პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ უყვართ ბავშვებს სკოლა?

„ნამდვილად გაუგებარია, სწავლების თანამედროვე მეთოდებმა აქამდე  სრულად როგორ ვერ გაანადგურეს წმინდა მაძიებლური ცნობისმოყვარეობა. ამ პატარა ნაზ მცენარეს სტიმულაციაზე მეტად თავისუფლება სჭირდება. მის გარეშე იგი წყვეტს განვითარებას და იღუპება”. ა. აინშტაინი

მეოცე საუკუნის ბოლოს  ამერიკელმა  ფსიქოლოგებმა ერთმანეთს შეადარეს 102 სკოლის რამდენიმე სხვადასხვა მონაცემი (აკადემიური წარმატება, მე – კონცეფცია, ცნობისმოყვარეობა, შფოთიანობა, კონტროლის ლოკუსი, კოოპერაცია და სხვა ). შედარებით კვლევაში მონაწილეობა ათასმა მასწავლებელმა  და ათასობით მოსწავლემ მიიღო.  აღმოჩნდა, რომ ტრადიციული სკოლისგან  განსხვავებით, ჰუმანისტური, პიროვნებაზე ცენტრირებული სკოლების ფასილიტატორი მასწავლებლის მოსწავლეები:

·მეტად ეკონტაქტებიან მასწავლებელს და ერთმანეთს, მეტ შეკითხვებს სვამენ;
·უფრო ინიციატივიანები არიან;
·მეტ დროს ანდომებენ  საკუთარი სასწავლო ამოცანების გადაჭრას, კოგნიტურ ფუნქციონირებას  (უფრო მეტად ცდილობენ სააზროვნო სტრატეგიების დაუფლებას, ვიდრე დამახსოვრებას );
·ნაკლებად აცდენენ მეცადინეობებს;
·უფრო მაღალი თვითშეფასებით ხასიათდებიან;
·უფრო მაღალი აკადემიური წარმატებებით გამოირჩევიან ყველა სასწავლო საგანში;
·უფრო შემოქმედებითები არიან;
·კოგნიტურთან ერთად, გამოირჩევიან აფექტური სფეროს განვითარებითაც და სხვა.
თვითონ მასწავლებლები :

· მეტად არიან ორიენტირებულები  ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ და შემოქმედებით  მიდგომაზე;
· მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვის განცდებს;
·ხშირად  მართავენ მოსწავლეებთან დიალოგს;
·სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით მოსწავლეებთან თანამშრომლობენ;
·მუშაობისას ითვალისწინებენ მოსწავლეთა შეხედულებებს;
·ხშირად იღიმიან გაკვეთილზე და სხვა.

 შედეგები ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა თვითონ  მკვლევრებისთვისაც – ჰუმანისტურ სკოლებში ბავშვებს უყვართ  სწავლა!  მოსწავლეები ამის მრავალ მიზეზს ასახელებენ. მათ გამონათქვამებში ასახული ოპტიმიზმი გააზრებულ ახსნას მოითხოვს.  მკვლევრებმა სცადეს კიდეც მისი ახსნა.

    რა თავისებურებებით ხასიათდება ის სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს განვითარდეს და თანაც ხალისიანი და ბედნიერი იყოს? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ამ კვლევაში მონაწილე მოსწავლეების გამოცდილებიდან? მკვლევრებმა რამდენიმე ასპექტი გამოყვეს:

1.მოსწავლეებს სურთ, რომ მათ ეპყრობოდნენ ნდობითა და პატივისცემით. მოვიტანთ რამდენიმე გამონათქვამს: „ყველა მასწავლებელი პატივს გვცემს და ჩვენც ასევე ვიქცევით”;  „ისინი კი არ ლაპარაკობენ, არამედ  გველაპარაკებიან, ზემოდან  არ გვიყურებენ”; „მასწავლებელი გვენდობა, იცის, რომ ჩვენ ამ სამუშაოს ისე შევასრულებთ, როგორც შეგვიძლია”; „მასწავლებელი კი აღნიშნავს, რომ ეს გარკვეული რისკია, მაგრამ საჭირო და სასარგებლო. მოსწავლეს უნდა ენდო. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის დევიზია: განათლება არის რისკი, რომ ენდო”;

2. მოსწავლეებს სურთ თავი იგრძნონ სასკოლო ოჯახის წევრებად. მკვლევრები მიუთითებდნენ , რომ სიტყვა „ოჯახს” სკოლის მიმართ თითქმის ყველა მოსწავლე იყენებს: „ისინი ისე გვეპყრობიან, თითქოს ოჯახში ვიყოთ”; „მე ეს სკოლა ავირჩიე და არც ვნანობ, თითქოს სახლში ვარ…”; ერთ-ერთი მშობელი კი ამბობს: „მომწონს   „საგანმანათლებლო ოჯახის” იდეა, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეთა შორის კონტაქტი მჭიდროა, პარტნიორულ  და ურთიერთპატივისცემის იდეაზეა დაფუძნებული,  უპირობო სიყვარული  და მხარდაჭერა მოვალეობასთანაა შერწყმული”.

3. მოსწავლეებს სურთ, რომ მასწავლებლები დამხმარენი იყვნენ.  „ჩემს მასწავლებლებს ყოველთვის აინტერესებთ, რითი ვარ დაკავებული, ისინი ყველას მიმართ ყურადღებიანები არიან”. მკვლევარი წერს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მის შეკითხვაზე, თუ  როგორ ახერხებს მასწავლებელი 140 მოსწავლეს ყოველდღიურად გაესაუბროს, პასუხობს – “ძალიან ძნელია. დღის ბოლოს  მათ  სახეზე აწერიათ, რომ დაღლილები არიან, მაგრამ მზად არიან დაგეხმარონ”.

4. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. „მინახავს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა  ღონისძიებაში,  დისკუსიაში, სიტყვით გამოდიან კრებებზე, კონფლიქტურ სიტუაციებში… მონაწილეობენ ყველა ღონიძიებაში, რაც სასკოლო ცხოვრებას ეხება და სადაც მათი მონაწილეობა საქმეს წაადგება. ასეთ დროს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ, წაახალისებენ საკითხისადმი მათ აქტიურ დამოკიდებულებას (ნაწყვეტი კვლევის ანგარიშიდან). ერთ-ერთი მოსწავლე კი ამბობს: „ თუ მასწავლებლებმა ასწავლეს  და აგრძნობინეს მოსწავლეებს, რომ ამ სამყაროში მათ თავიანთი  ადგილი აქვთ, მაშინ მოსწავლეს უჩნდება სურვილი მეტი გაიგოს – ისწავლოს როგორ იცხოვროს უკეთ”.

5. მოსწავლეებს სურთ თავისუფლება და არა ყველაფრისუფლება. ამ ორ რამეს ისინი კარგად არჩევენ. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სტრუქტურის მოქნილობა, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. „მიმაჩნია, რომ ჩვენი თავისუფლება უფრო მეტად თვითგამოხატვის საშუალებაა და არა ჩვენი უწესობის ან თვითკონტროლის უქონლობის გამოხატულება. ჩვენი თავისუფლება – ეს საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებაა”, – ამბობს მოსწავლე.

6. მოსწავლეებს სჭირდებათ ადგილი, სადაც მათ  საქმე გააერთიანებთ. საერთო მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია თბილი, მასწავლებელ-მოსწავლეს შორის თანამშრომლობითი გარემოს არსებობის გარეშე. ყველა იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეს უხარია ყოფნა, არსებობენ მოსიყვარულე ადამიანები, რომლებიც მზრუნველობას სხვადასხვა სახით ავლენენ. მაგ, ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებელს თავისი რუბრიკაც კი აქვს სასკოლო გაზეთში, სადაც მისი სურვილებია გამოთქმული. ერთ-ერთმა მოსწავლემ  მკვლევარს უთხრა: „მასწავლებლები ჩემზე ზრუნავენ, მეხმარებიან არა მარტო თავიანთ საგანში, არამედ სხვა საგნებშიც და პირადი პრობლემების გადაჭრაშიც  კი. სხვა სკოლაში  საგნის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს სხვა საგანში რა მდგომარეობა მაქვს, მთავარია მის საგანს ვსწავლობდე…  ჩვენთან ასე არაა…”

7. მოსწავლეებს სურთ მასწავლებლი, რომელიც დაინტერესებულია მათი წარმატებით და არა მარცხით.  ერთ-ერთი მოსწავლე მკვლევარს უყვება: „ჩემი  მასწავლებელი საშუალებას არ მაძლევს დავმარცხდე, ისეთი რთული მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, რომ მეგონა, აღარაფერი მიშველიდა. მოვა ჩემთან, შემეკითხება, გაარკვევს რა მიჭირს, დამეხმარება, დამატებით მამეცადინებს და ბევრს ისეთ რამეს ჩამიტარებს, რაც არც კი ევალება. არა მარტო მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში მეხმარება, არამედ აინტერესებს, მე როგორ ვაკეთებ ამას, რას ვფიქრობ ამოცანაზე. როცა მას „ფანჯარა” აქვს, შემიძლია ვთხოვო დახმარება და უარს არ მეტყვის, დამელაპარაკება ოჯახურ პრობლემებზეც კი, მომისმენს”. ერთმა სპეც./სკოლის („ცუდი ქცევის” ) მოსწავლემ მკვლევარს მოუთხრო იმის შესახებ,  თუ როგორ წაახალისა ის მასწავლებელმა წარმატებისკენ და ააცილა ციხის გზას: „მან შანსი მომცა. როდესაც რაიმეს არასწორად ვაკეთებდი, ის ნებას მრთავდა კვლავ და კვლავ მეცადა, ვიდრე არ გამომივიდოდა. მოთმინებით ელოდა ჩემს წარმატებას, ასეთი შანსი ბევრ მოსწავლეს არ აქვს, მე გამიმართლა. ასეთ დროს ბევრი მასწავლებელი გაჩქარებს, გიყვირის, საერთოდ არ გელაპარაკება, ან შეიძლება კლასიდანაც გაგაძევოს. ჩემი მასწავლებელი კი არასოდეს მაძლევდა საშუალებას დავნებებულიყავი”. მასწავლებლის  ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ღირებულია „ცუდი ქცევის” მოსწავლეების მიმართ. კ.როჯერსი წერს: “ერთი კოლეგა ციხის სკოლაში ასწავლიდა. მან მითხრა, რომ აღმოაჩინა 3 სერიოზული მიზეზი, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ გაარღვიონ დანაშაულისა და სასჯელის წყეული წრე: 1. ყველა მათგანს აქვს წაკითხულის გააზრების  პრობლემა, რაც ხელს უშლით სოციალური წარმატების მიღწევაში; 2. მათ ვერ გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებიც ადამიანურად ეპყრობოდნენ; 3. ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, როცა პრობლემებს ქმნიდნენ.….. საუკეთესო საშუალება დანაშაულის ტალღის შესაჩერებლად, რომელმაც წალეკა ჩვენი ქვეყანა, სკოლების გაადამიანურება შეიძლება აღმოჩნდეს და არა ახალი ციხეების აშენება”, – ასკვნის ის.

8. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ არჩევანი, თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო პროგრამის შერჩევისასაც კი, ოღონდ სასკოლო ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში. მათ სურთ სრული თავისუფლება, მაგ. ფაკულტატური მეცადინეობის, წრეების  შერჩევისას. აი, რას ყვება სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე: „ჩემს სკოლაში ყველა  მოსწავლეს საშუალებას აძლევენ ყოველ ოთხშაბათს, დილით, 2 საათი პატარებთან იმუშაოს საბავშვო მუზეუმში და მერე დაბრუნდეს სკოლაში. ჩემთვის ეს ძალიან სასარგებლოა,  მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და ბევრ რამეს ვსწავლობ, ვემზადები მათთვის საინტერესო ამბების მოსაყოლად. ზოგი მოსწავლე ბაღში მიდის, ზოგი მუნიციპალიტეტში, ვისაც სად მოსწონს იქ დადის და ყველა კმაყოფილები ვართ. ამ საქმიანობაში ჩასართავად ვემზადებით, გავდივართ გასაუბრებას. ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს”. 

   მკვლევრებმა მოსწავლეებს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა: 

1. თქვენ საუბრობთ თავისუფლებაზე, რას გულისხმობთ მასში? მოვიტანთ კვლევაში მონაწილე მოსწავლის გამონათქვამს: „ ეს  არის, თუ შეიძლება ასე ითქვას,  გაკონტროლებული თავისუფლება, რომელიც დაცულობის განცდას გიქმნის. როცა უფლებას გაძლევენ  და გეხმარებიან თვითონ გაიგო, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა”. 

2. რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?  „აქ ბევრი რამ უკავშირდება თვითშეფასებას. ყველას გვეუბნებიან რა პოტანციალის მატარებლები ვართ და გვეხმარებიან მის განვითარებაში”; „მასწავლებლები და მოსწავლეები გვერდიგვერდ ვდგავართ”; „დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, მოსაწყენად არ გვცალია, ბევრი საინტერესო საქმე გვაქვს საკეთებელი”.

3. როგორ ხდება თქვენი შრომის შეფასება?  „ჩვენი ნამუშევრები ფასდება, შეიძლება წარუმატებლობა გელოდეს, მაგრამ დიდი ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ეს არც შენთვის და არც სხვისთვის კრახი არ არის. მასწავლებელი კი არ ჩაგისაფრდება რაში გამოგიჭიროს, არამედ  წინასწარ გაფრთხილებს ამ მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ  და გეხმარება, გვერდით გიჯდება, გელაპარაკება, მიგითითებს და შენც შეცდომის გამოსწორების შანსი გეძლევა”.

4. უფროსკლასელები რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობთ კლასში  ახალგადმოსული მოსწავლეების მიმართ? „რასაკვირველია, ისინი სხვა სკოლებიდან მოდიან. ვეკითხებით მათ – საიდან, რატომ მოვიდნენ. ვუხსნით, რომ არაფერი განსაკუთრებულის კეთება არ არის საჭირო, უბრალოდ, უნდა იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და ეს ყველას მოსწონს”.

5. რა პასუხს შემოხაზავდით სკოლაზე: „ვერ ვიტან სკოლას”; „არც მიყვარს, არც მეჯავრება”; „სკოლა კარგია”; „სკოლა მიყვარს”.  „პირადად მე, არც კი გავჩერდებოდი ამ სკოლაში,  რომ არ მიყვარდეს. მე და ჩემს თანაკლასელებს ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია, სკოლა მიყვარს მეც და ჩემს მეგობრებსაც”.
  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი