პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფსევდოპატრიოტიზმის მრავალთავა ურჩხული

ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი, როდესაც ბებიაჩემის თხოვნით დავიზეპირე, უზომოდ გრძელი და ჩემთვის გაუგებარი სიტყვებით სავსე ლექსი, ავტორი „თვალნათელ“ და „სანატრელ“ საქართველოს უგალობდა, რომელიც, ოდესღაც, შორეულ წარსულში დიდიც კი ყოფილა.  ამას გაუთავებელი სტრიქონები მოჰყვებოდა, სადაც პოეტი „გასაშტერებელ ოპიზრებს“, ცურტაველსა და მოდრეკილს ასხამდა ქებას.  ნიკოფსიიდან დარუბანდამდეც ყოფილა გადაჭიმული და თან თამარსაც უკრეფია სულ ოქროს ვაშლები (ვიზუალურად წარმოდგენილიც კი მქონდა, როგორ კრეფდა თამარი ოქროს ვაშლებს,  სავარაუდოდ, ოქროს ხეზე, აბა, ვერცხლის  ხე ხომ არ მოისხამდა ოქროს?). მოკლედ, უცხო  და ჩემთვის ძნელად გამოსათქმელი სიტყვების რახა-რუხი ფრიად სევდიანად და პესიმისტურად სრულდებოდა- ვაჰ, დრონი, დრონი – ბოლო ნაწილის თქმისას, კი სევდიანი სახე უნდა მიმეღო და ზემოთ აპყრობილი ხელები ძირს მომაკვდავი ჩიტებივით ჩამომეყარა. ლექსს ვამბობდი გამოთქმით, ხმამაღლა, ხატოვნად – სტუმრებისა და მეზობლების წინ, სკამზე შემდგარი, თუ იატაკზე გაშეშებულ პოზაში. ოჯახში სუფრის თამადის მოთხოვნითა თუ ბებიაჩემის ხათრით. მეგონა, რომ ძალიან კარგად გამომდიოდა და სიამაყით ვივსებოდი ხოლმე. რომ გეკითხათ, რაზე იყო ეს ლექსი ან ვინ იყვნენ ოპიზრები, ცურტაველი, რატომ  აღარ იყო საქართველო დიდი, თამარი რატომ ან საიდან კრეფდა ოქროს ვაშლებს, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემდით. კი ვხვდებოდი, რომ ლექსი სამშობლოს ეხებოდა, ოღონდ რომელს და რატომ, რა საჭირო იყო ან ამით საქართველოს რა წაადგებოდა, პასუხი არ მქონდა. ის კი არა, უკვე საკმაოდ მოზრდილმა გავიგე მათი ვინაობა და მაშინ კი ამომიტივტივდა ეს უჩვეულოდ გადაპრანჭული ლექსი.

ოთხმოცდაათიანი წლები იყო, დრო როდესაც ხმამაღალი ლექსები და პატრიოტული სიმღერები მოდაში შემოვიდა, იმ ხანად, როგორც ჩანს, საზოგადოებას სჭირდებოდა ეს ხმამაღალი „ყვირილი“, რომ როგორღაც ამ „ყვირილს“ მაინც აენთო მათ გულებში წლების განმავლობაში მიმქრალი სამშობლოს ცნება და განცდა. მიზანი ნათელი იყო, საშუალება არასწორი – ყოველგვარ შინაარსს და არსს მოკლებული პათეტიკა სუფრებზე დაბინავდა, სიმღერებში დაიდო ბინა და რაც ყველაზე სევდიანი ამბავია, სასკოლო სახელმძღვანელოებშიც შემოგვეპარა. აბა, როგორ უნდა გაიზარდოს ადამიანი, თუ სისხლისფერი ყაყაჩოები ხმამაღლა და გამოთქმით არ წარმოუთქვამს, „სულიკოში“ – საქართველო არ აღმოუჩენია და ნაცემ არწივში – დაბეჩავებული სამშობლო არ მოსჩვენებია.

გულზე მჯიღის ცემით დაწყებულმა პატრიოტიზმმა ჩვენს გულებში სამშობლო ვერ აანთო, ის მიმქრალი ნაპერწკალიც კი გააქრო და უზარმაზარ, მრავალთავა დიდ მონსტრად იქცა. მონსტრად, რომელიც ყველას მოედო, სამშობლოს სიყვარულის სახელით ადამიანებს თვალებზე ლიბრი ააკრა და საგნები სულ სხვანაირად დაანახვა.

  ვიღაცები ამ  ფსევდოპატრიოტიზმს  ამოეფარნენ და საკუთარი ბინძური საქმეების და ფიქრების, აზრების გამართლება სცადეს. ისიც უნდა ითქვას, რომ მონსტრი ოთხმოცდაათიან წლებში არ შექმნილა, წითელი რეჟიმი მას წლების განმავლობაში ზრდიდა, კვებავდა, რომ რეჟიმის მოსპობის შემდეგ ჩვენთვის დაეტოვებინა, რომლის მოშორება, მოსპობა და ამოძირკვა მარტივი საერთოდ არ აღმოჩნდა, პირიქით, უფრო და უფრო  ძლიერდება. მით უფრო, როდესაც ხალხზე მისი ძალაუფლება  შეამჩნიეს და სათავისოდ გამოიყენეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დიდად სიჭკვიანითა და შორსმჭვრეტელობით არ გამოირჩევიან.  ნელ-ნელა სიტყვები გახუნდა, მაგრამ დრო და დრო  მას ფერი ემატება და ახალი თავიც ეზრდება.  უამრავი ლოზუნგი, სლოგანი სწორედაც რომ ამ მრავალთავას გაძლიერებაა.

სამწუხაროდ, მას მხოლოდ პოლიტიკოსები როდი მიმართავენ დასახმარებლად.

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ულამაზესი, პატარა გოგონას ვიდეოს, სადაც ის დაჭიმული, კოპებ და მუშტებშეკრული ზეპირად „ყვიროდა“ ლექსს, შიგადაშიგ კი, კბილებს შორის გამოცრილი: „სამშობლო“ და „საქართველო“ ისმოდა. დიახ, ჩვენი დღევანდელი პატრიოტიზმი კბილებიდან გამოცრილი და მუშტებშეკრულია, გაბრაზებულია,  მრისხანებით სავსე და აგრესიულია,  ალბათ იმიტომ, რომ მონსტრის ძალაუფლება დღითიდღე იზრდება და კონტროლს კარგავს. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ის კომენტარები იყო, ადამიანები ამ ბავშვს რომ უწერდნენ და ხოტბას ასხამდნენ, ასეული, ათასობით ადამიანისთვის ეს ყველაფერი უბრალოდ მისაღები კი არა, სასურველი და აღმაფრთოვანებელი იყო. დიახ, ფსევდოპატრიოტიზმის მონსტრს უამრავი მიმდევარი ჰყავს და ისინი მას უზარმაზარ ძალას აძლევენ. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი საოცარი საბავშვო ავტორის, ძალიან კარგი საბავშვო ლექსი დამნაშავედ ცნეს თაობის „გადაგვარებაში“, ხოლო ავტორის უპირობოდ დასჯა მოითხოვეს. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი ლექსები ჩვენს მონსტრს აღიზიანებს და არ მოსწონს, იმიტომ რომ ასეთ ლექსებზე გაზრდილი თაობა თავისუფალი და ლაღი იქნება, იმიტომ რომ წითელი რეჟიმის შვილი ასეთ რამეებზე ძალიან ფრთხება და შიში იპყრობს, რომ არ გააძევონ ერთხელ და სამუდამოდ.

აბა როგორ გავზარდოთ ბავშვები პატრიოტად, რომ თავი დავაღწიოთ ფსევდოპატრიოტულ რახარუხს, მრავალთათვის  საკმევლის კმევას? როგორ ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული? ძალიან მარტივად, მიეცით საშუალება, რომ სამშობლოს შეეხონ, იგრძნონ, გაითავისონ.

ჩემს ბავშვობაში თამარ მეფე (თუ ოქროს ვაშლების მოკრეფას არ ჩავთვლით), დავით აღმაშენებელი თუ ილია ჭავჭავაძე ხელშეუხებელნი, განყენებულები და შორეულები იყვნენ, ისევე როგორც საქართველოს დროშა, გერბი, ისტორია, ჰიმნი.

მგონია, რომ ბავშვებისთვის ეს ყველაფერი  ახლობელი უნდა იყოს როგორც მაგალითად, მათთვის საყვარელი რომელიმე ანიმაციური ფილმი. მათ უნდა გამოძერწონ, ხატონ, შექმნან კომიქსები  და საკუთარი აზრი ყოველგვარი კრძალვის გარეშე გამოთქვან.  უნდა ისაუბრონ წინაპრების შეცდომებზეც და მიღწევებზე.

მესამე კლასის სახელმძღვანელოში „ცხრა ძმა ხერხეულიძე“ შეგვხვდა და მათზე საუბარი მოგვიწია, ზოგიერთი საერთოდ ვერ მიხვდა, დედა რატომ იყო ბედნიერი, როდესაც შვილებს მტერთან საბრძოლველად უშვებდა, რატომ არიგებდა, რომ ზურგში არ დაჭრილიყვნენ და ხმლისთვის მკერდი შეეშვირათ. რატომ აჩენდა ამდენ შვილს, თუ მაინც დაეხოცებოდა. პატარებს რთულია აუხსნა და მიახვედრო, რა არის თავგანწირვა და სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა. ამის პარალელურად ვისაუბრეთ ხალხურ ლექსზე, სადაც ჩიტი მელას უყრის ბარტყებს, რომ ხე დაიცვას. ვთქვით, რომ ხე და  სამშობლო ამ შემთხევაში ერთმანეთს უდრის და ორივე მათგანი სამყაროს აღნიშნავს. სამყაროს გადარჩენა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალი არსებობდეს, რომ ცხრა ძმის დედამ საკუთარი შვილების გაწირვით ჩვენ არსებობის და დაბადების საშუალება მოგვცა. ვიღაცები ჩაფიქრდნენ, ვიღაცები ისევ საკუთარ აზრზე დარჩნენ, ვიღაცებმა ისიც კი თქვეს, რომ მათთვის სამშობლო დედამიწაა და საზღვრები ეს ადამიანების მოგონილია. ანუ ყინული დაიძრა, საუბარი დავიწყეთ.

ბავშვებს ესაუბრეთ იმაზე, თითოეულ მათგანს როგორ შეუძლია  საკუთარი ქვეყნისთვის სარგებლის მოტანა, სამშობლო ხომ მიკრო სამყაროა ამ  მაკრო სამყაროში,  რომ ჩვენი პლანეტა  უამრავი ასეთი ქვეყნისგან შედგება და  თუ კი ყველა საკუთარ სამშობლოზე იზრუნებს, სამყაროზე ზრუნვა გამოგვივა.

ბავშვები ამჟამინდელი, აწმყო დროის გმირებითა და ამბებით მოხიბლეთ, ჩვენი დღევანდელი წარმატებით და არა წარსულზე ტირილით. მოუყევით , რომ კარგი მხატვრები გვყავს, საოცარი მოცეკვავეები და მომღერლები, რომ ჩვენი ანბანის თითოეული ასო ამბავს ყვება, რომ ქართული ხალხური სიმღერები უნიკალურია და კოსმოსშიც კია გაგზავნილი ერთ-ერთი სიმღერა. ამგვარ საუბრებს უფრო მეტი შედეგი აქვს, ვიდრე დაზეპირებულ ლექსებს სისხლზე და მეფეებზე.

წაიყვანეთ ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე, აჩვენეთ, გააცანით მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ, რომელზეც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ და მათი შვილებიც იცხოვრებენ.  დაეხმარეთ, შეიგრძნონ ბუნება,  ხეები, ფეხები ცივ მდინარეში დაასველებინეთ  და დამერწმუნეთ, ასე სამშობლოს ისე შეიყვარებენ, რომ თავადვე  გაუჩნდებათ სურვილი  დაიცვან და თუ საჭიროა, მისთვის იბრძოლონ კიდეც.

და ეს ჩვენი წითელი ურჩხული ნელ-ნელა დასუსტდება,  შეიძლება სულ გაქრეს კიდეც, რადგან მას მომხრეები მოაკლდება,  მათ გარეშე კი ის არაფერია, მრავალთავას სულის გასაღები ხომ აღტკინებულ, ბრალმდებელ,  ფსევდოპატრიოტიზმით  გაბრუებულ ადამინებში ინახება.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი