პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აგრესიულ მოსწავლეთა ტიპოლოგია და მათთან მუშაობის სტრატეგიები

მოსწავლეთა აგრესიის მატებას ვგრძნობთ მშობლები, მასწავლებლები, ექიმები, ფსიქოლოგები და მთელი საზოგადოება. ეს გამოწვეულია ფაქტორთა წყებით: 1. არასასურველი სოციალური პირობებით; 2. ოჯახურ აღზრდაში არსებული კრიზისებით; 3. ბავშვის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობისადმი არასათანადო ყურადღებით; 4. არაბუნებრივი და პათოლოგიური მშობიარობის წილის გაზრდით და სხვა. საკუთარი წვლილი შეაქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კინო- და ვიდეოინდუსტრიას, რომლებიც რეგულარულ პროპაგანდას უწევენ ძალადობის კულტს.

აგრესია ადამიანის ბუნებრივი რეაქციაა და მისი ადეკვატური და უსაფრთხო გამოვლინება ჩარევას არ მოითხოვს. ბავშვები მას ზოგჯერ ჩვენი ყურადღების მისაპყრობად იყენებენ. თუ აგრესია დასაშვები ფორმითა და სიძლიერით ვლინდება, თანაც – გასაგები მიზეზით, საჭიროა, ბავშვს მივცეთ მისი გამოხატვის საშუალება, მოვუსმინოთ და შევეცადოთ, ყურადღება სხვა საქმიანობაზე გადავატანინოთ.

რას გვირჩევენ სპეციალისტები ბავშვის ან მოზარდის მხრივ აგრესიული ქცევის გამოვლენის შემთხვევაში? 

1. უნდა შევეცადოთ და მოვახერხოთ კიდეც, მშვიდად შევხვდეთ გამოწვევას, მით უფრო – თუ იგი საშიში არ არის მოცემული მომენტისთვის. მაგალითად, მოვახდინოთ ქცევის იგნორირება ან გამოვხატოთ, რომ გვესმის მოზარდისა („რასაკვირველია, ნაწყენი ხარ და მე ეს მესმის”); გადავიტანოთ მისი ყურადღება და ამ მიზნით შევთავაზოთ რაიმე საქმიანობა („დამეხმარე ზედა თაროდან რვეულების ჩამოღებაში”), აგრესიული ქცევა პოზიტიურ მახასიათებელში გადავიყვანოთ („დაღლილობამ გაგაღიზიანა, არა?”).

2. ყურადღება გავამახვილოთ მოსწავლის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე. მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაწყნარდება, მართებულია, განვიხილოთ მისი ქცევა შეფასების გარეშე – რას აკეთებდა, რას ამბობდა „აქ და ამჟამად”. მორალის კითხვა შედეგს არ მოგვცემს; უმჯობესია, ვაჩვენოთ, რა მოჰყვა მის საქციელს და ვუთხრათ, რომ აგრესიული ქცევა ყველაზე მეტად მას აყენებს ზიანს. ძალზე მნიშვნელოვანია, მივუთითოთ კონფლიქტურ სიტუაციაში შესაძლო ქცევის კონსტრუქციულ ხერხებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა აგრესიის შესამცირებლად არის მოსწავლესთან უკუკავშირის დამყარება. ამ მიზნით სასურველია შემდეგი ხერხების გამოყენება: ა) ფაქტის კონსტატაცია („აგრესიულად იქცევი”);  ბ) დამაზუსტებელი კითხვის დასმა („გაბრაზებული ხარ?”); გ) აგრესიული ქცევის მოტივის დადგენა („ამით შენს ძლიერებას გვაჩვენებ?”); დ) მოსწავლის აგრესიული ქცევის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა („არ მომწონს, ამ ტონით რომ მელაპარაკები”); ე) წესის შეხსენება („ჩვენ ხომ შევთანხმდით…”). ამ უკუკავშირის დროს მასწავლებელმა უნდა გამოამჟღავნოს, სულ მცირე, სამი თვისება: ინტერესი, კეთილგანწყობა და ხასიათის სიმტკიცე. ეს უკანასკნელი ეხება მხოლოდ კონკრეტულ ქცევას და მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი ეწინააღმდეგება მის ქცევას და არა მას.

3. საკუთარი უარყოფითი ემოციების კონტროლი. მოსწავლის აგრესიული ქცევა მასწავლებელში უარყოფით ემოციებს იწვევს, ეს ბუნებრივია. მთავარია, მასწავლებელმა სახე არ დაკარგოს. უპირველეს ყოვლისა, მივიჩნიოთ, რომ ჩვენი ეს მდგომარეობა ბუნებრივია და არაფერი ხდება განსაკუთრებული. ამის შემდეგ აუცილებელია, მოვახეროთ ჩვენი ემოციების კონტროლი, გავაგრძელოთ მოსწავლესთან ნორმალური ურთიერთობა და მუშაობა.

4. დავუკარგოთ სიტუაციას სიმწვავე. მასწავლებლის მიერ დაშვებული ტიპობრივი შეცდომები ასეთია: ხმის აწევა, ყვირილი, მუქარის ტონის გამოყენება, ძალაუფლების დემონსტრირება („აქ ჯერ კიდევ მე ვარ მასწავლებელი, ისე იქნება, როგორც მე მინდა”), აგრესიული პოზის დემოსტრირება: დაძაბული ნიკაპი, შეკრული მუშტი, „სიტყვების კბილებში გამოცრა”, სარკაზმი, დაცინვა, სხვა მოსწავლეების კონფლიქტში ჩართვა, ნოტაციები და „მორალის კითხვა”, მუქარა, გამონათქვამები: „ყველანი ერთნაირები ხართ”, „შენგანარაფერი გამოვა”, ასევე – თავის მართლება, მოსყიდვის მცდელობა, ჯილდო… აქ ჩამოთვლილმა ზოგიერთმა რეაქციამ შესაძლოა დროებით შეაჩეროს მოსწავლე, მაგრამ საბოლოო შედეგი გაცილებით სავალალო იქნება, ვიდრე თავად აგრესიული ქცევა.

5. საქციელის განხილვა. ეს არ უნდა მოხდეს აგრესიული ქცევის გამოვლენის მომენტში. ესაუბრეთ მოსწავლეს მოგვიანებით, როცა აგრესია ჩაცხრება და ისიც დამშვიდდება, მაგრამ დაგვიანების საშიშროებაც არსებობს. ესაუბრეთ მარტო მყოფს, მოწმეების გარეშე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ობიექტური. დეტალურად განიხილეთ აგრესიული ქცევის შესაძლო შედეგები სხვებისთვის და საკუთრივ მოსწავლისთვისაც.

6. შეუნარჩუნეთ მოსწავლეს დადებითი რეპუტაცია. მოსწავლეს, მით უფრო – მოზარდს, ძნელია აღიარებინო, რომ მართალი არ არის ან დამარცხდა. მისთვის ყველაზე უარესია საჯარო გაკიცხვა და უარყოფითი შეფასება. ის ყველანაირად ცდილობს, თავი დააღწიოს ასეთ სიტუაციას და იყენებს თავდაცვის სხვადასხვა მექანიზმს, რითაც საკუთარი თავისადმი პატივისცემის შენარჩუნებას ახერხებს. ასეთი მექანიზმი მრავალია: წარმოდგენის შეცვლა („ვიხუმრე, დიდი ამბავი”);მოგებიანი შედარება („ჩემზე უარესად ის მოიქცა”); შედეგების დამახინჯება („მე ფეხი გამოწეული მქონდა, ის წამოედო და დაეცა”); დეჰუმანიზაცია („ცუდი ბიჭია და ეგრე მოუხდება”). და მართლაც, ცუდი რეპუტაცია და უარყოფითი იარლიყი საშიშია: მივაკრავთ თუ არა მოსწავლეს ამ იარლიყს, ის თვითონვე ხდება თავისი აგრესიული ქცევის განმამტკიცებელი.

დადებითი რეპუტაციის შესანარჩუნებლად მიზანშეწონილია: ა) შევამსუბუქოთ მოსწავლის საქციელი და საჯაროდ გამოვხატოთ ეს (მაგ.: „ცუდად გრძნობ თავს?” ან „არ გინდოდა მისი წყენინება, არა?”), მაგრამ პირისპირ დარჩენისას მას გულწრფელად ვუთხრათ ჩვენი აზრი; ბ) არ მოვითხოვოთ მისგან მორჩილება, დავრთოთ ნება, შეასრულოს მოთხოვნა ისე, როგორც შეუძლია. იძულება, ზუსტად შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა, შესაძლოა ახალი კონფლიქტის საბაბად იქცეს. შევთავაზოთ კომპრომისი ურთიერთდათმობის გზით

7. მოვიქცეთ არააგრესიულად . აგრესიული მოქმედების დროს ორივე მხარე კარგავს მოთმინებას და ჩნდება დილემა: იბრძოლო საკუთარი პოზიციის გასამყარებლად თუ კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვარო. უფროსი არ უნდა მოიქცეს აგრესიულად, მით უფრო – თუ მოსწავლე მცირე ასაკისაა. კონსტრუქციული ქცევის მოდელი, რომელიც მიმართულია აგრესიის შესამცირებლად, მოიცავს შემდეგ ხერხებს: არარეფლექსიურ მოსმენას (ანალიზისა და შეფასების გარეშე), ყურადღებიან სიჩუმეს – მოსწავლეს სურს, ყურადღებით მოუსმინო და არ სურს შენიშვნების მოსმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბრაზდება, ღიზიანდება და კონფლიქტი კიდევ უფრო ღრმავდება. როგორ უნდა მოვიქცეთ? – ხელი შევუწყოთ, გამოხატოს თავისი აზრი, გამოვიყენოთ პაუზა, რათა მოსწავლე დამშვიდდეს და არავერბალური საშუალებებით გამოვხატოთ ინტერესი მის მიმართ, გამოვიყენოთ ე.წ. გრძნობების არეკვლის ტექნიკა ანუ ვაჩვენოთ, რომ მისი განცდები ჩვენთვის გასაგებია, დავსვათ დამაზუსტებელი კითხვები, გამოვიყენოთ იუმორი (და არა სარკაზმი).
აგრესიულ მოსწავლეთა ტიპები

1. ჰიპერაქტიური და აგრესიული ტიპი. ასეთ მოსწავლეს უჭირს იყოს დისციპლინირებული და დამჯერე. ასეთი ბავშვები უმეტესად იზრდებიან ოჯახებში, სადაც მათ „კერპად” მიიჩნევენ და ყველაფრის უფლებას აძლევენ. თანატოლთა კოლექტივში მოხვედრისას ისინი შესაძლოა აგრესიულნი გახდნენ. საჭიროა, ზედმიწევნით სწორად ავაგოთ მათთან ურთიერთობის წესები, შეზღუდვები, დავეხმაროთ და ვასწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება. აქ მასწავლებელს დიდი ტაქტი მოეთხოვება. შეიძლება ამისთვის იუმორის გამოყენებაც. ასწავლეთ, არ გადააბრალონ თავიანთი დანაშაული სხვებს, იმუშავეთ ემპათიის, სხვების (თანატოლების, უფროსების, ცხოველების, საზოგადოდ, ცოცხალი სამყაროს) მიმართ თანაგრძნობის უნარის განვითარებაზე.

2. აგრესიული და ფხუკიანი ტიპი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ოჯახური აღზრდა ან სწავლის სირთულეები, არამედ, მაგალითად, ზრდისა და განვითარების პრობლებებიც. მაგალითად, ნერვული სისიტემის, საზოგადოდ, ორგანიზმის მომწიფების თავისებურებები, გაძლიერებული მგრძნობელობა, გაღიზიანება და სხვა. ეს ყველაფერი შეიძლება აგრესიის მაპროვოცირებელი გახდეს. დაეხმარეთ მოსწავლეს ფსიქიკური დაძაბულობისგან განტვირთვაში, მაგალითად, ჩართეთ ხმაურიან თამაშში. რაც მთავარია, შეისწავლეთ და შეძლებისაგვარად აარიდეთ თავიდან სიტუაციები, რომლებიც მასში აგრესიას იწვევს.

3. აგრესიული და გამომწვევი ტიპი. თუ მოსწავლე ხშირად უხეშობს თქვენთან, მაგრამ არა ყველასთან, გამოდის, რომ ეს ურთიერთობა ჯანსაღი არ არის – მოსწყინდით თქვენც და თქვენი გაკვეთილიც. არ იცის, როგორ მოიქცეს, აღარ ხართ მისთვის საინტერესო მიბაძვის ობიექტი. იშვიათად ხომ არ ეკონტაქტებით? თვითონაც გულგრილი ხომ არ ხართ მის მიმართ? მოწყენილ მოსწავლეებს სჩვევიათ საკუთარი განწყობილების,  პრობლემებისა და ქცევის მიზეზების სხვებისთვის გადაბრალება. შეეცადეთ, ამ სირთულეს ერთად გაართვათ თავი, მაგრამ არა მის მაგიერ – საკუთარი პრობლემების გადაჭრაში თვითონაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, იკისროს გარკვეული ვალდებულებები და იგრძნოს პასუხისმგებლობა.

4. აგრესიული და მფრთხალი ტიპი. მტრობა და ეჭვიანობა შესაძლოა მოჩვენებითი „თავდასხმის” საფრთხისგან თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებით იყოს გამოწვეული. ამ დროს საგანგებო მუშაობაა საჭირო შიშების დასაძლევად. დაიხმარეთ სკოლის ფსიქოლოგიც, რომელიც იმუშავებს მოსწავლესთან და თქვენც გაგიწევთ კონსულტირებას, როგორ მოიქცეთ, რით დაეხმაროთ დილემის დროს სირთულეების დაძლევაში, მაგალითად, როდესაც სიტუაცია სასურველ-არასასურველის ზღვარზეა, მოსწავლესთან ერთად უზრუნველყოთ მისი მშვიდობიანად დასრულება.

5. აგრესიული და უგრძნობი ტიპი. ზოგიერთ მოსწავლეს ემოცური ინტელექტი შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეს. მათ არ შეუძლიათ თანაგრძნობა, საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობის შეფასება. ისინი არიან ცივები, უგულოები. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ოჯახური აღზრდის ნაკლოვანებები, ინტელექტის განვითარებაში არსებული დარღვევები. სამაგიეროდ, მათ ახასიათებთ გაძლიერებული აფექტური აღგზნებადობა, რომელიც მჟღავნდება მშობლების, მასწავლებლებისა და ახლობლების მიმართ. მოსწავლე  ძლიერ აღგზნებულია ან, პირიქით, საოცრად გულგრილი, უხეშად ექცევა ცხოველებს, ადამიანებს და არ ესმის, რომ მათ ეს წყინთ ან სულაც სტკივათ. შეეცადეთ, იმუშაოთ ისე, რომ მათში ჰუმანური გრძნობები გამოიწვიოთ: შეიცოდეთ და მათ თვალწინ მოეფერეთ ცხოველს, ყურადღება მიაქციეთ მოწყენილ მოსწავლეს და გამოხატეთ მისდამი თანაგრძნობა, დახმარების სურვილი. თუ ეს ყველაფერი არ იმოქმედებს, ასწავლეთ, იკისროს პასუხისმგებლობა – გამოისყიდოს საკუთარი აგრესიული ქცევით გამოწვეული „ცოდვები”, მაგალითად, ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ხელი ჩამოართვას, ათხოვოს ნივთი და ა. შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი