ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მხარდაჭერა და შეფასება

“მასწავლებელი უნდა ფასდებოდეს იმისთვის, რომ მან გააუმჯობესოს სწავლება
და არა იმისთვის, რომ დადგინდეს მისი რეიტინგი”.
რენდი ვეინგარტენი, ამერიკის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ჩარჩო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობა. ეს პრინციპი ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში (თავი VI). 

თითოეული მოსწავლისთვის წარმატების შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უბიძგებს, შესთავაზოს მასწავლებელს პროფესიული განვითარების ჩარჩო, რომელიც შეიცავს სამ ძირითად კომპონენტს და ხელს უწყობს მასწავლებელთა კომპეტენციების მუდმივ ამაღლებას: 

·სტანდარტი და სერთიფიცირება: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მასწავლებლის მომზადების, საგანმანათლებლო პრაქტიკისა და პროფესიული განვითარების შეფასების საფუძველს წარმოადგენს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი აყალიბებს საერთო გაგებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა და რის კეთება უნდა შეეძლოს მას. მასწავლებელთა სერთიფიცირება ეფუძნება მასწავლებლის სტანდარტს და ადასტურებს, რომ მასწავლებელი მზადაა პროფესიაში შესაბიჯებლად.

·მასწავლებლის მუშაობის შეფასება: მასწავლებლის მოქმედებას საკლასო ოთახში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსწავლემ საუკეთესო განათლება მიიღოს. ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნა, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა და ამ მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის გადასინჯვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია მასწავლებლის წარმატებული მოღვაწეობისათვის. 

·უწყვეტი პროფესიული განათლება: კარგი მასწავლებლები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ; მათ მუდმივად სჭირდებათ ცოდნისა და უნარების განახლება და გაუმჯობესება, რათა ფეხი აუწყონ ოცდამეერთე საუკუნის სიახლეებს. 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

ეფექტური პროფესიული განვითარება წარმოებს მუდმივად, იგი მოიცავს ტრენინგს, პრაქტიკასა და უკუკავშირს. მას საკმარისი დრო ეთმობა და მოიცავს ტრენინგის შემდგომი პრაქტიკის მხარდაჭერას. წარმატებული პროგრამები აგებულია ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც იმეორებს საგაკვეთილო გარემოს და ხელს უწყობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების განვითარებას. სულ უფრო მატულობს ინტერესი სკოლის, როგორც არა მხოლოდ სწავლების, არამედ ერთობლივი სწავლის დაწესებულების მიმართ; შესაბამისად, მნიშვნელობას იძენს ის გზები და საშუალებები, რომლითაც მასწავლებლები სისტემატურად უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას.

ნებისმიერი მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამის მიზნები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

·მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის განახლება უახლესი მიღწევების კუთხით;

·მასწავლებლის უნარ-ჩვევების, დამოკიდებულების და მიდგომების განახლება უახლესი კვლევების შედეგების, სწავლების ახალი მეთოდებისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით;

·მასწავლებლის ხელშეწყობა სასწავლო გეგმის ან სწავლების სხვა ასპექტებში განხორციელებული ცვლილებების გამოყენებაში;

·ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა მასწავლებლებთა სასწავლო ჯგუფებს შორის; 

·ნაკლებადწარმატებული მასწავლებლების დახმარება  მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
მასწავლებელთა მხარდაჭერის ფორმები

პროფესიული განვითარება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც მას სათანადო მხარდაჭერა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საჭიროა სკოლის ადმინისტრაციული რგოლიდან (სამინისტრო და მისი უწყებები, რეგიონალური წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები), ვინაიდან ნებისმიერი პროფესიული განვითარების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ინიციატივას ადმინისტრაცია. ამდენად, ადმინისტრატორები უდიდეს როლს თამაშობენ წარმატებული პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში. 

განვითარებული ქვეყნების მასწავლებელთა მხარდაჭერის ფორმები შემდეგი სახისაა:

·უნივერსალური, მაღალი ხარისხის მასწავლებლის განათლება, ტიპურად ორიდან ოთხ წლამდე ხანგრძლივობისა, მრავალმხრივი პრაქტიკული ტრენინგისა და საკურსო ნაშრომის შედეგია; 

·სამართლიანი, კონკურენტული ხელფასები _ სხვა პროფესიების ხელფასებთან შესაბამისი, როგორიცაა, მაგალითად, საინჟინრო პროფესია, ზოგჯერ დამატებითი სტიპენდიებით გამყარებული  – მასწავლებელთა მაღალმთიან და რთულად მისადგომ ადგილებში გასანაწილებლად;  

·მენტორობა ყველა დამწყებთათვის, შემცირებული სასწავლო დატვირთვისა და საერთო დაგეგმვის დროის ერთობლიობა; 

·ინტენსიური პროფესიული განვითარებისა და სწავლების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც შერწყმულია სკოლის დონეზე დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობასთან;  

·მასწავლებლის ჩაბმულობა სასწავლო გეგმების შემუშავებაში, შეფასების სისტემის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ასევე, სწორედ ადმინისტრატორებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განვითარების კუთხით წარმართულ საქმიანობას. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეროვნული პოლიტიკა, სასწავლო და სამუშაო პირობები, მძლავრად მოქმედებს იმ გარემოზე, სადაც შეიძლება დაინერგოს და განხორციელდეს პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემა.
მასწავლებელთა შეფასება

მასწავლებელთა შეფასება ორ მიზანს ემსახურება. პირველი – მასწავლებლის პრაქტიკის გაუმჯობესება ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის; მეორე – მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა სწავლის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

თანაბრად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ საგნის ცოდნა და საგნის სწავლების უნარ-ჩვევები. სასერტიფიკაციო გამოცდა ამ საგნებს ეხება, ოღონდ მხოლოდ თეორიულ დონეზე. მართალია, თეორიის ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სწავლების უნარის შესამოწმებლად. კარგმა მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს კლასში ამგვარი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა. 
ეფექტურ მასწავლებელს გააზრებული აქვს სტრატეგიების მნიშვნელობა და შეუძლია მისი გამოყენება, რათა მოსწავლეებს დაეხმაროს მიღწევების გაუმჯობესებაში. მას ესმის და იყენებს ბავშვისა და მოზარდის განვითარებასთან დაკავშირებულ ცოდნას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და ჩაბმულობის უზრუნველსაყოფად. მას შეუძლია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა. მან იცის, სწავლის სტიმულირების მიზნით როგორ შექმნას კლასში დადებითი გარემო.

ეფექტურ მასწავლებლებს ზოგადად ახასიათებთ:

·რწმენა იმისა, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა;
·რწმენა იმისა, რომ მასწავლებლებიც სწავლობენ და ბავშვებიც ასწავლიან;
·მოსწავლეთა მიმართ პატივისცემა;
·მოსწავლეთა მიმართ მაღალი, მაგრამ განსხვავებული მოლოდინები;
·კლასის კონტროლისადმი ჰუმანური და არაპოლიციური მიდგომა.
კლასის დაკვირვება დირექტორს საშუალებას აძლევს დაადგინოს, ავლენს თუ არა მასწავლებელი ეფექტური მასწავლებლის ქცევით თვისებებს. ამგვარი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია მხოლოდ გამოცდის მეშვეობით. მასწავლებლებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მაღალი ქულა მიიღეს, შესაძლოა ვერ გამოიყენონ ეს ცოდნა პრაქტიკაში, როდესაც აღმოჩდებიან კლასში, სადაც ყველა მოსწავლე განსხვავებულია. მასწავლებლის სრული შეფასება მოიცავს სწავლების ეფექტურობის, სწავლების ძლიერი მხარეებისა და გასაუმჯობესებელი სფეროების ზუსტ შეფასებას, რასაც მოჰყვება უკუკავშირი, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის შრომის აღიარება და დაფასება.

მასწავლებლის მუშაობის შეფასება შეიძლება იყოს მარტივი, მაგალითად, დირექტორის მიერ მასწავლებლის კლასში მუშაობისა და ქცევის შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს კომპლექსური და მოიცავდეს მშობლების, თანამშრომლების, სკოლის ადმინისტრაციის და თავად მოსწავლეების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. შეფასება არ უნდა იყოს ერთჯერადი. ის უნდა იყოს მიმდინარე, უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად.
მასწავლებლის შეფასების სისტემა

მასწავლებლის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისა და ამოქმედებისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, იგი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სტანდარტებს. მეორე რიგში, შეფასების სტრუქტურა უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით გაწერილი იმისთვის, რომ მასწავლებლებს ნათლად ესმოდეთ _ რას ითხოვენ მათგან. დაბოლოს, სავალდებულოა უკუკავშირი. 

ასე, რომ მასწავლებელთა შეფასების სისტემის კომპონენტებია:

·პროფესიული სტანდარტები, რომლებიც იძლევა პროფესიის აზრიან, ზოგად ხედვას. სტანდარტი წარმოადგენს პროფესიონალთა შორის გაზიარებულ დებულებებს იმის თაობაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და რისი კეთება უნდა შეეძლოთ მათ მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და საკუთარი პროფესიული ზრდისთვის. სტანდარტებში მოცემული უნდა იყოს მასწავლებელთა საკვანძო კომპეტენციები მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობისთვის.

·(მასწავლებლების მუშაობაზე) დაკვირვების სტანდარტები, რომლებიც უნდა მოიცავდეს დებულებებს მასწავლებლების მუშაობისა და მოსწავლეთა სწავლის ამსახველი ფაქტობრივი მონაცემების შეგროვებისა და ამ მონაცემების კატეგორიების შესახებ. სისტემაში განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული მათგანის წონა. მასწავლებლის სწავლების ხარისხის განსაზღვრა სხვადასხვა მონაცემის შეგროვებას საჭიროებს (გაკვეთილებზე დაკვირვება, მშობელთა გამოკითხვა, მოსწავლეთა ტესტის ქულები და სხვა), რომლებიც ისე უნდა დაჯგუფდეს, რომ წარმოაჩინოს მასწავლებლის მიღწევები. მიღწევების გაზომვა უნდა ითვალისწინებდეს წონების, სტანდარტების დასახვისა და ჯამურ ქულებთან დაკავშირებულ საკითხებს.

·დანერგვის/განხორციელების სტანდარტები უნდა მოიცავდეს შეფასების მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიცაა, მაგალითად, როგორ არიან ჩაბული შეფასებაში მასწავლებლები, ვინ აფასებს მათ, რა სიხშირით ხდება შეფასება, როგორ გამოიყენება შეფასების შედეგები, როგორ მიეწოდებათ მასწავლებლებს უკუკავშირი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის საფუძველი შეფასების მიზანი უნდა იყოს.

·პროფესიული კონტექსტის სტანდარტები, რომლებიც უნდა აღწერდეს სკოლაში სწავლება/სწავლის პირობებს. მოსწავლეები და მასწავლებელები ვერ გაიხსნებიან სწავლისა და სწავლებისთვის არახელსაყრელ გარემოში. ეს გარემო შეიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე სტრუქტურულ ელემენტებს, სასკოლო კულტურასა და კლიმატს. სწავლება/სწავლის პირობების საზომები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს: დრო, რესურსები და მოწყობილობები, მასწავლებლების უფლებამოსლებანი, ლიდერობა, პროფესიული ზრდა, სასკოლო კლიმატი და უსაფრთხოება. 

·მხარდაჭერის სისტემების სტანდარტები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასწავლებლის მთელი კარიერის განმავლობაში, დასაქმების პირველი წუთებიდან საკარიერო და პროფესიონალური წინსვლის ჩათვლით. მისი დებულებები უნდა მოიცავდეს სქემას, თუ როგორ მოხდება იმ მასწავლებლების დახმარება, ვინც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს: მათ უნდა მიეცეთ საკმარისი შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესონ სწავლება. ამგვარი მხარდაჭერის სისტემები მოიცავს: რელევანტურ მაღალხარისხოვან მიმდინარე პროფესიულ განვითარებას; პროფესიაში შეყვანას; მონიტორინგს და კონსულტაციებს; პროფესიულ სასწავლო ჯგუფებში ჩაბმას; სანიმუშო გაკვეთილების შესწავლას; ქოუჩინგს (პირად ინსრუქტაჟს მწვრთნელისგან).

ამჟამად საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული მასწავლებელთა შეფასების სისტემა. იმისთვის, რომ მასწავლებელთა შეფასება პროფესიული განვითარების ერთ-ერთ კომპონენტად ჩამოყალიბდეს, საწყის ეტაპზე შეფასება უნდა ჩაატაროს დირექტორმა. შეფასება საუკეთესო სამსახურს გაუწევს მასწავლებელს და მოსწავლეს იმ შემთხვევაში, როცა ის არის პროფესიული განვითარების სისტემის და არა სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი. მასწავლებელს ქულები უნდა მიენიჭოს  ყოველწლიური შეფასების შედეგად და ეს ქულები აღიარებულ უნდა იქნას პროფესიული განვითარების სისტემის მიერ.  

მასწავლებელთა შეფასების ეფექტური სისტემის კრიტერიუმები

მასწავლებელთა შეფასების ეფექტური სისტემის კრიტერიუმებია:

1.მასწავლებელთა შეფასება უნდა დაეფუძნოს მასწავლებლის სტანდარტს და უნდა იყოს ძალიან დახვეწილი, რათა შესაძლებელი გახდეს ყველა კატეგორიის მასწავლებლის შეფასება _ დამწყებიდან ექსპერტამდე;

2.შეფასება უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან ფაქტობრივ მონაცემებს მოსწავლეთა სწავლის, მასწავლებლის საკლასო პრაქტიკისა და პროფესიული წვლილის შესახებ სწავლების კონტექსტთან დაკავშირებული ინტეგრირებული, ურთიერთდაკავშირებული სახით. ყველა შეფასება, რომელიც მოსწავლეთა პროგრესს უკავშირდება, შესაბამისი უნდა იყოს სპეციფიკური კურიკულუმისა და იმ მოსწავლეების ცოდნისა, რომელთაც კონკრეტული მასწავლებელი ასწავლის;

3.შემფასებლები გარკვეულები უნდა იყვნენ სწავლებასა და გაწვრთნილი შეფასების სისტემაში (უკუკავშირის მიწოდების პროცესისა და მასწავლებლების მიმდინარე სწავლის მხარდაჭერის ჩათვლით). კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (მაგალითად, ტენიური თუ განახლება), შემფასებელთა ჯგუფის წევრები შესაფასებელი სფეროს ექსპერტები უნდა იყვნენ. 

4.შეფასება უნდა დასრულდეს კონსტრუქციული უკუკავშირით და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შეთავაზებით, რომლებიც მასწავლებლის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისია და უნდა მოიცავდეს როგორც ფორმალურ სასწავლო შესაძლებლობებს, ასევე კოლეგებთან თანამშრომლობას, გაკვეთილებზე დაკვირვებასა და ქოუჩინგს.

5.ექსპერტი მასწავლებლები უნდა მონაწილეობდნენ ახალბედა მასწავლებლებისა და დახმარების საჭიროების მქონე მასწავლებლების შეფასების პროცესში; მათ შეუძლიათ საგნობრივ-მეთოდოლოგიური კომპეტენცია და პიროვნული ავტორიტეტი გამოიყენონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეთავაზებული იქნება ინტენსიური და ეფექტური მხარდაჭერა და გადაწყვეტილებები ტენიურისა და გაგრძელების შესახებ იქნება საფუძვლიანი;

6.მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისგან შედგენილმა კომისიამ თვალყური უნდა ადევნოს შეფასების პროცესს და უზრუნველყოს მისი მაღალი ხარისხი, მიუკერძოებლობა და სანდოობა. პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ამგვარი კომისიები ხელს შეუწყობს უფრო დროული, სამართლიანი და კარგად დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას, თავიდან აიცილებს მასწავლებელთა განაწყენებასა და საჩივრებს. მასწავლებლები და სკოლის ლიდერები ჩაბმული უნდა იყვნენ შეფასების სისტემის ჩამოყალიბებაში, დანერგვასა და მონიტორინგში იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა სათანადოდ ასახავდეს კარგ სწავლებას, ეფექტურად ფუნქციონირებდეს, უკავშირდებოდეს მასწავლებლებისთვის საჭირო სასწავლო შესაძლებლობებს და კანონზომიერ შედეგებს იძლეოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი