ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ძალადობა საკლასო ოთახებში

„ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები სკოლაში” – ასე ჰქვია პილოტურ კვლევას, რომელიც GCRT-ს (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის) ეგიდით მარტში ჩატარდა. ორგანიზაციამ ორი ფოკუსჯგუფი გამოიკვლია – მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ექვსი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან. კვლევაში მონაწილეობა მე-8 დან მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ მიიღო.

ფსიქოლოგი და მკვლევარი ნატო ყვავილაშვილი გვიამბობს, რომ, დაკვირვების მიხედვით, ზემოხსენებულ სკოლებში მასწავლებლები ხშირად ვერ ამჩნევენ კონფლიქტებს მოსწავლეებს შორის, შესვენების დროს ბავშვები მოკლებულნი არიან დამრიგებლის მეთვალყურეობას. ფსიქოლოგი გვიხსნის, რომ იგნორირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სკოლაში ბულინგს წარმოშობს. პილოტურ კვლევაში მოსწავლეები სკოლაში ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ხშირია მასწავლებლის მიერ მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა:

„მეც მყავს მოხუცი მასწავლებელი და გაკვეთილზე თუ გაგეცინა, დებილს, იდიოტს და გაუნათლებელს გეძახის. დახეული ჯინსი თუ გაცვია, ასე გეტყვის: „სახლში პატრონი არ გყავსო?!”

„ჩემს კლასში მასწავლებელი ერთ ბავშვზეა გადაკიდებული და ორფეხა ცხოველს ეძახის”.

„ჩემთან ერთი ქალია, რომელიც გაშლილ თმაზე გვეუბნება, ცუდ ენერგიას გაძლევთო, მერე ეს ენერგია რვეულში მიდის და ვერაფერს წერთო”.

სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მარტო მოსწავლეს, არამედ მის მშობლებსა და ოჯახის წევრებსაც მიემართება:

,,შენმა მშობელმა ორი ქვა უნდა იხალოს თავში, როგორ სძინავს, შენ რომ ჰყავხარ?!”

„მასწავლებელი რომ გეჩხუბება, გაღიმებული ხომ არ შეხედავ და ამ დროს ასე გვეტყვის ხოლმე, ასეთი ავი თვალებით დედაშენს შეხედე, დედაშენს ეჩხუბე ასეო”.

„ერთი ცელქი კლასელი მყავს და ყველა მასწავლებელი გადაკიდებულია, სულ მშობლებს ულანძღავენ – სახლში ამას გასწავლიანო?!”

თვალში საცემია ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები, საჯაროდ შერცხვენა ჩაცმის განსხვავებული სტილის,  მასკულინური ან ფემინური გამოვლინების გამო:

„ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას. ერთი კლასელი მყავს, ებრაელია; წინა პარასკევს ასე გვითხრა: ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთო, – და მერე ებრაელ გოგოს მიმართა – რა თქმა უნდა, შენ არაო”.

„როგორც არ უნდა აღიზიანებდეს მასწავლებელს ბავშვის ჩაცმულობა, ან თუნდაც შავი და წითელი მანიკიური, ეშმაკი არ უნდა დაუძახოს და ტყავის ელასტიკის გამო, ეშმაკის მოციქული ხარო, არ უნდა უთხრას”.

„ჩვენც გვყავს ასეთი მასწავლებელი, გაკვეთილზე რომ შემოდის, გვეუბნება: გაიხედეთ მარცხენა მხარეს – მხარზე ეშმაკი გაზით, გაიხედეთ მარჯვენა მხარეს – ანგელოზი გაზითო, – და ასეთ რამეებს”.

„იმ დღეს მასწავლებელმა მითხრა, საღეჭ რეზინს ნუ ღეჭავ, გაბოროტდებიო”.

„ჩემს მეგობარს თმა ჰქონდა გაშლილი და – მშობელი არ გყავს, თმა რომ შეიკრა ან თავს მიხედოო?”

კვლევაში ასახულია მოსწავლეების ხელით შეხების ფაქტები – ტანსაცმელზე მოქაჩვა, ყურის აწევა, თავში წამორტყმა, მობილურის გამორთმევა, გადაგდების მუქარა, ყურსასმენების გამორთმევა, გადაგდება, გაწყვეტა:

„ჩვენთან ყოფილა შემთხვევა, დაგვმუქრებიან – ფანჯრიდან მოვისვრიო. მოუსვრიათ კიდეც, სანაგვე ყუთშიც ჩაუგდიათ”.

„ყურსასმენებს ნაგავში ყრიან. ჩემს ორ კლასელს გადაუგდეს ასე”.

„დასასჯელად ბავშვებს აშიმშილებენ. ასე ბევრჯერ დავუსჯივართ და ბევრს გვტკიოდა მუცელი გაკვეთილებზე. კინაღამ ვიტირეთ”.

კვლევის მიხედვით, მოსწავლეს დამრიგებელმა მერხების გახეხვა დაავალა. სარეცხი საშუალების სუნზე მოსწავლეს გული წაუვიდა:

„კიდევ ერთხელ თუ გავიგე ასეთი რამ, ტუალეტს გაგახეხინებთო”.

ამ მდგომარეობიდან გამოსავალს თავად მოსწავლეები გვთავაზობენ. კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, ისინი ასე პასუხობენ:

„მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მოდის, თავიდანვე შეაფასონ, რადგან მერე კონფლიქტები აქვთ ხოლმე მოსწავლეებთან”.

„მასწავლებელი რომ მოდის სკოლაში, ხომ აწერინებენ ხოლმე გამოცდას, რომ საგნის ცოდნა შეაფასონ. იმას საერთოდ არ უყურებენ, შეუძლია თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა, ნორმალურად ახსნა, აქვს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება”.

გამოკითხულ მოსწავლეთა აზრით, მასწავლებელი კარგი მაშინაა, როცა შემოქმედებითად უდგება სასწავლო პროცესს, მართავს დისკუსიებს, სხვადასხვა აქტივობას და თანატოლივით, მშვიდი ტონით ესაუბრება მოსწავლეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი