შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქიმიკოსი და მოქალაქე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი უკეთილშობილესი და უსაყვარლესი პროფესორი გვყავს. ის პროფესიით ქიმიკოსია და წლებია, ბუნებისმეტყველების ამ შესანიშნავ დარგს ემსახურება. თუმცა პროფესორი მხოლოდ მეცნიერებასთან მრავალწლიანი კავშირით როდი გახლავთ გამორჩეული: ათწლეულებია, ის მუსიკას წერს და მრავალ კონკურსშიც მოუპოვებია შთამბეჭდავი გამარჯვება. რამაზ გახოკიძეს დრო იმისთვისაც რჩება, რომ საქართველოში ქიმიის დარგის ფუძემდებლების შესახებ ცნობები შეაგროვოს და დაინტერესებულ პირებს ცოდნა გაუზიაროს.

პროფესორისგან შევიტყვე, რომ რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერიას თბილისის ცენტრში მდებარე ვასილ პეტრიაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა უცდია. ადგილობრივ მოსახლეობას ინიციატივისთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ ქიმიკოსთა ნაწილის აღშფოთებამ შეუშალა ხელი ქალაქის მესვეურთა განზრახვას.

ფაქტი ერთ სამწუხარო გარემოებაზე მიუთითებს: საქართველოში არც მაღალი თანამდებობის პირებმა და არც რიგითმა მოქალაქეებმა ბევრი არაფერი იციან მნიშვნელოვანი დამსახურების მქონე, წარსულში სახელგანთქმული მეცნიერის, ვასილ პეტრიაშვილის შესახებ.

ვინ იყო ვასილ პეტრიაშვილი?

ვასილ პეტრიაშვილი საქართველოს მეცნიერების ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მოღვაწე იყო, რომელმაც საუნივერსიტეტო იერარქიაში დაწინაურება მოახერხა და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასწავლებლის ხელმძღვანელი გახდა. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გზაგასაყარზე პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში საქმიანობდა. მან მოღვაწეობა დოცენტის წოდებით დაიწყო. სოფელ წალასყურში დაბადებული ქიმიკოსი უმოკლეს ხანში პროფესორიც გახდა, მომდევნო წლებში სათავეში ედგა უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიას, გახლდათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, 1905-1907 წლებში კი არც საკუთარ თავზე რექტორის პასუხისმგებლობის აღება გასჭირვებია.

ბუნებისმეტყველების დარგის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ პეტრიაშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორგანული, ტექნიკური და ფიზიკური ქიმიის მიმართულებათა განვითარებაში. ქართველი მეცნიერის ექსპერიმენტული დასკვნები საფუძვლად დაედო საღებავების წარმოებას.

უნივერსიტეტის რექტორობასა და მსოფლიოს მასშტაბის სწავლულის სტატუსის შენარჩუნებასთან ერთად ვასილ პეტრიაშვილი არც თავის ქვეყანაზე ზრუნვას ივიწყებდა.

რატომ მიიჩნეოდა ქიმიკოსი თვალსაჩინო მოქალაქედ?

ოდესის უნივერსიტეტის პროფესორისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო რუსიფიკატორული პოლიტიკა. მას მიაჩნდა, რომ რუსულ ენას საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დარგი არ უნდა დაეპყრო. უკიდურესად გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რექტორი პოულობდა დროს წიგნების ქართულ ენაზე გამოსაცემად. პეტრიაშვილის ავტორობით ქართულად ათამდე სამეცნიერო წიგნი დაიბეჭდა. უცხოეთში გადახვეწილი ბუნებისმეტყველის პუბლიკაციებმა საფუძველი ჩაუყარა ქიმიის დარგში ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას.

პეტრიაშვილის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და პატრიოტიზმზე მიანიშნებს ისიც, რომ მეცნიერი ინტენსიურად აქვეყნებდა წერილებს ქართულ პერიოდულ პრესაში. მას მიაჩნდა, რომ ქართული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობდა მეღვინეობის, მერძევეობის, ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის სფეროებში მის მიერ ლაბორატორიულად გამოცდილი მეთოდების გამოყენება. თანამემამულე გლეხებს სწავლული სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვისკენ მოუწოდებდა. მას თავისი სტუდენტები ექსკურსიაზე ხშირად ჩამოჰყავდა საქართველოში. ახალგაზრდა მეცნიერები უანგაროდ უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას დაინტერესებულ მიწათმოქმედებს.

ვასილ პეტრიაშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე თავდგირიძის სახლი ოდესაში ყველა გაჭირვებული სტუდენტის, განსაკუთრებით კი საქართველოდან დასავლეთში მიმავალი ახალგაზრდების თავშესაფარი იყო. პეტრიაშვილების ოჯახში გაჭირვებულებს ღამის გასათევის, სამოსისა და საკვების გარეშე არ ტოვებდნენ. ხშირად ეკატერინე თავდგირიძე სტუდენტებს სრულიად უსასყიდლოდ ფრანგული ენის შესწავლაშიც ეხმარებოდა. უშვილო ცოლ-ქმრის მთელი შემოსავალი სტუდენტთა და შეფარებულთა შემწეობისთვის იხარჯებოდა. უფულოდ დარჩენილ პროფესორს არც ძველი, საგულდაგულოდ დაკემსილი შარვლით სიარული ეთაკილებოდა.

ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნის ხელშეწყობისთვის, ჩვენი გლეხობის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკოსთა გამოცდილებით მომარაგებისა და ხელმოკლე სტუდენტთა მხარდაჭერისთვის დიდი მეცნიერი თავისუფლად შეგვიძლია მივაკუთვნოთ სრულიად გამორჩეული მოქალაქეების რიგსაც. სამართლიანი და სასიხარულოა, რომ თბილისის შუაგულში კვლავ არსებობს ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა. იმედია, ვერავინ ვერასდროს გაბედავს ამ განსაკუთრებული ადამიანის სახელის მიჩქმალვას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი