ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ნაცემი ბავშვი და მშობლის გამხმარი ხელი

სრულიად საქართველო შეძრა, სრულიად საქართველო ააჩოჩქოლა და ააყვირა იმ ფაქტმა, როდესაც პატარა ბავშვის, ოთხი წლის გოგონას სიკვდილის მიზეზი გაავრცელა სხვადასხვა მედიასაშუალებამ. მაგრამ არავინ ვიცით, დაფიქრდა კი სრულიად საქართველო იმ ფაქტზე, რომ თავადაა ის მოძალადე მშობელი, რომელიც ხან ხელს აღმართავს ბავშვზე, ხან სიტყვიერად შეუტევს, ხანაც დაემუქრება თავის ან სხვის შვილს. იღბლიანი შემთხვევის წყალობით არიან გადარჩენილები ის დანარჩენი ბავშვები სიკვდილს, დაბეჩავებას. ოთხი წლის გოგონაც, შესაძლოა, არ მომკვდარიყო იმ დღეს, გადარჩენილიყო და ჩვენც არ ვიყვირებდით. გავჩუმდებოდით, ისევე, როგორც ვჩუმდებით მაშინ, როცა გვესმის, როგორ ძალადობს მშობელი შვილზე სხვადასხვანაირად. გავჩუმდებოდით, როცა დავინახავდით, როგორ შესცქერის პატარა არსება ქვევიდან ზევით დამფრთხალი გაფართოებული თვალებით თავისზე მაღალს და მხოლოდ ამიტომ მასზე მაგარს. გავჩუმდებოდით, როცა დავინახავდით, როგორი შეშინებული უსმენს ერთი ციცქნა არსება ხმას, რომელსაც სიძლიერით ვერ გადაფარავს. შემზარავი შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ, თუმცა შემთხვევა როგორ უნდა ვუწოდოთ იმას, რაც პირველად არ მომხდარა. შევდგებით ამ ფაქტის შემდეგ მაინც საზოგაოდებად? ვისწავლით ჭკუას? შევეშვებით ბავშვებზე ძალადობას? ნამდვილად არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. იმიტომ რომ ხშირად მსმენია, როგორ სჯერა მშობელს, რომ მკაცრი უნდა იყოს ბავშვის მიმართ, თავისი არ უნდა გაატანინოს. ხშირად მსმენია ისიც, რომ მასწავლებლებსაც ამგვარი მიდგომა აქვთ მოსწავლეების მიმართ – არ უნდა გაატანინოს თავისი. და რატომ არ უნდა გაატანინოს? რა მოხდება, თუკი ბავშვი/მოსწავლე თავისას გაიტანს? გვაჯობებს? გვაჯობოს. ჩვენც ეგ არ გვინდა? ანდა რა უბედურებაა საკითხის ისე დაყენება, რომ ვიღაცამ ვიღაცას უნდა აჯობოს, თანაც როცა ეს ვიღაცა, ერთ მხრივ, ბავშვია და, მეორე მხრივ, მშობელი ან მასწავლებელი. უამრავ ნაწარმოებზე და ფილმზე შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ამ საკითხებს ვეხებით, მაგრამ მე ერთ კონკრეტულ რომანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ეს რომანი თითქოს ყველაზე ნაკლებად ეხება ბავშვზე ძალადობაზე, თუმცა ეს რომანი ახალი და ძველი თაობის ურთიერთობაზეცაა, რა თქმა უნდა, ალეგორიებისა და სხვა მხატვრული საშუალებების დახმარებით. 

ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამბავი ისაა, რომ ვანს ზღვა ნელ-ნელა ტოვებს, ტოვებს მაშინ, როცა მშობლები შვილებზე ძალადობას იწყებენ. დავიწყოთ თავიდან. ნაწარმოების პირველი ნაწილი, აიეტი, ასე იწყება: ”ეს იმდროინდელი ამბავია, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო; როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. ზღვამაც სწორედ იმ დღეს გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პირველი ნაბიჯი გადადგა უკან. მთავარი პირველი ნაბიჯი იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა, ან ვინ გაუბედავდა შეჩერებას. ყველა ვანელს, დიდიან-პატარიანად, კალთაზე რომ გამოება ზღვა, მაინც გაიპარებოდა, რადგან ვერავითარი ძალა ვერ აღუდგებოდა წინ ბუნების ჩანაფიქრს. ადრე თუ გვიან ასე უნდა მომხდარიყო, ზღვა გამბედაობას მოიკრებდა და შეუდგებოდა ამ მართლაც ვერაგული განზრახვის ასრულებას. ვანელები ისე დაფრთხნენ, ისე დაიბნენ, მერე აღარც უცდიათ დაკარგულის ძებნა და დაბრუნება. მათი ღრმა რწმენით, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაღრმავდა, ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მიატოვა, დიახ, მიატოვა, როგორც მარჩენალმა – ოჯახი, ქმარმა – ცოლი, რომლის ქარაფშუტობასა და გარე-გარე კურკურს აღარ დაადგა საშველი. ქმარიც ადგა და წავიდა, მაგრამ წასვლამდე ისე ფრთხილად, საზრიანად და მოთმინებით იქცეოდა, ძნელი იყო მისი განზრახვის შეტყობა, ხოლო, როცა ყველაფერი გამომჟღავნდა, უკვე შორს იყო. ზღვისგან მიტოვებული მიწა, ახალშობილის კანივით სველი და დაჭმუჭნილი, თანდათან გაიზარდა, გაფართოვდა და სამგლოვიარო არშიასავით გაუყვა მთელ სანაპიროს. მერე ვანსა და ზღვას შუა უზარმაზარი ჭაობი გაჩნდა… წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ყველა ვანელის ფანჯრიდან ისმოდა მისი გაბმული, გაუთავებელი ქშენა. არც ერთ ვანელს არ მოუვიდოდა აზრად, სარკმელი მხოლოდ ზღვის საცქერლად გამოეღო, ანდა ძილი გაეტეხა და ლოგინში წამომჯდარს მისთვის ესმინა. ზღვა ყოველთვის ახლოს ეგულებოდა… რომელ ქალს სჯერა, რომ ქმარი მიატოვებს? არც ვანს სჯეროდა, ზღვა თუ მიატოვებდა“. ვინც იცის, ვინაა აიეტი, ვინც იცის, რა ბედი ეწია მის ოჯახს, ადვილად მიხვდება, რომ წიგნის პირველი ნაწილი არგონავტების მითის ქართული პერსპექტივიდან წაკითხვის მცდელობაა (აქვე დავძენ, რომ საკმაოდ წარმატებული მცდელობა). მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ პასაჟში ზღვა ქმარს არის შედარებული, ხოლო ცოლის ეპითეტი „ქარაფშუტა“ ეხმიანება აიეტის ქალიშვილი ქარისას სახელს, პერსონაჟისას, რომელიც პირველი ბერძენის ცოლი ხდება, უჩენს მას ბერძენ ვაჟიშვილებს, შვილებს, რომელთა წვლილი დედის სამშობლოს დაღუპვის გზაზე არანაკლებია, ვიდრე მედეასი, ვხვდებით, რომ ზღვა იმავდროულად ვერაგული განზრახვის შემსრულებელი მედეას მეტაფორაცაა. იმიტომ რომ ზღვა, მედეას მსგავსად, იპარება და მას ვეღარავინ გააჩერებს, კალთაზეც რომ გამოიბას. აიეტს, ისევე როგორც ყველა მშობელს, ქალიშვილები იმდენად ახლოს ეგულებოდა, აზრად არ მოსდიოდა, მათთვის უმიზეზოდ ეცქირა ან ესმინა. ზღვა ერთდროულად ქმარიცაა (ანუ პირველმოსული ბერძენი ფრიქსე), ქარისაც და მედეაც, ზღვისგან მიტოვებული ვანის მიწა კი აიეტია, ერთი შეხედვით, უძლეველი მეფე, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მან ხომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა არ ჩაეძია მფრინავ ვერძს ჩაბღაუჭებული პატარა ბიჭის ამბავს და შეიფარა თავშესაფრის მაძიებელი დამფრთხალი ფრიქსე. მაგრამ ამ წერილს იმის გასარკვევად არ ვწერ, თუ ვინ იგულისხმა მწერალმა გაპარულ ზღვაში ან ზღვისგან მიტოვებულ ვანში. ეს წერილი იმაზეა, რომ ოთარ ჭილაძე სამგლოვიარო არშიასავით ვანის სანაპიროს ჩვენებით სხვა სათქმელის მიტანას ცდილობს თავის მკითხველთან და მე შევეცდები, სწორედ ამ სათქმელზე ვისაუბრო.

მას შემდეგ, რაც ვანელებმა დაიჯერეს თავშესაფრის სათხოვნელად მოსული ბერძენი ფრიქსეს უამრავი ტყუილი და ამ ტყუილებიდან ყველაზე უფრო ძნელად დასაჯერებელი, თითქოს მან მფრინავი ვერძის დახმარებით შეძლო ვეებერთელა ზღვის გადმოლახვა, ვანელმა ბავშვებმა თამაში „ვერძობანა“ მოიგონეს: „მეორე დღეს მთელი ქალაქი ცხვარზე ამხედრებული ბავშვებით გაივსო. გაფრენის სურვილით შეპყრობილი ბავშვები აღმა-დაღმა დააქროლებდნენ პირზე დუჟმომდგარსა და თვალებჩასისხლიანებულ ცხვრებს, მაგრამ, მათდა გასაოცრად, მათდა გულდასაწყვეტად, არცერთი ცხვარი არ აპირებდა მიწას თუნდაც ერთი გოჯით ასცდენოდა, ისევ მიწაზე სიკვდილი ერჩია და მართლაც დიდხანს ვერ უძლებდნენ ეს უწყინარი ცხოველები მათთვის ყოვლად შეუფერებელ ჯირითს, ბუშტებივით გაბერილნი, ლაჯებში უსკდებოდნენ გაჯიუტებულ მხედრებს. ქუჩები თვალამოტრიალებული და ახროტინებული ცხვრებით მოიფინა. კაცები დანებით გამორბოდნენ, ქალები მიწას აყრიდნენ სისხლის გუბეებს, ბავშვები კი სრულად არ აპირებდნენ, ხელი აეღოთ ამ უცნაურ ახირებაზე, ამოდენა მსხვერპლი რომ სჭირდებოდა… კაცები თვალს არიდებდნენ დასაჭექად გამზადებულ ქალებს, მაგრამ, უნდოდათ თუ არ უნდოდათ, მაინც უნდა ჩარეულიყვნენ საქმეში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაევიწყებინათ ბავშვებისთვის ეს მართლაც სულელური თამაში, სულელური კი არა, დამღუპველი, ოჯახის დამაქცევარი,.. კერიის გამციებელი… „შემოჰკარი-მეთქი, სანამ დროა, შემოჰკარი!“ – უკვე ღვარძლიანად შეჰღმუოდნენ ცოლები ქმრებს, მაგრამ ქმრები დიდხანს იფხანდნენ ქეჩოებს, რადგან ძალიან უყვარდათ ბავშვები. სიყვარულს შიშიც ემატებოდა, დარწმუნებულნი იყვნენ, ბავშვს თუ შემოჰკრავდნენ, ხელი გაუხმებოდათ. ეს რწმენა კი შთამომავლობით გადადიოდა თაობიდან თაობაზე და ყველანი ბრმად ემორჩილებოდნენ, რადგან არავის გასჩენია მისი შემოწმების სურვილი… რა არ სცადეს, რა არ მოიგონეს, მაგრამ არ იქნა და აღარ გაუარა ბავშვებს ამ უცნაურმა გატაცებამ. ხოლო როდესაც არც დაყვავებამ გაჭრა და არც მუქარამ, ბავშვები დააბეს, ხელ-ფეხი გაუკოჭეს და დაყარეს… მაგრამ არც ამით შეცვლილა რამე… და აი, ერთ დღეს მოხდა ის, რისაც ყველას ეშინოდა და რასაც უკვე ყველა ელოდებოდა. მამამ შვილს ხელი შემოჰკრა. მთელ ქალაქში ისეთი ლაწანი გაისმა, კარ-ფანჯრები ჩამოცვივდა, ჯამ-ჭურჭელი დაიმსხვრა, მიწაში ქვევრები დაიბზარა… მამა რომელმაც შვილს ხელი შემოჰკრა, ქალაქის მთავარ მოედანზე გამოვიდა და მთელ ქალაქს დაანახვა გამხმარი მარჯვენა“. თუმცა ამან ვერ შეაჩერა დაწყებული პროცესი. ვანში ბავშვების ცემა დაიწყეს. „ოყაჯადოს დედა უყვარდა და გულის სიღრმეში ცოტა ეშინოდა კიდეც მისი, ადგან ცემა იცოდა. ცუცას აზრით, ჯოხი ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო. იგი ყოველთვის სცემდა ოყაჯადოს, როცა ბავშვი იყო და ბავშვობით დააშავებდა რამეს… როცა გალახული ოყაჯადო ჩაუფიქრდებოდა ხოლმე თავის საქციელს, დედამისი ყოველთვის მართალი გამოდიოდა… ასე თანდათანობით, რაღა თქმა უნდა, წკეპლისა და სილაქის დახმარებითაც, განიმსჭვალა მთელი მისი არსება დედისადმი განუსაზღვრელი რიდითა და მოკრძალებით, რაც მთავარია, ნდობით.“ ამ გალახულ-დამცირებულმა ბავშვმა, რომელიც აიეტს ნათესავად ერგებოდა, მომავალში, აიეტის ძალაუფლების დამხობის შემდეგ, კოლხეთის ტახტი დაიკავა. ვანმაც და კოლხეთმაც დაკარგა ძველი დიდება, ძლევამოსილება. ვერა, ვერ ივარგებს ბავშვობაში გალახული დიდობაში, ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ შექმნის ის. მხოლოდ ძალადობას გაამრავლებს, ამ ძალადობის შეჩერებას კი საუკუნეებიც აღარ ეყოფა. არ უნდა გვიკვირდეს გალახულ-ნაცემი თაობისგან მამების თაობის მიმართ ჯერ ფარული, მერე კი გაცხადებული შურისძიების სურვილი. როცა ბავშვებს მშობელი ცემს, შესაძლოა, ის მართლაც ფიქრობდეს, რომ სწორად იქცევა, შესაძლოა, მართალიც იყოს, შესაძლოა, შვილმაც იცოდეს, რომ მშობლის პოზიცია სწორია და გარეშე თვალმაც გამართლება მოუძებნოს მშობელს. მაგრამ სწორედ ხელის აღმართვაა ის პირველი ნაბიჯი რომლის შემდეგაც იწყება გაუცხოება, გროვდება გაუცნობიერებელი და ამოუთქმელი ბოღმა, იწყება მოძალადის ჩამოყალიბება.

ახლა დავუფიქრდეთ, როდის დაარტყეს ბავშვს პირველად ხელი ვანელებმა? როცა ვერ გააჩერეს თამაშის ჟინით შეპყრობილი ბავშვები. რა თამაში იყო ეს? გაფრენის აუტანელი სურვილი, რომელთან გამკლავებაც წარმოუდგენელი იყო. ვინ ჩაუნერგა ბავშვებს ეს ილუზორული სურვილი? თავად მშობლებმა, რომლებისგანაც გაიგონეს ბავშვებმა მფრინავი ვერძით მოსულ ბიჭზე. და რა გამოვიდა? ჩაუნერგეს სურვილი, მერე კი დატოვეს მარტო. მიტოვებული ბავშვები კი, უფროსებისგან განსხვავებით, მცდელობას არ აკლებდნენ ოცნების განხორციელებას. ამით განსხვავდებოდნენ ისინი მამების თაობისგან. მამებს არც ის აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ფრენის შესაძლებლობა და არც იმისთვის ეცალათ, გადაემოწმებინათ მოსმენილი. ისინი ზედმეტი შეკითხვების გარეშე იღებდნენ იმას, რასაც ეტყოდნენ. ალბათ არ ეცალათ სხვა არაფრისთვის, როცა ოჯახი ჰყავდათ გამოსაკვები. აი, უსაქმური ბავშვები კი სხვანაირები იყვნენ. და, იმის ნაცვლად, რომ მათთვის აეხსნათ, რატომ იყო თამაში საშიში, მათზე ხელი აღმართეს, ძალადობით შეაჩერეს. შეჩერებული კი დროებით ჩაიბუდებს, რომ მერე ახლიდან წამოყოს თავი, როცა მიეცემა შანსი. მედეაც და ქარისაც ასეთი ბავშვები არიან. მათი გაფრენის მცდელობა კრახით დასრულდა და ავად შემოუბრუნდა მათ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძესთან ასე მარტივად და პირდაპირ არაა ნათქვამი ეს ყველაფერი, მაგრამ სტრიქონებშორის სწორედ ეს აზრი იკითხება: არ უნდა დაატყვევო შვილი, „დატყვევებული უფრო საშიშია, ვიდრე ნებაზე გაშვებული“, თორემ შვილი აუცილებლად შეგეწინააღმდეგება, ტალღას ტალღა მოჰყვება, მომდევნო ტალღა წინამორბედზე ძლიერია, მესამეს მეოთხე მოჰყვება და იმ მეოთხეს ამოცნობა უკვე ძნელი გახდება. მამების თაობა დამარცხებულია, თუკი თავისუფლებას უზღუდავს შვილებს, თუკი ფიზიკურად ან თუნდაც ფსიქოლოგიურად ძალადობს შვილებზე. მოძალადე მოძალადეს ზრდის, რომელიც ასევე განწირულია. საინტერესოა, რომ ეს ალეგორია ლამის ლაიტმოტივად გასდევს ოთარ ჭილაძის მთელ შემოქმედებას.

რატომ ძალადობს წინა თაობა ახალ თაობაზე სხვადასხვა ფორმებით? იმიტომ რომ ახალ თაობას აინტერესებს უცხო – უცხო ადამიანი და მის მიერ მოთხრობილი ამბები, მერე რა, რომ ეს ამბები ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია; არა აქვს მნიშვნელობა, უცხოეთიდან მოდის უცხო ადამიანი, თუ უცხო ქვეყნიდან შემოდის რაიმე უცხო ქმედება – უცხო უფროს თაობას უკვე საფრთხისშემცველი ჰგონია, რადგან უცხო სიახლეა. და იმის მაგივრად, რომ სიახლეს კარი გაუღოს, არ შეუშინდეს და ახალ თაობასთან ერთად დაფიქრდეს, კარგია ის თუ ცუდი (სიმართლე გითხრათ, უხერხულიცაა, ამ ეპითეტებს რომ ვიყენებ), სარგებელს ნახავს მისგან თუ დაქცევას, რა შესაძლო შედეგი ექნება მას, ეშინია და საკუთარი შიშის დასამალად იწყებს ძალადობას. უფროსი თაობის ვალია, იმსჯელოს იმაზე, რაც უცხოდ ეჩვენება, სინამდვილეში კი მხოლოდ სიახლეა და კარი კი არ ჩაუკეტოთ მას, ფართოდ გაუღოს, თორემ ჩაკეტილი კარიდან მაინც შემოიპარება ან ვიღაც მაინც გაუღებს მას კარს უნებლიეთ ან გამიზნულად. ყველა ასეთ შემთხვევაზე მაგალითის მოტანა შეიძლება ლიტერატურიდანაც და რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდანაც, უბრალოდ ამის ადგილი არ არის ამ წერილში და ამიტომაც აქ შევჩერდები.

უცხოს რომ ჯიუტად არ უშვებს ძველი თაობა, არ ეპუება, ფესვებგადგმულ შეხედულებებს რომ იცავს ისე, რომ არც აინტერესებს, ეგებ მათში გამჯდარი მოსაზრებებია არასწორი, მოძველებული, ამიტომაცაა, რომ მერე გადადიან ძალადობაზე, ჯერ სიტყვიერზე, მერე ფსიქოლოგიურზე და ბოლოს, ფიზიკურზეც. უმეტეს შემთხვევაში ასეა, თორემ, ცხადია, არაფრის განზოგადება არ შეიძლება. არც იმას ვამბობ, რომ ახალი ყოველთვის კარგია, მაგრამ, ახალი რომაა, ეს უკვე კარგია.

ბოლოს მინდა, მკითხველს ვთხოვო, დაფიქრდეს აქ განხილულ საკითხზე და ალბათ ამის შემდეგ უყოყმანოდ დამთანხმდებიან, რამდენად აუცილებელია რაიმე სახით ოთარ ჭილაძის რომანის, თუნდაც მხოლოდ პირველი ნაწილის შეტანა სასწავლო პროგრამაში, თუნდაც კლასაგრეშე საკითხავ მასალად. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსწავეები იმსჯელებენ უმწვავეს საკითხებზე, გაიაზრებენ იმას, რომ ძალადობა საშინელებაა, როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ის, თავად მაინც აღარ გაიმეორებენ მშობლების თაობის მიერ დაშვებულ შეცდომებს თავიანთ შვილების მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი