მე ვაღიარე ჩემი მოსწავლეები და მე მაღიარა მსოფლიომ

 

24 მარტს, დუბაიში დაგეგმილ წლის საუკეთესო მასწავლებლის  დაჯილდოების ცერემონიალზე, დაასახელებენ  ბრიტანელ ენდრიუ მოფატს ან ინდოელ სვარუპ რავალს, შეიძლება, ეს იყოს კენიელი პიტერ ტაბიჩი, ბრაზილიელი დებორა გაროფალო ან, სულაც, ამერიკელი მელისა სალგუერო… და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ სცენაზე ლადო აფხაზავას მოუხმობენ, პატარა ქვეყნის ციცქნა სოფლის რიგით მასწავლებელს – ეს პატარა ქვეყანა წამში დედამიწამდე გაიზრდება, სოფელი ჩიბათი კი მსოფლიო რუკაზე მოინიშნება. ასე კი მართლა შეიძლება მოხდეს, რადგან 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა უკვე ირიცხება მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელთა სიაში – ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული!

ეს ყველაფერი დუბაიში მოხდება, მანამდე კი ლადო აფხაზავა ლანჩხუთიდან თბილისში, თბილისიდან ბორჯომში და მერე ისევ ლანჩხუთში, საღამოს ქუთაისში, დილით კი კვლავ თბილისში ბრუნდება. ყოველდღე, ზოგჯერ დღეში ორჯერაც, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში იწვევენ, უსმენენ, ელაპარაკებიან, რჩევას ეკითხებიან ან საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

ამას კი არასდროს იზარებს, ყველანაირ დაღლას თუ მოუცლელობას გვერდით დებს და ხვდება ადამიანებს, ვისაც არა თავად ლადო აფხაზავა, არამედ მისი მეთოდები, მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება აინტერესებს. თავის მთავარ გამარჯვებადაც სწორედ ამას მიიჩნევს: „2017 წლის ეროვნული ჯილდოს აპლიკაცია იმიტომ კი არ შევავსე, რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა, არამედ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, ჩემი პრაქტიკის, მეთოდებისა და შედეგების გაზიარება მინდოდა. ამ კონკურსის მთავარი მიზანიც ეს არის – კოლეგებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა და არა თვითტკბობა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის მონაწილე მასწავლებელთა უმეტესობა, სწორედ, ამიტომ ავსებს განაცხადს, რადგან ჩვენს პროფესიას ეს ძალიან სჭირდება“.

შეავსო და გაიმარჯვა კიდეც. გახდა წლის ყველაზე ინოვაციური მიდგომების მქონე, მოსწავლეების უკეთეს შედეგზე ორიენტირებული მეთოდებისა და სასწავლო პროცესში ძირეული ცვლილებების დამნერგავი მასწავლებელი. გაიმარჯვა, მაგრამ ეს წარმატებაც ბევრი მარცხის შემდეგ მოვიდა. არ მალავს, რომ წარუმატებლობაც ბევრჯერ უწვნევია, უამრავი უშედეგო პროექტი დაუწერია და ინიციატივა წამოუწყია, მაგრამ ამას კიდევ უფრო გაუძლიერებია, რადგან ლადო აფხაზავას მიზანი აქვს: „მაქვს მიზანი, გარემო უკეთესობისკენ შევცვალო და ჩემმა მოსწავლეებმა ყველანაირ გამოწვევას უპასუხონ. დრო ძალიან სწრაფად გადის და არასდროს მყოფნის. ზოგჯერ, ვიდრე რაღაც პროექტს დავიწყებ და განვახორციელებ, ისე ხდება, რომ ვისთვისაც დავიწყე, ის ბავშვები სკოლას ამთავრებენ და ჩემგან მიდიან. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი უნდა ვიმუშაო, რათა თითოეულ მოსწავლესთან მოვასწრო მუშაობა, ყველას ინდივიდუალურად მივუდგე და სწორი შედეგი მივიღო“.

სტერეოტიპების დანგრევა ლადო მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მისი პროექტების უმეტესობა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს, რადგან მიაჩნია, რომ თანამედროვე სამყაროში, თუნდაც პატარა სოფლიდან თბილისში ჩამოსულ ადამიანს, ამის გარეშე ძალიან გაუჭირდება. მაგრამ არ გაუჭირდებათ ჩიბათელ ბავშვებს, რომლებსაც ტოლერანტობის საფუძვლები უკვე გავლილი აქვთ და მსოფლიო საზოგადოებაში ინტეგრირებისთვისაც მზად არიან.

ამ თემაზე საუბრისას ლადო აფხაზავა სოფელ ნიგვზიანში ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირებასა და თავისი მოსწავლეების გადაწყვეტილებას იხსენებს: „თემაზე მუშაობა ნიგვზიანში კონფლიქტის დაწყებისთანავე დავიწყეთ. იმთავითვე ცხადი იყო, რომ საკლასო ოთახში ამაზე საუბარი შედეგს არ მომცემდა, ამიტომ ბავშვები ორივე დაპირისპირებულ მხარეს შევახვედრე, მოისმინეს მათი პოზიცია, აიღეს ინტერვიუები, დაამუშავეს მიღებული ინფორმაცია, გახდნენ თავად პროცესის მონაწილეები და კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაც დაიწყეს. ვხედავდი, რომ არსებული მდგომარეობა ემოციურად ძალიან აწუხებდათ. შემდეგ გადაწყვიტეს, მოდი, ერთი გაკვეთილი მეჩეთში ჩავატაროთო. ამ იდეამ მეც ოდნავ დამაფრთხო და არც დაპირისპირებულ მხარეებს მოეწონათ. ნიგვზიანში ჩასულებს ნეგატიურად განწყობილი მთელი სოფელი გარეთ დაგვხვდა, მაგრამ როგორც კი ბავშვებთან ერთად დამინახეს, მაშინვე გზა დაგვითმეს და თავისიანად მიგვიღეს. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებმა უკეთესად იცოდნენ, რომელი ნაბიჯი იქნებოდა სწორი – მათ მე თავად მასწავლეს! ამიტომაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე: მე ვაღიარე ჩემი მოწავლეები და მე მაღიარა მსოფლიომ“.

ჩიბათი და მიმდებარე სოფლები ლადო აფხაზავასთვის დამატებითი საკლასო ოთახებია. ცდილობს, ისეთი პროექტები განახორციელოს, რომლებშიც მთელი თემი იქნება ჩართული, რაც სამოქალაქო თვითშეგნების „ვირუსის“ გასავრცელებლად საუკეთესო მეთოდია. გარდა ამისა, მშობლები და ოჯახის სხვა წევრები ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებს უფრო ახლოდან ეცნობიან, რაც მათთან მეტ სიახლოვესაც იწვევს. სწორედ, ასეთი პროექტი იყო „ეთნორძლები და ჩემი სოფელი“. მოსწავლეები სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ ქალბატონებს – სოფლის რძლებს შეხვდნენ, გაეცნენ მათ ტრადიციებს, რელიგიურ თავისებურებებს, სამზარეულოს, ისტორიას და მთელი სოფელი შეიცვალა – მანამდე ეთნიკური ნიშნით გარიყული ადამიანები მიიღო, და როგორც ლადო აფხაზავა ამბობს: „გურულმა ქალებმა სომეხი ჟაკლინაც ისევე დაპატიჟეს ყავაზე, როგორც მანამდე აგრაფინას პატიჟებდნენ, რადგან დაინახეს, რომ მათი შვილები ერთმანეთს სტუმრობდნენ, მეგობრობდნენ და ისიც გაიგეს, რომ სომეხმა რძალმა, თურმე, ტოლმის გადასარევი რეცეპტი იცოდა. სოფელს ასეთი ტრანსფორმაცია აუცილებლად სჭირდებოდა, ჩემი მოსწავლეები კი ბავშვობიდან ეზიარებიან ეთნიკურ მრავალფეროვნებას და მზად არიან მსოფლიოსთან შესახვედრად. ძალიან მახარებს ისიც, რომ ასეთი პროექტების განხორციელებისას მთელი თემი და ჩემი სკოლის ყველა მასწავლებელი გვერდში მიდგება, რადგან იციან, რომ თანამედროვე ადამიანს ყველაფრის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ამის მიმღებლობა ყველას აქვს, ხოლო ჩვენი, როგორც მასწავლებლების მისია მიღების დამაბრკოლებელი ბარიერების აღმოჩენა და წაშლაა. ამისთვის კი თავად მასწავლებელიც მიმღები უნდა იყო. დგას თუ არა ეს პრობლემა ჩვენს სკოლებში? დიახ, დგას. მასწავლებელთა ნაწილის სამოქალაქო ცნობიერება, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, რაც უკვე მთლიანად ჩვენი საზოგადოების პრობლემაა“.

ახლა კი გაიხსენეთ, როგორები იყავით 15-16 წლისები. სწორედ ასეთები არიან ლადო მასწავლებლის მოსწავლეებიც – გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები ასაკობრივი განცდებით. აქვთ ყოფითი პრობლემებიც, ზოგს უცხოეთში სამუშაოდ წასული მშობელი წლებია არ უნახავს. ისიც ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე მათგანი ლადო აფხაზავას საკუთარ სახლში ჰყავს შეფარებული. ამ ბავშვებს მეტი სითბო, მხარდაჭერა, წახალისება და აღიარება სჭირდება. იქნებ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელში მოხვედრილი ლადო აფხაზავა კვლავაც ერთი პატარა სოფლის მასწავლებლად რჩება და, როგორც ამბობს, მომავალშიც ასე აპირებს: „არ მივეკუთნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც შედეგის მალე მიღების მიზნით რიგიდან რიგში გადადიან, საბოლოოდ კი ცარიელი ხელებით რჩებიან. წყნარად ვდგავარ იმ რიგში, საიდანაც დავიწყე, და თავადაც ხედავთ, რას მივაღწიე. ჩემი პატარა სოფლის სკოლას ყველა იცნობს, მთელი მსოფლიო; ჩიბათს მთელი ქვეყნიდან სტუმრობენ მოსწავლეები და მასწავლებლები – ბათუმიდან, სენაკიდან, ქუთაისიდან, თბილისიდან, ჩამოდიან ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ელჩები, სხვადასხვა საპატიო სტუმრები – ეს პატარა სოფელი ჩემთვის ყველაზე  დიდია“.

პროფესიით ეკონომისტია, მასწავლებლის დიპლომი არ აქვს. ეს ბევრჯერ წამოუძახებიათ, მაგრამ არასდროს გამხდარა უკან დახევის მიზეზი. პირიქით – კრიტიკა კიდევ უფრო აძლიერებს და მეტის გასაკეთებლად განაწყობს. ამბობს, ბავშვობიდან ასეთი ვიყავიო – მიზანდასახული და არსებული რეალობის შესაცვლელად განწყობილი. სკოლაში სწავლის პერიოდიდან ყველაფერს – რაც მოსწონდა ან, პირიქით,  სწორად არ მიაჩნდა – უბის წიგნაკში ინიშნავდა. დროთა განმავლობაში ხვდებოდა, რომ ზოგი მანამდე მოწონებული რამეც არ იყო კარგი და გადაფასების პროცესიც თავიდან იწყებოდა. სწორედ ამ პროცესში მიიღო გადაწყვეტილება, გამხდარიყო მასწავლებელი, რათა ჯერ თავად ესწავლა, შემდეგ კი სხვისთვის ესწავლებინა.

ლადო აფხაზავას მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო და არა ჯილდოები და აღიარება, რადგან წარმოუდგენელია, ჩვენს ქვეყანაში იყო მასწავლებელი და თან ჯილდოზეც იფიქრო. მისი თქმით, სწორედ ამის გამოა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა საქმეს ისე აკეთებს, ზოგჯერ ვერც კი იაზრებენ საკუთარი შრომით რას ქმნიან: „მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ყველა ფინალისტს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ყველა ასე ფიქრობს. მეტიც, როდესაც ათეულებში მოხვდნენ, მერეღა გააცნობიერეს, რომ თურმე დიდ საქმეს აკეთებენ. მე, ჯაბა ლაბაძე, ეკა წულუკიძე, ნინო აბულაძე, თეა ნონიკაშვილი, მაია ტყემალაძე და უამრავი სხვა საუკეთესო მასწავლებელი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ პროფესია მოსწავლეების ცხოვრებაში დიდი გარდატეხის შესატანად გამოვიყენოთ, ამ ყველაფერს კი იმდენად გულით ვაკეთებთ, რომ ზოგჯერ ის მეთოდებიც არ გვახსოვს, რომლებითაც ოპტიმალური შედეგი მივიღეთ. ადრე საკუთარ თავს არ ვიცნობდით, ახლა კი ჩვენი პროფესიის ყველა უპირატესობა დავინახეთ“.

დუბაიში 21 მარტს მიემგზავრება. დაჯილდოების ცერემონიალამდე განათლების სფეროში არსებული სიახლეების, გამოწვევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ კონფერენციებს, ფორუმებსა და საქმიან შეხვედრებს დაესწრება. 24 მარტს კი მთელი მსოფლიო ათ ფინალისტ მასწავლებელზე იქნება კონცენტრირებული. მსოფლიოსთან ერთად იღელვებს პატარა ჩიბათიც, მისი თითოეული მოსახლე, განსაკუთრებით კი მოსწავლეები, ვისთვისაც ლადო მასწავლებელი უკვე არის გამარჯვებული, ჩემპიონი, ნამდვილი სუპერგმირი.

საუბრის ბოლოს მიწაზე ვეშვებით და წლის საუკეთესო მასწავლებლისთვის დაწესებულ მილიონ დოლარსაც ვახსენებთ. კითხვაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ფულით, ლადო აფხაზავა მპასუხობს: „თუ მილიონი მხოლოდ შენთვის გინდა,  ცოტაა, მაგრამ  თუ მას სხვებს მოახმარ, მაშინ ძალიან დიდი ფულია. ვინაიდან მილიონით უამრავი ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება, ის ჩემთვის არ მინდა. მაგრამ ახლა, ამაზე მეტად, იმ მომენტზე ვფიქრობ, როდესაც ეს ყველაფერი უკვე დასრულებული იქნება და სკოლაში, ჩემს მოსწავლეებთან  დავბრუნდები“.

კომენტარები

comments