პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელი კვარცხლბეკის გარეშე

ნებისმიერი პროფესიის დაუფლება იწვევს პიროვნულ ცვლილებებსაც – სასურველსა თუ არასასურველს. სასურველი ცვლილებები, ბუნებრივია, გვეხმარება პროფესიულ საქმიანობაში, არასასურველი კი ხელს გვიშლის, ზოგჯერ – ისე ძლიერ, რომ პიროვნულ მთლიანობასაც კი არღვევს. ასეთ დროს საუბრობენ პროფესიული დეფორმაციის შესახებ.

პედაგოგის პროფესიაში დეფორმაციები ორი სახით შეიძლება გამოვლინდეს:

1. ზოგადპედაგოგიური დეფორმაციები, რომლებიც ყველა მასწავლებლისთვის ტიპობრივია, განურჩევლად იმისა, რა საგანს ასწავლის, როგორია მისი პიროვნული თავისებურებები. ამ შემთხვევაში მასწავლებელი იყენებს თავის ძალაუფლებას, მიმართავს ზემოქმედების არასწორ, მაგრამ „სწრაფი შედეგის მომტან” ხერხებს, რაც ავტორიტარული პედაგოგიკის ცნებით მოიაზრება. ამ დროს მასწავლებელი ზედმეტად თავდაჯერებულია, სტერეოტიპული და დოგმატური, რიგიდულია და არა მოქნილი.

2. ტიპოლოგიური დეფორმაციები. ისინი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ერწყმის პიროვნების მკვეთრად გამოხატული (აქცენტირებული) თავისებურება პროფესიულ საქმიანობას. მოსწავლეებსა და მოზრდილებთან მასწავლებლის ურთიერთობისას ეს არის კონტროლის მექანიზმის მაღალი დონე (ა. ადლერის თეორიის მიხედვით, „მმართველი” ორიენტაციის დომინირება); ეს თავისებურება პიროვნების „ცხოვრების სტილი” ხდება (ა. ადლერის მიხედვით, ცხოვრების სტილი, ერთი მხრივ, გამოხატავს ადამიანის უნიკალურობას, განუმეორებლობას, მეორე მხრივ კი გულისხმობს პიროვნების გარკვეულ ტიპს, ყალიბდება ბავშვობაში განცდილი სირთულეების გადალახვის პროცესში და მიზნისკენ სწრაფვის გზებს განსაზღვრავს. მისი დადგენა ჩვეულებრივ სიტუაციებში ადვილი არ არის; იგი გამოიკვეთება, როდესაც პიროვნება რთულ, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდება).

პიროვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დეფორმაციას ფსიქოლოგიაში წითელი ფანქრის აზროვნებას უწოდებენ. ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ძალაუფლება მის ხელთაა და კმაყოფილიც არის ამით, ყველას აკონტროლებს, შეცდომებს უსწორებს, ყველაფერზე აქვს პასუხი (აუცილებლად სწორი). პედაგოგს ხშირად უკავია ეს პოზიცია საკლასო ოთახში (და, წესისამებრ, არა მარტო იქ). ამ ტიპისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ადამიანი ვერ გრძნობს დეფორმაციას.

ტიპოლოგიური დეფორმაციები მასწავლებელთა რამდენიმე ტიპს მოიცავს. მათ აერთიანებთ სახელწოდება „მასწავლებელი კვარცხლბეკზე” (აღნიშნული ტიპოლოგია ეფუძნება ამერიკელი ფსიქოლოგის ვირჯინია სატირის შეხედულებებს).

„კვარცხლბეკზე მდგომი” მასწავლებლები სხვადასხვა ტიპისანი არიან, ანუ კვარცხლბეკი სხვადასხვაგვარი „არქიტექტურული” სტილისაა. სახელდობრ, გამოყოფენ 4 ტიპს :

1. „მასწავლებელი-უფროსი”. მისი კვარცხლბეკია ძალაუფლება. იგი მბრძანებელია და მოსწავლეებისგან (და არა მხოლოდ მათგან) მორჩილებას მოითხოვს; საკმაოდ გამოცდილი, ძლიერი პედაგოგია; ყველაფერში სხვას ადანაშაულებს; მისი ეშინიათ; ცოდნას მოხერხებულად იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ავტორიტეტის გასამყარებლად; უკომპრომისოა – მიაჩნია, რომ მისი პასუხები ყოველთვის ჭეშმარიტია და უალტერნატივო; ურთიერთობისას იგი არ არის გულწრფელი. რასაკვირველია, მოსწავლეები ასეთი მასწავლებლის ხელში არ არიან ბედნიერები. ერთნი დათრგუნვილები და მორჩილები ხდებიან, მეორეებთან გამუდებით დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა აქვს.

2. „მასწავლებელი-კომპიუტერი”. მისი კვარცხლბეკია კომპეტენტურობა. ამ ტიპის მასწავლებელი მოსწავლეებისგან მოითხოვს ცოდნას, აღზრდილობას; გულისხმობს, რომ თვითონ ამ ყველაფერს მაღალ დონეზე ფლობს და უზადოდაა აღზრდილი. გამომეტყველება მკაცრი აქვს და უემოციო, „ჩაკეტილია”,ურთიერთობისას – ცივი, უყვარს ავტორიტეტების მოხმობა და იშვიათად ხმარობს პირველი პირის ნაცვალსახელებს. ხშირად იყენებს ასეთ ფრაზებს: „არსებობს მოსაზრება”, „მიიჩნევა, რომ…”, „ ჭკვიანი ხალხი ამბობს, რომ…” როგორია მისი გავლენა კლასზე? მოსწავლეებს უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, უსუსტდებათ სწავლის მოტივაცია. უფრო მეტიც – მათგან ხშირად გაიგონებთ: „ვერ ვიტან ამ საგანს!” მასწავლებელს კი სჯერა, რომ ყველაფერს აკეთებს მათთვის და თავისი საგნისადმი ინტერესის გასაძლიერებლად.

3. „მასწავლებელი-წამებული”. მისი კვარცხლბეკია უკონფლიქტობა („ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!”). იგი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ თავიდან აიცილოს სულიერი დაძაბულობა, ეშინია გამოწვევებისა და გაუგებრობების, მუდამ მშვიდობისმყოფელის როლში გამოდის, საკუთარ თავზე იღებს სხვის საქმეს, გამუდმებით აქვს დანაშაულის განცდა, მსახურება მისი მოწოდებაა. როგორია მისი გავლენა მოსწავლეებზე? რასაკვირველია, არასასურველი. ერთნი მისგან ითვისებენ პრობლემების შიშს და მისი დაძლევის საკმაოდ არარაციონალურ, ე.წ. განრიდების სტრატეგიას (მასწავლებელი ხომ მოდელია, რომლის ქცევებზე დაკვირვებითაც ისინი სწავლობენ), მეორენი (მოსწავლეების უფრო აქტიური ნაწილი) იყენებენ მის სისუსტეებს და თანაც დასცინიან.

4. „მასწავლებელი-მეგობარი”. მისი კვარცხლბეკია პოპულარობა. ის მზად არის, ყველაფერი აპატიოს მოსწავლეს – ამ გზით ცდილობს კარგი დამოკიდებულების, განწყობის შექმნასა და შენარჩუნებას, მაგრამ არ უფიქრდება ასეთი ქცევის შედეგს. როგორია მოსწავლეებზე ამ ტიპის მასწავლებლის გავლენა? მათ უქვეითდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკრეტული მასწავლებლის საქმიანობაში შესაძლოა შეგვხვდეს ამ ტიპების სხვადასხვა კომბინაცია. მაგალითად, ის ზოგჯერ „მეგობარივით”იქცევა, ზოგჯერ – „წამებულივით”. ეს მოდელი კიდევ უფრო ართულებს მოსწავლეთა მდგომარეობას, რადგან მასწავლებლის მოულოდნელი ქცევა მათთვის დამატებითი სირთულეა.

ყველა განხილული ტიპი (როგორც წმინდა სახით გამოხატული, ისე შერეული) არაადაპტური და არაჯანსაღია, სოციალურად უსარგებლო, რომლის უკან, ფსიქოლოგების აზრით, იმალება მასწავლებლის დაბალი თვითშეფასება, შენიღბული სხვადასხვა ხერხით: იტყუებს თავს, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ პრობლემებს სხვა ქმნის, თვითონ კი არაფერ შუაშია, გაურბის პასუხისმგებლობას და დამნაშავეს სხვაგან ეძებს, კითხვებს მუდამ სხვისი მისამართით სვამს, ეშინია დაცინვის, დამცირების, პროფესიონალიზმის უარყოფითი შეფასების და ყოველივე ამას სხვადასხვანაირად ნიღბავს. თავდაჯერების იმიტაციას სხვადასხვა გზით ცდილობს: სიმკაცრით, ყვირილით, შანტაჟით, მუქარით, პირში მთქმელობით და სხვ. ჰუმანისტური და ბავშვზე ორიენტირებული თანამედროვე მიდგომა კი მასწავლებლისგან სწორედ საპირისპიროს მოითხოვს (ამ საკითხს ჩვენ მივუძღვენით სპეციალური სტატია: კ. როჯერსი, „რა კითხვებს დავუსვამდი საკუთარ თავს, მე რომ მასწავლებელი ვიყო”).
მასწავლებელი კვარცხლბეკის გარეშე, „მასწავლებელი-პარტნიორი” – ეს პრინციპულად სხვა პოზიციაა. ა. ადლერის ტიპოლოგიის მიხედვით, იგი შეიძლება დახასიათდეს როგორც „სოციალურად სასარგებლო” ტიპი. ის სოციალურად ორიენტირებულია, ამჟღავნებს სხვებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვის განწყობას, ეს არის პიროვნება, რომელიც სასიცოცხლო ამოცანებს თანამშრომლობისა და კონსტრუქციულ ვითარებაში წყვეტს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება კვარცხლბეკი, ნიღაბი. მან იცის, რომ სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე საკუთარი (თუნდაც ჰუმანური) იდეის დამკვიდრება არ შეიძლება. აცნობიერებს, რომ პოზიცია „მართალი ვარ” ამავე დროს გულისხმობს პოზიციას „შენ ცდები”. ასეთი პიროვნებები არიან ქმედითი ლიდერები და არა ავტორიტარი ხელმძღვანელები. ისინი განსხვავდებიან მათგან, ვინც მხოლოდ ხედავს პრობლებებს და ემოციურად რეაგირებს მათზე. ამ უკანასკნელთ ახასიათებთ სტრესზე რეაგირების ემოციური ან განრიდების სტილი (უმეტესად ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი), რომელიც არაადაპტური და უეფექტოა. „მასწავლებელი-პარტნიორი” კი იყენებს სტრესის დაძლევის პრობლემაზე ორიენტირებულ, რაციონალურ სტრატეგიას, ამდენად, მას რთულ სიტუაციებში ამოცანის წარმატებით გადაჭრის მეტი გარანტია აქვს.

„პედაგოგები კვარცხლბეკის გარეშე” მიზნად ისახავენ მოსწავლეთათვის იმის სწავლებას, როგორ დარჩნენ ადამანებად ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში – დაიცვან თავიანთი პოზიცია ისე, რომ არ შელახონ სხვისი უფლებები (იქცევიან ასერტულად); გულწრფელად გამოხატავენ კმაყოფილებასაც და უკმაყოფილებასაც, როდესაც რაიმე არ მოსწონთ, ბრაზდებიან, ღიზიანდებიან, მაგრამ ეს არ არის მათი შინაგანი უსუსურობის ნიღაბი. მათი სიტყვა და საქმე თანხვდება და იციან, რომ შეცდომის უფლება ყველას აქვს. შეცდომებისგან ისინი სარგებელს იღებენ. „მასწავლებელი-პარტნიორი” პოზიტიური თვითშეფასების მქონე პიროვნებაა. მისი ქცევა ზემოთ განხილული ტიპებისგან განსხვავებულია, კერძოდ, იგი გრძნობს პასუხისმგებლობას და ცდილობს გაარკვიოს, რა დააკლო სიტუაციას, რატომ განვითარდა მოვლენა ასე.

დასავლური კვლევები მოწმობს, რომ „მასწავლებელი-პარტნიორი” ძალიან ცოტაა (გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, მხოლოდ 4-5%). საქართველოში ამგვარი კვლევა არ ჩატარებულა და ტენდენციები ჩვენთვის უცნობია.
მასწავლებლები იმითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ თავიანთ პოზიციას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ – დახურული ან ღია ფორმით. პირველს ახასითებს დამოკიდებულების, აზრის გამოხატვის ხაზგასმით ობიექტური მანერა, მისი მსჯელობა მოკლებულია ემოციურ-ღირებულებით ქვეტექსტებს. შესაბამისად, მოსწავლეებშიც ნაკლებია მასთან გულწრფელი და უშუალო ურთიერთობის სურვილი.

მასწავლებლები, რომლებიც ღია პოზიციას ამჯობინებენ, მოსწავლეებს თავიანთ გამოცდილებაზე ესაუბრებიან, მოსწავლის განცდებს საკუთარს უპირისპირებენ და უშვებენ, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონების უფლება, განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს სცემენ, მაგრამ იღებენ ან არ იღებენ მათ. მიაჩნიათ, რომ ყველა შეიძლება შეცდეს. ერთ-ერთი საინტერესო ხერხი შეცდომაზე საუბრისას ასეთია: „კრიტიკა თვითკრიტიკით”. ამ დროს მასწავლებელი იყენებს ფრაზებს: „ოდესღაც მეგონა, რომ…” „წინათ მიმაჩნდა, რომ…”, „ალბათ ჩემი კითხვა მთლად გასაგები არ იყო…” და ა. შ.

მასწავლებლისა და მოსწავლის შორის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს ურთიერთობას ერთნაირებს შორის – ეს არის განსხვავებულთა ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემის პრინციპს ემყარება. მასწავლებელი თავის ძალას მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ მოსწავლის შესაძლებლობები განავითაროს. მოსწავლეებს კი აქვთ პოტენცია, აღიქვან ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც მათ სასარგებლოდაა მიმართული. მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს, ააგოს ურთიერთობები ისე, რომ გააცნობიეროს საკუთარი ინტერესები, უფლებები და ვალდებულებები. ამ ტიპის ურთიერთობა, ერთი მხრივ, მასწავლებელს იცავს პროფესიული გადაღლისგან, ემოციური გამოფიტვისგან, პიროვნული დეფორმაციისგან, მეორე მხრივ კი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას. შედეგად ვიღებთ მცოდნე და ფსიქიკურად ჯანსაღ პიროვნებას, რომელსაც გარემოსთან შესაგუებლად მყარი რესურსები აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი