პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თომას გორდონი – როგორ ავიცილოთ კონფლიქტი საკუთარი თავის შეცვლით

ერთ–ერთი კონცეფცია, რომელსაც მშობლებს კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ვთავაზობთ, თვით მათი დამოკიდებულების ცვლილებაა. ამ მოსაზრების ბოლოს შეთავაზებას თავისი გამართლება აქვს: მშობელი შესაძლოა შეშინდეს, თუკი ვეტყვით, რომ ზოგჯერ სწორედ მას სჭირდება შეცვლა და არა შვილს. მშობელთა უმრავლესობისთვის ბევრად იოლია ბავშვის ან გარემოს შეცვლის ნებისმიერი ახალი მეთოდი აითვისოს, ვიდრე აღიაროს, რომ თვით მას სჭირდება ცვლილება. 

მშობლობა ჩვენს საზოგადოებაში ძირითადად განიხილება, როგორც ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე და არა მშობლის ზრდასა და განვითარებაზე ზემოქმედების გზა. ძალზე ხშირად მშობლობა შვილების „გაზრდას” ნიშნავს; სწორედ ისინი უნდა მოერგონ მშობლებს. არსებობენ პრობლემური შვილები, მაგრამ არ არსებობენ პრობლემური მშობლები. გავრცელებული შეხედულებით, არც მშობლისა და შვილის პრობლემური ურთიერთობა არსებობს. 

ნებისმიერმა მშობელმა იცის, რომ მეუღლესთან, მეგობართან, ნათესავთან, უფროსთან ან თანამშრომელთან ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა თუკი თვითონ არ შეიცვლება, ვერ შეძლებს სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებას. ყველას გამოგვიცდია კონკრეტული ადამიანის ქცევის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ცვლილება – უფრო შემგუებელი გავმხდარვართ ამ ადამიანის მიმართ, რადგან შევძელით შეგვეცვალა საკუთარი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ. გავიხსენოთ ასეთი მაგალითი: შესაძლოა, ნაწყენი ხართ მეგობრის ჩვევად ქცეული დაგვიანების გამო. წლების შემდეგ ამ ქცევას ეგუებით და, შესაძლოა, ხუმრობთ კიდეც ამ თემაზე. უკვე აღარ გწყინთ; იღებთ ამას, როგორც მეგობრის ერთ–ერთ თავისებურებას. მისი ქცევა არ შეცვლილა, შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ. თქვენ მოერგეთ, თქვენ შეიცვალეთ. 

სწორედ ასევე შეუძლიათ მშობლებსაც შვილის ქცევის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

დონას დედა უფრო მიმტევებელი გახდა შვილის მოკლე კაბების მიმართ, როცა დაფიქრდა და გაიხსენა საკუთარი ცხოვრების ის პერიოდი მოკლე ქვედაბოლოსა და მაღალყელიანი ჩექმები მოდას რომ მისდევდა და საგონებელში აგდებდა საკუთარ დედას.

რიკის მამა უფრო ახლა უფრო იოლად ეგუება თავისი სამი წლის ბიჭის ჰიპერაქტიურობას, როცა შეესწრო მშობლების მსჯელობას იმის შესახებ, რომ ასეთი ქცევა დამახასიათებელია რიკის ასაკის ბავშვებისთვის.

მშობელმა უნდა გააანალიზოს, რომ შეუძლია შეამციროს მიუღებელი ქცევების რაოდენობა, თუკი თვითონ შეიცვლება – უფრო მიმტევებელი გახდება საკუთარი შვილის და, ზოგადად, ბავშვების ქცევის მიმართ.

ეს არც ისე ძნელია, როგორც გვეჩვენება. მრავალი მშობელი უფრო მიმტევებელი ხდება  ბავშვების ქცევის მიმართ პირველი შვილის მერე და მიმტევებლობის ხარისხი იზრდება შვილების რაოდენობის ზრდასთან ერთად. ასევე სასარგებლოა ბავშვების შესახებ ლიტერატურის კითხვა, აღზრდის შესახებ ლექციის მოსმენა ან სხვადასხვა ინფორმაციის გაცნობა. ბავშვებთან სიახლოვეს, ან ბავშვების შესწავლას სხვების გამოცდილების გაზიარებით, მნიშვნელოვნად შეუძლია მშობლის დამოკიდებულების შეცვლა. შვილის მიმართ მშობლის მიმღეობის გაზრდის უამრავი სხვა გზა არსებობს.
შეგვიძლია თუ არა უფრო მიმტევებელი (შემგუებლები) გავხდეთ საკუთარი თავის მიმართ?

კვლევებით დასტურდება, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ორ ფაქტორს შორის: რამდენად მიმტევებელია მშობელი სხვების მიმართ და რამდენად მიმტევებელია საკუთარი თავის მიმართ. დიდია ალბათობა, რომ ადამიანი, რომლისთვისაც მისაღებია საკუთარი პიროვნება, მიმღეობას გამოავლენს სხვების მიმართაც. თუკი ადამიანისთვის მიუღებელია საკუთარი პიროვნების მრავალი ასპექტი, უჭირს სხვების მიმართ მიმტევებლობაც.
მშობელმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „მომწონს თუ არა საკუთარი თავი? რამდენად მომწონს?”

თუკი ამ კითხვაზე გულახდილი პასუხი მიანიშნებს მშობლის მიერ საკუთარი პიროვნების მიუღებლობას, მაშინ მან აუცილებლად უნდა გადახედოს თავის ცხოვრებას და იპოვოს ის გზები, რომელიც საკუთარი მიღწევებით კმაყოფილების განცდაში დაეხმარება. მაღალი მიმღეობისა და საკუთარი თავის პატივისცემის მქონე ადამიანები, ზოგადად, პროდუქტიულები და წარმატებულები არიან, ისინი ახერხებენ საკუთარი პოტენციალის აქტუალიზაციას, წინსვლას, ქმედითობას.

როცა მშობელი საკუთარ მოთხოვნილებებს დამოუკიდებელი ნაყოფიერი ძალისხმევით იკმაყოფილებს, არა მხოლოდ ლმობიერია საკუთარი თავის მიმართ, არამედ არც შვილების ქცევით მოგვრილი დამატებითი კმაყოფილების ძიება სჭირდება. მათ არ სჭირდებათ, რომ შვილები მათ მიერ შემუშავებულ რომელიმე სტანდარტს შეესაბამებოდნენ. მშობელი, რომელიც საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით გამოირჩევა, რასაც მისივე დამოუკიდებელი მიღწევების მყარი საფუძველი აქვს, მეტი მიმღებლობით ხასიათდება საკუთარი შვილებისა და მათი ქცევის მიმართ.  

მეორე მხრივ, თუ მშობელი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით და არ სცემს პატივს საკუთარ თავს, იძულებულია ზედმეტად დაეყრდნოს სხვების მიერ მისი შვილების შეფასებას. მისთვის მიუღებლები არიან საკუთარი შვილები, განსაკუთრებით, მათი ის ქცევები, რომლებიც სხვების თვალში მას ცუდ მშობლად წარმოაჩენს. 

 მშობლისთვის, რომელიც ამგვარ „ირიბ თვით აღიარებას” ეყრდნობა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ შვილები გარკვეულ „მისაღებ” ქცევას ახორციელებდნენ. რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელი იქნება და უკმაყოფილებას არ დამალავს, თუკი შვილების ქცევა გადაიხრება სტანდარტულისაგან. 

სკოლაში წარჩინებული, სოციალურად წარმატებული, ფიზიკურად ჯანსაღი და ა.შ., ანუ „კარგი შვილების” აღზრდა მრავალი მშობლისათვის მაღალი სოციალური სტატუსის სიმბოლოდ იქცა. მათთვის „აუცილებელია” შვილებით სიამაყე; მათთვის აუცილებელია, შვილები ისე იქცეოდნენ, რომ სხვების თვალში კარგი მშობლები გამოჩდნენ. გარკვეულწილად, მრავალი მშობელი შვილს საკუთარი მნიშვნელოვნებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად იყენებს. როცა მშობელს მნიშვნელოვნებისა და თვით შეფასებისთვის სხვა წყარო არ გააჩნია, რაც სამწუხარო ჭეშმარიტებაა მრავალი მშობლის შემთხვევაში, რომელთა ცხოვრება „კარგი” შვილების აღზრდით შემოიფარგლება, ის უნებურად ხდება შვილების ქცევაზე დამოკიდებული – ის მუდამ დარდობს, მისთვის მუდამ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ შვილების ქცევა რომელიმე კონკრეტულ სტანდარტს შეესაბამებოდეს.
ვისი შვილები არიან?

მრავალი მშობელი წინასწარგანსაზღვრული შაბლონის შვილის ფორმირების ძალისხმევას შემდეგი მოსაზრებით ამართლებს: „ბოლოს და ბოლოს ისინი ხომ ჩემი შვილები არიან!” ან „განა მშობელს არ აქვს უფლება იმოქმედოს საკუთარ შვილებზე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის?”

მშობელი, რომელიც შვილს საკუთრებად აღიქვამს და ამის გამო თვლის, რომ აქვს მისი გარკვეულ ყალიბში მოქცევის უფლება, ვერ შეურიგდება ბავშვის იმ ქცევას, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნულ ყალიბს. თუ მშობელი შვილს დამოუკიდებელ და მისგან საკმაოდ განსხვავებულ არსებადაც კი მიიჩნევს, რომელიც სულაც არ „ეკუთვნის” მას, უფრო მიმტევებელი იქნება შვილის ქცევის მიმართ, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს რაღაც მოცემული ნორმა, რომლიდანაც გადახრა საშიშია. ასეთი მშობელი მეტად არის მზად აღიაროს შვილის უნიკალურობა, ის უფლებას აძლევს ბავშვს გახდეს ის და ისეთი, როგორიც შეუძლია გახდეს გენეტიკურად. 

მიმღები მშობელი საშუალებას აძლევს შვილს შეიმუშაოს საკუთარი ცხოვრებისეული „პროგრამა”; ნაკლებად მიმღები თვლის, რომ საჭიროა შვილის ცხოვრება საკუთარი ცხოვრების მიხედვით (შესაბამისად) დააპროგრამოს.

მრავალი მშობელი შვილს „თავის გაგრძელებად” მიიჩნევს. ამის გამო ის ზედმეტი მონდომებით ცდილობს ხოლმე შვილზე ზეგავლენას – შვილი კარგი უნდა გახდეს მისი მოდელის მიხედვით ან გახდეს ისეთი, როგორადაც გახდომა, სამწუხაროდ, თვით მშობელმა ვერ შეძლო. თანამედროვე ჰუმანისტი ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ „თვითმყოფადობის” (ავტორი იყენებს სიტყვა separateness. ვფიქრობდით გვეთარგმნა ეს სიტყვა, როგორც „განცალკევებულობა” ან „მყოფობა”, თუმცა საბოლოოდ „თვითმყოფადობაზე” შევჩერდით. მთარგმნ. შენიშვნა.) შესახებ. კვლევები ადასტურებს, რომ ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობებში ერთი ადამიანი მეორეს თვითმყოფადობის უფლებას აძლევს. რაც უფრო ძლიერია ამგვარი განცალკევებულობის, თვითმყოფადობის განწყობა–დამოკიდებულება, მით უფრო ნაკლებია სხვისი შეცვლის საჭიროება, სხვისი უნიკალურობის მიმართ შეურიგებლობა, სხვისი განსხვავებული ქცევის მიუღებლობა.

ოჯახებთან ან P.E.T. ჯგუფებში მუშაობისას ხშირად მჭირდება ხოლმე მშობლებისთვის შეხსენება: „თქვენს შვილს სიცოცხლე თქვენ მიეცით, ახლა მიეცით უფლება გამოიყენოს. საშუალება მიეცით გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს სიცოცხლე, რომელიც მიეცით”. ჯუბრან ხალილ ჯუბრანმა ეს არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა თავის „წინასწარმეტყველში”:

„თქვენი შვილები თქვენები არ არიან.
ისინი თვით სიცოცხლის სწრაფვის ვაჟები და ქალიშვილები არიან.
ისინი თქვენი საშუალებით, მაგრამ არა თქვენგან მოევლინენ,
მართალია თქვენთან არიან, მაგრამ თქვენ არ გეკუთვნიან.
შეგიძლიათ მისცეთ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა თქვენი ფიქრები, 
რამეთუ მათ საკუთარი ფიქრები აქვთ…
შეგიძლიათ ესწრაფოდეთ დაემსგავსოთ მათ, მაგრამ არ ეცადოთ ისინი დაიმსგავსოთ.
რამეთუ ცხოვრება უკუსვლით არ მიედინება და არც გუშინდელზე ყოვნდება”.

მშობელს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა და მისთვის მიუღებელი ქცევების რაოდენობის შემცირება, თუკი ემახსოვრება, რომ მისი შვილები მისები კი არ არიან, მისი გაგრძელება კი არ არიან, არამედ თავისთავადი, უნიკალური ადამიანები არიან. ბავშვს აქვს უფლება გახდეს ის, რაც შეუძლია გახდეს და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განსხვავებული იქნება მშობლისაგან ან მშობლის მიერ შემუშავებული წინასწარი ყალიბისაგან. ეს მისი განუყოფელი უფლებაა.   
ნამდვილად გიყვართ თუ არა ბავშვები, თუ მხოლოდ მათი განსაზღვრული ტიპი?

ვიცნობ მშობლებს, რომლებიც ქადაგებენ ბავშვების სიყვარულს, თუმცა საკუთარი ქცევით ცხადყოფენ, რომ მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ბავშვები უყვართ. მამა, რომლისთვისაც ღირებულია ადამიანის ფიზიკური მონაცემები, ხშირად უგულებელყოფს შვილს, რომლის ინტერესები და უნარები შორს არის სპორტისაგან. დედამ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ფიზიკური სილამაზე, შესაძლოა უარყოს ქალიშვილი, რომელიც არ შეესაბამება ქალის მშვენიერების კულტურულ სტერეოტიპს. ის მშობლები, რომელთა ცხოვრებას მუდამ ალამაზებდა მუსიკა, ხშირად არ მალავენ იმედგაცრუებას თავიანთი არა მუსიკალური შვილის გამო. მშობლებმა, რომლებიც აკადემიურობასა და ნაკითხობას აფასებენ, შესაძლოა გამოუსწორებელი ემოციური ზიანი მიაყენონ შვილს, რომელსაც გონების ეს განსაკუთრებული წყობა არ აღმოაჩნდა.

შვილის გაცილებით ცოტა ქცევა იქნება მშობლისთვის მიუღებელი, თუკი გააცნობიერებს, რომ სამყაროში ბავშვთა უსასრულო მრავალფეროვნება არსებობს და ასევე უსასრულოდ მრავალფეროვანია მათ მიერ ასარჩევი გზები. სამყაროს სიდიადე და სიცოცხლის სასწაული სწორედ სიცოცხლის ფორმების ამ უსასრულო მრავალფეროვნებაშია.
ხშირად ვეუბნები ხოლმე მშობლებს: „ნუ მოისურვებთ, შვილი რაღაც კონკრეტული გახდეს; უბრალოდ ისურვეთ, გახდეს”. ამგვარი მიდგომით მშობელი შვილის მიმართ თანდათან უფრო მიმღები და მისი ჩამოყალიბების („გახდომის”) ხალისიანი და აღტაცებული დამკვირვებელი გახდება.
ნუთუ მხოლოდ თქვენი ფასეულობები და შეხედულებებია ჭეშმარიტი?

ცხადია, მშობლები შვილებზე უფროსები და გამოცდილები არიან, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კონკრეტული გამოცდილება ან ცოდნა ჭეშმარიტების განსაკუთრებულ უფლებას აძლევთ ან საკმარის სიბრძნეს მატებს განსაჯონ, რა არის კარგი და ცუდი. „გამოცდილება კარგი მასწავლებელია”, თუმცა, ის ყოველთვის ვერ გვასწავლის, რა არის სწორი; ცოდნა სჯობია უცოდინრობას, მაგრამ მცოდნე ყოველთვის არ არის ბრძენი.

მუდამ მაოცებდა ის ფაქტი, რომ შვილებთან პრობლემური ურთიერთობის მქონე ბევრ მშობელს მეტისმეტად მტკიცე და ურყევი შეხედულებები ჰქონდა კარგისა და ცუდის შესახებ. გამოდის, რაც უფრო დარწმუნებულია მშობელი თავისი ფასეულობებისა და შეხედულებების სისწორეში, მით მეტად ცდილობს მოახვიოს ისინი შვილს (და არამარტო მას). ასევე ცხადია, რომ ასეთი მშობლისთვის მიუღებელი იქნება ის ქცევები, რომლებიც არ შეესაბამება მისეულ ფასეულობებსა და შეხედულებებს.

როცა მშობლის ფასეულობათა და შეხედულებათა სისტემა მეტი მოქნილობით, კომპრომისულობით, ცვლილების უნარით, ნაკლები რადიკალურობით გამოირჩევა, ის უფრო მიმღებია საკუთარი ფასეულობებისა და შეხედულებების შეუსაბამო ქცევის მიმართ. ჩემი დაკვირვებით, ასეთი მშობელი ნაკლებად ცდილობს საკუთარი სტანდარტების მოხვევას შვილებზე, მათ „გამოძერწვას” წინასწარ შექმნილი ყალიბის მიხედვით. მას ეადვილება შვილის გადაპარსული ტავის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანს თავისთვის არ ამართლებს; უფრო ადვილად იღებს სექსუალური ქცევის მოდელის ცვლილებას, ჩაცმის განსხვავებულ სტილს ან სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ამბოხს. ეს ის მშობლები არიან, რომლებმაც აღიარეს ცვლილებების გარდაუვალობა – „ცხოვრება უკუსვლით არ მიედინება და არც გუშინდელზე ყოვნდება”, რომ აუცილებელი არ არის, ერთი თაობის შეხედულებები და ფასეულობები მეორემაც გაიზიაროს, საზოგადოებას სრულყოფა სჭირდება, ზოგიერთი რამ მტკიცედ უნდა გავაპროტესტოთ, ირაციონალური და რეპრესიული ხელისუფლება იმსახურებს შეუპოვარ წინააღმდეგობას. ასეთი განწყობის მქონე მშობლისთვის შვილების ბევრი ქცევა გასაგები, გამართლებული და გულწრფელად მისაღებია.  
 
ვისთან ურთიერთობაა პირველხარისხოვანი?

ბევრი მშობლისთვის შვილებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეუღლესთან. განსაკუთრებით დედები მიიჩნევენ შვილებს იმ სიხარულისა და კმაყოფილების წყაროდ, რომელიც, წესით, საქორწინო ურთიერთობებიდან უნდა მომდინარეობდეს. დიდი ინვესტიცია მშობელი–შვილის ურთიერთობებში ხშირად განაპირობებს მიდგომას: „პირველ რიგში, შვილები”, „მსხვერპლშეწირვა შვილებისთვის” და იმედების დამყარებას, რომ „შვილებს ყველაფერი კარგად ექნებათ”. ასეთი მშობლისათვის შვილის ქცევა მეტისმეტად ბევრს ნიშნავს, სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება. მშობელი თვლის, რომ შვილს მუდმივად უნდა უთვალთვალოს, მართოს, უხელმძღვანელოს, აკონტროლოს, განსაჯოს, შეაფასოს. ვერ წარმოუდგენია, შვილს შეცდომის ან ცხოვრებისეული მარცხის უფლება მისცეს – შვილი უნდა დაიცვას მარცხის მწარე გამოცდილებისაგან, ყველა შესაძლო საფრთხისაგან.

ეფექტურ მშობელს შვილთან უფრო თავისუფალი ურთიერთობა აქვს. მისთვის პარტნიორთან ურთიერთობა უპირველესია. შვილებს მეუღლეების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ, თუმცა არა პირველხარისხოვანი, მეორეხარისხოვანი თუ არა, იმაზე მნიშვნელოვანი მაინც არა, ვიდრე მეუღლესთან ურთიერთობაა. ასეთი მშობლები შვილებს გაცილებით მეტ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აძლევენ. მათ უხარიათ შვილებთან ყოფნა, მაგრამ განსაზღვრულ დროს; მათ არანაკლებ სიამოვნებთ მეუღლესთან ყოფნაც. ინვესტირებას მხოლოდ შვილებში არ ახორციელებენ; ინვესტიციები ქორწინებაზეც ნაწილდება. შესაბამისად, შვილების ქცევა ან მათი მიღწევები მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. ისინი თვლიან, რომ შვილებმა საკუთარი ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თვით ფორმირებისთვის მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. ასეთი მშობელი უფრო იშვიათად უსწორებს შვილს ქცევას და მის აქტივობასაც ნაკლებ ინტენსიურად აკვირდება. ის მუდამ შვილის გვერდით არის, თუკი შვილს სჭირდება, თუმცა არ აქვს შვილის ცხოვრებაში დაუკითხავად ჩარევის ან ზეწოლის მოთხოვნილება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ის შვილს უგულებელყოფს, პირიქით, გულწრფელად ზრუნავს მასზე, მაგრამ უსარგებლო შფოთვის გარეშე. ის ინტერესდება, მაგრამ ცხვირს არ ჰყოფს, სულში არ უძვრება. „ბავშვები ბავშვები არიან”, ასეთია მისი დამოკიდებულება და ამიტომაც უფრო იოლად იღებს შვილს ისეთს, როგორიც არის. ეფექტურ მშობელს ხშირად აკვირვებს შვილის უმწიფარობა და სისუსტე, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. 

ცხადია, ასეთი მშობელი უფრო მიმღებია – შვილის მხოლოდ რამდენიმე ქცევა უფუჭებს გუნებას. მას კონტროლის, შეზღუდვის, მართვის, აკრძალვის, ჭკუის სწავლების, დამოძღვრის ნაკლები მოთხოვნილება აქვს. შეუძლია მეტი თავისუფლება მისცეს შვილს – მეტი თვითმყოფადობა. ზემოხსენებული პირველი ჯგუფის მშობელი ნაკლებად მიმღებია. მისთვის აუცილებელია კონტროლი, შეზღუდვა, ხელმძღვანელობა და ა.შ. რაკი შვილთან ურთიერთობა მისთვის პირველხარისხოვანია, ძლიერი მოთხოვნილება აქვს აკონტროლოს შვილის ქცევა და დააპროგრამოს მისი ცხოვრება.

გამოცდილებამ ნათლად მაჩვენა, რომ მშობელს, რომელსაც მეუღლესთან არასახარბიელო ურთიერთობა აქვს, უჭირს შვილების მიმართ მიმღეობა: მისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია შვილებმა მოუტანონ ის სიხარული და კმაყოფილება, რომელიც ასე აკლია მეუღლესთან ურთიერთობაში. 
შეუძლია თუ არა მშობელს საკუთარი განწყობა–დამოკიდებულების შეცვლა?

შეუძლია თუ არა ამ წიგნს ან P.E.T. კურსებს შეცვალოს მშობლების განწყობა–დამოკიდებულება? შეუძლიათ თუ არა მშობლებს ისწავლონ და გახდნენ უფრო მიმღებები შვილების მიმართ? ადრე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ბევრი პრაქტიკოსის მსგავსად მქონდა სტერეოტიპული შეხედულება, რომლის მიზეზი ჩემი ფორმალური განათლება იყო. გვასწავლიდნენ, რომ ადამიანები დიდად არ იცვლებიან ინტენსიური ფსიქოთერაპიის გარეშე, რომელსაც პროფესიონალი თერაპევტი ხელმძღვანელობს და ეს პროცესი, როგორც წესი, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან კიდევ უფრო დიდხანს გრძელდება.

უკანასკნელ წლებში პროფესიონალი „ცვლილების აგენტების” აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. მრავალი ჩვენგანი ადამიანთა დამოკიდებულებისა და ქცევის არსებითი ცვლილების მომსწრეა. ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციებისა და თერაპიის, თვით დახმარების, წიგნების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგია. პროფესიონალთა უმრავლესობა (და ბევრი მშობელი) აღიარებს მოსაზრებას, რომ ადამიანებს ცვლილების უნარი შესწევთ, თუკი შესაძლებლობას მივცემთ კომუნიკაციისა და კონფლიქტის გადაჭრის უნარების შესახებ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ.

P.E.T. პროგრამის თითქმის ყველა მონაწილე (ისინი, ვინც მეცადინეობებს ესწრებოდნენ და ვინც თვითსწავლას მიმართავდა) აცნობიერებდა, რომ მათ დამოკიდებულებებსა და მეთოდებს სრულყოფა სჭირდებოდა. ბევრმა იცოდა, რომ ვერ დაიკვეხნიდა თავისი პირველი შვილის კარგი მშობლობით; სხვები შფოთავდნენ იმის გამო, რა შედეგს მოუტანდა მათეული მეთოდები შვილებს; ყველამ კარგად უწყოდა, რამდენი ბავშვი გრძნობს თავს მარტოსულად და რამდენი ურთიერთობა ინგრევა მოზარდობის დადგომასთან ერთად.

მშობელთა უმრავლესობა თანახმაა შეიცვალოს – ისწავლოს ახალი, უფრო ეფექტური მეთოდები, თავიდან აიცილოს სხვა მშობლების (ან საკუთარი) შეცდომები და აღმოაჩინოს ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც მას, როგორც მშობელს, საქმიანობას გაუადვილებს. ძნელია, ისეთი ადამიანის მონახვა, რომელსაც არ სურს თავისი შვილებისთვის უკეთესი მშობელი იყოს. 

გასაკვირი არ არის, რომ P.E.T. ჯგუფებში სწავლის გამოცდილებას მშობლის დამოკიდებულებისა და ქცევის არსებითი ცვლილება მოჰყვება ხოლმე. გთავაზობთ ამონარიდებს მშობლების ჩანაწერებიდან და შეფასებებიდან:
„დასანანია, რომ ეს კურსები უფრო ადრე ვერ გავიარეთ, როცა ჩვენი შვილები მოზარდები იყვნენ”.

„ახლა შვილებს ისეთივე პატივისცემით ვეპყრობი, როგორც ჩვენს მეგობრებს”.

„ბედნიერი ვარ, რომ ამ კურსების მსმენელი გავხდი. მეტიც, ვამჩნევ, რომ ჩემი დამოკიდებულება მთლიანად ადამიანთა მოდგმის მიმართ შეიცვალა და უფრო მიმტევებელი გავხდი სხვების მიმართ – ვიღებ მათ ისეთებს, როგორებიც არიან. ეს ადრე არ შემეძლო”.

„ბავშვები მუდამ მიყვარდა, მაგრამ ახლა მათი პატივისცემაც ვისწავლე. P.E.T. პროგრამა მხოლოდ ბავშვის აღზრდას არ ეხება, ჩემთვის ის ცხოვრების წესია”.

„გავაცნობიერე, რამდენად არასათანადოდ ვაფასებდი შვილებს და ვაუძლურებდი ზედმეტი მფარველობითა და კეთილსინდისიერებით. იმ ჯგუფის წევრი ვიყავი, სადაც ბავშვის ქცევა შევისწავლეთ, თუმცა, ამან მხოლოდ გამიმძაფრა დანაშაულის გრძნობა და მაიძულა, ძალ–ღონე არ დამეშურებინა, რომ „იდეალური მშობელი” გავმხდარიყავი.

„ახლა მიჭირს დავიჯერო რამდენად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და როგორ მცირედ მჯეროდა ჩემი შვილების. როცა გავიგე, რომ ისინი ჩემზე ბევრად უკეთ უმკლავდებიან საკუთარ განცდებსა და პრობლემებს, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან. ჩემთვის ცხოვრება დავიწყე. განათლების გაგრძელება გადავწყვიტე და ბევრად უფრო ბედნიერი, თვითკმარი ადამიანი და, შესაბამისად, უკეთესი მშობელი გავხდი”.

ყველა მშობელს არ ძალუძს დამოკიდებულების შეცვლა – შვილების მიმართ მიმღეობის ხარისხის გაზრდა. მათი ნაწილი აცნობიერებს, რომ ქორწინებას არც ერთი მეუღლისათვის ბედნიერება არ მოაქვს და ერთ–ერთი მათგანი (ან ორივე) ვერ შეძლებს კარგ მშობლობას. შესაძლოა იმიტომ ვერ პოულობენ დროსა და ენერგიას შვილებისთვის, რომ მთელი ძალისხმევა მეუღლეთა შორის კონფლიქტის გადაჭრაზეა მიმართული; ზოგჯერ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ შვილების მიმართ მიმღებლობის დეფიციტის მიზეზი მეუღლეების მიერ ურთიერთმიუღებლობაში უნდა ეძებონ.

ზოგიერთ მშობელს უჭირს უარი თქვას იმ დესპოტურ ღირებულებათა სისტემაზე უარის თქმა, რომელიც მემკვიდრეობით ერგოთ თავიანთი მშობლებისაგან და ახლა შვილებთან ურთიერთობაში უსასრულო კრიტიკისა და მიუღებლობის მიზეზი გამხდარა. ზოგს შვილების მიმართ „მესაკუთრის” დამოკიდებულების დათმობა ეძნელება ან ძვალსა და რბილში გამჯდარი შეხედულების უარყოფა, რომ შვილები გარკვეულ „წინასწარ მონახაზს” უნდა შეესაბამებოდნენ. ასეთი დამოკიდებულება ძირითადად იმ მშობლებთან გვხვდება, რომლებიც თავად განიცდიან რომელიმე რელიგიური სექტის დოგმების ძლიერ ზეწოლას. ამ დოგმების მიხედვით მშობელს ეკისრება შვილის მოქცევის ზნეობრივი პასუხისმგებლობა, თუნდაც ძალისმიერი მეთოდებით. მისაღებია ზემოქმედების ისეთი მეთოდებიც, რომელიც დიდად არ განსხვავდება „ტვინის რეცხვისა” და ყოვლისმომცველი კონტროლისაგან.   
იმ მშობლებს, რომელთაც უძნელდებათ თავიანთი სიღრმისეული საბაზო დამოკიდებულებების შეცვლა P.E.T.–ი სხვადასხვაგვარ დახმარებას სთავაზობს – ჯგუფური თერაპიის, საოჯახო ურთიერთობების შესახებ კონსულტაციების, ოჯახური ან ინდივიდუალური თერაპიის სახით. მშობელთა ამ კატეგორიაში იშვიათად შეხვდებით ისეთს, რომელსაც P.E.T.–ის კურსებამდე არ მიუმართავს ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაციისთვის. როგორც ჩანს, ჩვენი პროგრამა მათ თვითშემეცნების პირობებს უქმნის და ცვლილების მოტივსა და სურვილს უჩენს იმ შემთხვევაშიც კი, როცა თვით კურსებს ვერ მოაქვს სასურველი ცვლილება. 

P.E.T. კურსების შემდეგ ზოგიერთი მშობელი გვთხოვს დედებისა და მამების მცირერიცხოვან ჯგუფებში შეხვედრების ორგანიზებას იმ მიზნით, რომ ერთობლივად იმუშაონ დამოკიდებულებებსა და პრობლემებზე, რომელიც ხელს უშლით ახლადნასწავლი მეთოდების გამოყენებაში. ამ „წინმსწრებ ჯგუფებში” მშობლები ძირითადად ცოლ–ქმრულ, საკუთარ მშობლებთან ურთიერთობებზე ან საკუთარ თავთან, როგორც ინდივიდთან დამოკიდებულებაზე საუბრობენ. მხოლოდ ამ წინმსწრებ თერაპიულ ჯგუფებში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე უყალიბდებათ მშობლებს ის ხედვა და შეცვლილი დამოკიდებულებები, რომელიც ახალი მეთოდების ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევთ. ამრიგად, P.E.T. სისტემამ, შესაძლოა, თავისთავად ვერ შეცვალოს ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება, მაგრამ ის აუცილებლად ჩაუყრის საფუძველს ამგვარი ცვლილებების პროცესს ან სტიმულს მისცემს ადამიანს ეძებოს თავისი, როგორც პიროვნების და მშობლის ეფექტურობის გაზრდის გზები. 

ცხადია, ამ წიგნის წაკითხვა ვერ მოიტანს იგივე შედეგებს, რასაც P.E.T. კურსებში მონაწილეობა ან P.E.T.–ის ვიდეო პროგრამა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ თუ კეთილსინდისიერად წაიკითხავთ და შეისწავლით ამ წიგნს, უმრავლესობას წარმოდგენა შეექმნება ბავშვის აღზრდის ჩვენეული ახალი ფილოსოფიის შესახებ. მისი წყალობით ბევრი მშობელი, ალბათ, მიაღწევს კომპეტენციის იმ დონეს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ფილოსოფიის ოჯახში განსახორციელებლად. ნასწავლი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას მკითხველი არა მხოლოდ შვილებთან, არამედ მეუღლესთან, თანამშრომლებთან, მშობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობაშიც შეძლებს.  

გამოცდილება ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობის მქონე შვილების აღზრდა უდიდეს ძალისხმევას, გულმოდგინე შრომას მოითხოვს და არა აქვს მნიშვნელობა სად გავეცნობით ახალ მიდგომებს რომელიმე პროგრამაში მონაწილეობით თუ წიგნის წაკითხვით. თუმცა, არსებობს კი სამუშაო, რომელსაც ძალისხმევა არ სჭირდება?
    
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი