პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

კვლავ ბულინგზე

აღზრდის ძალადობრივი მეთოდები და ზოგადად ძალადობა ბავშვზე გამოუსწორებელ კვალს ტოვებს და მის შემდგომ განვითარებაზეც მოქმედებს. სწორედ ძალადობის შედეგად ვიღებთ გულჩათხრობილ, განდგომილ და არაჯანმრთელ თაობას, რომელიც ვერ უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, ვერ აღწევს წარმატებას. ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს მოზრდილობისას აქვთ მაღალი შფოთვა, დაუცველობის განცდა და დაბალი თვითშეფასება, მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისადმი. იუნესკო-ის მიერ 144 ქვეყანაში ჩატარებული ბოლო კვლევით, ბავშვთა 32%-ს თვეში ერთხელ მაინც დამუქრებიან სკოლაში. ამდენივე ბავშვი გაულახავთ სასკოლო სივრცეში. ბიჭები უმეტესად ცემის, გოგონები კი მუქარის საფრთხეს განიცდიან.

მოსწავლეთა განცხადებით, მათი დევნის და მათზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გარეგნული მონაცემებია, ასევე, რასობრივი განსხვავება, ეროვნება და კანის ფერი. სულ უფრო მეტად აქტიურდება კიბერბულინგის თემაც, როდესაც ბავშვებზე სოციალური ქსელების მეშვეობით ძალადობენ და ამისთვის იყენებენ ინტერნეტს, სოციალურ მედიას და ციფრულ ტექნოლოგიას ან მობილურ ტელეფონს, რათა დააშინონ, გააჩუმონ ან გაავრცელონ ჭორები მის შესახებ. რაც შეეხება ქართულ სკოლებში ძალადობას, სიას შარშანდელი მონაცემებით, გამოკითხულ ბავშვთა 25% აღიარებს, რომ ან თვითონ არის ძალადობის მსხვერპლი, ან მის რომელიმე მეგობარზე იძალადეს.

სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობის საშიშროება დიდია როგორც ოჯახში, ისე სკოლაში, სადაც ისინი დიდ დროს ატარებენ. სკოლაში ჩადენილი ძალადობის ყველა ფორმა ერთნაირად საზიანოა ბავშვისთვის. ამიტომ ძალადობისგან ბავშვის დაცვის სისტემა გამუდმებით საჭიროებს სრულყოფას, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ბულინგის პრევენციას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. თუმცა, ვიდრე სისტემის ხარვეზები საკანონმდებლო დონეზე გვარდება, ჩვენ შეგვიძლია სიტყვიერად მაინც დავეხმაროთ და გავამხნევოთ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნები.

იმისთვის, რომ ძალადობაზე სწორი რეაგირება მოვახდინოთ, უნდა გვესმოდეს, რა სახის ქმედება წარმოადგენს ძალადობას. საქართველოს მოსახლეობაში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ძალადობის შესახებ მეტ-ნაკლებ ინფორმაციას ვფლობთ და ისღა დაგვრჩენია გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ვიყოთ ყურადღებით, რადგან ბავშვთა მიმართ ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო მოუწესრიგებელ, არამედ საკმაოდ მოწესრიგებულ და პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაშიც კი.

თუკი გაიგეთ, რომ ბავშვზე რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა, თქვენი უმთავრესი ამოცანა იქნება უზრუნველყოთ მისთვის აუცილებელი უსაფრთხოების განცდა და ემოციური კომფორტი. მართალია, მსგავსი შემთხვევების დროს უფროსი თაობის პირველი რეაქცია საკმაოდ ემოციურია, რადგან სურს სასწრაფოდ აგებინოს პასუხი მოძალადეს, მაგრამ მას ნამდვილად სჯობს წონასწორობის და სიმშვიდის შენარჩუნება. ისედაც განერვიულებულ ბავშვს ურჩევნია გაღიზიანებული მშობლის ან მასწავლებლის ნაცვლად, ადეკვატური ზრდასრული იხილოს. უფროსმა არ უნდა გამოხატოს აღშფოთება, რადგან ამან შეიძლება ბავშვთან ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვიოს.

მეტი კომუნიკაცია მშობელსა და ბავშვს შორის ზრდის იმის ალბათობას, რომ მშობელს არ გამოეპარება შვილზე განხორციელებული ბულინგი. აჩვენეთ ბავშვს, რომ უფასებთ გულახდილობას. ბევრ მოზარდს ხომ ძალიან უჭირს უფროსებთან გულის გადაშლა. სიტუაციის დამძიმების შიში, იმედგაცრუება, სირცხვილი, ეს განცდები ხელს უშლის, რომ იყოს გულწრფელი დედ-მამასთან ან მასწავლებელთან.

ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ბავშვს, დავაჯეროთ, რომ ახლა ის აღარ არის მარტო და თქვენ მზად ხართ მხარი დაუჭიროთ მას. განსაკუთრებით უმცროსკლასელები საჭიროებენ უფროსების ჩარევას, რადგან მათ არ იციან, როგორ მოაგვარონ დამოუკიდებლად პრობლემა, არ აქვთ ამის გამოცდილება.

„ნუ მიაქცევ ყურადღებას“, „იყავი უფრო გონიერი“, „უბრალოდ, გვერდი აუარე, ვითომ არაფერი ხდება“, „ხურდა დაუბრუნე“ – ნუ ურჩევთ ამას. ეს რჩევები ბავშვისთვის მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ ის კვლავ პირისპირ რჩება თავის პრობლემებთან. გაიზრდება ბავშვის მსხვერპლად ქცევის რისკი.

ხშირად მშობლები ან მასწავლებლები ძალადობის მსხვერპლშიც ეძიებიან ძალადობის მიზეზს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვის მდგომარეობას. ის ვერაფრით იქნება დამნაშავე იმაში, რომ სათვალებს ატარებს, არის პუტკუნა ან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ამ ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო, მისი შეურაცხყოფა, დამცირება, ცემა ან იგნორი დაუშვებელია. ბულინგმა ბავშვში შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი ფიზიკური პრობლემები და გონებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბულინგი არ არის ერთი ან ორი მოსწავლის პრობლემა. ეს არის კოლექტივის, ჯგუფის კომპლექსური პრობლემა და მისი გამართლება შეუძლებელია. თუ მასწავლებელი და ოჯახი გულგრილია ბავშვის პრობლემების მიმართ, მისი ჩაგვრა გაგრძელდება, ეს არა მხოლოდ ფსიქოლოგიური სტრესით, არამედ სავალალო, გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება. მაგალითად, ბულინგმა შესაძლოა მოსწავლე თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

ბულინგი სოციალური მოვლენაა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ბავშვთა ორგანიზებული კოლექტივისათვის არის დამახასიათებელი. თანამედროვე მოძალადეები მშვენივრად მალავენ ხოლმე აგრესიას და უფროსების თვალში უცოდველებად ჩანან. ამიტომ მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია არც უჯერებს მსხვერპლს, როცა ის ძალადობის შესახებ საუბრობს.

იქნებ ბავშვი მართლაც ცუდად მოიქცა ან რაღაც ისეთი თქვა, რითაც სხვას აწყენინა? ამ შემთხვევაში საჭიროა ადეკვატური რეაგირება – ამბის გამოძიება, ბავშვებს შორის ურთიერთობის განმუხტვა, რის შემდეგაც ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში ჩაჯდება.

უნდა ვიცოდეთ ბულინგის მარკერების შესახებ (განზრახ, განმეორებით, უთანასწორო ქმედება). ბულინგი უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი ჩხუბისგან. მისი იდენტიფიცირება სკოლაში საკმაოდ რთულია. ზოგჯერ მასწავლებლები ან მშობლები აგრესიულ ქცევას მხოლოდ და მხოლოდ ბავშვურ სიცელქედ მიიჩნევენ. დაუსვით დაზარალებულ ბავშვს ბევრი შეკითხვა, დააზუსტეთ რაში გამოიხატება მისი ჩაგვრა, ვინ მონაწილეობს ამაში, როგორ რეაგირებენ მასზე თანაკლასელები, კიდევ ვინ იცის ამის შესახებ? თუმცა კითხვების დასმის პროცესს დაკითხვად ნუ გადააქცევთ. ბავშვის გამოკითხვის დროს ბევრი ისეთი დეტალი შეიძლება გაცხადდეს, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

არცერთი ბავშვი არ არის უშეცდომო, ამიტომ ბავშვებს სულ უნდა შევახსენოთ, რომ ძალადობის ფორმები და აგრესიული ქცევა მიუღებელია. განუმარტეთ, რომ თქვენ არავითარ შემთხვევაში არ შეეპუებით მის აგრესიას. დააწესეთ კონკრეტული, მკაცრი შეზღუდვები, რომლებსაც ბულინგის გამეორების შემთხვევაში მიმართავთ.

ხშირად მშობელი მასწავლებელზე ადრე ამჩნევს, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია. მშობელს შეუძლია ამ პრობლემასთან გამკლავების გეგმის შემუშავების მონაწილე ბავშვიც გახადოს, რადგან ის ყველაზე უკეთ იცნობს თავის სიტუაციას. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვის შფოთვის დონეს – ის აღარ ინერვიულებს იმაზე, რომ გაბრაზებული დედ-მამა ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად, გაფრთხილების გარეშე მოვლენ სკოლაში და დამნაშავეს „გაუსწორდებიან“, რაც კიდევ უფრო გააუარესებს მის მდგომარეობას.

ბავშვთან გასაუბრების მერე, განსაზღვრეთ თავდაპირველი სამოქმედო გეგმა, დაელაპარაკეთ კლასის დამრიგებელს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ობიექტურობა, თუ რაიმე ფაქტები გაგაჩნიათ, ეგეც წარუდგინეთ მასწავლებელს. უმჯობესია საქმეში ჩართოთ არა გავლენიანი პირები, არამედ ჰკითხოთ მასწავლებელს, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისათვის, რომ ბავშვი აღარ შეავიწროვონ და დაამცირონ, რისი შეთავაზება შეუძლია მას მისი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გაკვეთილებსა და შესვენებებზე.

თუ მასწავლებელთან დიალოგი არაპროდუქტიული გამოდგა, მშობელმა სკოლის დირექტორს ან ადმინისტრაციას უნდა მიმართოს. ვიდრე მშობელი არ დარწმუნდება, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ არის, სკოლიდან არ უნდა წამოვიდეს. შეიძლება საჭირო გახდეს მოძალადის მშობლებთან შეხვედრა. თუ მოძალადე ბავშვი ძალიან აგრესიულია, აუცილებელია ფსიქოლოგის ჩართვა.

თუ სიტუაცია კრიტიკულია და ბულინგის მსხვერპლი დიდ სტრესს განიცდის, მიზანშეწონილია მისი სხვა სკოლაში გადაყვანა. მაგრამ თუ არ არის კრიტიკული და ყველაფერი გამოსწორებადია, ბოლომდე იყავით ბავშვთან ერთად. პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი აქტივობა, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვის კომუნიკაციური უნარების განვითარებას და სხვა მოსწავლეებში ურთიერთობების მოწესრიგებას. ეს შეიძლება იყოს ხშირი ექსკურსიები, ერთად სეირნობა და სხვა აქტივობები. ატარეთ ბავშვები სპორტზე, დაეხმარეთ ახალი მეგობრების აღმოჩენაში, შეუქმენით სახლში მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო, წაახალისეთ და გაატარეთ მათთან ერთად მეტი თავისუფალი დრო.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი