პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

        ძნელი ბავშვების კინო

ჩემს უბანში იყო ერთი-ორი ისეთი ბიჭი, ზოგჯერ უფროსებსაც რომ ეშინოდათ, უფრო სწორედ – ერიდებოდნენ, მათთან სიახლოვეს ბავშვებსაც უკრძალავდნენ.

ყველა უბანში იყო ასეთი ბიჭები. უბნები იმითაც იცნობოდა, ვის როგორი ძნელი ბიჭი ჰყავდა.

მე მათ ვეძახდი „ძნელ ბიჭებს“ და რა მიზიდავდა მათში იმ ჩემს პატარაობაში, დღემდე ბოლომდე ვერ ვაზუსტებ. ალბათ ჯერ შიში, ყველაზე მეტად სწორედ შიში და ადამიანური ინსტინქტი – გეზიდებოდეს ის, რისიც გეშინია. მერე კიდევ – ფარული რომანტიკა, რასაც მე პირადად (და ჩემსავით კიდევ ბევრი გოგოც)  ჩემი ფანტაზიებით ვხუნძლავდი – ყველაზე მამაცები, უშიშრები და ვაჟკაცები მეჩვენებოდნენ ხოლმე იმ ფონზე, როცა ბიჭიც და გოგოც – ყველა ერთმანეთს ჰგავდა, სკოლის უნიფორმიდან დაწყებული, საბჭოთა (პოსტსაბჭოთაც) ოჯახის აღზრდის პრინციპებთან შესაბამისობაში ნასწავლ-შეთვისებული ცხოვრებისეული საქციელებით დამთავრეული.

მოკლედ, უბანში ძველი ბიჭები იყვნენ და მე ძნელ ბიჭებად მიმაჩნდნენ, რადგან ამ ყველაფერთან ერთად (ეს რომანტიკაც, დიდწილად ჩემი ილუზია იყო და ხშირად არაფერი საერთო არ ჰქონია იმ თითქმის კრიმინალურ პერსონებთან, ვისი ათასნაირ ჰეროიკულ სიტუაციაში წარმოდგენაც მხიბლავდა და მართობდა) იყო რაღაც ტრაგიკულიც ამ ამბავში და ამ ტრაგიკულსაც ისევე არ გვაკარებდნენ და გვაშინებდნენ, როგორც რამე ფატალურ სახადს ან უკურნებელ სენს.

რეალურად, მართლა ტრაგიკული ამბიდან იწყებოდა ხოლმე ყველაფერი – ბავშვი ძალიან პატარაობაში დაობლდებოდა, ან მისი მშობლები გაიყრებოდნენ და დედას და მამას დედინაცვალი და მამინაცვალი ჩაანაცვლებდა, ამ ბავშვში ბოღმა დაგროვდებოდა, ამას მის მიმართ ყურადღების მოდუნება, მისი შინაგანი სამყაროს იგნორი („ვმუშაობ, შენთვის არ მცალია“ თავის მართლებით), გარე-გარე გაჩვევა და საეჭვო გარემოში მოხვედრის პერსპექტივა ემატებოდა, მერე, ამ წრეში თავის დამკვიდრების რთული გზები – მარცხი, ჩაფსმამდე შიშიც, გამარჯვება, სხვისი დაჩაგვრის პირველი მცდელობა (მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ – პრინციპით), მერე სხვა თავისნაირების შემოკრება და „ბანდის“ გამაგრება და ასე – სხვადასხვა სიტუაციებით, მაგრამ ძირითადად საერთო კლასიკური დრამატურგიით, რომელიც ქმნის ხოლმე კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდების კასტას – ძნელი ბიჭების ეპოპეას, სადაც მტყუან-მართლის გარჩევა იმაზე უფრო შეუძლებელი ხდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

ჩემი უბნელი ძნელი ბიჭების უმეტესობამ ცხოვრება მალევე მართლა ტრაგიკულად დაასრულა – ზოგი სამოქალაქო ომად წოდებულ იმ სისხლიან და სამარცხვინო დეკემბრის დღეებს შეეწირა (იარაღი და განუკითხაობა, კაციჭამიობამდე გაშიშვლებული აგრესია და ვითომ ახალი წესრიგის დამყარების ისტერიკული მოწადინება მორევივით ითრევდა ხანდახან ამ ყველაფრის ვერცწარმომდგენ, გამოუცდელ და პირტიტველა ბიჭებს), ზოგი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩაიჩეხა, ვინც გადარჩა – წამალზე შეჯდა ან ციხეში ჩაჯდა, შინ ათი და უფრო მეტი წლით დაბერებული დაბრუნდა.

ჩემი თაობის ძნელ ბიჭებზე ვამბობ. ჩემს თაობას ეს ძნელბიჭობაც არ შეარჩინა დრომ. ვერაფერში გაიხარეს, ცხოვრება ყველაზე ბნელი და უსამართლო მხრიდან ნახეს, დაიღალნენ და დანებდნენ. ერთ-ერთი, იმ წლებში გადარჩენილებიდან, სულ ორი თუ სამი წლის წინ დამარხეს, ადრიან გაზაფხულზე. წითური მახსოვს ბავშვობაში და ბოლოს ისეთი ჭაღარა იყო, ლოთობისგან თვალებჩაწითლებული, უუნარობისგან დაძაბუნებული, დილაობით, ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალს მხვდებოდა ხოლმე, ისეთი მძიმე და დაძაბული ნაბიჯებით გადი-გამოდიოდა ერთ ამოჩემებულ მანძილს, იფიქრებდი – გულში ითვლის და ეშინია, არ აერიოსო, ითვლის, კიდევ რამდენი ნაბიჯი დარჩა, კიდევ რამდენს შეძლებს იმის სიცოცხლისგან დაწრეტილი სხეულიო…

ერთხელ კამერებიანი ხალხი მოვიდა ჩვენს სკოლაში – ბავშვებზე ვიღებთ ფილმს და ტიპაჟები გვჭირდებაო. ატყდა ერთი ამბავი. ძირითადად გოგოები აქტიურობდნენ. „კასტინგის“ რიგში თამამად ჩადგნენ. ბიჭებიდან ერთი-ორმა ხუთოსანმა თუ გაბედა. რეჟისორი ახალგაზრდა კაცი იყო. მიტრიალდა, მოტრიალდა და უცებ ერთ-ერთი ძნელი ბიჭისკენ გაიშვირა ხელი – ეს მაინტერესებს, ეს მჭირდებაო. ძნელი ბიჭი კი ამ დროს სკოლის ეზოში, დამრეც გორაკზე იყო ჩაცუცქული და დაუფარავი ირონიით აკვირდებოდა ვითარებას. რომ დაუძახეს და გაიხმეს, თავიდან არ ეჯერა, მერე ცოტა გაიბრძოლა, მგონი არც ესიამოვნა და თან ჩუმ-ჩუმად ვიღაცებს აკვირდებოდა – რას იფიქრებენ ჩემზეო, მაგრამ უცხო კაცის წინაშე დირექტორს სცა პატივი (ზუსტად ასე განმარტა თვითონ) და რეჟისორთან მივიდა.

არ ვიცი, რა უთხრა, რით მოხიბლა ახალგაზრდა რეჟისორმა. ფაქტია, რომ ბიჭი გაჰყვა და როგორც მერე ლაპარაკობდნენ, რაღაცები მოსინჯა კიდეც. ალბათ გადაღებაც მოეწონა და ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა მისი სამსახიობო თავგადასავალი, ის რეჟისორიც, ერთ დღეს თავის კამერიანად ომში რომ არ წასულიყო, სოხუმში, ან იქიდან ჩამოსულს ის კინო გაეგრძელებინა…

დიდი დრო გავიდა და გენიალური ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმას“ რომ ვუყურე, ის ბიჭი და ის ამბავი გამახსენდა. ტრიუფოს ეს ფილმი საკუთარ ბავშვობაზე აქვს გადაღებული. მგონი ყველა მოზარდმა უნდა ნახოს. საერთოდ, კარგი იქნება, რომელიმე მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ კინოსეანსზე ამ ფილმს თუ აჩვენებს ხოლმე მოსწავლეებს.

აი, რას წერს თავის ჩანაწერებში ტრიუფო „400 დარტყმაზე“: „15 წლისამ, ხულიგნობის გამო, ვილჟუიფის არასრულწლოვანთა კოლონიაში ამოვყავი თავი. ომი ახალი დამთავრებული იყო. მკვეთრად იმატა დანაშაულმა ახალგაზრდებსა და ბავშვებში, შესაბამისად, ციხეები გადავსებული იყო. ასე რომ, კარგად ვიცნობდი გარემოს, რომელსაც ფილმში წარმოვაჩენდი… ბავშვის თვალით დანახული უფროსების სამყარო – ეს არის დაუსჯელობის სივრცე, სადაც ყველაფერი ნებადართულია. ოჯახის მამა სიცილით უყვება თავის მეგობრებს, ქუჩაში როგორ დაეჯახა მანქანით ჭადარს; ამ დროს კი მის 8 წლის შვილს, რომელსაც ბოთლი მაშინ გაუვარდა და გაუტყდა, როცა კარგი საქმის გაკეთება უნდოდა, ჰგონია, რომ დანაშაული ჩაიდინა. ბავშვი ვერ ხედავს განსხვავებას შემთხვევით საქციელსა და დანაშაულს შორის. ამგვარი მაგალითით ეკრანზე შეიძლება შექმნა დრამა, და ეს ამტკიცებს, თუ რა პატარა ამბებისგან შეიძლება გაკეთდეს ფილმი ბავშვებზე; არადა, როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, არაფერი არ არის პატარა“.

კონფლიქტიც ალბათ აქედან იწყება – ის, რაც ბავშვისთვის, მოზარდისთვის დანაშაულია, უფროსები ამას შემთხვევით საქციელს უწოდებენ თავიანთ პრაქტიკაში. დანაშაულის განცდა კი ისეთი კლანჭებიანი ურჩხულია, რომ თუ ჩაგაფრინდა და მოგიხელთა, უფრო დიდ დამნაშავედ გაქცევს.

იმ ჩემი სკოლის ძნელ ბიჭსაც რომ დასცლოდა, იმ ახალგაზრდა რეჟისორთან ეს კინო წინასწარ გაევლო – სადაც საკუთარ თავს სხვა კუთხიდან შეხედავდა, სხვა რამეს დაინახავდა, იქნებ განთავისუფლებულიყო „თვითაღიარებული დამნაშავის“ კომპლექსისგან და უფრო მეტი ნდობა გამოეცხადებინა უფროსებისთვის, რომლებიც გამუდმებით უჩიჩინებდნენ, რომ მხოლოდ იმიტომ სჯიან, რომ მისთვის კარგი უნდათ.

ვინმე დღესაც რომ დადიოდეს კამერით, მიუშვიროს ეს კამერა  ამ ჩვენს მოზარდებს, რომლებსაც აგრესია, ბოღმა, ტკივილი და ათასი სიმშვიდის დამრღვევი რამ ძალადობისკენ, სხვისი ჩაგვრისკენ მიერეკება, გადაუღოს კინო, სადაც თავად ეს მოზარდები იქნებიან მთავარი გმირები, და არაფერი მათთან დაკავშირებული არ იქნება პატარა და უმნიშვნელო, აჩვენოს ეს კინო, სადაც მოზარდები საკუთარ თავს იცნობენ, დაინახავენ, კითხვები გაუჩნდებათ, გაუგებარი ბოღმა მოაწვებათ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ბოღმას ამოხეთქავენ და დაისვენებენ!..

ყველა ადამიანი უნიკალურია. მათ შორის ყველაზე ძნელი კი – ყველაზე უნიკალური.

ისე უნდა შეხედო მათ, როგორც ბავშვობის გამოცანას – იმტვრიო თავი და უნდა გამოიცნო.

და თუ გამოიცნობ – ჯილდოც დიდია. ამ ჯილდოს სამყარო აწესებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი