ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ფსიქოლოგიური კომპლექსები ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

იმ სირთულეებს შორის, რომლებსაც უფროსები ბავშვებთან ურთიერთობისას ვეჯახებით, ფსიქოლოგიურ კომპლექსებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ისინი უამრავ თავსატეხს უჩენენ აღმზრდელებს, ვინაიდან დაკომპლექსებული ბავშვის ქცევა ხშირად უმართავი ხდება.

ფსიქოლოგიური კომპლექსები აზრების, გრძნობების, გამოცდილების, ცნობიერად ან ქვეცნობიერად ჩამოყალიბებული განწყობების ერთობლიობაა, რომელიც არცთუ ისე სასურველი ქცევისა და ემოციების მიზეზად იქცევა. ფსიქოლოგიური კომპლექსების მქონე ბავშვს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, თავის გონებრივ შესაძლებლობებზე, გარეგნობაზე, ამას კი, როგორც წესი, ღრმა შინაგანი განცდებისკენ მივყავართ, რომელთა დამალვასაც ბავშვი ყველანაირად ცდილობს.

ბავშვი, რომელიც ზედმეტად კრიტიკულია თავისი გარეგნობის, შესაძლებლობების, უნარების, მდგომარეობის მიმართ, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის თანატოლებს, სკოლაში უხალისოდ დადის, მუდმივად დათრგუნულია, ხშირად მშობლებსაც უუცხოვდება, თუმცა რაღაც მომენტში შეიძლება თავი ვერ შეიკავოს და დახმარების იმედით აცრემლებულმა გვკითხოს: „რატომ არ ვგავარ სხვებს? რითი ვარ მათზე ნაკლები? რატომ არავის ვუყვარვარ, რატომ არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა? რატომ არავის მოვწონვარ, რატომ დამცინის ყველა?“

საინტერესოა, რომ გოგონებსა და ბიჭებში ფსიქოლოგიური კომპლექსები შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს. არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილ გოგონას მიაჩნია, რომ ულამაზოა, ზედმეტად მსუქანი ან ზედმეტად გამხდარი, მაღალი ან დაბალია, აქვს გრძელი ცხვირი, დიდი ყურები, ცხიმიანი თმა, გამონაყარი და ბევრი სხვა რამ, რაც მას სილამაზის იდეალს აშორებს. უნდა ითქვას, რომ დაკომპლექსებული ბიჭებიც ბევრ ნაკლს პოულობენ საკუთარ გარეგნობაში, ფიზიკურ შესაძლებლობებში, უნარებში. მათ არ უყვართ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორც წესი, აგრესიულობით გამოირჩევიან. ხშირად მოზარდი ამჩნევს, რომ თანატოლთა ჯგუფში ვიღაცას უფრო ლამაზად, მოდურად აცვია, ვიღაც მხოლოდ მაღალ ქულებს იღებს, ვიღაცას ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი და კომპიუტერი აქვს, ვიღაცა მანქანით დაჰყავთ სკოლაში, ზოგი ბიჭი უფრო ღონიერია და უკეთესად ჩხუბობს. თუ ბავშვი ყველაფერ ამას მოკლებულია და ხედავს, რომ ძალიან განსხვავდება თანატოლებისგან როგორც მდგომარეობით, ასევე უნარებით, შესაძლებლობებით და პიროვნული მახასიათებლებით, მას უჩნდება ფსიქოლოგიური კომპლექსები და ფიქრობს, რომ ინდივიდუალურობის გამოვლენა მას დაცინვის ობიექტად აქცევს. დაკომპლექსებულ ბავშვს ეჩვენება, რომ მისით ყველა უკმაყოფილოა, საკუთარ თავს ყოველთვის და ყველაფერში დამნაშავედ მიიჩნევს, ვერ ბედავს, ხელი მოჰკიდოს რამე საქმეს, თუნდაც უმნიშვნელოს, რადგან „მაინც არაფერი გამოუვა“ და საბოლოოდ უსაყვედურებენ ან ეჩხუბებიან.

ვერ უარვყოფთ, რომ ბავშვები ემოციური კომპლექსების გარეშე პრაქტიკულად არ არსებობენ. კომპლექსი აქვს ყველას, მასაც კი, ვინც ყველანაირად უარყოფს საკუთარ თავში მის არსებობას.

განასხვავებენ არასრულფასოვნების, დანაშაულის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობის, პასუხისმგებლობის შიშის, უცხო ადამიანის გაცნობის შიშის და სხვა კომპლექსებს. ისინი ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უკარგავენ, ხელს უშლიან ნორმალურ ცხოვრებაში, დასახული მიზნების მიღწევაში. ადამიანები, რომლებიც არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯებიან, საკუთარ თავს მუდმივად ადარებენ სხვებს, ამას კი ნამდვილად არაფერი მოაქვს კარგი, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, უფრო წარმატებული და მომხიბვლელი. დაკომპლექსებული ადამიანი მუდმივად დაძაბულია, ვერ ხედავს ცხოვრების აზრს, დეპრესიაში ვარდება და ვერ ახერხებს იმით ტკბობას, რაც აქვს.

არასრულფასოვნების კომპლექსი ხანდახან მეტყველების დეფექტების ქვეცნობიერ მიზეზსაც წარმოადგენს.

აუცილებელია, ყოველგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსი ბავშობაშივე იქნეს დაძლეული. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია ალბათობა, ზრდასრულ ასაკში მან ნევროზის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ყველა პრობლემის დაძლევა მიზეზის გარკვევით უნდა დავიწყოთ. კომპლექსების აღმოსაფხვრელადაც მათი მიზეზის ცოდნა დაგვჭირდება.

  • კომპლექსების ორი მთავარი წყაროა სკოლა და მშობლები. სკოლაში ბავშვები იყოფიან ჩამორჩენილ და მოწინავე, ნიჭიერ და უნიჭო მოსწავლეებად. ამასთან, დაყოფა ხშირად არა ბავშვის შესაძლებლობების, არამედ მიღებული ნიშნების მიხედვით ხდება. სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდან ბავშვი მოსწავლეთა ამა თუ იმ კატეგორიაში ხვდება. ბავშვები, რომლებსაც „სუსტი მოსწავლის“ იარლიყი მიეკერებათ, როგორც წესი, მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით იტნჯებიან და თავს მართლაც ჩლუნგებად მიიჩნევენ. ხშირად ეს კომპლექსები მათ ზრდასრულ ასაკშიც ახსენებს თავს. სკოლაში მიღებული შეფასებების გამო არც მშობლები აკლებენ ბავშვს საყვედურებს, ეჩხუბებიან, შეურაცხყოფას აყენებენ და ასეთი დამოკიდებულებით შთააგონებენ, რომ ხელმოცარულია. ასეთ გარემოში აღზრდილი ბავშვი მომავალში ან დამჯერი რობოტი, ან უიღბლო, წარუმატებელი ადამიანი ხდება.
  • კომპლექსების მიზეზი შეიძლება გახდეს ზედმეტი ქება და ჰიპერმზრუნველობა ადრეულ ასაკში – დედას, რომელსაც უზომოდ უყვარს თავისი პატარა, მუდმივად ეფერება, თავს ევლება, აკონტროლებს მის ყოველ ნაბიჯს, შესაძლოა აზრადც არ მოუვიდეს, რა დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მას. მოვა დრო, როცა ოჯახში ასეთი ნაფერები და ნალოლიავები ბავშვი დიდ სამყაროში შედგამს ფეხს და დაიწყებს ურთიერთობას თანატოლებთან, რომლებისგანაც, როგორც მალე აღმოაჩენს, ბევრით არაფრით განსხვავდება. არც ისე ჭკვიანია, როგორც დედა ეუბნებოდა; მასწავლებელი ხომ გამუდმებით შენიშვნებს აძლევს; დავალებებსაც ისე იოლად ვერ ასრულებს, როგორც სხვები; არც ისეთი ლამაზია, როგორც ოჯახში შთააგონებდნენ; ბავშვებიც დასცინიან და მასხარად იგდებენ; საკმაოდ სუსტი და მოუქნელიცაა, რადგან უჭირს იმ სპორტული ვარჯიშების შესრულება, რომლებსაც ბევრი მისი თანატოლი ადვილად ასრულებს. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც საერთოდ არ უნდათ მასთან ურთიერთობა, თავიანთ წრეში არ იღებენ. დიდია ალბათობა, ამ ყველაფერმა კომპლექსებს დაუდოს სათავე.

სრულიად განსხვავებულ გარემოში აღზრდილ ბავშვსაც შეიძლება იგივე დაემართოს. თუ დედა, ერთი შეხედვით, „კეთილი განზრახვით“, „სწორ გზაზე დაყენების“,  თვითსრულყოფისკენ სწრაფვის გაღვივების მიზნით მუდმივად საყვედურობს შვილს, ადარებს მას მეზობლის, მეგობრის ბავშვს ან თანაკლასელს, რომელიც უფრო სერიოზულია, უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, უკეთესად სწავლობს და სპორტულ წრეზეც დადის, უფრო თავაზიანი და მოწესრიგებულია, ბავშვს თანდათან უმტკიცდება აზრი, რომ არაფერს წარმოადგენს, რადგან მისივე მშობლის თვალშიც კი უცხო ბავშვები მასზე გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან. ცხადია, ასეთი ბავშვი თავს ვერ დააღწევს კომპლექსებს.

  • კომპლექსების მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს არახელსაყრელი, დაძაბული ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში, მშობლებს შორის უთანხმოება, ჩხუბი, მცირე შემოსავლისა თუ დროის დეფიციტის გამო მუდმივი წუწუნი, თავს დამტყდარ ყველა „უბედურებაში“ერთმანეთის დადანაშაულება, ბავშვისადმი უყურადღებობა, სიტყვები: „თავი დამანებე, შენთვის არ მცალია!“ „ფეხებში ნუ მედები!“ „უშენოდაც არ მაკლია პრობლემები, შენ მაინც ნუ მაწუხებ!“ შედეგი ერთია – მშობლების მიმართ უნდობლობა, კონფლიქტი თანატოლებსა და საკუთარ თავთან. ბავშვი საკუთარ თავში იკეტება, კარგავს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უჩნდება დანაშაულის გრძნობა და უამრავი კომპლექსი.

 

როგორ გავათავისუფლოთ ბავშვი ფსიქოლოგიური კომპლექსებისაგან

  • ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული კომპლექსების დაძლევა ძნელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ ბავშვი კომპლექსების გარეშე და თუ ამას ვერ ვახერხებთ, დავეხმაროთ მას უკვე არსებული კომპლექსების დამარცხებაში. ამასთან, საკორექციო მუშაობა აუცილებლად უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და პასუხი გავცეთ კითხვებს: „როგორ ვზრდით შვილს? მისდამი როგორი დამოკიდებულება გვაქვს? უფრო ხშირად ვაქებთ თუ ვეჩხუბებით? როგორ ვესაუბრებით?“ ბავშვს საკუთარ თავზე წარმოდგენა ექმნება გარშემო მყოფების – თანატოლების, მასწავლებლებისა და, უპირველეს ყოვლისა, მშობლების შეხედულებებისა და შეფასებების საფუძველზე. ადრეულ ასაკში ბავშვი ღრუბელივით იწოვს გარემოდან მიღებულ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. დაუფიქრებლად ნათქვამი ყოველი სიტყვა, შენიშვნა, ირიბი მზერაც კი მკვეთრად, არასასიკეთოდ ცვლის საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობებისადმი ბავშვის დამოკიდებულებას. ამიტომ სასურველია, ვიყოთ უფრო ყურადღებიანი, პატივისცემით მოვეპყროთ ბავშვს, მოვუსმინოთ, ნაკლებად გავაკრიტიკოთ, ანგარიში გავუწიოთ, მეტად გავითვალისწინოთ მისი აზრი.
  • თუ ბავშვს რამე ისე არ გამოუვა, როგორც საჭიროა, ნუ მივაკერებთ მას უუნაროს იარლიყს. ავუხსნათ მარცხის მიზეზი და დავარწმუნოთ, რომ მორიგი მცდელობისას ყველაფერი გამოუვა, უბრალოდ, უფრო ყურადღებით, უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს.
  • გავხდეთ მისი მეგობარი, დაველაპარაკოთ და ავუხსნათ, რომ კომპლექსები ყველას აქვს. მოვუყვეთ მას საკუთარი კომპლექსების შესახებ, ვუამბოთ, როგორი ვიყავით მის ასაკში. ნუ ვეჩხუბებით ცუდი ნიშნების გამო – ის ხომ ცოდნისთვის უნდა სწავლობდეს და არა ნიშნისთვის. თუ რამე დღეს არ გამოუვიდა, ყოველთვის შეიძლება სწავლა და შედეგის გაუმჯობესება. ნუ მოვთხოვთ, მუდმივად მაღალი ქულები ჰქონდეს. გავითვალისწინოთ, რომ შეცდომა ყველას მოგვდის.
  • ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის თვისებებზე და განვავითაროთ ისინი. შევაქოთ პატარა მონდომებისა და მცდელობისთვის და არა მიღებული ნიშნისთვის.
  • კომპლექსების დაძლევის ერთ-ერთი გზა ბავშვისთვის თავისუფლების მინიჭებაა. „იქ არ წახვიდე!“ „ეს არ გააკეთო!“ – თუ გამუდმებით ასეთ შეძახილებს გაიგონებს, ბავშვი იფიქრებს, რომ არ ვენდობით, არ გვჯერა მისი შესაძლებლობების. უმჯობესია, მოქმედების თავისუფლება მივცეთ, დავრთოთ დამოუკიდებლობის გამოვლენის ნება. ნუ გავუკეთებთ ბავშვს იმას, რაც ბავშვობაში ჩვენ თვითონ გვიქმნიდა დისკომფორტს.
  • თუ ბავშვს უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა, ვურჩიოთ, უარი არ თქვას წასვლაზე, როცა სადმე ეპატიჟებიან, გამოხატოს პოზიტიური განწყობა, სჯეროდეს საკუთარი თავის, იყოს უშუალო და ბუნებრივი. ნუ შეეშინდება ინდივიდუალურობის გამოვლენის, რადგან ეს ღირსებაა და არა ნაკლი. იყოს გახსნილი და ილაპარაკოს იმის შესახებ, რა მოსწონს და რა – არა. არ დამალოს საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი აზრი, ყოველთვის იყოს ის, ვინც არის, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა.
  • დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევის პროცესში ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების აზრი, მათი მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული – ის უნდა გრძნობდეს, რომ გვიყვარს არა წარმატებების გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ არსებობს და ჩვენ გვერდითაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი