ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი

შესაძლებელია თუ არა მყარი პოზიციის მქონე აქტიური მოქალაქეების აღზრდა უარყოფითად დამუხტული ყოველდღიური საინფორმაციო ნაკადების პირობებში? ოპტიმისტურად განწყობილი ბავშვების აღზრდასა და განათლებაზე ორიენტირებული პოპულარული ავტორი ჯეილ დელ-ანტონია ბევრს წერს. ის გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ამბობს, რომ ოპტიმისტი თაობა ოპტიმისტმა უფროსებმა უნდა აღზარდონ.

თანამედროვე სამყაროში ოპტიმისტ ადამიანებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ისინი ყველას სჭირდება: სახელმწიფოს, ბიზნესს, სკოლას. მშობლებს სურთ, მათი შვილები ოპტიმისტები იყვნენ, შეეძლოთ სირთულეებთან გამკლავება და წარმატების მიღწევა.

როგორც წესი, ოპტიმისტი ბავშვები წარმატებას აღწევენ ნებისმიერ წამოწყებაში, მათ აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ცხოვრებით მეტი კმაყოფილება ახასიათებთ. ოპტიმიზმი ხელს უწყობთ სირთულეების გადალახვაში, პესიმიზმი კი მხოლოდ დეპრესიას, ხელჩაქნეულობას იწვევს.

დადებითად მოაზროვნე ბავშვების აღზრდა ნეგატიური მედიის პირობებში არცთუ ადვილია. დიდ გასაქანს ვერც პესიმისტური ეპოქა გვაძლევს – უფროს თაობას ნაკლებად გვჯერა ჩვენივე არჩეული მმართველების, რეფორმებისა განათლების სისტემაში, უიმედოდ ვუყურებთ საგარეო პოლიტიკას, სიახლეთა უმეტესობა კი გვიბიძგებს, ვიფიქროთ მოსალოდნელ კატასტროფებზე. ავტორის თქმით, უფროს თაობას, მასწავლებლებსა და მშობლებს, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ პესიმიზმის დაძლევა, თუ ოპტიმიზმს ახალ ჩვევად აღიარებენ.

ჯეილ დელ-ანტონია აღნიშნავს, რომ დღევანდელი პესიმიზმი ნაზავია ტრაგიკული საინფორმაციო ნაკადებისა და ჩვენი ბიოლოგიური რეაქციებისა ამ ნაკადებზე. ბუნებრივია, ჩვენ თავდაცვის ინსტინქტის გამო მეტ ყურადღებას ნეგატივს და საფრთხეებს ვაქცევთ და ეს ნორმალურია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ „გარდაუვალი კატასტროფის“ მასშტაბი მართლაც შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას.

ობიექტურად, რეალობა არცთუ საშიშია. მაგალითად, მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი მშვენიერი, როგორიც ახლაა. განვითარებად ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა მაქსიმალურად გაიზარდა, უამრავმა ადამიანმა იწამა თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების იდეა, კაცობრიობა ილტვის პროგრესისკენ, ჩვენ კი, თევზებივით, პროგრესის დინებას მივყვებით და მის ყველა სიკეთეს ვეზიარებით. თუ ეს გავაცნობიერეთ, მენტალური ჩვევების შეცვლასაც შევძლებთ. უნდა დავტკბეთ ბედნიერი წუთებით, თუნდაც მაშინ, როდესაც ვინმე კარგ ამბავს გვიყვება ან ცხოვრებისეულ წარმატებას აღწევს.

გაიღეთ ძალისხმევა და შეგნებულად გაიხანგრძლივეთ ბედნიერების წუთები, დააგემოვნეთ ისინი, გაუზიარეთ ეს პრაქტიკა შვილებს და მოსწავლეებს, ასწავლეთ ხანმოკლე სიხარულით ტკბობა.

ავტორი ფიქრობს, რომ ოპტიმიზმი საკუთარ თავში უნდა განვავითაროთ. ის იშველიებს მკვლევართა დასკვნებს, რომელთა თანახმად, სამყაროსადმი უარყოფითად განწყობილ ადამიანებს ძალუძთ შეცვალონ თავიანთი პერსპექტივა, თუ უფრო პოზიტიურ ენას გამოიყენებენ თავიანთი შთაბეჭდილების, გამოცდილების აღწერისთვის.

„იყო დრო, როდესაც კორპორაციების არაეთიკურ ქმედებებს მოგების ზრდით ვამართლებდით, მდინარეში ვყრიდით ნარჩენებს და ეს ეფექტიან გზად მიგვაჩნდა. ახლა ცოტა რამ მაინც ხომ შეიცვალა? ის, რაზეც საინფორმაციო სიახლეებში საუბრობენ, შეიძლება ცუდი იყოს, ამას ვუხსნი ბავშვებს, დიახ, ბევრი ცუდი რამ ხდება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანები ამის შეცვლას ცდილობენ. ცვლილებები საიდანღაც იწყება. ჩვენი ოპტიმიზმი, მიუხედავად ირონიული ჟღერადობისა, დიდწილად ჩვენს რწმენაზეა დამოკიდებული, ყველაფრის გაუმჯობესება და შესწორება შესაძლებელია“, – წერს ავტორი.

კეთილი, მაგრამ როგორ დავეხსნათ ნეგატივს, რომ ამით ჩვენი ბავშვებიც არ მოვწამლოთ? „ყოველდღე, ყოველ წუთს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხდება ომები, ბუნებრივი კატასტროფები, დანაშაული. ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ამ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში თვალი ვადევნოთ. 2015 წელს, ტერორისტული აქტის დროს, პარიზში მომიწია ყოფნა. ტერაქტი ჯერ დასრულებული არ იყო, რომ ჩემი ტელეფონი ოკეანის გაღმიდან მომავალი ზარებისგან აფეთქდა. ბავშვებს უნდოდათ გაეგოთ, ცოცხალი ვიყავი თუ არა და დიდი ძალისხმევა დამჭირდა მათ დასარწმუნებლად, რომ იმ დროს პარიზში არ ვყოფილვარ. ჩვენ გვესმის, რომ ასეთ წუთებში შფოთვას აზრი არ აქვს. მუდმივი შიშისა და წუხილის გარდა, რას მაძლევს ამ დროს საინფორმაციო გამოშვება? ამიტომ ვთიშავ ინფორმაციის წყაროს და აღარ ვუყურებ“.

ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს, უსარგებლო შფოთვასთან ერთად, შეუძლია ჩვენი ყურადღება მოსწყვიტოს იმას, რაც ჩვენს სიახლოვეს ხდება და მნიშვნელოვანია. ცუდ ამბებზე კონცენტრირების გამო შესაძლოა არ ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს ქალაქში ან უბანში, აღარ ჩავერთოთ სასარგებლო საქმეებში როგორც მოხალისეები, აღარ დაგვაინტერესოს არჩევნებმა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე. ავტორი გვირჩევს, შვილებსა და მოსწავლეებთან ერთად გავხდეთ ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ნაწილი, ოჯახის ცხოვრების წესად ვაქციოთ საზოგადოებრივი აქტივობა, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობა.

მეორე, არანაკლებ საინტერესო ექსპერტი ალენ ბრაკონიე, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიტიკოსი და წიგნის „ოპტიმისტი ბავშვი: ოჯახსა და სკოლაში“ ავტორი, დეტალურად მოგვითხრობს, რომ ოპტიმიზმი ჩვენს ორგანიზმზე დადებითად აისახება. ის ამაღლებს თვითშეფასებას, რასაც იმუნიტეტი მაშინვე ეხმიანება. ოპტიმისტი დიდხანს რჩება აქტიურ პიროვნებად, მალე აღიდგენს თავს ტრავმის, გადაღლისა და ავადმყოფობის შემდეგ.

კითხვას, როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი და მოვმართოთ მისი აზროვნება ოპტიმისტურად, ალენ ბრაკონიე ასე პასუხობს: „ოპტიმიზმი – ეს არის, ერთი მხრივ, მოვლენათა დადებითი განვითარების დანახვის უნარი, მეორე მხრივ კი პრობლემების გონივრული შეფასების შესაძლებლობა. პესიმისტები კი მიდრეკილნი არიან მსჯელობის გაუფასურებისა და ნეგატიური განზოგადებისკენ. პესიმისტები ხშირად ამბობენ: „მე არაფერს წარმოვადგენ“, „არ შემიძლია გარემოებებთან გამკლავება“. ოპტიმისტები არ იციკლებიან იმაზე, რაც უკვე მოხდა და ცდილობენ, იმაზე იფიქრონ, რა აკეთონ მომავალში.

ყველა ბავშვი დაბადებიდანვე ამჟღავნებს ოპტიმიზმის ნიშნებს. თვეების ჩვილი უღიმის მშობლებს, აჩვენებს, რომ კარგად არის. ის ცნობისმოყვარეა, იტაცებს სიახლეები, ახალისებს ყველაფერი, რაც მოძრაობს და ხმას გამოსცემს, გამუდმებით მოითხოვს ყურადღებას, სწრაფად ხდება გამომგონებელი: სურს, ყველაფერი მოსინჯოს, ყველაფერს მიაღწიოს.

მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი ბავშვი უფრო ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურია. ექსპერტთა აზრით, ასეთი ბავშვების რაოდენობა 25%-ს აღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამი მეოთხედისთვის ბუნებრივი ოპტიმიზმის გაღვივება სწავლებითა და შესაბამისი ატმოსფეროს შექმნით შეიძლება.

როგორ მოვახერხოთ ეს? როდესაც ბავშვი იზრდება, ის წინ აღუდგება შეზღუდვებს და შესაძლოა, გახდეს აგრესიული და უბედური. ოპტიმიზმი მას სირთულეების დაძლევაში ეხმარება. ორიდან ოთხ წლამდე ასაკის ოპტიმისტი ბავშვები ბევრს იცინიან და თამაშობენ, ნაკლებად აშფოთებთ მშობლებთან განშორება, უკეთ იტანენ მარტოობას, შეუძლიათ თავის გართობა.

ასეთი რომ გახდეს, ბავშვი ისე უნდა გავზარდოთ, რომ ჩვენზე მისი მოჯაჭვულობა დამოკიდებულებას არ ჰგავდეს, მაგრამ, იმავდროულად, პატარას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა. უფროსების მის გვერდით ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად, ძილის დროს. მას ეს სჭირდება, რათა ისწავლოს შიშის, განშორების, დანაკარგის გადატანა, – მიაჩნია წიგნის ავტორს.

ასევე მნიშვნელოვანია ბავშვის წაქეზებაა ყველაფერში, რასაც ინტერესით მოეკიდება, სპორტი იქნება ეს თუ ხატვა. როდესაც ბავშვი ჯიუტად მიისწრაფვის წარმატებისკენ, დადებითი თვითშეფასება უყალიბდება. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვის მიერ საკუთარი თავის დადებითად აღქმას, მაგალითად, წარსული წარმატებების ხშირად შეხსენებით.

ალენ ბრაკონიე დარწმუნებულია, რომ გონვრული ოპტიმიზმი არაფერში გვიშლის ხელს და არაფერი აქვს საერთო „ვარდისფერი სათვალის“ სინდრომთან. პირიქით, ის რეალობასთან ადაპტირებაში გვეხმარება. კვლევები მოწმობს, რომ ოპტიმისტები უფრო უკეთ ახერხებენ მობილიზებას სტრესულ სიტუაციაში და მოქნილად აზროვნებენ პრობლემებთან შეჯახებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი