ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მორცხვობა როგორც ფენომენი

მორცხვობა სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი რთული კომპლექსური ფენომენია. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი დისკომფორტი, აუხსნელი შიშები და ღრმა ნევროზიც კი. როგორია მორცხვი ადამიანი? თავისებურებათა ჩამონათვალი მრავალფეროვანია: ადვილად მოშიშარი, ურთიერთობისას – ფრთხილი და მგრძნობიარე, თავისი პოზიციის დაცვისას – სუსტი, განმარტოებისკენ მიდრეკილი; მას არ შეუძლია, ითხოვოს დახმარება, აკლია საკუთარი თავის რწმენა და სხვა. მორცხვობას ისევე შეუძლია ფსიქიკის დამახინჯება, როგორც ფიზიკურ ნაკლს – სხეულისა, მისი შედეგები კი შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს პიროვნებისთვის. მორცხვობა ადამიანის ღირსებათა შეფასების შესაძლებლობას ზღუდავს და ხელს უწყობს ჩაკეტილობას, იწვევს საკუთარი ქცევის გამო მღელვარებასა და წუხილს, თავად ჩაკეტილობა კი აზრის მკაფიო გამოხატვას და ეფექტურ ურთიერთობას უშლის ხელს. ხშირად მორცხვობას თან ახლავს დეპრესია, შფოთვა, მარტოობის განცდა… იყო მორცხვი – ნიშნავს გეშინოდეს სხვა ადამიანების.

ცნობილმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის ფარგლებში 5000 ადამიანთან შეისწავლა მორცხვობის ფენომენი და დაადგინა, რომ მორცხვ და ჩაკეტილ პიროვნებებში უარყოფით ემოციებს ყველაზე მეტად იწვევენ უცხოები, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, შემდეგ – ავტორიტეტული და მცოდნე ადამიანები, სოციალური სტატუსით მაღლა მდგომნი, უფროსი თაობა, მეგობრები, ნათესავები, შვილები და სულ ბოლოს – მშობლები. რაც შეეხება სიტუაციებს, მორცხვებში ასეთ ემოციებს ყველაზე მეტად იწვევს დიდი ჯგუფის ყურადღების ცენტრში ყოფნა (მაგალითად, სიტყვით გამოსვლა), სიტუაციები, რომლებიც სხვებთან ურთიერთობას გულისხმობს, ახალი სიტუაციები, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან პირისპირ შეხვედრა, სიტუაციები, როდესაც მას (მორცხვს) სხვისი დახმარება სჭირდება, როდესაც ის საერთო მიზნით გაერთიანებული მცირე ჯგუფის წევრია და ა.შ.

რასაკვირველია, მასწავლებელიც შეიძლება იყოს მორცხვი, – აღნიშნავს ზიმბარდო, – თუ ის მართლა ასეთია და პროფესიად პედაგოგობა აირჩია, მაშ, საქმე არა პროფესიის არჩევასთან, არამედ მოწოდებასთან გვქონია. აბა, სხვაგვარად როგორ იტანს იმ დაძაბულობას, რომელსაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას განიცდის? – დგას კლასის/აუდიტორიის წინაშე, ყველა აკვირდება, თან უნდა ასწავლოს, ეთამაშოს, გაართოს, იზრუნოს მათზე… ზოგიერთი მასწავლებელი განსაზღვრულ ტექნიკებს იყენებს ამ უხერხულობისგან თავის დასაცავად – ზუსტად გეგმავს მოქმედებებს, ამავე დროს, ცდილობს მოსწავლეებთან მსუბუქი, უშუალო ურთიერთობის შენარჩუნებას, რაც არც ისე ადვილია. ძნელია, აკონტროლო თავი და 30 მოსწავლე ერთდროულად, უზრუნველყო დისციპლინა. ისეც ხდება, რომ მასწავლებელი კარგავს კონტროლს კლასზე, დარღვევების რაოდენობა იზრდება, მაგრამ საიდანღაც კვლავ ჩნდება დროც და ენერგიაც, მოუარო სიტუაციას. ზოგიერთ მორცხვ პროფესორს დიდ ჯგუფთან ლექციის წაკითხვა (სადაც სტუდენტებთან ემოციური კონტაქტი ნაკლებია) ურჩევნია მცირე ჯგუფთან სემინარის ჩატარებას. ლექცია ჯგუფურ კონტაქტს გულისხმობს და თითქმის გამორიცხავს სტუდენტთან უშუალო ურთიერთობას. სემინარის არაფორმალური გარემო მორცხვი პედაგოგისთვის ძალზე არასასურველია.

რასაკვირველია, მოზარდებს შორის მორცხვობა უფრო მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მოზრდილებს შორის, რადგან ამ უკანასკნელთაგან ბევრი ახერხებს, თავი დააღწიოს მას. სკოლა კარგი თავშესაფარია მორცხვი ბავშვებისთვის, თუ იქ უყურადღებო მასწავლებელი დახვდათ. გამოკითხეთ მასწავლებლები, – ამბობს ფ. ზიმბარდო, – ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის, რომ კლასში მორცხვი მოსწავლე ჰყავს. არცთუ იშვიათად სკოლა თვითონვე აღრმავებს ამ პრობლემას, – ასკვნის მეცნიერი. როგორები არიან მორცხვი ბავშვები? ისინი არ დარბიან და არ დახტიან საკლასო ოთახში, არ ყვირიან, საჯაროდ არ გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს – ეშინიათ, სისულელე არ თქვან. კითხვებზე მათი პასუხი მოსაწყენია ან ასეთი: „ეს არ ვიცი”. უმეტესად კედელთან სხდებიან, ელოდებიან, სხვები როდის მიიწვევენ სათამაშოდ. თუ ასე არ მოხდა, ისინი გარს უვლიან მოთამაშეებს და ზოგჯერ ცერის აწევით ანიშნებენ, რომ კარგია. ბავშვური მორცხვობა საფრთხის შემცველი თავისებურებაა, ასეთ ბავშვებთან მუშაობაა საჭირო, თანაც ძალიან ფაქიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მორცხვობამ შესაძლოა მთელი ცხოვრება დაუნგრიოს ბავშვს. უპირატესობას ამქვეყნად სწორედ თამამი ადამიანები აღწევენ. რომც დამარცხდნენ, ისინი მარცხს ადვილად გადაიტანენ და ნაკლებად ტრამვირებულნი იქნებიან, ვიდრე მორცხვი პიროვნება. ეს უკანასკნელი განზე დგება, ბრძოლაზე უარს ამბობს და უფუნქციობას ამჯობინებს.

უყურადღებოდ მიტოვებული მორცხვი ბავშვები თანდათან ნევროტიკები ხდებიან, არ არის გამორიცხული, ფსიქიკური აშლილობებიც დაემართოთ, – აღნიშნავს ცნობილი ფსიქოლოგი ა. ადლერი.

მორცხვი მოსწავლის ბუნება საკმაოდ რთული და ამბივალენტურია. ერთი მხრივ, ის სხვათა მიმართ კეთილგანწყობილია და ურთიერთობისკენ ისწრაფვის, მეორე მხრივ კი ვერ ბედავს მათთან კომუნიკაციას. ეს ამუხრუჭებს ურთიერთობის წამოწყების მოტივაციას. მორცხვი ბავშვები ზედმეტად რეფლექსიურები არიან, ფიქსირებულები საკუთარ თავზე. მორცხვი მოსწავლეები მასწავლებლის ყურადღებას ვერ იპყრობენ, კარგავენ მათთან და თანაკლასელებთან კავშირს, რის შედეგადაც მასწავლებლის მხრივ დახმარების შესაძლებლობაც იკარგება. არც არის გასაკვირი, რომ მორცხვი მოსწავლე მასწავლებელს არ მოსწონს – ის ერთგვარ დარტყმას აყენებს მასწავლებლის მუშაობის ეფექტიანობას. ბავშვი ნორმალურად რომ განვითარდეს, იგი უნდა ენდობოდეს გარემოს, რომელშიც იმყოფება. სამყაროსადმი პოზიტიური დამოკიდებულება, დაცულობის განცდა ბავშვის აზროვნებას მოქნილობას მატებს, ავითარებს ანალიტიკურ უნარებს, რაც ექსპერიმენტირებისა და შედეგების წინასწარი განჭვრეტის შესაძლებლობას აჩენს. ამის შედეგად ბავშვი უფრო მომზადებული ხვდება ნებისმიერ არატიპურ სიტუაციას. თბილი და გამგები მასწავლებელი მას ეხმარება სოციალური ურთიერთობებისთვის საჭირო ჩვევების განვითარებაში, რითაც ბავშვი თავის ადგილს პოულობს სამყაროში სხვების გვერდით. მორცხვს სჭირდება რწმენა, რომ ირგვლივ მყოფები პატივს სცემენ მის პიროვნულ ღირსებებს, თვალსაზრისს, უყვართ ის და აღიარებენ მის უნიკალურობას. სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ასეთი ბავშვები ძლიერდებიან, სიყვარულსა და ურთიერთგაგებას სწავლობენ.

რა თავისებურებებით შეიძლება ამოვიცნოთ მორცხვი მოსწავლე? გამოყოფენ 3 მახასიათებელს: 1. გამოხატული მოქმედება, რომელიც სხვებს მიანიშნებს, რომ „მორცხვი ვარ”: მას არ სურს საუბარში ჩართვა, გაურბის ადამიანებს, არ ამჟღავნებს ინიციატივას, უჭირს თვალით კონტაქტი და სხვა; 2. შფოთვის ფიზიოლოგიური სიმპტომები: უხშირდება პულსი, გულისცემა, ადვილად ოფლიანდება, უჩნდება მუცელში სიცარიელის შეგრძნება, წითლდება და სიწითლის დაფარვას ვერ ახერხებს. ეს შეგრძნებები ნებისმიერ ადამიანს უჩნდება აღელვების დროს; საქმე ის არის, რომ ჩვეულებრივ სიტუაციაში ამ მდგომარეობას პიროვნება მსუბუქ დისკომფორტად აღიქვამს, მორცხვი კი ამ ფიზიოლოგიურ გამოვლინებებს დიდ ყურადღებას აქცევს, წინასწარ ღელავს მათ მოლოდინში, გაურბის განსაზღვრულ სიტუაციებს და სხვა; 3. უხერხულობის შინაგანი განცდა, რომლიც ყველა სხვა განცდას ფარავს. ეს განცდა ზოგჯერ საკუთარი თავისადმი პატივისცემას უკარგავს ადამიანს. ამის გამო ის გაურბის განსაზღვრულ სიტუაციებს, რაც კიდევ უფრო აშორებს სხვებს და საკუთარ ნაკლოვანებებზე ღრმად ჩააფიქრებს.
ზოგადი რეკომენდაციები

▪ ნუ დავკიდებთ იარლიყებს მოსწავლეებს, მათ შორის – „მორცხვისას” (ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მორცხვობაზე).
▪ ნუ მოვთხოვთ სრულყოფილებას.
▪ დიდი ტაქტით წავახალისოთ კონტაქტში შემოსვლის ყოველგვარი მცდელობა.
▪ ვეცადოთ, თავიდან ავაცილოთ უხერხული სიტუაციები.
▪ მასთან ურთიერთობისას ყოველთვის ვიყოთ მშვიდი, აუღელვებელი, გაწონასწორებული.
▪ დავინტერესდეთ მისი გრძნობებით.
▪ საგანგებოდ შევქმნათ მრავალფეროვანი „ბუნებრივი” ექსპერიმენტული სიტუაციები, რათა წავახალისოთ მისი ჩართულობა.
▪ შევხვდეთ ბავშვს ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მღელვარების საფუძველს მოკლებულია, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება.
▪ შეიძლება, საგანგებოდ გავითამაშოთ მოსალოდნელი უცხო სიტუაცია და მივცეთ ბავშვს საშუალება, მომზადებული შეხვდეს მას.
წარმოდგენილი ტესტი იმის შემოწმებაში დაგეხმარებათ, ხართ თუ არა მორცხვი:

1. გიყიდიათ რამე მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვერ უთხარით გამყიდველს?
2. თუ ვინმე ტრანსპორტში ან თეატრში ხმამაღლა ლაპარაკობს, გეუხერხულებათ სთხოვოთ, რომ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკოს?
3. გიჭირთ უცნობისთვის რამის თხოვნა?
4. გიჭირთ საუბარი თქვენთვის ნაკლებად ნაცნობი ადამიანების გარემოში?
5. გიჭირთ იმ ადამიანის კრიტიკა, რომელიც აშკარად არ არის მართალი?
6. იბნევით და არ იცით, რა უპასუხოთ, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან?
7. ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები გიყენებენ თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ?
8. გიჭირთ, უარი უთხრათ ახლობელს, რომელიც არცთუ გონივრულ რამეს გთხოვთ?
9.  გიჭირთ, უარი უთხრათ ადამიანს, რომელიც დაჟინებით გთხოვთ ტელეფონის ნომერს, თქვენ კი მისი მიცემა არ გსურთ?
10. ზედმეტად რბილ პიროვნებად მიგიჩნევენ?
11. ახლო ურთიერთობებში გიჭირთ უშუალოდ, სპონტანურად მოქცევა?
12. გრძნობების დაფარვა გირჩევნიათ მათ გამოხატვას?
თუ მოაგროვეთ სამზე მეტი პასუხი „კი”, ეს იმის მაჩვენებელია, რომ თავდაჯერება გაკლიათ, შესაძლოა, დაბალი თვითშეფასებაც კი გქონდეთ.

დაბოლოს, თუ თავი მორცხვ პიროვნებად მიგაჩნიათ, ისიც იცოდეთ, რომ ამას დადებითი მხარეებიც აქვს: არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ეს ინდივიდუალური თავისებურება, გარდა ამისა, მორცხვობა ადამიანს ეხმარება, იფრთხილოს, კარგად გააანალიზოს საკუთარი ქცევა და სხვა. ამრიგად, მორცხვობა შესაძლოა სერიოზული პრობლემაც იყოს და ხასიათის მომხიბვლელი თვისებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი