პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

აქტიური ლექცია (გაგრძელება)

წინა წერილში შემოგთავაზეთ პასიური ლექციის აქტიურად გარდაქმნის ვარიანტები. დაპირებისამებრ, გთავაზობთ აქტიური ლექციის სხვა სახეებსაც.

ლექცია-პრესკონფერენცია
სახელწოდებაშივე ჩანს, რომ ასეთი ტიპის ლექცია ძალიან ახლოსაა პრესკონფერენციასთან. მასწავლებელი მოსწავლეებს უსახელებს თემას, რომლის ირგვლივაც თითოეულმა უნდა მოიფიქროს, 2-3 წუთის განმავლობაში წებოვან ქაღალდებზე (ე.წ. სტიკერებზე) წერილობით ჩამოაყალიბოს მისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეკითხვები და გადასცეს მასწავლებელს. მასწავლებელი ახარისხებს ამ შეკითხვებს და იწყებს ლექციას. ეს არ იქნება ცალკეულ შეკითხვებზე პასუხი, არამედ თემის გაშლა, რომლის პროცესშიც გაეცემა პასუხი ყველა მნიშვნელოვან და არსებით შეკითხვას. 

ის, თუ რა შეკითხვებს  და როგორი ფორმულირებით სვამენ მოსწავლეები, ეხმარება მასწავლებელს:

·მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში.
·მათი ჩართულობის დონის განსაზღვრაში.
·მოსწავლეთა ინტერესების დადგენაში.
·სალექციო მასალის სტრუქტურირებაში.

მოსწავლეთა გააქტიურებას მასწავლებელი აღწევს იმით, რომ მის მიერ გადაცემული ინფორმაცია მიმართულია თითოეულ მოსწავლეზე, მათი შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამით გამოირჩევა ასეთი ლექცია სხვა ტიპის ლექციებისაგან. მოსწავლეების მიერ  შეკითხვების ნათლად და მკაფიოდ ჩამოსაყალიბებლად აქტიურდება მათი ცოდნა და, ზოგადად, აზროვნება. შეკითხვების მოფიქრების პროცესში ისინი ცდილობენ აარჩიონ ყველაზე არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხები, ხოლო ამ შეკითხვებზე პასუხების მიღების მოლოდინი იწვევს მათი ყურადღების კონცენტრაციას. ამასთან ის, რომ მასწავლებელი  ინტერესდება თითოეული მოსწავლის   შეკითხვებით  და ეძებს მათზე პასუხს, ერთგვარად აგრძნობინებს მოსწავლეს საკუთარ მნიშვნელოვნებას. ასე რომ, ასეთ ლექციას შემეცნებითთან ერთად აღმზრდელობითი დანიშნულებაც აქვს.

ლექცია-პრესკონფერენცია შეიძლება ჩატარდეს როგორც თემის დასაწყისში, ისე შუაში და ბოლოს. დასაწყისში მისი დანიშნულებაა მოსწავლეთა ინტერესების,  საჭიროებებისა და მომზადების დონის დადგენა. მასწავლებელს შეუძლია მათი მოლოდინებისა და შეაძლებლობების განსაზღვრაც. 

ლექცია-პრესკონფერენცია თემის შუაში ხელს უწყობს ყურადღების მიპყრობას სასწავლო მასალის მნიშვნელოვან მომენტებზე, მოსწავლეთა ცოდნის სისტემატიზაციას, მანამდე გადაცემული მასალის კორექციას;  ხოლო ასეთი ტიპის ლექცია თემის ბოლოს მასწავლებელს ეხმარება საკითხის შეჯამებაში, მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების ხარისხის დადგენაში. ლექცია-პრესკონფერენციის ჩატარება აქტუალურია სემესტრის ან წლის ბოლოსაც, როცა მასწავლებელს უნდა მთელი განვლილი მასალის შეჯამება. მაგალითად, დასრულდა მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის კურსი. მოსწავლეებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები, რომლებზედაც პასუხებით კიდევ ერთხელ გადაავლებენ გონების თვალს ეპოქას, ამ ეპოქის გამორჩეულ ადამიანებს, ლიტერატურულ პროცესებს, შეძლებენ მთლიანობაში აღიქვან ეს პროცესები, ამასთან, დაიკმაყოფილონ ინტერესები ცალკეული საკითხების მიმართ.     

ლექცია-პრესკონფერენციაზე, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლეები სვამენ პრობლემურ შეკითხვებს, რაც მასწავლებელს აძლევს საშუალებას, უფრო საინტერესოდ წარმართოს საუბარი.  
ლექცია-დიალოგი
ეს არის ლექციის ყველაზე გავრცელებული ფორმა და მოსწავლეების სასწავლო საქმიანობაში ჩართვის შედარებით მარტივი საშუალება. ის გულისხმობს უშულო კონტაქტს აუდიტორიასთან და მისი უპირატესობა ის არის, რომ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეების ყურადღების მიპყრობა თემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ამასთან, სალექციო თემის შინაარსისა და საუბრის ტემპის განსაზღვრა მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით. 

ლექცია-დიალოგი ჯერ კიდევ სოკრატეს დროიდან არის ცნობილი. ეს არის ინდივიდუალური მუშაობის ყველაზე მარტივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ორი მხარის კომუნიკაციას. მისი ეფექტიანობა დიდ ჯგუფებში კლებულობს, რადგან საგაკვეთილო დრო არ იძლევა აზრთა გაცვლა-გამოცვლაში თითოეული მოსწავლის ჩართვის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, ლექცია-დიალოგს მთელ კლასთან ის უპირატესობა აქვს, რომ ერთსა და იმავე საკითხზე ბევრი აზრის მოსმენა შეიძლება, რაც მოსწავლეთა შემეცნებით აქტივაციას, კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

ლექცია-დიალოგში მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვგვარად შეილება. მაგალითად, მასწავლებელი ლექციას ყოფს აზრობრივ ბლოკებად. ყოველი ბლოკის შემდეგ მას მომზადებული აქვს აუდიტორიისათვის შეკითხვები, რომლებიც თან ამოწმებს, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა გადაცებული შინაარსი და თან აძლევს მათ საშუალებას, გამოთქვან მოსაზრებები, გამოხატონ საკუთარი პოზიცია. ისევე, როგორც პრობლემური ლექციის დროს, რომლის შესახებაც წინა წერილში ვისაუბრეთ, შეკითხვები შეიძლება იყოს როგორც ინფორმაციული, ასევე პრობლემური. 
ასეთი ტიპის ლექცია მასწავლებელს აძლევს საშუალებას:

·დაადგინოს მოსწავლეთა ცოდნის დონე.
·დაადგინოს მასალის აღქმისა და გააზრების დონე.
·დაადგინოს მოსწავლეთა მზაობა შემდეგ საკითხზე გადასასვლელად.
·აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში იფიქროს უფრო საინტერესო არგუმენტებით ლექციის გამდიდრებაზე. 
·ასევე მოსწავლეებმაც ეძებონ დამატებითი არგუმენტები საკუთარი პოზიციის გამოხატვისას.

ლექცია-დიალოგი იმითაც არის საინტერესო, რომ მოსწავლეები შეიძლება დამოუკიდებლად მივიდნენ იმ დასკვნამდე ან განზოგადებამდე, რომელიც მასწავლებელს უნდა გადაეცა, როგორც ახალი ცოდნა. ასეთ დროს მოსწავლეთა ინტერესი, ჩართულობა იზრდება და მასალასაც უფრო კარგად იაზრებენ. 

 მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე მოსწავლეებისაგან პასუხი  შეიძლება ვერ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში მზა პასუხის გაცემა ლექციით რეკომენდებული არ არის. უმჯობესია, მოსწავლეებმა თავად იპოვონ პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე ლექციის მომდევნო ბლოკებში ან შეკითხვა დარჩეს  რიტორიკულად, რათა მასზე ფიქრი გაკვეთილის შემდეგაც გაგრძელდეს.    

ლექცია-დისკუსია და ლექცია კონკრეტული სიტუაციის ანალიზით
ლექცია-დისკუსია ჰგავს ლექცია-დიალოგს იმ განსხვავებით, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს გააანალიზონ კონკრეტული ფაქტი, მოვლენა ან სიტუაცია. ის ისმენს ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თვალსაზრისს, შემდეგ კი აჯამებს, ამდიდრებს ლექციას ახალი ფაქტებითა და არგუმენტებით.  

ლექცია-დისკუსიის დროს შესაძლებელი ხდება ჯგუფის ერთიანი თვალსაზრისის მართვა, ხოლო მცდარი თვალსაზრისების იმგვარად წარმოჩენა, რომ არ იყოს ეს მტკივნეული ავტორისათვის. მასწავლებლის შემაჯამებელი სიტყვა-ლექცია სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. 

ასეთ საქმიანობას ის რისკი ახლავს, რომ  მოსწავლეების მსჯელობა შეიძლება გადავიდეს სხვა კალაპოტში და ასცდეს სალექციო თემას ან არასაკმარისი ცოდნის შემთხვევაში ბუნდოვანი გახადოს თავად მსჯელობა, რაც მცდარი შეხედულების მოსწავლეებს კიდევ უფრო გაამყარებს საკუთარ პოზიციაში. ამიტომ, სასურველია, მასწავლებელმა ყველა მოსაზრება დაწეროს დაფაზე და შემდეგ, შეჯამებისას, საჭიროებისამებრ მიუბრუნდეს.

 

ლექცია-დისკუსიის მსგავსია ლექცია კონკრეტული სიტუაციის ანალიზით, იმ მცირე განსხვავებით, რომ აქ მოსწავლეებს ეძლევათ კონკრეტული სიტუაცია ზეპირი ფორმით, მოკლე ვიდეოჩანაწერით ან სურათების კოლაჟით. სიტუაცია უნდა იყოს ძალიან ხანმოკლე, მაგრამ შეიცავდეს საკმარის ინფორმაციას განხილვისათვის. 
ზოგჯერ მიკროსიტუაციის ანალიზს შეიძლება  ჰქონდეს ლექციისათვის ერთგვარი შესავლის (პროლოგის) ფუნქცია. ეს არის აუდიტორიის დაინტერესების, ცალკეულ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისა და შესასწავლი მასალის შემოქმედებითად აღქმის საშუალება.   

იმისათვის, რომ მოხდეს მსმენელების ყურადღების კონცენტრირება, სიტუაცია უნდა იყოს ძალიან სახასიათო და მწვავე. რისკ-ფაქტორი, რომელიც შეიძლება ახლდეს ამ ტიპის ლექციას, არის დროის სწორად მართვა. თუ ძალიან დიდი დრო დაიხარჯება სიტუაციის ანალიზზე, ამით შეიძლება დაზარალდეს სალექციო მასალა და მასწავლებელმა ვეღარ მოასწროს დისკუსიის შეჯამება, საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება. ამიტომ მასწავლებელმა უნდა შეწყვიტოს დისკუსია, თუნდაც ის არ იყოს დასრულებული, რადგან მისი მიზანი ამ შემთხვევაში მოსწავლეების სალექციო საკითხით დაინტერესებაა, დისკუსია კი – ამის საშუალება.

ლექცია თვალსაჩინოებით
  
ლექცია თვალსაჩინოებით ეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ ფორმაში წერითი და ზეპირი ინფორმაციის  გადატანაში და, პირიქით, ანუ სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას უწყობს ხელს. ისინი ეჩვევიან თვალსაჩინოდ მოწოდებულ მასალაში მთავარი და არსებითი ინფორმაციის ამოცნობას. მასწავლებელი ასეთ ლექციაზე იყენებს არა ვიზუალურ მასალას, როგორც მის მიერ გადაცემული ინფორმაციის შემავსებელს, არამედ ისეთს, რომელიც თავადაა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი. რაც უფრო პრობლემური და თვალსაჩინოა ვიზუალურად მოწოდებული ინფორმაცია, მით უფრო მაღალია მოსწავლეთა შემეცნებითი აქტიურობა, რადგან ხდება მათი ყურადღების კონცენტრირება ლექციის შინაარსის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტებზე, გონებაში ხდება მიწოდებული თვალსაჩინოების სიტყვიერ ფორმაში გადატანა და ლოგიკურად მწყობრი მსჯელობის აგება. ასე რომ, მოსწავლეები ამ ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით მასწავლებელთან ერთად მონაწილეობენ სალექციო ტექსტის შექმნაში.

მასწავლებელი ასეთი ტიპის ლექციის მომზადებისას სასწავლო ინფორმაციას აძლევს ვიზუალურ ფორმას სხვადასხვა საშუალებით (სქემები, ტაბულები, დიაგრამები, ნახატები, მულტიმედია ტექნოლოგიები და  სხვ.). ეს შეიძლება იყოს როგორც ნატურალური, ისე მხატვრული და სიმბოლური საშუალებები. ასეთი მასალების მომზადებაში მიზანშეწონილია მოსწავლეების ჩართვაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს საშუალებები გარკვეული ლოგიკით იყოს დალაგებული, რათა იძლეოდეს ვიზუალური მასალის სიტყვიერად გარდაქმნის საშუალებას. თვალსაჩინოების სისტემურობა და ლოგიკურობა ამ ტიპის ლექციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავიდანვე ვიზუალური მასალა არ იყოს რთულად აღსაქმელი, არც ზედმეტად ბევრი, რადგან სირთულემ შეიძლება მოტივაცია დაუკარგოს მოსწავლეებს და ისინი ვერ შეძლებენ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილზე ლექციის „ტექსტის” შექმნას. მასწავლებელი ვიზუალური მასალის კომენტირებას (სიტყვიერ ახსნას) ჯერ სთხოვს მოსწავლეებს, შემდეგ კი ლექციაში თავად უყრის თავს  მთელ ვიზუალურ ინფორმაციაზე დამყარებულ სიტყვიერ ინფორმაციას. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, შეაჯარონ საკუთარი ტექსტური ინფორმაცია მასწავლებლის მიერ მოწოდებულს, შეაფასონ საკუთარი სემიოტიკური კომპეტენცია.

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ლექციის, როგორც სწავლების მეთოდის, უგულებელყოფას თან ახლავს ერთი ნეგატიური შედეგი: იკარგება მასწავლებელი, როგორც ორატორი, მოსწავლეებისათვის მწყობრი და შთამბეჭდავი მოსაუბრის მოდელი. ამიტომ სჯობს ვიფიქროთ ტრადიციული ლექციის  აქტიურ მეთოდად გარდაქმნის გზებსა და საშულებებზე.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი