ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის უნარები -ნაწილი პირველი

რას წარმოადგენს თვითმართვადი სწავლა?
თვითმართვადი სწავლა არის კომპლექსური და მრავალმხრივი საქმიანობა, რომლის დროსაც „აქტორს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – რა, როდის, რა დროში, როგორ და რისთვის უნდა ისწავლოს” (Weinert. F. E., 1982, Selbsgesteuertes Lernen als Voraussetzung, Methode und Ziel des Unterrichts. Unterruchtswissenschaft).
სხვა განმარტებით, თვითმართვადი სწავლა არის საკმაოდ კომპლექსური პროცესი, როდესაც „შემსწავლელს უნარი შესწევს, სხვისი დახმარებით ან დაუხმარებლად დაადგინოს თავისი სასწავლო მოთხოვნილებები და საჭიროებები, მოახდინოს საკუთარი სასწავლო მიზნების ფორმულირება, შეძლოს სწავლისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება, აირჩიოს და გამოიყენოს სწავლის შესაბამისი სტრატეგიები და ბოლოს შეაფასოს სწავლის შედეგები” (Knowles M. (1980) Self-directed learning. A guide for learners and teachers. 4-th edition. Englewood Cliffs: Prentice Hall).
აქედან გამომდინარე, რა უნარებს უნდა ფლობდეს დამოუკიდებლად შემსწავლელი?
მას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება:
·სასწავლო მიზნის შესახებ (რისთვის? რა მიზნით?);
·შინაარსის შესახებ (რა?);
·სასწავლო რესურსების შესახებ;
·დროითი ასპექტების შესახებ (როდის? რა დროში?);
·მეთოდური ასპექტების შესახებ (როგორ?);
·სასწავლო მიზნების მიღწევის შეფასების შესახებ (რას მივაღწიე?);
·შეფასების შედეგების გათვალისწინებით სწავლის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის შესახებ (რა უნდა გავაუმჯობესო?).
რატომ არის მოსწავლეთა თვითმართვადი სწავლის უნარების განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი?
1. თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, კულტურული და სოციალური ცვალებადობა მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას, ამიტომ სკოლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს უნარები, რომლებიც დამოუკიდებელ სწავლას უწყობს ხელს.
2. თვითმართვადი სწავლისადმი ასეთი ინტერესი განპირობებულია მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლით.
3. სწავლა ინდივიდუალურად აქტიური პროცესია. სწორედ თვითმართვადი სწავლა ავითარებს ინდივიდუალური სწავლის უნარებს.
4. უნარი, თავად იყო პასუხისმგებელი სწავლის ამა თუ ასპექტზე, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ყველა საფეხურზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტებისა და ზრდასრულთა განათლების ჩათვლით.
რა არის თვითმართვადი თვითმართვად სწავლაში?
„როცა ვლაპარაკობთ უნარზე, ვისწავლოთ დამოუკიდებლად, საქმე ეხება არა „არაფერს”, ანუ სრულ უუნარობას, მართო და აკონტროლო საკუთარი სწავლა, ან „ყველაფერს”, ანუ უნარს, ყოველივე ეს სხვის დაუხმარებლად აკეთო, არამედ კონტინიუმს, რომელიც ამ ორ ექსტრემს შორის იშლება” (Simons P.R.J., 1992, Lernen, selbstständig zu lernen-ein Rahmenmodell). თვითმართვადი სწავლის დროს სასწავლო პროცესი მიმართული უნდა იყოს როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი აქტივობისკენ, ისე სხვათა (მასწავლებელთა, თანატოლთა, მშობელთა) დიდაქტიკური ქმედებისკენაც. ეს ხელს არ უშლის მოსწავლეთა ავტონომიას, თუ ეს მეთოდური თანადგომა სწორად არის წარმართული.
თვითმართვადი სწავლის რეალიზებას მივყავართ მასწავლებლის როლის აშკარა ცვლილებისკენ – ავტორიტარიდან ფასილიტატორისკენ. დასავლეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევა ცხადყოფს, რომ მასწავლებლები, რომლებიც წარმატებას აღწევენ საკუთარი მოსწავლეების თვითრეგულირებად შემსწავლელებად ჩამოყალიბებაში, გამოირჩევიან საგნის ღრმა ცოდნით, მეთოდური კომპეტენციით, დიდი მონდომებით, რუდუნებით, თანმიმდევრულობით, ანალიზისა და შეფასების უნარით და, რაც მთავარია, მოსწავლეებთან თანამშრომლობით.
რა მოთხოვნებს გვიყენებს თვითმართვადი სწავლა?
ეს მოთხოვნები სხვადასხვა ავტორის მიერ უფრო ფართო ან უფრო ვიწრო პროფილებად არის კლასიფიცირებული, მაგრამ ნებისმიერი კლასიფიკაციისას ნათლად ჩანს, რომ თვითმართვადი სწავლა პიროვნების ყველა ასპექტს მოიცავს, ე.ი. იგი პიროვნებას მთლიანობაში განიხილავს.
თვითმართვადი სწავლისთვის აუცილებელი კომპონენტებია:
·კოგნიცია; 
·მეტაკოგნიცია;
·მოტივაცია;
·რესურსების გამოყენება;
·სოციალური ინტერაქცია.
კოგნიცია
სწავლისას ხდება ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც სოციალური თუ ინდივიდუალური დამუშავების პროცესში ცოდნად ტრანსფორმირდება. ყოველივე ამას სწავლის შემდეგი კოგნიტიური სტრატეგიები უზრუნველყოფს:
·ელაბორაციის სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს ეხმარება, ახალი მასალის დამუშავებისას ღრმად ჩასწვდეს მას, რაც მოითხოვს აქტიურ კავშირს უკვე არსებულ და ახალშეძენილ ცოდნას შორის, აქცენტის დასმას არსებითზე, გაანალიზებას, დასკვნების გამოტანას და ა.შ.;
·შენარჩუნების სტრატეგიები, რომლებიც მაშინ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა, როცა სურთ, ახალშეძენილი ცოდნა რაც შეიძლება ზუსტად ჩაიბეჭდონ მეხსიერებაში. ასეთებია, მაგალითად, გამეორება და ვარჯიში, რომლებიც ხელს უშლის ნასწავლის „გაფერმკრთალებას” და მეხსიერებიდან ამოშლას;
·გამოხმობის სტრატეგიები, რომლებიც გვეხმარება მეხსიერებიდან ნასწავლის მიზნობრივ გამოხმობაში. მაგალითად, საკვანძო სიტყვებით, სქემებითა და სხვა საშუალებებით;
·ორგანიზების სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს რთული, კომპლექსური ინფორმაციის გამარტივებაში, რათა ახლადნასწავლი უკეთ იყოს გაგებული, შენარჩუნებული და საჭიროების შემთხვევაში გამოხმობილი. 
ეს კოგნიტიური სტრატეგიები თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი ასპექტებია.
მეტაკოგნიცია 
მეტაკოგნიცია არის აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ, რაც თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მეტაკოგნაცია გულისხმობს სწავლის ეფექტური სტრატეგიების ცოდნასა და გამოყენებას. იგი ადმიანისგან მოითხოვს პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი სირთულის დადგენას, მერე კი დაძლევის სტრატეგიების შემუშავებას. რაც უფრო მაღალია მოსწავლეებში მეტაკოგნიტიური აზროვნება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი.
გამოყოფენ სწავლისა და აზროვნების მარეგულირებელ სამ მეტაკოგნიტიურ უნარს:
·დაგეგმვა გულისხმობს იმის გადაწყვეტას, რამდენი ხანი დახარჯო დავალებაზე, რა სტრატეგიები გამოიყენო, რით დაიწყო და ა.შ. მოსწავლემ შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხოს: „რაც უკვე ვიცი, იქიდან რა შეიძლება გამოვიყენო პრობლემის გადასაჭრელად?”, „რა ამოცანები დგას ჩემ წინაშე და როგორ ვაპირებ მათ გადაჭრას?”, „რა უნდა გამოვკვეთო, რა არის არსებითი?” – და ა.შ. 
·მონიტორინგი იმის გაცნობიერებაა, „როგორ ვუმკლავდები დავალებას”, „სწორ გზაზე ვდგავარ თუ არა”, „ვიყენებ თუ არა შესაბამის ინფორმაციასა და რესურსებს”, „რა უნდა შევცვალო უკეთესი შედეგის მისაღებად”;
·შეფასება მოიცავს განსჯას სწავლის შედეგების შესახებ. ამოცანის დასრულების შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჰკითხოს საკუთარ თავს: „რამდენად სწორად გადავჭერი ამოცანა?”, „მივაღწიე თუ არა დასახულ მიზანს?”, „მოითხოვს თუ არა ჩემი მუშაობა კორექციას?”
მაშასადამე, თვითმართვადი სწავლისთვის მნიშვნელოვანია მეტაკოგნიტიური სტრატეგიები, რომლებიც ხელს უწყობს სიტუაციის სათანადო დაგეგმვას („როგორ გადავჭრი მე ამ პრობლემას?”), დაკვირვებას („მე ეს ვერ გავიგე/მე ეს გავიგე”) და რეგულაციას („მე ეს კიდევ ერთხელ უნდა ვცადო”).
მოტივაცია
თვითმართვადი სწავლისთვის სწავლის მეტაკოგნიტიურ და კოგნიტიურ სტრატეგიებთან ერთად, რომლებიც შეიძლება გამოვხატოთ ერთი წინადადებით: „მე ეს შემიძლია”, – მნიშვნელოვანია სწავლის მოტივაციური სტრატეგიებიც: „მე ეს მსურს”. სწავლის მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები კონკრეტულ სიტუაციაში გააქტიურდება თუ არა, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სწავლის მოტივაციური სტრატეგიების სწორად გამოყენებაზე. თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი მოტივაციური წინა პირობაა შინაგანი მოტივაცია, როდესაც სწავლა მიმდინარეობს საგნისადმი, საქმისადმი ინტერესით, კომპეტენციის გასაფართოებლად. ამ დროს სწავლა კომპლექსური სასწავლო სტრატეგიების ამოქმედებით ხორციელდება, განსხვავებით გარეგანი მოტივაციისგან, როდესაც ადამიანი სწავლობს, მაგალითად, სოციალური აღიარებისთვის, მატერიალური კეთილდღეობისთვის და ა.შ. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწავლის მოტივაციის ეს ორი ფორმა ერთმანეთს გამორიცხავს. ერთი და იმავე სასწავლო დავალების შესრულებისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორივე ფორმა: ისწავლო როგორც საგნისადმი ინტერესის გამო, ასევე კარგი ნიშნისთვის. სწავლის გარეგანი მოტივაციის გამოყენების საბოლოო მიზანი სწორედ შინაგანი მოტივაციის გამოწვევაა.

რესურსების გამოყენება
თვითმართვადი სწავლის მნიშვნელოვანი კომპონენტია რესურსების მიზნობრივი შერჩევა და გამოყენებაც. თანამედროვე სამყაროში მოზარდის დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებისთვის სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ დროითი, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და მულტიმედია რესურსების სათანადო და რაციონალურ გამოყენებას. მრავალი კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რაც უფრო ეფექტურად იყენებს მოსწავლე რესურსებს, მით უფრო იზრდება სწავლის სტარტეგიების გამოყენების ეფექტურობა.
სოციალური ინტერაქცია
თვთმართვადი სწავლის უნარის განვითარებას და დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური მუშაობა, არამედ თანამშრომლობითი სწავლებაც. სწავლა ჯგუფებში ხშირად უფრო სახალისოა, ვიდრე დამოუკიდებლად. ჯგუფში თითოეულ მოსწავლეს აქვს განსხვავებული შეხედულებები, იდეები, წინარე ცოდნა და ა.შ. შეკრული ჯგუფის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის განსხვავებულ გზებს, ეხმარებიან სწავლის პროცესში, უზიარებენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, აკვირდებიან ერთმანეთის საქციელს. ჯგუფებში მოსწავლეები სწავლობენ დაკვირვებით/მოდელით. ეს ქმნის ურთიერთნდობის ატმოსფეროს, რაც საგრძნობლად ამცირებს სწავლის პროცესის თანმხლებ სტრესსა და დაძაბულობას, რაც, თავის მხრივ, სწავლისადმი ინტერესს ზრდის.
თვითმართვადი სწავლის ზემოთ განხილული ოთხივე კომპონენტის კონკრეტულ სტრატეგიებზე მომდევნო სტატიაში გესაუბრებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი