პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ამბები რადიოდან და რადიოს შესახებ

„რადიო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ვასხივებ“ (radius – სხივი). მისი გამოგონების ისტორია ბევრ უცნაურ, საეჭვო, ურთიერთგამომრიცხავ და ბუნდოვან ფაქტს ინახავს.

13 თებერვალს რადიოს საერთაშორისო დღე აღინიშნა და სადაც რამეს წავაწყდი და მოვუსმინე, ყველგან უპირობოდ თანხმდებოდნენ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა ადამიანის გამოგონებათა შორის; რომ იშვიათია ამაზე უფრო იდუმალი, კომფორტული და ინტიმური სივრცე; რომ რადიო ტელევიზიაზე მეტად აღძრავს წარმოსახვას და გაცილებით „ჰუმანურია“ – სწორედ ამ ფანტაზიის, (თვით)გამოხატვის განუსაზღვრელი უფლებით.

ერთ ფორუმზე ვრცელ მსჯელობა-კამათს გადავაწყდი, სადაც რადიოს ისტორიას განიხილავდნენ. იყო ზღვა ინფორმაცია, რომელიც ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, არგუმენტები და კონტრარგუმენტები, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერავინ გადალახა რიტორიკული აზრი, რომ კითხვა „ვინ შექმნა რადიო“ იგივეა, რაც კითხვა „ვინ შექმნა კოსმოსი“.

დიახ, რადიოს შექმნაზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამიანი მუშაობდა.

ელექტრომაგნიტური ტალღები პირველად 1887 წელს ლაბორატორიულ პირობებში მიიღო გერმანელმა ჰაინრიხ ჰერცმა, მაგრამ მისი გადამცემიც (ჰერცის ვიბრატორი) და მიმღებიც (რეზონატორი) ძალიან შორს იყო იმისგან, რასაც რადიოგადამცემი და რადიომიმღები წარმოადგენს. მათ შორის კავშირი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილზე მყარდებოდა, რაც რეზონატორის ბოლოებს შორის ძნელად შესამჩნევი ნაპერწკლების გაჩენით გამოიხატებოდა.

ჰერცის ვიბრატორის მთავარი ნაკლი, ცუდი მგრძნობიარობა, აღმოფხვრა ფრანგმა ედუარდ ბრანლიმ. 1890 წელს მან აღმოაჩინა, რომ ლითონის ფხვნილის ელექტრული წინაღობა მკვეთრად მცირდება ელექტრომაგნიტური ტალღებით ზემოქმედებისას. ასეთნაირად შეიქმნა „კოჰერერი“ – ელექტრომაგნიტური ტალღების იმ დროისთვის ყველაზე მგრძნობიარე დეტექტორი, რომლის ბაზაზეც ააგო რუსმა ალექსანდრ პოპოვმა თავისი პირველი რადიომიმღები “ელვააღმნიშვნელი” 1895 წელს.

ზოგ წყაროში რადიოს გამომგონებლად სწორედ პოპოვია დასახელებული, ზოგან კი მარკონი ან ტესლა.

ეს მეცნიერები თავიანთ გადამცემს „ჰერცის ვიბრატორს“ უწოდებდნენ. მიმღებებში პატარ-პატარა განსხვავებები ჰქონდათ. სამივე დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში მოღვაწეობდა და ყოველწლიურად აუმჯობესებდა თავის აპარატს. ხან ერთი ჯობნიდა, ხან მეორე, ხან მესამე. ცხადია, ამ ამბებში სხვებიც იყვნენ ჩართულნი. მათ შორის ქართველიც ერია – ვინმე ნახუცრიშვილი, რომელიც ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა და, როგორც ამბობენ, უნიჭიერესი იყო, დიდი მომავლის პერსპექტივით, მაგრამ მეტისმეტად ახალგაზრდა გარდაცვლილა ტუბერკულოზით. პოპოვი მეფის რუსეთში ცხოვრობდა, მარკონი – ევროპაში. პოპოვს მეფის კანცელარიამ ექსპერიმენტებისთვის სულ რაღაც 50 მანეთი მისცა და თავიდან მოიშორა. მარკონი ამ დროს ლონდონში ჩავიდა, საჭირო ხალხს გაესაუბრა და განახორციელა საუკუნის პროექტი – ლონდონის ბირჟიდან ნიუ-იორკის ბირჟამდე უმავთულო კავშირი დაამყარა. ფულიც იშოვა, სახელიც მოიხვეჭა, ქვეყანასაც გამოადგა. იმ დროს მარკონის ფირმას იგივე ადგილი ეკავა, ახლა ბილ გეიტსს რომ უკავია თავისი „მაიკროსოფტით“. პოპოვი კი სიღარიბეში აღესრულა.

დაბოლოს, რადიოელექტრონიკაში ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება ეკუთვნის ამერიკელ ლი დე ფორესტს. 1907 წელს მან შექმნა ტრიოდი – ელექტროვაკუუმური გამაძლიერებელი მილაკი, როგორც მაშინ უწოდეს – რადიოლამპა.

ხოლო თუ გამომგონებელთა შორის პირველობის საკითხს განზე გადავდებთ და უკვე გამოგონილ მოვლენაზე ვისაუბრებთ, ცხადია, რადიომ ბევრი რამ შეცვალა კაცობრიობის ისტორიაში.

ზღაპრიდან გამოაღწია რწმენამ, რომ ადამიანებს ცხრა მთისა და ზღვის იქიდან ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენა შეუძლიათ. ელექტროტალღებმა მილიონობით ინფორმაცია გადააადგილა, ადამიანები ერთმანეთს თან დააახლოვა, თან დააშორა. ინფორმაციის ზღვაში ომების დაწყების საგანგაშო ამბებმაც გაიელვა…

ახლანდელმა ბავშვებმა, აბა, საიდან უნდა იცოდნენ და ჩემს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ხაზის რადიოს გრილი ბედნიერება ზაფხულის ხვატში ჩამცხარ სოფელში… კედლის გასწვრივ, კაცის სიმაღლეზე ზემოთ, ჩვენგან ხელმიუწვდომლად გადიოდა ეს ჯადოსნური ხაზი, სამ ფრთად გადაწნული მავთულის გრეხილი, საიდანაც უცნაური ხმები იღვრებოდა, ყველაზე მოსაწყენი საინფორმაციო გამოშვებებიც კი ზღაპრულად მოისმოდა, არანამდვილი დამაჯერებლობით, თითქოს ვიღაც მხოლოდ იმისთვის იგონებდა ამ ამბებს, რომ ჩვენთან ელაპარაკა, ვიღაც, ვისაც ათასნაირად წარმოვიდგენდით ხოლმე – ოთახში მარტო მჯდომი კაცი (ან ქალი), ერთადერთი ფისოც რომ კარსიქით ჰყავდა გაგდებული, კნავილით ხელი არ შემიშალოსო, ედგა გვერდით წყალი გამჭვირვალე გრაფინით, კითხულობდა ფურცელზე დაწერილ ამბებს და ამ ამბებს მერე პაწაწინა, უხილავი კაცუნები დააქროლებდნენ უფრო პაწაწინა ფურცლებით მავთულების ვიწრო ლიანდაგებზე, მოდიოდნენ ჩვენამდეც და ამიტომაც გვეჩვენებოდა სრულიად არამოსაწყენი იმ მავთულებიდან გადმოღვრილი ამბები – კაცუნებს ამხელა გარჯას როგორ დავუკარგავდით! ყოველ ბგერას მათი ფეხის მტვრის სიმსუბუქე ჰქონდა!

მახსოვს კედლის რადიოს მოყოლილი მართლა ზღაპრებიც და იშვიათად, მაგრამ მაინც არადედამიწურ ამბებად გადმოღვრილი კლასიკური მუსიკის კონცერტებიც. ბებიამ და ბაბუამ ზეპირად იცოდნენ საათობრივი პროგრამა – რა გადაცემა რის მერე მოდიოდა. ჩვენ ამ რიტმში მხოლოდ ზაფხულობით, სამიოდე თვით ვერთვებოდით.

ბებიას გარდაცვალების მერე ვინ იქნებოდა ბაბუას ყველაზე დიდი მეგობარი, თუ არა რადიო! მისი მარტოობის გამქარვებელი, მისი ზამთრების გამათბობელი!.. ის აბლაბუდაც მახსოვს, მსხვილი ლურსმნებით გაყოფილ მავთულის მონაკვეთებს შორის რომ გააბამდა ხოლმე მოლურჯო ობობა და სულ მიკვირდა, რით არ დაყრუვდა ამდენ ხანს, ეს ყურები პირდაპირ მავთულზე რომ მიუდვია-მეთქი?!

1993 წლის ზაფხულში აფხაზეთის ომში მთლიანად განადგურდა საჩხერის ბატალიონი. ორი თუ სამი ბიჭი გადარჩა მხოლოდ. მე ეს ყველაფერი ერთი კვირით ადრე სიზმარში ვნახე, ოღონდ, ცხადია არც ის ვიცოდი, საჩხერელ ბიჭებს თუ გულისხმობდა ჩემი სიზმარი, არც ის, ამ სიზმარში ტბორად დამდგარი მდინარე სიკვდილს თუ ნიშნავდა…

ეს ამბავი რადიომ გადმოსცა. ბაბუა მივიდა კედელთან, რადიო გამორთო და აღარასოდეს ჩაურთავს.

ზუსტად წლისთავზე ბაბუაც წავიდა სულეთის ქვეყანაში, ჩვენ კი რადიო აღარაფერში გვჭირდებოდა, ეს უცნაური ნივთი ნელ-ნელა უფრო სწრაფმა, მოქნილმა და კომფორტულმა რაღაცებმა ჩაანაცვლა. ან ჩვენ გავიზარდეთ და დავკარგეთ რაღაც, რითაც რადიოს ვუსმენდით ხოლმე, რითაც გვიყვარდა და გვეჯადოსნურებოდა…

ახლაც კედელზე კიდია. ასე გადავწყვიტეთ: ვიდრე ის წინაპრების სახლი დგას, რადიოც სულ ეკიდოს – სიძველისგან გადაცრეცილი, მავთულებჩაჟანგებული, ადამიანის სიმაღლეზე ერთი თავით ზემოთ, ზუსტად თარიღის ასწვრივ.

„1945“ – საგულდაგულოდ ამოკაწრა თავის დროზე ჩემმა დიდმა ბაბუამ ჩვენი სახლის აშენების წელი.

ხსოვნა მაინც ხომაა მარადიული, ზუსტად ისეთივე ელექტროტალღებით დროებს, სივრცეებს გადამცემი, როგორც რადიო.

ადამიანიც ხსოვნის უნარით ფასობს, მარადისობის წინაშე თავს სხვა ვერაფრით გადაირჩენ, ვერ გამოჩნდები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი