ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აქტივობები ინტეგრირებული გაკვეთილისთვის

,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ (გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“)

ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესში სხვა პედაგოგებთან ერთად, განსაკუთრებული როლი ეკისრება  სამოქალაქო განათლების მასწავლებელს. რა მიმართულებით წარმართავს იგი მხატვრულ ტექსტზე მუშაობას, როგორ გამოიყენებს ამ მდიდარ მასალას, იმ უნარებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც აუცილებლად განსაზღვრავს მომავალში  საზოგადოების განვითარების დონეს.

 

საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის ძირითადი მიზნებია:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
  • ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას;
  • დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება  და გაგაცნოთ, თუ როგორ ვიყენებ  ლიტერატურას სამოქალაქო განათლების ზოგიერთი საკითხის შესწავლის დროს.

მაგალითი  პირველი – IX კლასში როცა პიროვნულ  მახასიათებლებს ვაცნობ  მოსწავლეებს და  ვმსჯელობთ  აქტუალურ საკითხებზე  მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ  ცნობილი მონაკვეთი ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან   და  საკითხის კარგად გააზრებისთვის მოსწავლეთა წყვილებს ვურიგებ წინასწარ მომზადებულ სქემას, რომლის პირველ სვეტში არის გასააზრებელი მონაკვეთი შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან. მოსწავლეთა წყვილებმა ერთობლივად უნდა დაასრულონ   კოგნიტური სქემის შევსება და წარმოადგინონ.

ტექსტის მონაკვეთი მოსწავლის  კომენტარი  დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეიძლება შეფასდეს  – რა უნდა ექნა ლუარსაბს?
,,მართალი ხარ ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, ესეც კარგია, უარარაობას ეგა სჯობია, მაგრამ ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?“    

 

მოსწავლეთა წყვილების შესრულებული  სამუშაოების პრეზენტაციების შემდეგ, შეჯამების სახით   ვახსენებ მოსწავლეებს, რომ ადამიანის უმთავრესი ფუნქციაა ღმერთისკენ, სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და ვახსენებ   ილიას  შემდეგ სიტყვებს:   კაცი არ არის ადამიანი, თუ იგი თავისი ცხოვრებით არ ეცდება იყოს  სრულქმნილი და სრულყოფილი“, ვთხოვ პერიფრაზს და ამავდროულად ვთხოვ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება, რამდენად მნიშვნელოვანია  დღესაც თითოეული ადამიანისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის   თვითგანვითარებაზე და პიროვნულ ზრდაზე ზრუნვა.

მაგალითი მეორე   IX კლასში როდესაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ვიხილავ თემას- ადამიანი და თავისუფლება,  მოსწავლეებს ვახსენებ ვაჟა – ფშაველას პუბლიცისტურ წერილს „რას ჰქვიან  თავისუფლება?“

 ვთხოვ  მოსწავლეებს  უპასუხონ კითხვებს:

  • როგორ ხსნის ვაჟა თავისუფლების არსს?
  • რა არის მონობაში აღზრდილი, გაუნათლებელი საზოგადოების ხვედრი?
  • როგორ გესმით: ,,თავისუფლება უნდა იყოს საერთო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა?’’
  • როგორ ახსნით ვაჟას აზრს-„კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი?’’
  • ,,რითი იზღუდება თავისუფლება?

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  მოსწავლეებს   ვახსენებ  ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას ,,მონა“ და ეზოპეს ისტორიას. მონას არ უყვარს თავისუფლება, მეტიც ეშინია მისი:

– რა ვუყოთ! იბრძოლე, განთავისუფლდები.

– მე სუსტი ვარ.

– თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს.

– არ მაქვს იმედი….

…..

– მონობაზე უარესი რაღა იქნება?

– სიკვდილი. შიმშილი.

– მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა. ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

 

ტექსტების წაკითხვის შემდეგ ვიყენებ აქტივობას-,, კიპა”, რომლის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან  კითხვებსა და პასუხებს შორის არსებულ კავშირს ტექსტთან მიმართებაში. ვაკრავ წინასწარ მომზადებულ ფორმატზე გამოსახულ „კიპას“ სქემას დაფაზე და ინდივიდუალურად ვურიგებ სქემის ფურცლებს ბავშვებს. მათ მკაფიოდ განვუმარტავ, რომ კონკრეტულ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებსა და პასუხებს შორის დამოკიდებულება  შეიძლება იყოს ორგვარი: ზოგჯერ პასუხები ტექსტშია, ზოგჯერ-არა.

კითხვა-პასუხები ოთხი კატეგორიის მიხედვით  მაქვს დალაგებული: ,,იქვე, ტექსტში,“ ,,იფიქრე და მოიძიე,“ ,,ავტორი და მე“, ,,მე თვითონ“.

,, იქვე ტექსტში“- ამ კატეგორიის შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეს არ სჭირდება პასუხის სიღრმისეული გააზრება და დასკვნების გამოტანა. მაგალითად: მოსწავლეს ვთხოვ, ამოიკითხოს, რას  პასუხობს მონა , როცა მას ბრძოლისკენ მოუწოდებენ? ან ,,რას სთხოვს ქსენფსს ეზოპე?

,,იფიქრე და მოიძიე „ -ამ ტიპის კითხვებზე მუშაობის დროს მოსწავლეებს მოუწევთ ტექსტების სხვადასხვა მონაკვეთში მოცემული ინფორმაციის მოძიება და დაკავშირება.-როგორ გამოიყურება ეზოპე ფიზიკურად და როდის ,, შეესიტყვა“  იგი  პატრონს?“

საინტერესო კატეგორიაა  ,,ავტორი და მე“- ინფორმაცია , რომელიც ტექსტში მოცემული  არ არის და უფრო ნაგულისხმევია.

,,მე თვითონ“ – ამ კატეგორიის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია მოსწავლის წინარე გამოცდილება და დამოუკიდებლად ფიქრის უნარი. ,,უნდა იბრძოლოს ადამიანმა თავისუფლებისათვის?“ ,,თავისუფლება ჯილდოა ღმერთის მიერ ბოძებული, თუ დიდი ტვირთი?“ ,,ეზოპეს პოზიცია მოგწონს თუ  მონას ეთანხმები?“ -გაიმართება საკლასო დისკუსია.

სხვადასხვა კატეგორიის კითხვები და დისკუსია მეხმარება საკითხის კომპლექსურ განხილვასა და  შეჯამებაში. ხდება წაკითხულის გაგება , გააზრება, ანალიზი, შედარება, საკუთარი აზრის გამოხატვა  და საკომუნიკაციო უნარების განვითარება..

 

მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანის გვერდით, თავისუფლებისმოყვარე ეზოპეს ისტორიის განხილვა, მოსწავლეებს  საშუალებას აძლევს, გააკეთონ გააზრებული არჩევანი. შეადარონ ერთმანეთს უბედური, უიმედო, მშიშარა, პესიმისტი, შემგუებელი, სხვაზე დამოკიდებული მონა და ბედნიერი, უშიშარი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტი, მებრძოლი, იმედიანი, თავისუფალი ადამიანი და რაც მთავარია, მიღებული ცოდნა დაუკავშირონ პრაქტიკას და დასვან კითხვა – როგორი თვისებების მქონე ადამიანი სჭირდება საზოგადოებას?

მხატვრული ლიტერატურის გამოყენება სამოქალაქო განათლების გაკვეთილს  უფრო  მეტ ხალისსა და ინტერესს სძენს, ლიტერატურა მოსწავლეებს აძლევს  მასალას – განსჯისა და განხილვისთვის, ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს, მის შრომას, დარდსა და ბრძოლას განსაცდელთან. ხელს უწყობს მოსწავლეებში სოციალური  ჩვევების ჩამოყალიბებას, ტრანსფორმაციის უნარის განვითარებას. რაც, საბოლოოდ, დაგვეხმარება გრძელვადიანი მიზნის – აქტიური და განათლებული მოქალაქეების ჩამოყალიბების  განხორციელებაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • ბესელია ნინო, ბოკერია ნინო, მაკა კორძაძე –  სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო   2011წ.

 

ილია ჭავჭავაძე-,,კაცია- ადამიანი?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი