად კოდური ტერმინები გვჭირდება, ის, რაც ადრეული წლებიდან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ადამიანების ცნობიერებაზე და ქვეყნის ცხოვრებაზეც მალევე აისახება პოზიტიურად.

თითოეული ჩვენგანის ღირებულება პასუხისმგებლობით განისაზღვრება, იმით, რასაც ადამიანად ყოფნა ერთნაირად გვავალდებულებს საკუთარი თავის, ოჯახის წევრის, მეზობლის, მეგობარ-ამხანაგის, მოწაფე-მასწავლებლის თუ, ზოგადად,  მთელი საზოგადოების წინაშე. ამდენად, პასუხისმგებლობა კოდური სიტყვა-ტერმინია, ჩვენი არსებობის, განათლების, საქმიანობის ქვაკუთხედია და სწორედ ისეთივე  არსებობა, საგანმანათლებლო სისტემა და სახელმწიფო გაგვაჩნია, როგორი ქვაკუთხედითაც ვამყარებთ მის საძირკველსა თუ უკვე აშენებულ კედლებს.

ეროვნულ სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებსა და საგანმანათლებლო პრინციპებში პასუხისმგებლობის ამგვარი გააზრება მხოლოდ საშუალო საფეხურის მოთხოვნაში ჩნდება. ეს, წესით, კოდური და უმნიშვნელოვანესი სიტყვა დაწყებითი და საბაზო საფეხურის მისიათა ჩამონათვალში წამლადაც არ იძებნება. მას მხოლოდ ბოლო, საშუალო საფეხურის მისიის მე-2 პუნქტში, რამდენიმე სხვა პოსტულატის შემდეგ დაუდევს ბინა (ეროვნული სასწავლო გეგმა, კარი I, თავი II, მუხლი VI).

გამოდის, სკოლა მხოლოდ საშუალო საფეხურის მოსწავლეს აყალიბებს „მოაზროვნე, მაძიებელ, ახლის შემოქმედ, წიგნიერ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქედ“. არადა, ჩვენს საჯარო სკოლებში  ცალი თვალით რომ ჩაიხედო, მაშინვე იგრძნობა, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებს „ჭედავს“ ჩვენი განათლების სისტემა. მაგალითად, მე-12 კლასებში სწორედ „მაღალი პასუხისმგებლობით“ ცდება საგაკვეთილო პროცესი, მერე საგულდაგულოდ დგება გამამართლებელ მიზეზთა ჩამონათვალი ცალკე მოსწავლეებისა და იმათი მშობლებისთვის, ცალკე მასწავლებლებისთვის, ცალკე დირექციის წარმომადგენლებისთვის და ასე ზემოთ და ზემოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდაც საკითხავი და გასაკვირია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე რა მოტივებით აღწევენ ჩვენი მოსწავლეები მეთორმეტე კლასამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, იწყებენ მუშაობას, კარიერაში უფრო და უფრო წინ მიიწევენ და მალე კანონმდებლებადაც კი გვევლინებიან. მერე კანონებში სიტყვა „პასუხისმგებლობის“ კოდურ სიტყვად ქვევა ავიწყდებათ, თუმცა ეს ხომ მათი კი არა, იმ აღზრდის ბრალია, რომელიც მათ სახელმწიფომ ოდესღაც შესთავაზა და ამაში ფულიც კი დახარჯა, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლოდ!

ამიტომაც ქცეულა ჩვენს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობა ნორმად და ხმის ამომღებიც ნაკლებად უყვართ. ამიტომაც იხარჯება მუდამ უშედეგოდ ბევრი დრო და ფული განათლების რეფორმებზე, მასწავლებლების სერტიფიცირებისთვის ჩატარებულ ტრენინგებზე, „პროფესიული განვითარებისა და წინსვლის“ ფარისევლურ სქემებსა და თუნდაც მანდატურების ხელფასებზე. რადგან, ფაქტია, პრობლემები მოუგვარებელი რჩება და ასეც იქნება, ვიდრე აქცენტები ფორმაზე მოვა და არა შინაარსზე, ვიდრე განვითარების მოსურნე მასწავლებლებს წიგნებისთვის არც ფული ეყოფათ და არც დრო, ვიდრე იძალადებენ: ბავშვები ბავშვებსა და მასწავლებლებზე, მასწავლებლები და დირექცია – მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებზე, მშობლები – ბავშვებზე, ძალადობის ფაქტებს კი სიღრმისეულად არ და ვერ სწავლობენ მანდატურები, სოციალური მუშაკებიც კი, რადგან მათ ჯერ ვერავინ ენდობა, რადგან სოცსამსახური იმთავითვე პატრულის სამსახურთან ასოცირდება. ამიტომაცაა, რომ ხშირად დირექციები რეპუტაციის შენარჩუნებისა თუ სხვა მიზეზთა გამო სკოლაში მათ გამოჩენას ძალიან უფრთხიან. ურჩევნიათ, მიჩქმალონ ძალადობის შემთხვევები და ამ საქმეში მანდატურები დაიხმარონ. სხვა შემთხვევებში დამსჯელობითი ფუნქცია დააკისრონ, კანონდამრღვევი ბავშვებისთვის ოქმები აწერინონ ისე, რომ მათი უმრავლესობა თავადაც ვერ გრძნობს, ბავშვებისათვის რა გამოუსწორებელი ტრამვების, ხოლო საზოგადოებისთვის უარესი შედეგების მიზეზებად შეიძლება იქცნენ.

საანალიზოდ გთავაზობთ რამდენიმე შემთხვევას:

შემთხვევა 1. მერვეკლასელი ლიკა  კარგად უკრავს, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსიც კი მოიგო. თუმცა რაც ოჯახში მეოთხე პატარა გაჩნდა, ლიკას ყურადღება მოაკლდა, სწავლაში მნიშვნელოვნად ჩამორჩა. მრავალშვილიანი ოჯახი ვერ აუთავდა სამუსიკო და სასკოლო საგნებში ბავშვის თანაბარ განვითარებაზე ზრუნვას მით უფრო, როცა ჩვენში ორივე მათგანი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. აკადემიურმა ჩამორჩენამ სკოლაში ლიკას ქცევითი სირთულეები შეუქმნა. მას აღარ აინტერებს სასკოლო საგნები და უჭირს გაკვეთილებზე (მათ შორის, მუსიკის გაკვეთილზეც) გაჩერება. ხშირად ესაუბრება თანაკლასელებს, რაც მასწავლებლების გაღიზიანებას იწვევს. ლიკა არ მალავს თავის ემოციებს, კლასში მასწავლებლებისთვის პირდაპირაც უთქვამს, რომ არ აინტერესებს,  რომ ისინი საინტერესოდ ვერ ასწავლიან… ამის გამო ლიკა ხშირადაა გარეთ – ან კლასიდან აგდებენ, ან თავად გამოდის და ზარის დარეკვამდე სპეციალურ ლიფტში ჩამჯდარი იმალება. ამის გამო მანდატურებმა იგი რამდენჯერმე გამოიჭირეს და ოქმიც კი დაუწერეს. 3 ოქმის დაწერის შემდეგ დირექტორმა მშობელი დაიბარა და სკოლიდან ლიკას გადაყვანა მოსთხოვა. მოვიდა მამა, რადგან დედა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. მან დირექტორს აუხსნა, რომ ლიკა საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსისთვის ემზადება და ამ მოტივით ბავშვისთვის ერთი შანსის მიცემა სთხოვა. დირექტორი დასთანხმდა, თუმცა ლიკას მდგომარეობა კლასში გაუსაძლისია.

 შემთხვევა 2. მეცხრეკლასელი ნიკა, გაგა და ლევანი კომპიუტერულ ტექნოლოგიებს საუკეთესოდ ფლობენ. ისინი საჯარო სკოლის ხმაურიან კლასში სწავლობენ და თვლიან, რომ სკოლა განათლების მიღებაში უშლით ხელს. ამიტომ მე-9 კლასიდან სკოლიდან გასვლას და სწავლის პროფესიულ სასწავლებელში გაგრძელებას აპირებენ. კლასში ხმაურის გამოწვევის გამო მასწავლების მითითებით მანდატურებმა მათ ორი ოქმი უკვე ამოუწერეს. მესამე შემთხვევაზე ლევანის მამა მოვიდა და ბოდიშების სანაცვლოდ ბავშვის სკოლაში დატოვება ითხოვა. ლევანი ამის გამო თავს დამცირებულად გრძნობს, რადგან თვლის, რომ საბოდიშო არაფერი ჩაუდენია. მას ერთი „ფსევდოათოსანი“ გოგონა დაესხა თავს, თავში წიგნი ჩასცხო, მერე ყველაფერი ლევანს გადააბრალა, თუმცა იგი დაუსჯელი დატოვეს. აღნიშნული ფაქტი დამრიგებელთან ვიდეომასალით დაადასტურა გაგამ, რომელიც საგაკვეთილო პროცესს ჩუმად იღებდა. დამრიგებელმა გაგას ტელეფონი წაართვა, ვიდეო თავის მობილურში გადაიწერა, ბავშვის მობილურიდან კი წაშალა. მან თქვა, რომ იმ ხმაურსა და ორომტრიალში რაიმეს გარჩევა მაინც შეუძლებელი იყო. დამრიგებელმა გაგას  ინტრიგანობაში დასდო ბრალი და მანდატურის მორიგი ოქმით დაემუქრა.

შემთხვევა 3.

გაბი თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-11 კლასში სწავლობს.  მე-9 კლასამდე წარჩინენებული მოსწავლე იყო. მერე კლასში სხვებთან ერთად მანაც აურია. ოჯახში ერთადერთი შვილია და მშობლები ძალიან ნერვიულობენ, თუმცა არ იციან, რა იღონონ.  მათთვის გასაკვირია, რატომ ეპასუხებიან და უყვირიან ერთ დროს წყნარი და დამჯერე მოსწავლეები მასწავლებლებს, რომლებიც წონასწორობიდანაც კი გამოჰყავთ. მაგალითად, დიდი ხანი არაა, რაც გაბის ქიმიის მასწავლებელმა სახეში სილა უთავაზა. გაბიმ ეს მანდატურს უთხრა. გაბი გააკვირვა მანდატურის ინერტულობამ და  დირექტორს მიმართა. დირექტორმა ნიშანი მოუგო, – აბა რა გეგონაო. გაბი ვერ ეგუება უსამართლობას, თუმცა არ იცის, რა გააკეთოს. იცის, მშობლები დირექტორის მხარს დაიჭერენ. იგი ხომ სკოლისთვის ბევრს აკეთებს, მისი პოპულარიზაციის მიზნით საკმაოდ მაღალჩინოსან სტუმრებს იწვევს. რჩევისთვის გაბიმ მიმართა მათემატიკის ყოფილ მასწავლებელს, რომელიც მე-5 კლასში ასწავლიდა, მერე კი სხვა სკოლაში გადავიდა, თუმცა კონტაქტი არასდროს შეუწყვეტიათ.

შემთხვევა 4.

ლელამ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებლების კონკურსში მონაწილეობა მიიღო. სკოლაში თავად ახლად მოსულმა დირექტორმა ჯერი მასზე შეაჩერა, 20 კვირობრივი საათით დატვირთა. ლელა პასუხისმგებლობით ეკიდებოდა სამუშაოს,  მრავალფეროვანი მეთოდებით ცდილობდა გაკვეთილების ჩატარებას. მოსწავლეებს ძალიან შეაყვარა თავი, სიმპათიით განეწყვნენ კოლეგებიც, თუმცა რამდენიმე მათგანს ახალი მასწავლებლისთვის 20 საათი ებევრებოდა. სასწავლო ნაწილის გამგე ვერ ფარავდა ლელას შედეგებით აღფრთოვანებას, როდესაც ურთულეს კლასებში მის გაკვეთილებს ესწრებოდა. შენიშვნების მიცემისას მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ თან „არ უნდა დაესვა“ ან „უნდა დაესვა“ „ცუდი ყოფაქცევის“ მოსწავლე კომპიუტერთან სლაიდების გაშუქებისას. მალე ლელას წარმატება თვალშისაცემი გახდა. მისი საგაკვეთილო სტრატეგიები ძალიან განსხვავდებოდა კოლეგების აქტივობებისაგან. სასწავლო ნაწილის გამგემ ერთ დღეს ლელას დაურეკა და უთხრა, რომ მე-8 კლასელებს მისი გაშვება უნდოდათ და ამიტომ სჯობდა, კლასი  (5 საათი) რუსოსთვის დაეთმო.

ლელამ არ იცოდა, რომ რუსო სასწავლო ნაწილის გამგის ძმისწული იყო და ვერც იმას მიხვდა, რა ხდებოდა. დირექტორმა პირადი საუბრისას ლელას უთხრა, რომ თითქოს ყველას ჰგონია, ქრთამი აეღოს ან ლელა მისი ნათესავი იყოს, რომ არ ღირს კოლეგებს შორის კონფრონტაცია… და ლელას 5 საათი დაათმობინეს. მალე მან გახანგრძლივებული ჯგუფისთვის ახალი პედაგოგი აიყვანა. პედაგოგი ლელას თანაკურსელი და ძველი მეგობარი აღმოჩნდა. მას არც დაუმალავს, რომ სკოლაში მოსახვედრად ხალხიც ჩარია და ფულიც დახარჯა.

ლელას ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. წარმატებებისთვის ჯილდოებსაც იმსახურებდა. თუმცა რამდენიმე თვეში ფეხმძიმედ აღმოჩნდა. როცა დირექტორმა ამის შესახებ გაიგო, ლელას ირიბად, საკუთარი მაგალითით აბორტზე მიანიშნა. აბორტების საკუთარი, „სევდიანი“ ისტორია უამბო სასწავლო ნაწილის გამგემაც. რამდენიმე დღეში დირექტორმა ლელა ისევ დაიბარა და მისი პასუხის მოსმენის შემდეგ უთხრა, რომ არდადეგების შემდეგ სკოლაში ვეღარ იმუშავებდა.

ლელამ სარჩელი მოამზადა. საფრთხის პირისპირ აღმოჩენილი დირექცია  ლელას ევედრებოდა, სარჩელი უკან გამოეთხოვა, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. მათ სხვა გზების ძიება დაიწყეს. იცოდნენ, რომელ სკოლაში ასწავლიდა ლელას ასაკოვანი დედა. ისინი ყოველდღე დედაქალაქიდან ლელას მშობლიურ ქალაქში, დირექტორის კაბინეტში რეკავდნენ. დირექტორს აბარებინებდნენ ლელას დედას და „სთხოვდნენ“, მის შვილს განცხადება გაეტანა. ლელას დედას იგივე მოსთხოვა საკუთარი სკოლის დირექტორმაც, რომელიც დაემუქრა, რომ „ინტრიგანი“ შვილის დედა სამსახურში არ სჭირდებოდა და სხვა ასკოვან პედაგოგებთან ერთად მასაც მალე გაათავისუფლებდა. საბოლოოდ, ლელას დედა შეებრალა და, უკვე 8 თვის ორსულმა, სარჩელი თავად გამოითხოვა. მის ადგილზე ახლა მისი თანაკურსელი მუშაობს. ლელა, მიუხედავად გულისწყვეტისა, ბედნიერია. იგი 6 წლის შემდეგაც საკუთარი მოსწავლეებისგან სიყვარულით სავსე მადლობის წერილებს იღებს, რაც ძალიან ახარებს. ბედნიერია ყოფილი დირექტორიც, რომელმაც საქმე ასე იოლად მოაგვარა. მერე რა, რომ იგი ბავშვების ნაწილს სძულს, რადგან მოძალადე მასწავლებლებს იცავს. მერე რა, რომ სკოლაში განუკითხაობაა, მოსწავლეები ქოთნებში მარიხუანას ახარებენ და ზოგჯერ გაკვეთილებზეც ეწევიან… რაც მთავარია, იგი დედაქალაქის ერთ-ერთ წარმატებულ დირექტორთა შორის დაასახელეს და სათათბიროშიც მიიწვიეს. ეს კი სახუმარო საქმე როდია?!

 

ჯონ დიუი წერდა: თუკი ბავშვებს ზუსტად ისევე ვასწავლით დღეს, როგორც ამას გუშინ ვაკეთებდით, მაშინ მათ აუცილებლად წავართმევთ მომავალს.

 პასუხისმგებლობა მაღალი სააზროვნო (მეტაკოგნიტური) უნარია. იგი ითხოვს საკუთარი სურვილებისა თუ ქცევის შეფასებას და კონტროლს. ამისთვის კი მოითხოვს კარგის პრიმიტივებზე დაფუძნებული არანივთიერი ფასეულობების ცოდნას და გამორჩევას ცუდის პრიმიტივზე დაფუძნებული ანტითეზებისაგან, მათ გააზრებას, ცხოვრების წესად დანერგვისთვის მუდმივ ანალიზს, შედარებასა და შეფასებას.

კარგის პრიმიტივზე დაფუძნებული არანივთიერი ფასეულობებია: 

  • სიკეთე,
  • თანადგომა,
  • სამართლიანობა,
  • შრომისმოყვარეობა,
  • პატიოსნება,
  • დაფასება,
  • გამბედაობა,
  • მიუკერძოებლობა,
  • წესიერება,
  • სიყვარული,
  • სიმშვიდე,
  • სილამაზე,
  • ენთუზიაზმი
  • გატანა
  • თავგანწირვა…

 

ცუდის პრიმიტივზე დაფუძნებული ანტიფასეულობებია:

  • შიში
  • სიძუნწე,
  • სიხარბე
  • ანგარება
  • ბოროტება,
  • სიცრუე,
  • უსამართლობა,
  • სიზარმაცე,
  • მუხანათობა,
  • უმადურობა,
  • თვალთმაქცობა,
  • უდისციპლინობა
  • სიძულვილი,
  • მრისხანება,
  • გაუტანლობა,
  • სიავე…

წესით, ამ ფასეულობების შესწავლას უნდა ეთმობოდეს მთელი საგაკვეთილო დრო ლიტერატურაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, ბუნებისმცოდნეობაში, სამოქალაქო თავდაცვასა თუ „მე და საზოგადოებაში“, მაგრამ,  მხოლოდ იმ ერთეული მასწავლებლების დრო და შრომა იღებს ეფექტურ შედეგს, რომლებიც პირადი მაგალითით აჩვენებენ მოსწავლეს, რა არის მზრუნველობა, სიკეთე, თანადგომა, სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, დაფასება, გამბედაობა, მიუკერძოებლობა, წესიერება, სიყვარული, სიმშვიდე, ენთუზიაზმი, თავგანწირვა და ამ ყველაფრის ნაერთი პასუხისმგებლობა…

 

სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლებისა და მთელი საზოგადოების მხარდაჭერა იქნებოდა, გადაეჭრა სკოლის ეს მემკვიდრეობითი პრობლემა, რომელიც ქართველებს მოქალაქეობრივ, სამართლიან აზროვნებასა და, საბოლოოდ, სახელმწიფოს შექმნაში გვიშლის ხელს, არა საგამოცდო რეფორმებში დროისა და ფულის არამიზნობრივი ხარჯვით, არამედ, უპირველეს ყოვლისა:

  • კოდური სიტყვა –„პასუხისმგებლობის“ სწავლების ყველა საფეხურის მისიაში ჩასმით,
  • სკოლების აღჭურვით სათანადო ლიტერატურითა და ტექნოლოგიებით,
  • მასწავლებლებისთვის წიგნების და არა მხოლოდ ტრენინგების გზით განვითარების საშუალების მიცემით,
  • სკოლაში სავალდებულო ჯგუფური და საწრეო შეხვედრების დანერგვით,
  • ბავშვებისათვის სკოლაშივე პასუხისმგებლობის მაგალითის ჩვენებით,

რადგან სწორედ სკოლაა ცხოვრება, და არა – იზოლირებული ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ აკადემიურ ცოდნას ეუფლებიან. სკოლაში  შეუძლიათ მოსწავლეებს გაეცნონ რეალურ ცხოვრებას. სკოლა მიკროთემია, მთლიანი საზოგადოების მოდელი. მეტი პასუხისმგებლობებით კი იგი უკეთესი, უფრო დემოკრატიული საზოგადოების მოდელად უნდა ვაქციოთ. ამისთვის აუცილებელია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის სწავლა დავიწყოთ „პასუხისმგებლობების გააზრებით”. სკოლა საზოგადოებაა ემბრიონულ სტადიაში[2], პატარა სახელმწიფოა[3], რომელშიც სწორედ პასუხისმგებლობის საშუალებით უნდა გავათავისებინოთ  სწავლება ბავშვებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ. ჩვენ მიერ მომზადებული სხვა ყველა გზა შეიძლება მალევე დაირღვეს და ჩამოიშალოს, ბავშვები კი მათზე სიარულისთვის მზად აღარ იყვნენ.

 

 

 

 

 

[1] https://www.tabula.ge/ge/story/144689-amerikashi-2-tslis-smenadaqveitebuli-gogos-gamo-samezoblom-zhestebis-ena-istsavla

[2] ჯონ დიუი

[3] დიმიტრი უზნაძე

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი