პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლის ძირი მწარე არის

წლების შემდეგ, როცა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან დავბრუნდით, მეგობარი მიყვებოდა, რომ ღამე შეეშინდა და რაც ახსოვდა, ყველა ლოცვა თქვა. წარმოიდგინე, ჯერ ათამდე წმინდანს იხსენებ, მერე მათთვის განკუთვნილ ლოცვებს, რამდენიმე ფსალმუნს და ა.შ. და ა.შ. და უკვირდა, ნუთუ საკმარისი არ იქნებოდა, ერთი მათგანი მეთქვა და გადამეწია საბანი, – მენახა, რომ ოთახში არავინ იყო, ვისიც ან რისიც შემეშინდებოდაო.
სასკოლო სახელმძღვანელოები ძალიან ჰგავს ამ ამბავს. გადაშლი სახელმძღვანელოს – და „მეგობრობა“, „სიყვარული“, „პატრიოტიზმი“, – სათაურების ქვეშ ისეა ჩაყრილი ავტორები და ტექსტები, თითქოს გადაუმოწმებელი საიტებიდან იყოს ამოკოპირებული და პირდაპირ გადმოტანილი, თითქოს ბოლო წუთზე შესრულებული საშინაო დავალება იყოს.

ერთ თავში შეიძლება პაოლო იაშვილი და ბესიკი, ან იოანე მინჩხი და ანა კალანდაძე იყვნენ. იმას არ ვამბობ, რომ ნებისმიერ ეპოქაში დაწერილ ტექსტებს შორის არ შეიძლება მოინახოს რაიმე კავშირი, იქნება ეს სტილისტური თუ თუნდაც იდეური და ა.შ. არა, პირიქით, კარგიცაა კავშირები, მით უფრო თუ ისინი ძალიან დიდი ისტორიული ნარატივის მანძილიდან უკავშირდებიან ერთმანეთს. ცუდი ის არის, რომ სახელმძღვანელოში მოსწავლისთვის (ხშირად მასწავლებლებისთვისაც) არ ჩანს არანაირი კავშირი ამ ტექსტებს, ავტორებს, ტექსტებში წამოჭრილ პრობლემებს, საკითხებს, სამეტყველო ენას, წერის სტილსა თუ ევფონიას შორის. არანაირი კავშირი, გარდა იმისა, რომ თავებს, რომლებიც მათ აერთიანებენ, უგემოვნო სადღეგრძელოებივით სახელები ჰქვია.

ცალკე საკითხია, ამ სახელმძღვანელოების მიხედვით, როგორ ისწავლება გრამატიკა. დავუშვათ, რიცხვითი სახელი. იქნებ ცოტა უტრირება გამომდის, მაგრამ, რიცხვითი სახელი თავისუფლად შეიძლება ისწავლოს მოსწავლემ ერთ კონკრეტულ, თუნდაც მეხუთე კლასში და არა ისე, რომ რიგობითს სწავლობდეს ერთ წელს, რაოდენობითს მეორე წელს, წილობითს კიდევ სხვა დროს.

მერე გვიკვირს, რომ მოსწავლეები ემოციურად მუდმივად დაშორებული არიან ტექსტებს, ავტორებს. მერე ხვეწნით და მუდარით, მუქარით, თხოვნით, უკეთეს ნიშანზე შეთანხმებით ვაზეპირებინებთ ლექსებს, მონაკვეთებს ჰაგიოგრაფიიიდან, ჰიმნოგრაფიიდან, პუბლიცისტური წერილებიდან. ბოლოს ის ხდება, რომ ბავშვებს არ უყვართ ის, რაც არც იციან.

სწავლის ძირი არ უნდა იყოს მწარე. სწავლას არც აქვს ძირი იმ გაგებით, როგორც ამას იაზრებენ მოსწავლეები და ჩვენც ვუღიმით თანხმობის ნიშნად. ეს უწყვეტი პროცესი არც სკოლაში მისვლისას იწყება და არც ბოლო ზარის დღეს სრულდება. ეს ოთხასგვერდიანი წიგნები კი, რომლებიც თითქოს ცდილობენ მოასწრონ და ათასი აზრით, ტექსტით, ფაქტით ამოუვსონ თავი მოსწავლეებს, ცდებიან. ცდებიან, იმიტომ, რომ ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ არც მათ შემდგენლებს, არც მასწავლებლებს, არც მშობლებს, არავის გვაქვს იმედი, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, ისინი, ვინც ახლა სკოლაში სწავლობენ, ოდესმე რამეს ისევ წაიკითხავენ. ცდებიან იმიტომ, რომ ისე ჩანს, თითქოს ვცდილობთ მოვასწროთ რაღაც, რაც შეიძლება მეტი ტექსტი, მეტი ავტორი, მეტი ფაქტი, ვიდრე გატკბილდება. თორემ მერე ვინ დაუბრუნდება ლიტერატურას? რაღა საჭიროა? გამოცდები ჩაბარებულია, ატესტატი სახლში დევს, წინ კი ცხოვრებაა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი