ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროექტი

სტატიის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალი, გაუმჯობესებული სქემის შექმნას, რომელსაც საფუძველი კოლეგების ნაყოფიერი შრომით უკვე ჩაეყარა. ეს მხარდაჭერა გამოიხატება კონსტრუქციული კრიტიკითა და ალტერნატიული ვარიანტების შემოთავაზებით. ვიმედოვნებ, ნაშრომი წაადგება სქემის დახვეწასა და სრულყოფას. 

1.კრედიტების მინიჭების სქემის ანალიზი

სქემის პროექტის მიხედვით, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 14 კრედიტი უნდა დააგროვოს და საგნობრივი გამოცდა ჩააბაროს, რომ შეინარჩუნოს მასწავლებლის სტატუსი. წარჩინებული მასწავლებლის სტატუსის მისაღებად მან 24 კრედიტი უნდა დააგროვოს (გამოცდის ჩაბარება მას 8 კრედიტს მოუტანს), ანუ სტატუსის შენარჩუნებისთვის აუცილებელ 14+8=22 კრედიტს მან კიდევ 2 კრედიტი უნდა წაუმატოს.

წარჩინებულმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად 24 კრედიტი უნდა დააგროვოს, ხოლო მკვლევარი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად დამატებით კიდევ 8 კრედიტი უნდა დააგროვოს, ანუ სულ 32 კრედიტი სჭირდება (გამოცდა აღარ ეხმარება მასწავლებელს კრედიტების დაგროვებაში).

მკვლევარი მასწავლებლისთვის კატეგორიის მომატების საკრედიტო სქემა ასეთია: 32+8=40, ხოლო მენტორი მასწავლებელი სტატუსს ინარჩუნებს 40 კრედიტის დაგროვების საშუალებით.

იმისთვის, რომ კრედიტების დაგროვებასა და კატეგორიების მინიჭების პროცესს მიენიჭოს მეტი დინამიკა და პედაგოგიური კარიერის დასრულებამდე შუა თაობის მასწავლებლებისთვისაც რეალისტური იყოს მაღალი კატეგორიის მიღწევა, სქემის პროექტში კრედიტების დაგროვებისთვის განკუთვნილი დროის შუალედი შემცირებულია 2-5 წლამდე. რამდენად შესაძლებელია დროის განსაზღვრულ შუალედებში დადგენილი კრედიტების დაგროვება?

სქემის პროექტის მიხედვით 1 კრედიტის დაგროვება საჭიროებს 20–26 საათის ექვივალენტური სამუშაოს შესრულებას, ანუ საუბარია ევროპულ საუნივერსიტეტო კრედიტზე (1 კრედიტი=25 სთ), რაც იმას ნიშნავს, რომ 24 კრედიტი=600 საათი, 32 კრედიტი=800 საათი, 40 კრედიტი=1000 საათი.

პედაგოგის სამუშაო საათები წელიწადში 10 თვის განმავლობაში სასკოლო მუშაობის შემთხვევაში დაახლოებით არის 1760 სთ. კვირეულ 36 საათზე გათვლით, რომელთაგან სრული საშტატო დატვირთვით (18 კვირეული საგაკვეთილო საათი) მომუშავე მასწავლებელს გაკვეთილების ჩასატარებლად დროის 50% სჭირდება. თუ გაკვეთილების მომზადებას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების აღიცხვას, სააღმზრდელო და სხვა მოვალეობებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ რეალურია პროფესიულ განვითარებაზე მას დარჩეს სამუშაო დროის არაუმეტეს 10%, ანუ 176 საათი, რაც იდეალური ხელშეწყობისა და მხარდაჭერის შეთხვევაში მასწავლებლის ძალების უკიდურესი დაძაბვით საშუალებას იძლევა მან წელიწადში დააგროვოს არაუმეტეს 7–8 კრედიტი.

ამგვარად, დადგენილი კრედიტების დაგროვება დათქმულ ვადებში სრული დატვირთვით მომუშავე მასწავლებლებისთვის (როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად, ასევე, მითუმეტეს,  კატეგორიის მომატებისთვის) ნაკლებად რეალისტურია.

მაშ, რა ქნან იმ მასწავლებლებმა, რომელთაც კვირეული 22–25 საათი აქვთ დატვირთვა? ისინი ხომ მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებაზე ხარჯავენ სამუშაო დროის 60%–ზე მეტს და ქანცგაწყვეტილებს აღარ აქვთ რესურსი პროფესიული განვითარების აქტივობებისთვის?

თუკი პრაქტიკოს ან წარჩინებულ მასწავლებელს შანსი აქვს კრედიტებში ჩაეთვალოს მიმდინარე სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებული აქტივობები და ამით გაუადვილდეს კრედიტების დაგროვება, მკვლევარ და მენტორ მასწავლებლებს ამის ნაკლები საშუალება აქვთ მათი სტატუსისადმი სტანდარტით წაყენებული მოთხოვნების გამო. შესაბამისად, კრედიტები მათ უნდა დააგროვონ ძირითადად არა სასწავლო-საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირებულ აქტივობებში, არამედ მის მიღმა სპეციალურად მოწყობილი საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით. ამ უშეღავათო მდგომარეობის გამო, 4–5 წლის განმავლობაში უწყვეტი ქანცისგამცლელი შრომის პირობებში, შეუძლებელი ხდება მათთვის კატეგორიის გაზრდა თუ შენარჩუნება.

საკითხს შეიძლება მივუდგეთ აგრეთვე სხვა კუთხით: თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით პროფესიული განვითარებისთვის დახარჯული მინიმალური საათების რეკომენდებული რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში სრული დატვირთვით მომუშავე (17–21 კვირეული საათი) მასწავლებლისთვის არის წლიური 22 საათი. მაქსიმუმი  დადგენილი არ არის, თუმცა მინიმუმის გახუთმაგებული რაოდენობაც კი ჩვენი ნორმების მიხედვით არ არის საკმარისი საჭირო კრედიტების დასაგროვებლად.

აშკარაა, რომ კრედიტების რაოდენობა, მათი დაგროვებისთვის გამოყოფილი წლები და მასწავლებლების დატვირთვა შეუსაბამობაშია ერთმანეთთან – შემოთავაზებული პროექტი მასწავლებელთა გადაქანცვაზეა გათვლილი (ცვეთისა და შემდგომ გადაწვის პერსპექტივით – იხ. ნინო ელბაქიძის სტატია პროფესიული გადაწვის შესახებ) და არა მათი მხარდაჭერისა და წახალისების გზით პროფესიულ და საკარიერო წინსვლაზე. უფრო მეტიც, ასეთ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და პროფესიული განვითარება ვერ იქნება ნაყოფიერი, ვერ მოიტანს სასურველ შედეგებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან “კრედიტებზე მონადირე” მასწავლებლისთვის თვითმიზნური გახდება კრედიტების დაგროვება, იგი მოსწყდება სასწავლო პროცესსა და მოსწავლეებს.

უნდა გავითვალისწინოთ არსებული რეალობებიც: მოცემულ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ–ეკონომიკურ–სოციალურ პირობებში არ არსებობს და უახლოეს წლებშიც სწრაფად ვერ მოხერხდება ყველა საგნისა და საფეხურის მასწავლებელთა უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისთვის და კრედიტების დაგროვებისთვის საჭირო რესურსებითა და აქტივობებით. ამას სჭირდება ქვეყნის საკმაოდ გაზრდილი ბიუჯეტი განათლების დაფინანსებისთვის, განათლების მარეგულირებელი/ნორმატიული დოკუმენტები და სამონიტორინგო/შემაფასებელი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ქსელი ქვეყნის მასშტაბით, სისტემური ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელი მომზადებული ჩინოვნიკურ–ბიუროკრატული და საექსპერტო კადრი, მასწავლებელთა სახლების რეგიონული ქსელი, საჭიროებათა კვლევის შედეგად დადგენილი სატრენინგო პროგრამები და კურსები, კვალიფიციური ტრენერები რაიონებში, საგანმანათლებლო კვლევების ამსახველი ჟურნალები და კონფერენციები, ნაბეჭდი ან ელექტრონული დამხმარე მეთოდური მასალები ქართულ ენაზე და მათი თარგმანები ეროვნულ უმცირესობათა ენებზე, კომუნიკაციის და ტრანსპორტირების საშუალებები და გამართული ინფრასტრუქტურა,  მასწავლებელთა გაუმჯობესებული ენობრივი და კომპიუტერული კომპეტენციები და სხვა. რა გაგვაჩნია ამჟამად? მხოლოდ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ზოგადი ნაწილის ახალი ვერსია, სისტემის სხვა კომპონენტები ჯერ კიდევ მოსამზადებელი ან მოსაწესრიგებელია.

არსებული რეალობების მოწესრიგებას მისაღებ დონემდე გარდა საქართველოს უწყვეტი მშვიდობიანი განვითარებისა, სჭირდება მდგრადი საგანმანათლებლო პოლიტიკა და განათლების სფეროში უცხოეთის დახმარების მობილიზაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, წარმატებული მოსამზადებელი მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდება ეფექტური სქემის ამოქმედება, რომელიც სასურველ შედეგს მოიტანს (მოიმატებს სასწავლო პროცესის პროდუქტიულობა და საქართველოს მოსწავლეები ღირსეულ შედეგებს აჩვენებენ დადგენილ სტანდარტებთან და საკუთარ შესაძლებლობებთან მიმართებაში). ნაჩქარევად და მოუმზადებლად სქემის ამოქმედება კი კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც თითქმის ჩიხურ სიტუაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საქმეში.  

მასწავლებელთა მხარდაჭერა არა მარტო პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მაღალხარისხოვანი აქტივობებისა და რესურსების ხელმისაწვდომობით უნდა მოხდეს, არამედ სწორი საკრედიტო პოლიტიკითაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. ოპტიმალურადაა შესარჩევი როგორც სტატუსის შესანარჩუნებლად ან შემდგომ კატეგორიაზე გადასვლისთვის საჭირო კრედიტების რაოდენობა და დროის ოდენობა, ასევე მასწავლებლისთვის მხარდაჭერის ფორმები საჭირო კრედიტების ვერდაგროვების შემთხვევაში. დასადგენია, აგრეთვე, კრედიტების დაგროვებაში წარუმატებელი მასწავლებლის შემდგომი საკარიერო და პროფესიული განვითარების ტრაექტორია.

პრობლემის უკეთ წარმოჩენის მიზნით განვიხილოთ პრაქტიკოსი მასწავლებლის სიტუაცია, ვინც შეძლო სტატუსის შენარჩუნებისთვის საჭირო 22 კრედიტიდან მხოლოდ 18-20 კრედიტის მოპოვება. რაკი ის სტატუსს ვერ შეინარჩუნებს, მაშასადამე პირდაპირ მაძიებელთა რიგებს უნდა შეუერთდეს. არადა, რა ახლოს იყო მიზანთან, მან ხომ საჭირო კრედიტების 80%-ზე მეტი დააგროვა! სქემის პროექტში მხოლოდ ზოგადი ფრაზა წერია, რომ მას არ დაეკარგება დაგროვილი კრედიტები, მაგრამ არსად ჩანს დაგროვილი კრედიტების შენახვისა და ბეჯითი მუშაობისთვის წახალისების მექანიზმი.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ კრედიტების დაგროვების შევსებული სქემის მოდელს, რომელიც უკეთ ასახავს მასწავლებლების მხარდაჭერის პრინციპს.

და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის 

2.კრედიტების ოპტიმალური რაოდენობების შეფასება

გასარკვევი ისაა, რას შეიძლება უდრიდეს კრედიტების ზღვრული რაოდენობები და მათ დასაგროვებლად საჭირო დრო. თუ ამოსავალ მონაცემად ავიღებთ წლის განმავლობაში რეალისტურად 6, ხოლო მაქსიმალისტურად 8 კრედიტის დაგროვების შესაძლებლობას, მაშინ:

პრაქტიკოსი მასწავლებელი 

·პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსის შესანარჩუნებლად, სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი მუშაობისას, უნდა დააგროვოს 12 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 12 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს K კრედიტს, 7≤ K< 12, მასწავლებელს მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ორი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ იგი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს პროფესიას ან/და გადაინაცვლოს მაძიებელთა რიგებში. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3-წლიანი სასკოლო მუშაობის განმავლობაში უნდა დააგროვოს 16 კრედიტი. თუ 3 წლის ბოლოს პრატიკოსი მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს L კრედიტს, 12≤ L< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს დახმარების პროგრამაში. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ერთი წელი მიეცემა ქულების დასაგროვებლად. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 16 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას;
წარჩინებული მასწავლებელი  

·როგორც კი პრაქტიკოსი მასწავლებელი დადგენილ დროში დააგროვებს 16 კრედიტს, იგი ჩაითვლება წარჩინებულ მასწავლებლად და შესაბამისად გაეზრდება ხელფასი. სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში მუშაობისას, თუ 3 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი სტატუსის შესანარჩუნებლად ვერ დააგროვებს განსაზღვრულ 16 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს D კრედიტს, 12≤ D< 16, მასწავლებელს საშუალება მიეცემა დახმარების პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად ერთი წელი მიეცემა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები, მაშინ მასწავლებელი კარგავს წარჩინებულის კატეგორიას და უბრუნდება პრაქტიკოსის სტატუსს. იგივე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს;

·შემდგომ დონეზე გადასვლის მიზნით წარჩინებულმა მასწავლებელმა სკოლაში მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 წლის მუშაობისას 24 კრედიტი უნდა დააგროვოს. თუ 4 წლის ბოლოს წარჩინებული მასწავლებელი ვერ დააგროვებს ჯამურ 24 კრედიტს, მაგრამ დააგროვებს Q კრედიტს, 16≤ Q< 24, მას მიზნობრივი დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებელს ქულების დასაგროვებლად მიეცემა ერთი  წელი. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა საჭირო რაოდენობის კრედიტები შემდეგ დონეზე გადასასვლელად, მაშინ იგი ინარჩუნებს წარჩინებული მასწავლებლის სტატუსს. იმავე ხვედრს გაიზიარებს ის მასწავლებელიც, ვინც წახალისებისა და მხარდაჭერისთვის აუცილებელ ნორმას ვერ დააკმაყოფილებს. თუ მასწავლებელმა დააგროვა 24 კრედიტი, მაშინ იგი იღებს მომდევნო კატეგორიას.
და ა.შ მკვლევარი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლისთვის . 

როგორც ვხედავთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მასწავლებელი “წარუმატებელია”, მაგრამ აქტიურია და შეძლებს დაძლიოს ბარიერი, შემოთავაზებულ მოდელში მას მიეწოდება სპეციალიზებული, დამატებითი დახმარების მიზნობრივი პროგრამები ხარვეზებისა და სისუსტეების აღმოსაფხვრელად. ასეთი მოდელი მასწავლებელს უბიძგებს უწყვეტი პროფესიული განვითარებისკენ, წაახალისებს მის შემოქმედებითობასა და ინიციატივას, მაგრამ, ამასთანავე, უტოვებს შანსს, რომ შემთხვევითობებისგან დაიზღვიოს თავი და არახელსაყრელ ვითარებაშიც შეინარჩუნოს წინსვლის პერსპექტივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი