ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული -გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“  ერთი ასპექტი

წმინდანებისა და მკვდრების დღესასწაული ჰქვია ცნობილი მექსიკელი მწერლის, ოქტავიო პასის, ესეს, რომელშიც გაანალიზებულია, რა კრავს და აერთიანებს ხალხს სხვადასხვა ეროვნული თუ რელიგიური დღესასწაულის დროს. გურამ რჩეულიშვილმა თავის ცნობილ მოთხრობაში „ალავერდობა“ უმთავრეს სცენად სწორედ ალავერდობის რელიგიური  დღესასწაული დახატა. აქ წმინდანებიცა და მკვდრებიც თანაბარი ინტენსივობით წარმოჩნდნენ. წმინდანებს სიმბოლურად თვითონ ალავერდის ტაძარი წარმოადგენს, ხოლო მკვდრებს _ ადამიანები, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და მხოლოდ მატერიალურ განზომილებაში შეუძლიათ ცხოვრება. მაშ, რატომღა აქვთ სწრაფვა ალავერდობისკენ, როგორც სიწმინდისკენ? ღმერთთან სიახლოვის სურვილი წლის გარკვეულ დროს, დღესასწაულისას, მათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი. თუმცა ღვთის ცოცხალი რწმენა გამქრალია, ფორმალურ-რიტუალური მხარე მაინც განაგრძობს ინერციით არსებობას.

მოთხრობის გმირს აძრწუნებს ის ქაოსი და უწესრიგობა, რომელიც  ალავერდობის დღესასწაულზე ჩასულს  ხვდება,  28 სექტემბერს. შემოდგომის ფერწერულ სანახებს თითქოს ანაცრისფერებს და აფერმკრთალებს არა ამაღლებული, წმინდა, რელიგიური დღესასწაულისთვის, არამედ ცხოველური ღრეობისთვის დამახასიათებელი  დეტალები. იგი ფიქრობს, რომ „ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიასა ჰგავს მთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო, ამას ემატება ისიც, რომ ის, საერთოდ, ისტორიულადაც ბოლო დღეა; ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს“.  ის თავიდან თითქოს ცდილობს, რაღაცნაირად გაიზიაროს ეს  პათოსი და სულისკვეთება, თუმცა ვერ იქცევა მასის  ნაწილად, რადგან ზედმეტად გამოკვეთილი ინდივიდუალურობა და საღი განსჯის უნარი, სიფხიზლე და ფართოდ გახელილი თვალები აქვს.

მისი ამბოხი და პროტესტი შედეგს გამოიღებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე საკითხს:

  1. ხალხის თავგზააბნეულობა (რაც საბჭოური ანტირელიგიური იდეოლოგიური წნეხითაც არის ნაწილობრივ განპირობებული, თუმცა, თანამედროვე ტექნოკრატიული საზოგადოების სულისკვეთებასაც ირეკლავს),
  2. დღესასწაულებისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ამგვარი კარნავალური თავშექცევა. „დღესასწაული ამბოხია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საზოგადოება ნელ-ნელა იძირება საყოველთაო უწესრიგობაში, მისი მყიფე სხეული კი, რომელიც გარკვეულ წესებსა და პრინციპებს ემორჩილება, საკუთარ თავს, თავისსავე ქაოსსა და პირველად თავისუფლებას უბრუნდება. ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი. ერთმანეთში ირევა კარგი და ცუდი, დღე და ღამე, წმინდანი და უწმინდური“ (ოქტავიო პასი).
  3. ხალხისგან განაპირება მათზე ზეაღმატებულობის განცდით. პერსონაჟში იბადება წყურვილი სხვებისთვის ჭკუის სწავლებისა, გამოფხიზლებისა. თავიდან ისიც ცდილობს, იქცეს ამ სანახაობის კარნავალის ნაწილად, თვითონაც სურს რაღაც როლის მორგება: „ძნელია ექსცენტრიული, ბუნებით ეგზოტიკით სავსე შემოქმედისთვის ყველაფერი ამის ყურება; ის სვამს ღვინოს, რომ ხელოვნურად აღიგზნოს ვნებები, დათვრეს სხვებივით, იქნებ მაშინ მაინც დაინახოს ის რაღაცა, რასაც ისინი ხედავენ, იმედიანი, მისი აქეთ წამოსვლის გამამართლებელი. მატულობს მის სხეულში კახური, ქვევრდაკრული სასმელის სასიამოვნო სითბო, შეუჩერებლივ დადის ხალხში, ედება ყველას, ელაპარაკება, ვერ ასმენს და აღარ ესმის არაფერი. მაგრამ გაკეთება, რამის გაკეთება, რაც წამით მაინც შეცვლის რაღაცას, აუცილებელია მისთვის, ის ასე ვერ წავა აქედან! ამ დროს ასეთი ბუნების კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ის ხდება ასეთ წუთებში უცნაურად ეშმაკი და უგუნურებამდე უშიშარი თავისი იდეის განსახორციელებლად. ყველაფერი კარგავს მისთვის მნიშვნელობას, გარდა ერთისა: არტისტულ არენად აქციოს ყველაფერი და მაყურებელი დააინტერესოს ამ წამში ერთი ამბით, ერთი მიზნით,  ერთის ბედით. სწორედ ეს შინაგანი ინსტინქტი არტისტისა, მისცეს ყველას თავის გარშემო ერთი ინტერესი, მიზანი, მთლიანად იპყრობს მას. ის შიგნიდან ცახცახებს, მისი გონება უკვე სავსეა ამ შეგრძნებით, რომელსაც მხოლოდ სჭირდება მოქმედების დაწყება, პირველი აზრი. შემდეგ აქტიორი შედის თავის როლში, გახელებული ხალხი ტაშს უკრავს მას ან ესვრის ათას სიბინძურეს _ ამაზე როლში შესულ მსახიობს უკვე აღარ შეუძლია იფიქროს“.
  4. ხალხის ერთგვარი მხსნელის როლში გარდაისახა პერსონაჟი, თანაც, ისე საბედისწეროდ, რომ კინაღამ შეეწირა. როდესაც ქრისტესავით ხელებგაშლილმა გადმოხედა გუმბათის სცენიდან ხალხს, ამ წამებში, მართლაც, იგრძნო თავისი არსებობის, სიცოცხლის აზრი და მიზანი. ამ წამებში სიკვდილიც ისეთივე იოლი და ლაღი მოეჩვენა, როგორიც სიცოცხლე. „ვიღაცა მოცეკვავემ, რომელმაც მოღერებული სახე მაღლა ასწია, ცეკვა ზედ თითის წვერებზე შეაჩერა და გაირინდა. გუმბათის კარნიზზე წონასწორობისთვის ხელგაშლილი მიდის გურამი. ის გაჩერდა და ქვევით, ხალხისკენ დაიწყო ყურება. მაღლა აიხედეს მეზურნეებმაც და დაკვრა შეწყვიტეს. ხალხმა დაინახა ეს მოჩვენება. აძგერდნენ ახალგაზრდა გულები გურამის სურვილით, აღელდნენ მოხუცები, ქალები; იმ მლოცველთა სახეებით, რომლებსაც არ ჩაუფიქრებიათ, რაზე უნდა ილოცონ, თვალს ვერ აშორებენ გუმბათს. გავარდა ხმა, რომ კაცი დგას გუმბათის კარნიზზე და ყოველ წამს შეიძლება დაიმსხვრეს, ხმა გავიდა გალავნის გარეთ, მერე ხევს გაღმა და იწყო ხალხმა გალავნის შიგნით დენა. „ოოუ!“ _ იყვირა გურამმა, ხალხი ისევ ისე უძრავად იდგა, ამ სიმაღლიდან თითქმის ვერ აღწევს ხმა ქვევითამდე.
  5. თუმცა, ყურადღება მივაქციოთ იმ განცდას, რომელიც მას ეუფლება მაშინ, როდესაც ტაძრის გუმბათიდან გაჰყურებს ალაზნის ველს. ის ხედავს ამავე მშრომელი ხალხის ნაჯაფ-ნაამაგარს. იგი იგრძნობს უმთავრესს, რომ ის ექსტაზი, რომელიც მას დაეუფლა, როცა წინააღმდეგობა გაუწია რეალობას, ცხენი გაიტაცა, მოსაკლავად დადევნებულ  ხალხს დაუსხლტა და ტაძრის გუმბათზე ავარდა, გაელვებას  ჰგავდა. ამ წამებში თითქოს მიეახლა ჭეშმარიტებას, მაგრამ, როცა ექსტაზმა გაიარა და მიხვდა, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“, სიცარიელე იგრძნო. ექსტაზი გაქრა, თუმცა ამ თავდავიწყებიდან დაბადებულმა ენერგიამ თავისი კვალი დატოვა. მან შეძლო „სასაფლაოდ“ ქცეული გარემო გაეცოცხლებინა, დამიწებული და უსულო ადამიანები ზეცისკენ გაეხედებინა. ამის გაცნობიერებამ    კიდევ ახალ „აღმოჩენას“ აზიარა. აქამდე თუ ამ ხალხისგან განცალკევებულობამ მიანიჭა სიხარული, ახლა მათთან თანაზიარობის წყურვილი გაუჩნდა, რადგან მიხვდა, „ალავერდიცა“ და სხვა არქიტექტურული შედევრებიც სხვისი, ამ ხალხის წიაღიდან გამოსული რომელიმე გენიოსის შემოქმედებითი ექსტაზის ნაყოფი იყო. ეს ხალხიც ქმნიდა, აშენებდა, შრომობდა და მას არავითარი უფლება არ ჰქონდა მისთვის ზემოდან ცქერისა:  „მის ფეხქვეშ დგას ალავერდი, სხვისი გრანდიოზული ვნებისგან შექმნილი, თვითონ კი… გუმბათის თავზე შერჩენილს, ღიმილი ერევა, ისეთ უაზრობად ეჩვენება აქ დგომა“.
  6. „ის ფიქრობს: საიდან მოდის ეს სიცოცხლისუნარიანობა და პასუხობს: ის თვითონ ჩემშია, ის თვითონ იმ ხალხშია, რომელიც ღრეობს ქვევით, მაგრამ ჩვენ ორი დღით დავიბენით, რომ ახალი ძალით გვეგრძნო ნამდვილი შემოქმედური სიამოვნება შრომისგან, ტყის პირას გაგონილი, დაუწერელი, ერთად მოვარდნილი სიმფონიასავით იღვრება თვალის წინ ძველი ციხეები, ეკლესიები, ბურჯები“.
  7. ეს „ორი დღით დაბნევა“, თანაც არა სხვებისა, არამედ „ჩვენი“_ კარგად წარმოაჩენს გურამის სულისკვეთებას.
  8. მოთხრობა 1959 წელს დაიწერა, კიდევ ბევრ წყალს უნდა ჩაევლო, სანამ საქართველო საბოლოოდ მოიხსნიდა საბჭოთა კოლონიალიზმის უღელს და გამოვიდოდა „დაბნეულობიდან“, მერე კვლავაც იმგვარი რწმენით გააგრძელებდა შემოქმედებას, როგორც მისი წინაპრები.

ოქტავიო პასის აზრით, დღეასწაული არ არის მხოლოდ რიტუალური ხარჯი, ან თუნდაც დაუდევარი ფლანგვა იმ სიკეთისა, რასაც მთელი წლის განმავლობაში ტანჯვით ვაგროვებთ. ეს არის გზიდან გადახვევა, უცაბედი ჩაყვინთვა განუსაზღვრელობაში, ჭეშმარიტ სიცოცხლეში… „ამ ქაოსიდან ადამიანთა ჯგუფი განწმენდილი გამოდის. იგი საკუთარ თავში ჩაიძირა, დაბრუნდა იქ, საიდანაც იშვა. დღესასწაულისთვის უცხოა საზოგადოება, როგორც განსხვავებული ფორმებისა და პრინციპების ერთიანობა, იგი მისაღებია მხოლოდ როგორც ენერგიისა და ხელახალი ქმნადობის წყარო“.

გურამ რჩეულიშვილმა ქაოსის მიღმა, უაზრო და  ცარიელი ზეიმის მიღმა, მაინც დალანდა ის ენერგია, რომელსაც ხალხი აღმოაჩენდა და საკუთარ თავს ფერფლიდან ფენიქსივით აღადგენდა. ამიტომაც მთავრდება მოთხრობა ამგვარი ოპტიმიზმით: „სინათლეები კი სულ მატულობს და საოცარი ჰარმონიით ერევა ალაზნის მდუმარე ველს, რომელსაც ის ფეხით მიჰყვება ალვანისაკენ“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი