პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს თვითმართვადი სწავლის უნარები -მეორე ნაწილი

სტატიის პირველ ნაწილში განვიხილეთ, რას წარმოადგენს თვითმართვადი სწავლა, რატომ არის იგი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ვისაუბრეთ მის აუცილებელ კომპონენტებზე. ამჯერად თვითმართვადი სწავლის განვითარების გზებსა და ეტაპებზე გვექნება საუბარი.

როგორც წინა სტატიაში ითქვა, სწავლის სტრატეგიების ფლობისა და მათი ადეკვატური გამოყენების მიზანია, მოსწავლეები დამოუკიდებელ შემსწავლელებად ჩამოყალიბდნენ. წარმატებული სასწავლო პროცესისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოსწავლე ახერხებდეს საკუთარი სწავლის პროცესის მართვისა და სხვათა მიერ მიწოდებული ინსტრუქციების დაბალანსებას, ანუ სასწავლო პროცესი მიმართული იყოს როგორც მოსწავლეთა დამოუკიდებელი აქტივობისკენ, ისე სხვათა (მაგალითად, მასწავლებელთა) დიდაქტიკური ქმედებისკენ. პერტა მერციგერი (Merziger Perta, Entwicklung selbstregulierten Lernens im Fachunterricht: Lerntagebücher und Kompetenzraster in der gymnasialen Oberstufe, 2007) ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით გამოყოფს თვითმართვადი სწავლის უნარის განვითარების ეტაპებს საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის, რომელთა გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, შეიცნოს თითოეული მოსწავლის განვითარების ეტაპი და შესაძლებლობები, ინდივიდუალურად მიუდგეს თითოეულ მათგანს და შესაბამისად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.

მერციგერი აღწერს თვითმართვადი სწავლის ხუთ ეტაპს:

1. ინსტრუქციებსა და მასწავლებლის მხრივ მართვაზე დამოკიდებულება;

2. მცირედი დამოუკიდებლობის გამოვლენა მასწავლებელზე ძლიერი მიჯაჭვულობისას;

3. თვითმართვის დომინირება;

4. თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედება;

5. თვითმართვისა და გარედან მართვის რეფლექსური ურთიერთქმედება;

ინსტრუქციებსა და მასწავლებლის მხრივ მართვაზე დამოკიდებულება – ამ დროს მოსწავლეს სჭირდება მასწავლებლის სისტემატური და მკაფიო ინსტრუქციები. აქ შესაძლოა შეზღუდული იყოს შემსწავლელის სწავლის უნარი ან სუბიექტური ინტერესი რომელიმე საგნისადმი ან, საზოგადოდ, სწავლისადმი იყოს მცირე. თვითმართვადი სწავლის სტრატეგიების თვალსაზრისით მოსწავლის განვითარების მდგომარეობა აღნიშნულ ეტაპზე შემდეგნაირად აღიწერება:

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს არ შეუძლია, დამოუკიდებლად გაიაზროს სასწავლო მასალა;
მოსწავლე სწავლის პროცესში მთლიანად მკაფიო მითითებებსა და ორიენტირებზეა დამოკიდებული.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს არ შესწევს უნარი, საკუთარი სწავლის პროცესი დაგეგმოს და აკონტროლოს;
არ შეუძლია დავალების დამუშავების ქვემიზნების ჩამოყალიბება;
არ შეუძლია, თავად შეაფასოს სწავლის შედეგების ხარისხი.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლეს მხოლოდ გარეგანი მოტივაცია ამოძრავებს;
მოსწავლის მონდომება სიტუაციურია და დამოკიდებულია გაკვეთილის მიმდინარეობაზე.

● რესურსების გამოყენება:
შეზღუდული აქვს შესაბამისი რესურსების გამოყენების უნარი და გამუდმებით სჭირდება დახმარება.
მცირედი დამოუკიდებლობის გამოვლენა მასწავლებელზე ძლიერი მიჯაჭვულობისას – განვითარების ამ ეტაპზე მოსწავლეს უკვე აქვს დამოუკიდებლად სწავლის მცირედი გამოცდილება, თუმცა მაინც ძლიერ არის დამოკიდებული მასწავლებლის ინსტრუქციებზე.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს სჭირდება ძლიერი მართვა დავალების გაგებისა და დამუშავებისთვის;
ხშირად იყენებს მასწავლებლის წინადადებებსა და ინსტრუქციებს.

●  სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს შეუძლია, სხვათა დახმარებით სწავლის პროცესში აკონტროლოს/შეაფასოს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები
მოსწავლე დაინტერესებულია საგნის შინაარსის გაგებით;
მოსწავლე იჩენს დიდ მონდომებას, როცა გაკვეთილი ნათლად არის სტრუქტურირებული.

●  რესურსების გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია, სწავლისთვის საჭირო რესურსების გარკვეული ნაწილი თავად მოიძიოს და მზად არის, მიიღოს დახმარება.

თვითმართვის დომინირება – ამ ეტაპზე მოსწავლეს უადვილდება თვითმართვადი სწავლა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს საგნისადმი მიდრეკილებითა და ინტერესით. იგი არ იღებს სხვებისგან დახმარებას. სწავლა აღიქმება როგორც ცოდნის შეძენისა და სამყაროს შეცნობის შესაძლებლობა.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლემ აითვისა და გაითავისა საკმარისი სტრატეგიები ცოდნის დასაუფლებლად;
არ სურს და/ან არ შეუძლია, მიიღოს მასწავლებლის რჩევები;
გაკვეთილი მას სწავლაში არ ეხმარება.
● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები
მოსწავლე მონიტორინგს უწევს საკუთარი სწავლის პროცესს საკუთარი მეთოდებით;
უჭირს ახსნას საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი.
● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები
მოსწავლეს სურს, ყველაფერი თავად განავითაროს, რადგან შინაგან მოტივებსა და ინტერესებზეა დამოკიდებული;
პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ სწავლაზე.

● რესურსების გამოყენება
მოსწავლე დამოუკიდებლად მოიძიებს რესურსებს და ძალიან იშვიათად ეძებს დახმარებას.
თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედება – ამ ეტაპზე მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებელი სწავლა, მაგრამ მზად არის მასწავლებლის დახმარების მისაღებადაც. მასწავლებლის დახმარება ემსახურება სასწავლო პროცესში იმპულსის, სტიმულის მიცემას, სწავლის პროცესის კონტროლს, რათა მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება და სწავლა. სწავლა აღიქმება როგორც ცოდნის შეძენისა და სამყაროს შეცნობის საშუალება.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს სწავლის სტრატეგიებს, თუმცა ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებსაც;
მოსწავლე იყენებს მასწავლებლის ინსტრუქციებს იმპულსების, სტიმულირებისა და გონივრული რევიზიის მიზნით.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე აკვირდება საკუთარი სწავლის პროცესს;
ადგენს საკუთარ შესაძლებლობებს, ისახავს მიზნებს, აანალიზებს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
იღებს და ითვალისწინებს უკუკავშირს.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლეს შინაგანი მოტივაცია შესაბამისობაში მოჰყავს გარეგან მოთხოვნებთან;
მოსწავლე მიზნობრივად აამოქმედებს საკუთარ ძალებს;
მოსწავლე ამჟღავნებს მუშაობისთვის მზადყოფნას, რადგან აქვს თვითეფექტიანობის განცდა.

● რესურსების გამოყენება
მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს საჭირო რესურსები, მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში სჭირდება და იყენებს დახმარებას.
თვითმართვისა და გარედან მართვის რეფლექსური ურთიერთქმედება – მოსწავლე დამოუკიდებელი შემსწავლელია, მასწავლებლის წინადადებები ეხმარება საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებელ რეფლექსიაში, სწავლას აღიქვამს ცოდნის შეძენისა და სამყაროს სწორად აღქმის საშუალებად.

● სწავლის კოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლეს გათავისებული აქვს სწავლის პროცესი;
მოსწავლეს შესწევს საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვების უნარი;
მოსწავლეს შეუძლია, მოქნილად და ანალიზის საფუძველზე გამოიყენოს სწავლის მეთოდები.

● სწავლის მეტაკოგნიტური სტრატეგიები:
მოსწავლე გეგმავს, მონიტორინგს უწევს და აფასებს საკუთარი სწავლის პროცესს;
აცნობიერებს საკუთარ სისუსტეებს და მუშაობს მათ დასაძლევად.

● სწავლის მოტივაციური სტრატეგიები:
მოსწავლე ფლობს და იყენებს თვითმოტივაციის სხვადასხვა სტრატეგიას;
მოსწავლეს აქვს მზაობა, გამოამჟღავნოს ნებისყოფა და საქმეზე კონცენტრირების უნარი.

● რესურსების გამოყენება:
მოსწავლეს შეუძლია, თავად მოიპოვოს საჭირო რესურსები, მხოლოდ იშვიათად იყენებს დახმარებას.
რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეს თვითმართვადი სწავლის ერთი ეტაპიდან მეორეში გადასვლაში 

● ინსტრუქციებსა და სხვათა მიერ მართვაზე დამოკიდებულება დამოუკიდებლობის ძალიან დაბალ ხარისხზე მიუთითებს. განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად სწავლის პროცესში უნდა გაძლიერდეს საკუთარი/მოსწავლის წილი, მაგრამ გარედან (მასწავლებლის მხრიდან) სისტემატური დახმარების ფონზე.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს მცირედი დამოუკიდებლობის ეტაპიდან თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მას ისეთი სასწავლო აქტივობები უნდა შევთავაზოთ, რომელთა მეშვეობითაც იგი ისწავლის, დამოუკიდებლად დაისახოს სწავლის მიზანი, დაგეგმოს და აკონტროლოს სწავლის პროცესი.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თვითმართვის დომინირების ეტაპიდან თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მასწავლებელმა ისეთი აქტივობები უნდა შესთავაზოს, რომლებიც მას სხვათა დახმარების სარგებლიანობას დაანახვებს.

● იმისთვის, რომ მოსწავლემ შეძლოს თვითმართვისა და გარედან მართვის გეგმური ურთიერთქმედების ეტაპიდან რეფლექსური ურთიერთქმედების ეტაპზე გადასვლა, მასწავლებელმა მას სისტემატურად უნდა შესთავაზოს საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზი და შეფასება, სუსტი მხარეების დაძლევის გზების ძიება და მუშაობა მათ დასაძლევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი