ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 საბჭოთა პერიოდის საბავშვო პერიოდიკა – პროპაგანდა ბავშვობიდან

ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით გააქტიურდა საბავშვო ლიტერატურის „კრიტიკა“, უკონტექსტო ამონარიდების სოციალურ ქსელში ფრიალი, ავტორთა ლანძღვა, დამუნათება, ზოგჯერ შეურაცხყოფაც კი.  ამ ამბებმა დამაფიქრა, მაინც რა არის და რა გვგონია საბავშვო ლიტერატურა? რა მოთხოვნებს ვუყენებთ მას, რა გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა წაიკითხონ? მორალით გატენილი უსაშველო ლექსები სამშობლოსა და კარგ ყოფა-ქცევაზე? საერთოდ, რატომ ვუკითხავთ ბავშვებს? იმისთვის, რომ გავართოთ, შემეცნების ახალ გზას ვაზიაროთ თუ  დიდური ჭეშმარიტებები ვასწავლოთ?

ცოტა ხნის წინ, საბავშვო ლიტერატურასთან დაკავშირებულ ერთ პროექტზე მუშაობისას ქართულ საბავშვო პერიოდიკას გავეცანი. განსაკუთრებით ერთს – ყველაზე საყვარელს, პოპულარულს, ძვირფასს, დაუვიწყარს – დიახ, დიახ, სწორედ „დილას“, რომლის ლოდინიც ჩვენი საბავშვო რიტუალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

დღესაც მახსოვს ყველა ნომრის ყდა, ტექსტები, ილუსტრაციები, თავსატეხები, დრო გადიოდა „დილიდან“ „დილამდე“. თანდათან ჟურნალმა ეს ფუნქცია დაკარგა და პრინციპში, უნდა ვაღიაროთ, არც ხარისხია უწინდელი. მაგრამ ახლა ამაზე არ მსურს ლაპარაკი.

აღმოჩნდა, რომ თითქოს ისეთი უვნებელი და წმინდა რამ, რაც საბავშვო ლიტერატურაა, თურმე ისეთივე მძლავრი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს საბჭოთა პროპაგანდისათვის, როგორც, ვთქვათ  საბჭოთა ფილმები, მითები სტალინის შესახებ, პროპაგანდისტული ლექსები, აფიშები, საინფორმაციო გამოშვებები და სხვა.

საბჭოთა წყობილების დამყარების პირველ წლებში „დილა“ განსაკუთრებით „გაწითლებულია“, აღარ ვსაუბრობ სხვა, გამოკვეთილად საბჭოთა სახელწოდებების მქონე ჟურნალებზე, როგორიცაა „პიონერი“ ან „ოქტომბრელი“.

თანდათან ეს ხმამაღალი ლოზუნგები და ცალსახა „სიწითლე“ ცოტათი მკრთალდება, როგორც ჩანს, სისტემა „დაჭკვიანდა“ და მიხვდა, რომ ხმამაღალ, ულტრაკომუნისტურ ტექსტებს შეფარული, სიკეთის ტყავში გახვეული ნაწარმოებები ჯობია. ახლაც ასე არაა? ზედმიწევნით ნაციონალისტურ გვერდებსა თუ გაზეთებს თითქოს თვალს ვარიდებთ, არ ვუჯერებთ, თუმცა მათი შხამი მაინც გვეწვეთება მეხსიერებაში.

ლექსები ლენინსა და სტალინზე, საყვარელ პარტიაზე, ბელადებსა და იდეოლოგიებზე ამ იდეოლოგიებს თან მიჰყვებიან, თუმცა მათი კვალი ისეთი ძლიერია, რომ არ მიკვირს, რატომ ვერ დააღწია საბჭოთა აზროვნებას თავი ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ჩანს, მეტისმეტად  ბევრი რამ გვაქვს ბავშვობაში წაკითხული და გულში ჩარჩენილი.

ვფურცლავ „დილას“ და ჩემი საყვარელი ავტორების გვერდით ან იმავე საყვარელი ავტორების ტექსტებში  ხალხისა თუ ქვეყნის „მტრის“ საინტერესო სახეებს ვპოულობ. ბოროტი კაპიტალისტი, რომელიც აფროამერიკელ ბავშვებს ზღვაში ბანაობის უფლებას არ აძლევს; ბოროტი კაპიტალისტი, რომელიც მუშის შვილებს განათლების უფლებას ართმევს; ბოროტი კაპიტალისტი, რომელიც მხოლოდ კაპიტალის დაგროვებაზე ზრუნავს. ბედნიერი, აყვავებული, ფერადი ქვეყანა, სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს, პიონერთა თუ ოქტომბრელთა რაზმები,  მთიდან ბარში ჩამოსული ადამიანებისა და ინდუსტრიული ქალაქების ისტორიები, კეთილი საბჭოთა ჯარისკაცისა და ბოროტი გერმანელის დიქოტომია, „მტრების გულის მოსაკლავად“ და „პარტიის გასახარებლად“ დაწერილი ლექსები და მოთხრობები.

პროპაგანდა განსაკუთრებით საშიში მაშინაა, როცა ისეთ ხარისხიან, მრავალფეროვან, საგულდაგულოდ დაგეგმილ და აწყობილ რესურსს იყენებს, როგორიც ლიტერატურული ჟურნალი „დილაა“.

ვფურცლავ ჩემი მშობლების ბავშვობას და კიდევ ერთხელ ვუმეორებ ჩემს თავს, საბავშვო ლიტერატურა უნდა იყოს შორს ყოველგვარი პროპაგანდისგან, უფროსები თავიანთი დამოკიდებულებებითა და იდეოლოგიებით არ უნდა ერეოდნენ საბავშვო წიგნებში, საბავშვო ლიტერატურა უნდა იყოს ისეთივე უნივერსალური და ყველასთვის გასაგები, როგორიც ბავშვობის მონატრებაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი