პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ არის მნიშვნელოვანი განმავითარებელი შეფასება

საქართველოში, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო, თუმცა უნიშნო შეფასების პრაქტიკას ჩვენში ექსპერიმენტულ დონეზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. 
დიმიტრი უზნაძე აღზრდის ტრაგედიის დაძლევის ერთადერთ გზად მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთნდობაზე, პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას მიიჩნევდა. 

ქალთა გიმნაზიაში 1916 წელს უზნაძემ სწორედ ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფერო შექმნა, რასაც, მისი აზრით, დიდად უშლიდა ხელს ქულებით შეფასება. უზნაძეს მიაჩნდა, რომ ნიშანი ყოველთვის სუბიექტურია, მასწავლებელი შეფასებისას ორიენტირებულია კონკრეტული საგნის მოთხოვნებზე, მოსწავლის მომავალ მიზანზე, ბავშვს კი ეს არ ესმის, ვინაიდან იგი თავისი არსით აწმყოზეა ორიენტირებული. ამიტომ პედაგოგიურმა საბჭომ, რომელსაც უზნაძე ხელმძღვანელობდა, უარი თქვა ნიშნებით შეფასებაზე. მასწავლებლები ცალკე რვეულში ინიშნავდნენ, რა იცოდნენ მოსწავლეებმა და რა – არა, მერე კი რეკომენდაციებს აწვდიდნენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

უზნაძის აზრით, უნიშნო შეფასებამ, მართალია, სამუშაო მოუმატა მასწავლებლებს, მაგრამ სწავლა უფრო მიზანმიმართული და შედეგიანი გახადა, მათ შორის – იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც მანამდე წარუმატებელ მოსწავლეებად მიიჩნეოდნენ.

1960-1961 წლებში თბილისის 53-ე სკოლაში პირველკლასელთათვის წერის სასწავლებლად შეიქმნა განსხვავებული პროგრამა. ვინაიდან წერა პატარა მოსწავლეებისთვის ახლად დასაუფლებელი ჩვევა გახლდათ, მიიჩნეოდა, რომ ნიშნით შეფასება მათ მოტივაციას ჩაუქრობდა. აღნიშნული ექსპერიმენტი საქართველოში 17 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ქობულეთის, ზესტაფონისა და სტეფანწმინდის საექსპერიმენტო სკოლებში (Амонашвили Ш.А. 1984).

ექსპერიმენტი ეყრდნობოდა ჰუმანისტური პედაგოგიკის წარმომადგენლების ვ. ა. სუხომლინსკისა და შ. ამონაშვილის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რა ნაბიჯებს უნდა მოიცავდეს სასწავლო პროცესი.

ამ ნაბიჯებად მიჩნეულ იქნა: 

1) მოსწავლის მიერ სასწავლო ამოცანის გაცნობიერება და მიღება;
2) მოსწავლის მიერ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა; 
3) სწავლის პროცესის კონტროლი;
4) სწავლის შედეგის შედარება ეტალონთან (დასახულ მიზანთან);
5) მასწავლებლის მხრივ ამოცანების დასახვა მოსწავლის შემდგომი განვითარებისთვის.
ჰუმანური პედაგოგიკის წარმომადგენლები განმავითარებელ შეფასებას შინაარსობრივ შეფასებად მოიხსენიებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს:
1. სწავლის პროცესის ხარისხზე;
2. მოსწავლის განვითარების ხელშემწყობი ამოცანების განსაზღვრაზე.

შეფასება, მათი აზრით, უნდა ყოფილიყო მასტიმულირებელი და ხელი შეეწყო სწავლის სუბიექტად მოსწავლის ფორმირებისთვის.

ჰუმანური პედაგოგიკის წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ შინაარსობრივი შეფასება უნდა ყოფილიყო როგორც გარეგანი, ისე შინაგანი – რეფლექსური. გარეგანი გულისხმობდა მოსწავლის შეფასებას თანატოლის, პედაგოგის მიერ; შინაგანი – მოსწავლის მიერ საკუთარი ნაშრომის შეფასებას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეცნიერები ამ ორი მონაცემის ერთმანეთისთვის შედარებას ანიჭებდნენ.

მოსწავლე, რომელიც აფასებს თავს, თავად უნდა მონაწილეობდეს მიზნის დასახვაში, მისაღწევი გზების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მოსწავლის სწავლის სუბიექტად ფორმირება, რაც ხელს უწყობს ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესს. ნდობის ფორმირება კი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სწავლა დაეფუძნება როგორც თითოეული მოსწავლის, ისე კონკრეტული კლასის საჭიროებას.

განმავითარებელი შეფასება ინგლისში ნაციონალური კურიკულუმის დონეზე 2003 წლიდან დაინერგა დაწყებით კლასებში – სტრატეგიით „ხარისხიანი განათლება – სწავლა სიამოვნებით”. მისი მიზანი სწავლის პროცესის ხელშეწყობა გახლდათ. მას შემდეგნაირად განმარტავდნენ: მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიებისა და ინტერპრეტაციის პროცესი მოსწავლეთა ამჟამინდელი ცოდნის/განვითარების დონის განსაზღვრის, სამომავლოდ მუშაობის დაგეგმვისა და შედეგის მისაღები ეფექტიანი გზების საძიებლად.

განათლების მკვლევრები მიიჩნევდნენ, რომ თუ მოსწავლეთა შეფასება ხდება მხოლოდ ტესტის საფუძველზე ქულებით, სწავლების პროცესი მიიმართება ტესტის წარმატებით შევსების უნარების განვითარებისკენ. ტესტები ძირითადად სტანდარტიზებულია, შეფასება აღნუსხავს, მასალის რა პროცენტია დაძლეული და არ იძლევა ინფორმაციას არც შეცდომათა ტიპებზე და არც მათი დაძლევის გზებზე, თანაც, ვინაიდან ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისგან, შეცდომებიც სხვადასხვანაირი მოგვივა და დახმარებაც სხვადასხვანაირი დაგვჭირდება.

მეცნიერთა მოსაზრებით, უნდა არსებობდეს სხვა გზაც სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად.

შეფასების გამოყენება უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ ათვისებული ცოდნის დონის განსასაზღვრად/სტანდარტებისადმი შესაბამისობის დასადგენად, არამედ სწავლის პროცესის ხელშესაწყობადაც. შეფასება ხელს უნდა უწყობდეს სწავლის პროცესში მოსწავლის ჩართულობის მატებას, ადეკვატური თვითშეფასებისა და სწავლის სუბიექტად მის ფორმირებას. ინგლისელ მკვლევართა (Black and William, 1998) მონაცემებით, განმავითარებელი შეფასება ცოდნის ამაღლების ხელშემწყობი ფაქტორია.

ფილიპ პერენუ (Philippe Perrenoud), ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი, სწავლისა და აღზრდის ინოვაციისა და კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ერთი მოსწავლისთვის (მოსწავლეთა ჯგუფისთვის) შერჩეული სტრატეგია ოპტიმალური ვერ იქნება მეორისთვისაც. საკლასო ოთახში სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა კი, უპირველესად, შესაძლებელია იმის აღიარებით, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და მისი განვითარებისთვის აუცილებელია შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.

საკითხის შესაჯამებლად, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ განმავითარებელი შეფასება შესაძლებლობას გვაძლევს, რეაგირება მოვახდინოთ ცვლილებებზე, კონსტრუქციულია, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის მათ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება საკუთარი თავისა თუ სხვისი ადეკვატური შეფასების უნარის ფორმირებაში და შესაძლებელს ხდის წარმატების დაფიქსირებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი