ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განწყობის სკოლა

განწყობა, გავრცელებული განმარტების თანახმად, შინაგანი მზაობაა, რომელიც საჭირო დროს სათანადო ცოდნისა და უნარების გააქტიურებასა და მობილიზებას გვიადვილებს. ყველასათვის ცნობილი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის თეორიის თანახმად, განწყობა რამდენიმე ფაქტორისგან – სუბიექტური მოთხოვნილებისა და ობიექტური გარემოსგან შედგება. მოგვიანებით, შოთა ნადირაშვილმა (ფსიქოლოგი, განწყობის ანთროპული თეორიის ავტორი) უზნაძისეულ ფაქტორებს კიდევ ერთი მიმართულება მიამატა – ოპერაციული შესაძლებლობები, ანუ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც გვჭირდება ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.

თურმე განწყობაც შეიძლება იერარქიულად გაიზომოს. სიტუაციური განწყობა ერთჯერადია და კონკრეტულ სტიმულზეა დამოკიდებული, ფიქსირებული – სტაბილურია, მაგრამ მაინც საჭიროებს გარეგან სტიმულს, დისპოზიციური (თვითსტიმულაცია) განწყობის შემთხვევაში კი ინდივიდი თავად ეძებს შესაბამის გარემოს და სიტუაციას სასურველი ქცევის განსახორციელებლად.

შეიძლება იფიქროთ, განწყობას რაღა კვლევა და თეორია სჭირდებაო. არადა, სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა ნაყოფს გამოიღებს ჩვენი შრომა. ყველაფერი ხომ რაიმეს ნახვის/მოსმენის სურვილის გაჩენით იწყება.

სასწავლო მოტივაცია, რომელსაც ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების სპეციალისტები, სწორედ განწყობის თეორიას ეხმიანება. მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობას კი ყველაზე მეტად აფექტური სასწავლო მიზანი მიესადაგება.

როგორც ვიცით,  სასწავლო მიზანი სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწორედ სასწავლო მიზანი განსაზღვრავს, რის სწავლებასა და შეფასებას ვაპირებთ კონკრეტული გაკვეთილით ან გაკვეთილების ერთობლიობით. სასწავლო მიზნის მთავარ ინდიკატორს დასახული მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება და დაკვირვებადი ქცევის ტერმინებით (მაგალითად, იხსენებს, ჩამოთვლის, ამოიცნობს, აკავშირებს…) გადმოცემა წარმოადგენს. ანუ მიზანი კარგად უნდა ასახავდეს მოსალოდნელ შედეგს და მოსწავლეზე დაკვირვებით ობიექტური დასკვნის გამოტანა ერთზე მეტ დამკვირვებელს უნდა შეეძლოს.

სასურველია, სასწავლო მიზანში დაკონკრეტებული იყოს ის სასწავლო გარემო/პირობები და კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე შეძლებს კონკრეტული ქცევის შესრულებას. ასევე უნდა განისაზღვროს, რა დონეზე მოეთხოვება მოსწავლეს აღნიშნული ქცევის შესრულება (მხოლოდ ნასწავლი საკითხების ამოცნობა, თუ მათი გაგება-გამოყენებაც)

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებობს სასწავლო მიზნების ტაქსონომია, რომელიც სწორედ მოსწავლეთა მიღწევების დონეს ზომავს. სანამ განწყობასთან დაკავშირებულ სასწავლო მიზანს ჩავუღრმავდებოდე, ზოგადად მიმოვიხილავ მიზნის სპეციფიკას. როგორც ვიცით, სამივე სფეროს აქვს თავისი ტაქსონომია (იერარქია), რომელიც დაძლევის დონეებისგან შედგება. საგანმანათლებლო სფეროში განსაკუთრებით აქტუალურია კოგნიტური (შემეცნებითი) სასწავლო მიზანი, რომლის მიღწევის დონეებიც ყველასათვის კარგად ნაცნობი ,,ბლუმის ტაქსონომიით“ იზომება.

რაც შეეხება ფსიქომოტორულ (უნარ-ჩვევები) მიზანს, ამ მიმართულებით ტაქსონომიის აგება ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან იგი შეიძლება მოიცავდეს, როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური სფეროსთვის დამახასიათებელ ინდიკატორებს. ფსიქომოტორული სფეროს ძირითადი მიმართულება კუნთოვანი მოძრაობების საშუალებით კონკრეტული უნარების შეძენაა, რაც, თავის მხრივ, ფსიქიკის მეშვეობით იმართება. სასწავლო მიზნის ზემოაღნიშნულ ტიპს ყველაზე ხშირად პროფესიულ განათლებაში იყენებენ. ,,დეივის ტაქსონომიაშიც“ დაცულია ბლუმის იერარქიის მთავარი პრინციპი – მარტივიდან რთულისკენ. შეფასება იწყება იმიტაციის უნარის გაზომვით, რომელსაც მოსდევს მანიპულაცია (დასწავლილი მოქმედებების მითითებების დახმარებით შესრულება) და სიზუსტე (დასწავლილი მოქმედებების დამოუკიდებლად შესრულება). იერარქიის მწვერვალს კი ჩვევების კომბინირება (უნარების ინტეგრირება დასახული ამოცანის შესასრულებლად) და ნატურალიზაცია (ავტომატიზებული ქცევა) იკავებს.

აფექტურ (ემოციურ) სასწავლო მიზანთან დაკავშირებული ტაქსონომია ადამიანის განწყობას, ემოციებს, გრძნობებსა და ღირებულებებს მოიცავს. იგი ბლუმმა კოლეგებთან ერთად 1964 წელს შექმნა. კოგნიტურის მსგავსად, აფექტური სფეროს ტაქსონომიაც იერარქიულია და ზომავს კონკრეტული ადამიანისა თუ ჯგუფის განწყობას ან კონკრეტული ღირებულებების მიღება-გათავისების დონეს. აღნიშნული იერარქიის დასხმარებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა მოლოდინი და დამოკიდებულება აქვთ მოსწავლეებს სასწავლო გარემოსა და მიმდინარე აკადემიური პროცესების მიმართ.

I საფეხური მიღება/გაცნობიერება მოსწავლეს აქვს რაიმეს მოსმენის/გაგების სურვილი
II საფეხური

 რეაგირება

მოსწავლე აქტიურდება სასწავლო პროცესში, მოეთხოვება არჩევანის გაკეთება შეთავაზებულ ვარიანტებს შორის. მას აქვს მოქმედების სურვილი და სიამოვნებს იმ საქმიანობის პროცესი, რომელშიც საკუთარი ნებითაა ჩართული.
III საფეხური  ღირებულების გააზრება ინფორმაციის დამუშავების შედეგად მოსწავლე იღებს და ითავისებს ღირებულებებს/დამოკიდებულებებს. აქვს საკუთარი შეხედულება მოვლენებისა თუ საგნების შესახებ, თუმცა ერიდება საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას.
IV საფეხური

ღირებულებათა სისტემის ორგანიზება

აღნიშნულ საფეხურზე იდეები გაცნობიერებულია და კონკრეტული პიროვნების ღირებულებების სისტემაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
V საფეხური

ღირებულებათა სისტემის გათავისება

 პიროვნება/ჯგუფი მოვლენებს აღიქვამს და იქცევა საკუთარი  ღირებულებების შესაბამისად.

 

როდესაც გაკვეთილს აფექტურ მიზანზე დაყრდნობით ვაგებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, აფექტური სფეროს რა დონეზე ვგეგმავთ მოსწავლეთა შეფასებას და რამდენად რეალური მოლოდინები გვამოძრავებს. მაგალითად, ახალი საგნის პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებისგან ღირებულებათა სისტემის გათავისება არ უნდა მოვითხოვოთ, რადგან მათ ჯერ მიღება-გაცნობიერების ფაზა არ გაუვლიათ.

სანამ კონკრეტული მიზნის შედგენასა და გაზომვას შევუდგებით, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • ყოველი ახალი საკითხის შესწავლის წინ  მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დასახოს ახალი სასწავლო მიზანი, რომლის მიხედვითაც დაგეგმავს სასწავლო პროცესს.
  • მიზანი  უნდა მოიცავდეს მისი განხორციელებისკენ მიმართულ კონკრეტულ აქტივობებს და ეხმიანებოდეს საბოლოო სასწავლო მიზანს.
  • შესაძლებელია, თემატური ერთეულისა და გაკვეთილის მიზნების მსგავსად, მასწავლებელმა არ გაწეროს თითოეული აქტივობის მიზანი, მაგრამ ისინი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს გაკვეთილის მიზანს და მოსწავლეები თანმიმდევრულად მიჰყავდეს სავარაუდო შედეგამდე.
  • მოსწავლეებს, შეფასების კრიტერიუმებთან ერთად, მასწავლებელმა სასწავლო მიზანიც უნდა გააცნოს;
  • გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებისთვის გასაგები ენით/ნაცნობი ლექსიკური ერთეულებით უნდა იყოს შედგენილი;
  • მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, მკაფიო (ნათელი) და გაზომვადი;
  • მიზანში დაფიქსირებული შედეგის გაზომვა შესაძლებელი უნდა იყოს განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტით;
  • კარგად გაწერილი სასწავლო მიზანი ზრდის სასწავლო მოტივაციას და  მოსწავლეს სასურველ შედეგამდე მისვლას უადვილებს.

აქვე გაგიზიარებთ გრძელვადიან აფექტურ მიზანს, რომელიც ერთ-ერთი საგნობრივი პროექტის დაგეგმვისას შევადგინე.

აფექტური სასწავლო  მიზანი

საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი:  IV

სემესტრი:  II

თემა:  წიგნის საერთაშორისო დღე

პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე

აფექტური მიზანი: მოსწავლეები დამოუკიდებლად შეარჩევენ და წაიკითხავენ მხატვრულ ლიტერატურას; გაითავისებენ რჩეული წიგნის ღირებულებებს და გამოავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას სლაიდ-შოუს, პოსტერის, კომიქსის ან სარეკლამო ბუკლეტის პრეზენტირების გზით.

მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლე აღიქვამს კითხვის და მასთან დაკავშირებული ესთეტიური ფაქტორის მნიშვნელობას, საკუთარი სურვილით შეარჩევს მხატვრულ ტექსტს,  დამოუკიდებლად წაიკითხავს, გაიზიარებს მასში ჩადებულ იდეას/ღირებულებას და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულ მასალაზე დაყრდნობით შესრულებულ დავალებაში.

შინაარსი:  საკითხავი მასალის შერჩევა, წაკითხვა და დამუშავება; პრეზენტაციისთვის თვალსაჩინოების მომზადება; რჩეული წიგნის აუდიტორიისთვის წარდგენა.

კატეგორიები: აღნიშნული პროექტი იზომება  აფექტური ტაქსონომიის I, II, III  და IV საფეხურების მიხედვით.

როგორც ვხედავთ, მიზანთან დაკავშირებული აქტივობები კოგნიტურ შინაარსსაც ატარებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვაფასებთ არა შესრულების აკადემიურ ხარისხს, არამედ მოსწავლის დამოკიდებულებას დავალებების მიმართ და ღირებულებათა ცვლას პროექტზე მუშაობის პროცესში. აფექტური მიზნის შედგენის მსგავსად, არც მიღწეული შედეგების გაზომვაა იოლი საქმე. ამიტომ, ამ თემას ,,განწყობის სკოლის“ შემდეგ ,,გაკვეთილზე“ განვიხილავ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი