წერითი მეტყველების გასაუმჯობესებლად…

საკუთარი მოსაზრებების, სათქმელის წერილობით გადმოცემა მნიშვნელოვანი უნარია. ამ უნარის განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსის ერთ-ერთი მიზანიცაა.

საშინაო თუ საკლასო წერით დავალებებზე, რეფერატებზე, პრეზენტაციებსა და შემაჯამებლებზე დახარჯული დრო და ენერგია სწორედ აქეთკენ მიემართება – ვასწავლოთ მოზარდს წერა.

ზოგიერთ მოსწავლეს წერა კარგად გამოსდის, ეხალისება, არასდროს ეზარება, სიამოვნებს.

უმეტესობას – ნაკლებად გამოსდის, არ ეხალისება, არ სიამოვნებს. სწორედ მათთვისაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ უნარის განვითარება. ხშირად ვუმეორებ მოსწავლეებს, რომ იმის მიუხედავად, თუ რა პროფესიას აირჩევენ, მათ მოუწევთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი აზრების გაზიარება, საუბარი – ზეპირად თუ წერილობით. ამიტომ არ არსებობს მიზეზი „ მე ეს არ დამჭირდება, მწერალი არ გამოვალ“ ან „წერა არ გამომადგება“…

 

რა საშუალებებს, ხერხებს, სტრატეგიებს მიმართავთ წერითი მეტყველების გასააქტიურებლად და განსავითარებლად?

რა წერით სამუშაოებს ასრულებენ თქვენი მოსწავლეები განსაკუთრებით დიდი ინტერესით?

კარგი იქნება, თუ ერთმანეთს ამ გამოცდილებებს გავუზიარებთ. ჩემი მხრივ, რამდენიმე ისეთ დავალებას შემოგაშველებთ, მოსწავლეთა უმეტესობას საინტერესოდ რომ ეჩვენა. იქნებ, თქვენც გამოგადგეთ.

 

უნდა ვიცოდე, რატომ ვწერ!

 

„დაწერე ეპიზოდის შინაარსი“, „გააკეთე პარაფრაზი“, „უპასუხე სახელმძღვანელოში დასმულ კითხვებს“, „ დაახასიათე პერსონაჟი“, „გადმოეცი მოკლედ/ვრცლად დედააზრი“ – საშინაო წერითი დავალებების მითითებები, ძირითადად, ამგვარი მოწოდებებით შემოიფარგლება ხოლმე. ცხადია, სწავლების პროცესში რუტინულ დავალებებს ვერ ავცდებით, მოსწავლემ შინაარსის გადმოცემაც უნდა ისწავლოს და დასმულ კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემაც, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, უმეტესად, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა შეასრულონ ეს მოსაწყენი დავალებები და რას მიიღებენ სანაცვლოდ.

ამ ტიპის დავალებების მიცემისას კარგი იქნება, თუ იქვე ავუხსნით, რომ ეპიზოდის შინაარსის შეფასებებისა და ანალიზის გარეშე დაწერა აზრის, სათქმელის თანმიმდევრულად, ნათლად, გასაგებად ჩამოყალიბებას გვაჩვევს. აქ საფიქრალი და საანალიზო ნაკლებია, უბრალოდ სიუჟეტურ ღერძს უნდა მივყვეთ და არ გამოგვრჩეს მნიშნელოვანი გზავნილები.

პარაფრაზის გაკეთებისას ისინი ეჩვევიან საკუთარი სიტყვებით სათქმელის გადმოცემას, იმდიდრებენ ლექსიკას, ეს კარგი სავარჯიშოა ტავტოლოგიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, თუკი არგუმენტად დასჭირდებათ ესა თუ ის ფრაზა ან მონაკვეთი, ყოველთვის შეეძლებათ იხელმძღვანელონ თავისივე პარაფრაზით (საზეპირო მონაკვეთები, მადლობა ღმერთს, აღარ არსებობს, ტექსტთან ახლოს თხრობა კი უკეთ დაამახსოვრებინებს მათ ამა თუ იმ საინტერესო მონაკვეთს).

სახელმძღვანელოში ჩიქორთულად დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემისას ისინი ასევე ეჩვევიან კითხვის ადეკვატურად გააზრებას და შესაბამისი პასუხების მოფიქრებას. მასწავლებელს შეუძლია სააზროვნო-კოგნიტური უნარებიც შეამოწმოს და წერითი მეტყველებაც განავითაროს.

პერსონაჟის დახასიათება ემსახურება ტექსტის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნებისა და შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენის და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

ვფიქრობ, ერთია, უბრალოდ გაცემული დირექტივა – შეასრულე წერით! და სულ სხვაა,როდესაც მოზარდს უხსნი, რა კონკრეტულ უნარებს ამუშავებს ესა თუ ის წერითი დავალება, რატომაა მნიშვნელოვანი საწერი სამუშაოს შესრულება.

 

სასარგებლო+საინტერესო

იმის, ილუზია, რომ მხოლოდ მითითებების შეცვლით მოსწავლეები დავალების შესრულების სურვილით აინთებიან, არ მაქვს. ეს უბრალოდ დამატებითი, თანაც, სამართლიანი აქტივობა მგონია. გავიხსენებ რამდენიმე წერით დავალებას, რომელსაც ნამდვილად მოჰყოლია ჩაბარებული რვეულების გორა.

 

შეცვალე მთხრობელი

 

წაგიკითხავთ ირაკლი ქასრაშვილის მოთხრობა „მონა“?

სრულიად გამაოგნებელი მოთხრობაა. ანტაგონისტი როსტევანის 12 მონიდან ერთ-ერთია. სწორედ ის, ტარიელმა თვალის დახამხამებაში რომ გამოასალმა სიცოცხლეს. ანუ, მთხრობელი მკვდარი მონაა. ამბავი კი მისი თვალითაა დანახული და გადმოცემული.

ამ მეთოდს ხშირად ვიყენებ ხოლმე, როდესაც შინაარსის გადმოცემას ვაძლევ დავალებად.

მთხრობელის შეცვლა, რომელიმე სხვა ან სულაც, გამოგონილი ან უსულო პერსონაჟის დამატება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ფანტაზიაც ჩართონ საქმეში და თან ტექსტთან ახლოსაც დარჩნენ. მაგალითად, „შუშანიკის წამების“ შესწავლისას ხუცესთან შეხვედრის სცენა მათ შეუძლიათ მცველის თვალით გადმოსცენ, მისი ხედვა წარმოადგინონ ან თავად შუშანიკი აამეტყველონ.

ალტერნატიული ვარიანტები ( ვინ ან რა იქნება მთხრობელი) თავად შესთავაზეთ მოსწავლეებს ან ბოლომდე მიენდეთ მათ უკიდეგანო ფანტაზიას. მერწმუნეთ, შედეგებით თქვენც არანაკლებ ისიამოვნებთ და რუტინული წერითი დავალებების ნაცვლად საინტერესო საკითხავიც გარანტირებული გექნებათ.

გააფორმე დავალება

ბევრისთვის თვითგამოხატვის ვერბალური ხერხები საკმარისი არ არის. ვიღაც კარგი მხატვარია, ვიღაცას – კოლაჟი გამოსდის, სხვას – კომპიუტერის დახმარებით შეუძლია საოცრებების შექმნა. სულხან-საბა ორბელიანის იგავების შესწავლისას, მახსოვს, ვთხოვე მეათეკლასელებს, იგავის შინაარსისთვის ილუსტრაცია ან რაიმე თვალსაჩინოება დაემატებინათ.

მიღებული შედეგებით, მართალი გითხრათ, თავადაც გავოცდი.

ერთმა გოგონამ საინტერესო აპლიკაცია შექმნა

 

ოლო ჭელიძე, მე-10 კლასი, ილუსტრაცია იგავისთვის „დიდვაჭარი და მეფუნდუკე“

 

( მისი ნებართვით, სტატიას ფოტოსაც დავურთავ), რამდენიმე ბიჭმა სულხან-საბას, ჯუმბერის და ლეონის ფეისბუქ ანგარიშები შექმნეს და მათ შორის დიალოგი გამართეს, ერთ-ერთის პოსტი იგავის შინაარსი იყო, ლეონს ჭკუას არიგებდნენ…რამდენიმემ დიდ ფორმატზე მოინდომა პრეზენტაციის წარმოდგენა.

თქვენთან და თქვენკენ

მოსწავლეების ნდობის მოპოვება არ არის ადვილი. ზოგჯერ მათ რჩებათ განცდა, რომ მეტისმეტს ვითხოვთ, უინტერესოს ვავალებთ, არ ვითვალისწინებთ მათ პირობებს ( დრო არ აქვთ, სხვა რაღაცებით არიან დაკავებულები).

ასეთი სიტუაციების განსამუხტად ზოგიერთ შემთხვევაში ეს მეთოდი ჭრის – მიეცით მოსწავლეებს წერითი დავალება და დაჰპირდით, რომ თავადაც შეასრულებთ და „ჩააბარებთ“. მომდევნო გაკვეთილზე კი წარმოუდგინეთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო.

ასე მათ შესრულებული დავალების ნიმუში ექნებათ (კარგად შესრულებული დავალების გაცნობა სასარგებლოა), მერე კიდევ, თავს მათიანად იგრძნობთ და ბოლოს და ბოლოს, მართლაც, საკუთარ თავზე „იწვნევთ“  – მართლა ასეთი უსაშველოა დავალების შესრულება თუ არა.

კომენტარები

comments