ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საუნივერსიტეტო განათლება აშშ-ში – როგორ აღიქვამენ მას სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ამერიკაში (მეორე ნაწილი)

ავტორი: რონალდ ბრაუნსტაინი, National Journal-ის მთავარი რედაქტორი
წყარო: https://www.nationaljournal.com/next-america/education/why-minorities-are-more-optimistic-about-the-value-of-college-20131107
17 მარტი, 2013 წელი

განსხვავებათა სივრცე

მაშინ, როდესაც თეთრებისა და უმცირესობების მოლოდინი შვილების საუნივერსიტეტო მომავალზე ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, გამოკითხვამ წარმოაჩინა სხვაობა უმაღლესი განათლების ღირებულებასა და საუნივერსიტეტო განათლების ხელშეწყობაში სახელმწიფოს როლზე წარმოდგენებს შორის.
საზოგადოდ, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ზრდასრული ასაკის გამოკითხულთა 52% თანაბრად მაღალ შეფასებას აძლევს უმაღლესი განათლების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობისთვის: „დღეს 4-წლიანი უმაღლესი განათლება წარმატებისთვის აუცილებელია”. გამოკითხულთა 46%-ს იმავე საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად განსხვავდება 2012 წლის გამოკითხვის შედეგებისგან, როდესაც გამოკითხულთა 61% დარწმუნებული იყო უმაღლესი განათლების აუცილებლობაში და მხოლოდ 37%-ს არ მიაჩნდა საუნივერსიტეტო განათლება ახალგაზრდების წარმატების აუცილებელ პირობად.

უმაღლესი განათლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შესამჩნევი კლება აღინიშნა თეთრებსა (57% წინა გამოკითხვაში და 47% – უკანასკნელში) და აფროამერიკელებს შორის (67% და 55%, შესაბამისად). თუმცა აფროამერიკელების უმრავლესობას მაინც მიაჩნდა, რომ უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანია. ესპანურენოვანი ამერიკელების დამოკიდებულება 4-წლიანი საუნივერსიტეტო ხარისხისადმი დიდად არ შეცვლილა – 72% 2012 წელს და 70% – 2013-ში. აზიური წარმოშობის ამერიკელების 3/5 (ისინი 2012 წლის გამოკითხვაში ცალკე ჯგუფად არ განიხილებოდნენ) ბოლო გამოკითხვისას ადასტურებდა უმაღლესი განათლების მაღალ ღირებულებას.

გამოკითხულებთან ჩატარებულმა გამოკითხვის შემდგომმა ინტერვიუებმა ნათელი მოჰფინა უნივერსიტეტში სწავლაზე გულის აცრუების სიღრმისეულ მიზეზებს. ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გამოიკვეთა შრომის ბაზარზე უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდებისათვის შესაფერისი სამუშაო ადგილების სიმცირე.

ედ პიტერსი აფროამერიკელი სამშენებლო მენეჯერია ვაშინგტონიდან. მისი მოლოდინი არ გამართლდა – მისი შვილი, რომელსაც 4-წლიანი უმაღლესი განათლება აქვს, სამსახურის ძებნისას დიდ სირთულეებს შეეჯახა: „სწავლის დასამთავრებლად ბევრი ფული დავხარჯეთ”, –  ამბობს პიტერსი. „უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს შვილს ფოსტაში მოუწია მუშაობა, თუმცა ახლა მას ეს სამუშაოც აღარ აქვს, შეამცირეს. დღეს იგი უნივერსიტეტდამთავრებული უმუშევარია და, საზოგადოდ, სამუშაოს ძებნის მძიმე პერიოდი უდგას. გამოდის, რომ ჩვენ ის 4 წელი უბრალოდ დავკარგეთ”.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურით უზრუნველყოფაში საუნივერსიტეტო განათლების შედარებით დაბალი მნიშვნელობის მიუხედავად, ბევრი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლება სამსახურის მძებნელს კონკურენტულ ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას მაინც აძლევს. „შრომის ბაზარი ახლა საშინლად გამოიყურება და დამქირავებელი პრეტენდენტს უმაღლესი განათლების გარეშე უბრალოდ არასერიოზულად აღიქვამს”, – ამბობს ლინდა ალსკოგი, ნახევრად ესპანური წარმოშობის გრაფიკული დიზაინერი ლოს ანჯელესიდან.

საიპრესელი (კალიფორნია) ჯორდან მაჩადო, რომელსაც საკუთარი ბიზნესი აქვს, ამბობს, რომ იგი აუცილებლად „დაუჭერს მხარს” ქალიშვილს, რათა იგი ან ჯარში წავიდეს, ან რაიმე ხელობას დაეუფლოს, თუმცა იქვე დასძენს, რომ „განსაკუთრებით დღეს… საშუალო კლასის წარმომადგენელის შემოსავლისთვის საჭიროა, საბაკალავრო პროგრამა მაინც გქონდეს დამთავრებული”. პარკინსონი, ოჰაიოელი ელექტრიკოსი, რომელიც 4-წლიანი საბაკალავრო განათლებისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, ცდილობს გაიაროს 2-წლიანი საუნივერსიტეტო კურსი. „მე ბაკალავრიატის ნახევარი უკვე გავიარე. შესაძლოა, ბოლომდეც გავიდე ოდესმე. განათლების მიღება ცუდი კი არ არის, უბრალოდ, 4-წლიანი სწავლა და შესაბამისი ვალი ბანკიდან სახიფათო მეჩვენება. ხომ შეიძლება, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაო ვერ იპოვო და უსახსროდ დარჩე?”

ამ ძირითად კითხვებზე პასუხები საინტერესოდ განაწილდა: როგორც თეთრი, ისე არათეთრი ქალები გაცილებით პოზიტიურად არიან განწყობილი საუნივერსიტეტო განათლებისადმი და მიაჩნიათ, რომ ის მნიშვნელოვანია (ეს ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს უმაღლესი განათლების დიპლომების უმეტესობა ქალების წილად მოდის). დიპლომიან უმცირესობათა 71%-ს მიჩნია, რომ უნივერსიტეტის დიპლომი მნიშვნელოვანია. უდიპლომო უმცირესობათა წარმომადგენლებთან ეს მაჩვენებელი 60%-ია. განსაკუთრებით განსხვავებული აღმოჩნდა ამ საკითხისადმი თეთრების დამოკიდებულება: დიპლომიანი თეთრების 44% და უდიპლომო თეთრების მხოლოდ 49% მიიჩნევს 4-წლიან საუნივერსიტეტო განათლებას მნიშვნელოვნად. ჯონ ლი, ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსი, პენსიონერი ქ. დეკატურიდან (ჯორჯიის შტატი), ამბობს, რომ მან უამრავი დრო და ენერგია შეალია სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და ბიზნესის მაგისტრის წოდების მიღებას, თუმცა ამ ხარისხისადმი მისი დამოკიდებულება ამბივალენტურია: „ეს გახლდათ ბილეთი პროფესიული დასაქმებისთვის და მე ის საკმაოდ კარგად გამოვიყენე, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს განათლების წყალობით მოხდა”.

„მგონია, რომ დღეს ახალგაზრდები 4-წლიანი საბაკალავრო ხარისხითაც უკეთ მოიწყობენ ცხოვრებას, მაგრამ, ვფიქრობ, არც ეს პირობაა აუცილებელი”, – ასე ასრულებს ლი საუბარს.

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა მხოლოდ 2/5-ს მიაჩნია, რომ კოლეჯის განათლება (ბაკლავრიატი) წარმატების აუცილებელი პირობაა. დემოკრატებთან ეს მაჩენებელი 3/5-ია. მშობლების უმეტესობა კვლავ მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო განათლება აუცილებელია წარმატებისთვის, თუმცა იმავე გამოკითხვაში 30 წლამდე ასაკის მშობლების ნახევარზე ოდნავ მეტი ასახელებდა უმაღლეს განათლებას წარმატებული საქმიანობის პირობად.

მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ პენსიონერებს ჰქონდათ. უნივერსიტეტის დიპლომისადმი ყველაზე დადებითი დამოკიდებულება 30-დან 60-მდე ასაკის მშობლებში შეინიშნებოდა.


მთავრობის როლის მნიშვნელობა

მიუხედავად სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებისა, გამოკითხვამ ერთი რამ დაადასტურა, ძირითადად – უმცირესობებს შორის: უმეტესობა აღიარებს სახელმწიფოს გადამწყვეტ როლს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაში. გამოკითხულთა 55% ამბობს, რომ თუ აშშ შეასრულებს პრეზიდენტ ობამას მიერ განცხადებულ მიზანს, 2020 წლისთვის 40-დან 60%-მდე გაზარდოს ბაკალავრისდიპლომიანთა რაოდენობა, ეს წაადგება აშშ-ის ეკონომიკას განათლებული შრომითი კადრების მატების ხარჯზე და მხოლოდ 35%-ს მიაჩნია, რომ ეს ვერაფერს შეცვლის ეკონომიკაში, რადგან ბაზარზე ბაკლავრის ხარისხის მქონეთა სიჭარბე იქნება.

განსხვავებულია უმცირესობებისა და თეთრების დამოკიდებულება განათლებისთვის დასახარჯი თანხების მიმართ. აფროამერიკელთა 72%, ესპანურენოვანთა 67% და აზიელთა 57% დარწმუნებულია, რომ განათლებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხები სიკეთეს მოუტანს მათ თემს. გამოკითხული თეთრი მოსახლეობა ამ საკითხთან მიმართებით თითქმის შუაზეა გაყოფილი – 50% მიიჩნევს, რომ განათლებისთვის მეტი საბიუჯეტო თანხის დახარჯვა საქმეს წაადგება, ხოლო 45%-ს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს (ანუ შესაბამისად შემცირდეს განათლებისთვის გამოყოფილი თანხებიც). უდიპლომო და ხანდაზმული თეთრები უფრო გადასახადების შემცირებისკენ იხრებიან, ხოლო დიპლომიანი და უფრო ახალგაზრდა თეთრი მოსახლეობა – განათლებისთვის მეტი თანხების გამოყოფისკენ.

დემოკრატების 3/4 განათლებისთვის მეტ თანხას ითხოვს, რესპუბლიკელების 3/5 კი – გადასახადების ტვირთის შემცირებას.

განათლებისთვის აღებულმა სესხებმა ეს ჯგუფები კიდევ უფრო მკვეთრად გაყო ერთმანეთისგან: თეთრების 62% და აზიელების 53% მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლებისთვის უკეთესი იქნება, თუ კოლეჯები შეამცირებენ სწავლის გადასახადს, თუნდაც ამას სტუდენტური სერვისების კლება მოჰყვეს. ამ აზრს ეთანხმება ესპანურენოვანთა და აფროამერიკელთა 42%. ამავე ჯგუფში გამოკითხულთა 50% კი ამბობს, რომ მთავრობამ უნდა გაზარდოს სტუდენტების ფინანსური დახმარება.

საყურადღებოა, რომ სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გაზრდას 50 წელს გადაცილებული თეთრების მხოლოდ 16% და რესპუბლიკური პარტიის გულშემატკივართა მხოლოდ 13% ეთანხმება. ამ კითხვაზე პასუხმა გამოკითხვის ყველაზე დიდი კონტრასტი აჩვენა, რადგან უმცირესობათა უმეტესობა სახელმწიფო აქტივობის მომხრეა და მიაჩნია, რომ სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების გავრცელებაში გადამწყვეტია, რადგან ეს უმცირესობათა შესაძლებლობებს ზრდის, აშშ-ის თეთრი მოსახლეობის უმეტესობა კი ამ ტიპის სახელმწიფო ინვესტიციისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.

გამოკითხვამ გამოამჟღავნა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც, საერთო აღმოჩნდა თითქმის ყველასთვის, განურჩევლად ეთნიკური თუ რასობრივი კუთვნილებისა, ასაკისა, პარტიული სიმპათიებისა თუ განათლების დონისა: ყველა ეწინააღმდეგება განათლების ფინანსური ტვირთის მშობლების მხრებზე გადატანას. ბევერლი დევისი, ტენესელი თეთრი სტუდენტი და მაღაზიის ასისტენტ-მენეჯერი, ამბობს რომ „ხარჯი, რომელიც უნივერსიტეტში განათლების მისაღებად არის საჭირო, ბევრს უარს ათქმევინებს ამ გადაწყვეტილებაზე. ხალხს არ სურს სტუდენტურ სესხებში ამდენი ფულის გადახდა”. ბევერლის ნათქვამი თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს სტუდენტური სესხებისადმი გამოკითხულთა უმეტესობის დამოკიდებულებას. „სწავლის გადასახადი უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა ადამიანებმა შეძლონ ოცნების ასრულება”, – ასრულებს ბევერლი დევისი.


განსხვავებათა ასახსნელად

რასობრივი განსხვავებები კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოჩნდა, როდესაც გამოკითხვამ შეისწავლა სხვაობა  ეკონომიკურ და განათლების დონეზე, ერთი მხრივ, თეთრებსა და აზიელებს, მეორე მხრივ კი აფროამერიკელებსა და ესპანურენოვნებს შორის.

აქვე უნდა ითქვას, რომ, საერთოეროვნული აღწერის შედეგად, ესპანურენოვანი და აფროამერიკული ოჯახების საშუალო წლიური შემოსავალი „მნიშვნელოვნად ჩამორჩება თეთრი ოჯახების საშუალო წლიურ შემოსავალს”.

გამოკითხვისას დაისვა ასეთი კითხვა: „მიგაჩნიათ თუ არა, რომ სხვადასხვა რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფში შემოსავლებს შორის არსებული სხვაობა ქვეყნისთვის პრობლემაა?” თეთრებისა და აზიელების 2/5-ზე ნაკლებმა განაცხადა, რომ ეს დიდი პრობლემაა; 2/5-მა (იმავე ჯგუფებში) ეს მცირე პრობლემად მიიჩნია, ხოლო 1/5-მა ეს პრობლემად არ მიიჩნია. ყველაზე უარყოფითად შემოსავლებში არსებულ სხვაობას აფროამერიკელები აღიქვამენ: 3/5-ს ეს მთავარ პრობლემად მიაჩნია, 1/4-ს – მცირე პრობლემად, აფროამერიკელთა 10% პროცენტი კი ამას პრობლემად არ განიხილავს. ესპანურენოვანი მოსახლეობის დამოკიდებულება სადღაც შუაში ექცევა: 45% მიიჩნევს, რომ ეს დიდი პრობლემაა, 25% ამას მცირე პრობლემად აღიქვამს, ხოლო 26%-ს ეს საერთოდ არ მიაჩნია პრობლემად.

გამოკითხვის შემდეგ დასმულმა კითხვებმა შემოსავლებში სხვაობათა აღმოფხვრის გზების შესახებ დიდი განსხვავება გამოავლინა აფროამერიკელ და ესპანურენოვან გამოკითხულებს შორის. აფროამერიკელები აქცენტს უფრო სტრუქტურულ ფაქტორებზე სვამდნენ, მაშინ როცა ესპანურენოვანი რესპონდენტები გამოსავალს საკუთარ ძალებზე დაყრდნობასა და საკუთარი თავის რწმენაში ხედავდნენ.

გამოკითხული თეთრების, აფროამერიკელებისა და ესპანურენოვნების 25-30%-ს მიაჩნია, რომ შემოსავლებში სხვაობათა დასაძლევად საჭიროა, უმცირესობათა უფრო მეტმა წარმომადგენელმა დაამთავროს უნივერსიტეტი, თუმცა, სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, აფროამერიკელები ამ პროცესს სამოქალაქო უფლებების დაცვის კუთხით უყურებენ. მათი 2/5 მიიჩნევს, რომ საჭიროა ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრა (29%), ან სკოლებსა და დასახლებებში მეტი რასობრივი ინტეგრაცია (12%). ესპანურენოვანთა 15% ინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 11% რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელი ღონისძიებებისკენ იხრება. თეთრების დამოკიდებულება უფრო მერყევი გახლდათ: ზემოთქმულ ვარიანტებს გამოკითხულთა მხოლოდ 1/5 ეთანხმებოდა. აზიელებში ინტეგრაციისთვის ძალისხმევას ემხრობოდა გამოკითხულთა 24%, ხოლო რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელობას მხოლოდ გამოკითხულთა 12% ანიჭებდა.

ყველაზე დიდი განსხვავება გამოიკვეთა თეთრებსა და აფროამერიკელებს შორის, როდესაც მათ შემოსავლების უთანსწორობის გადალახვის შესაძლო გზების შესახებ ჰკითხეს: თეთრების 44% (და 50 წელს გადაცილებული თეთრების ნახევარზე მეტი) მიიჩნევს, რომ უთანასწორობის გადალახვისთვის საჭიროა „მეტი პირადი პასუხისმგებლობა უმცირესობათა თემებში”. ამ მოსაზრებას აფროამერიკელების მხოლოდ 23% ეთანხმება. ესპანურენოვნებისა (38%) და აზიელების (36%) დამოკიდებულება პერსონალური პასუხისმგებლობის მიმართ თეთრების მოსაზრებასთან უფრო ახლოა.

დიდი განსხვავება წარმოაჩინა სხვადასხვა რასისა და ეთნიკური წარმოშობის უნივერსიტეტის სტუდენტების მოსწრების შესახებ კითხვამ. ოთხივე ჯგუფი (თეთრები, აფროამერიკელები, ესპანურენოვნები და აზიური წარმოშობის ამერიკელები) ძირითადად თანხმდება, რომ აფროამერიკელებსა და ესპანურენოვან ახალგაზრდებს საგრძნობლად აკლიათ საკუთარ თემში მისაბაძი მაგალითები, ანუ ადამიანები, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს უნივერსიტეტი და ცხოვრებაშიც წარმატებას მიაღწიეს. ამ საკითხზე თანხმობა ოთხივე ჯგუფში 61%-დან 68%-მდე მერყეობდა. ხოსე სტატასის თქმით, „თემში მისაბაძი მაგალითების სიმცირემ განაპირობა, რომ მან ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა და დიპლომზე ხელი აიღო”. „მისაბაძი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ადამიანების ცხოვრება სხვებს აჩვენებს განათლების მნიშვნელობას. მე არ მყოლია ასეთი მაგალითი. ჩემ გარშემო, არც ოჯახში და არც თემში, არ ყოფილან ადამიანები, რომელთა ცხოვრება განათლების ფასეულობაში დამარწმუნებდა”.

თეთრების 3/5, აზიელების 2/3 და ესპანურენოვნებისა და აფროამერიკელების 3/4 ამბობს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას მათ პარალელურად მუშაობა უწევდათ, რაც უნივერსიტეტის დასრულებას ართულებდა.

გამოკითხულთა კიდევ უფრო დიდი ნაწილის (ოთხივე ჯგუფიდან) აზრით, შემოსავლებს შორის სხვაობას ის იწვევს, რომ ესპანურენოვანი და აფროამერიკული წარმოშობის სტუდენტებს სწავლის სიძვირის გამო უფრო უჭირთ 4-წლიანი კურსის დასრულება, რადგან ამისთვის საკმარისი ფული არ აქვთ. გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ უთანასწორობა გამოწვეულია „უნივერსიტეტში არასათანადო სწავლით”. „არასაკმარის შრომას” უთანასწორობის მიზეზად ასახელებს გამოკითხულ აფროამერიკელთა 39%, ესპანურენოვანთა – 44%, თეთრების 33% და აზიელთა 37%.

გამოკითხულ ჯგუფებს შორის აზრი გაიყო ორ სტრუქტურულ ფაქტორზეც: აფროამერიკელებისა და ესპანურენოვნების 1/3 მიიჩნევს, რომ სტუდენტებს შორის განსხვავების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ამ ჯგუფების სტუდენტების „დისკრიმინაცია კამპუსში”. ამ მოსაზრებას გამოკითხული თეთრებისა და აზიელი ამერიკელების მხოლოდ 1/6 ეთანხმება. ამავე დროს, აფროამერიკელების 62%-ს და ესპანურენოვანთა 54%-ს მოსწრებაში სხვაობის მთავარ მიზეზად ის მიაჩნია, რომ „ამ ჯგუფების წარმომადგენელმა ბავშვებმა ვერ მიიღეს სათანადო განათლება უნივერსიტეტამდე”. ამ მოსაზრებას თეთრებისა და აზიური წარმოშობის ამერიკელების 50%-ზე ნაკლები იზიარებს. 

„როდესაც სწავლას იწყებ ისეთი წერტილიდან, საიდანაც ყველაფრის თავიდან შესწავლა გიწევს, ეს უკვე წაგებული ბრძოლაა”, – ამბობს გროვერ ფაუნტინი, ფოსტის ყოფილი მომსახურე, პენსიონერი აფროამერიკელი ალაბამიდან.

დისკრიმინაციის შესახებ პასუხებში არსებულ განსხვავებათა გარდა, რესპონდენტების დიდი ნაწილი, რასობრივი განსხვავების მიუხედავად, თანხმდება იმ ძირითად მიზეზებზე, რომლებიც აფროამერიკელებსა და ესპანურენოვნებს უნივერსიტეტის მიტოვებას აიძულებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა სხვა საკითხების თაობაზე უფრო მეტია. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ დეკადაში აშშ-ის 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის უმეტესობა და, შესაბამისად, უნივერსიტეტში შემსვლელთა და შრომითი ბაზრის ახალი კადრების ძირითადი ნაწილი უმცირესობათა წარმომადგენელი იქნება, კვლევისას გამოვლენილი კითხვები მოითხოვს სასწრაფო პასუხს – იქნება კი შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა, რასობრივი თუ პარტიული განსხვავების გათვალისწინებით, განათლებაში არსებული მთავარი პრობლემების მოსაგვარებლად? 


თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი