ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სასკოლო სივრცე როგორც რესურსი

ერთ დღეს, სკოლიდან გამოსვლისას, შევამჩნიე, რომ ბავშვებს კლასობანას სათამაშოდ ცარცით მოეხატათ ეზო. თამაშისგან ცარცის ხაზები აქა-იქ გადაშლილიყო. ადვილად შეამჩნევდით, რომ გაუწაფავ ხელს ემუშავა. გამეღიმა და მანქანას მივაშურე. იმ წუთიდან ამეკვიატა იმაზე ფიქრი, რომ პატარებს სჭირდებოდათ სკოლაში ისეთი აქტივობა, რომელიც თან ენერგიის დახარჯვაში დაეხმარებოდათ და თან სახალისო იქნებოდა. ვფიქრობდით, რით შეიძლებოდა გაგვეხარებინა პატარები. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ და ის-ის იყო შევთანხმდით, ეზოში საღებავით დაგვეხაზა კლასობანას სათამაშო არე, რომ მეორე მოულოდნელობას წავაწყდით: ინტერნეტში აღმოვაჩინეთ ვიდეო, სადაც სკოლის დერეფანი სხვადასხვანაირად იყო მოხატული და მოსწავლეები გაკვეთილებს შორის, შესვენებებზე, ძალიან ხალისობდნენ. ეფექტი იყო საოცრად კარგი. ცხადია, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ჩვენი მოსწავლეებისთვის სიურპრიზი მოგვეწყო. ტექნიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რა ზონები შეირჩა და რა მიზანს ემსახურებოდა თითოეული მათგანი.

ნახატი შესრულდა სკოლის სპორტული დარბაზის წინ, რადგან ის ყველაზე ფართო და საიმედო ადგილია სკოლაში. პირველი ზონა გახლავთ მზესუმზირა, რომელსაც 10 ფოთოლი აქვს, თითოეულ მხარეს – 5-5, და რიცხვები აწერია. მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ თანმიმდევრობით იხტუნებს ერთი რიცხვიდან მეორეზე და დაასახელებს მას, ასევე შეუძლია, კენტი და ლუწი რიცხვებიც მარტივად დაიმახსოვროს, რადგან ისინი სხვადასხვა მხარესაა მოქცეული. რიცხვების ბოლოს ყვავილის ხუთფურცელა გვირგვინია. ფურცლებზე ხმოვნებია გამოსახული, ხოლო შუაგულში წერია: „ხმოვნები“. მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ეს წარწერა და ხმამაღლა წარმოთქვან ხუთივე ბგერა.

 

შემდეგი ზონა მოტორული უნარების განვითარებას ემსახურება. ბავშვები უნდა დაიხარონ და ასე ჩაცუცქულებმა გაიარონ მრუდე ხაზი. მთელი ეს გზა ჭიამაიებითაა გალამაზებული, რაც მას სხვა არეებისაგან გამოყოფს.

შემდეგი არე წრეებია, რომლებსაც სხვადასხვა მხარეს ჩამოჭრილი აქვს სექტორები. დასაწყისში წარწერაა: „იხტუნე“, ირგვლივ კი ლამაზი ბაყაყებია დაკრული. ბავშვებმა უნდა დაიწყონ წრეებზე ორივე ფეხით ხტუნვა და შებრუნდნენ იმ მხარეს, საითაც სექტორია ამოჭრილი. როგორც მიხვდით, ეს არე მოტორული უნარების განვითარებას ემსახურება.

მომდევნო ზონაში ადამიანის სხვადასხვა ფერის ფეხის ანაბეჭდებია. ისარი მოძრაობის მიმართულებას აჩვენებს. მოსწავლე ისრის მიხედვით განსაზღვრავს მიმართულებას. ამაში ფეხის ანაბეჭდებიც ეხმარება. სიარულისას რომელ ფეხსაც დაადგამ ანაბეჭდს, ხმამაღლა უნდა წარმოთქვა. ეს არე მარჯვენასა და მარცხენას დამახსოვრებას შეუწყობს ხელს და ასევე გააუმჯობესებს სივრცეში ორიენტაციის უნარს.

მომდევნო არე უბრალოდ სახალისოა. წარწერა „ასწიე ხელები“ მოსწავლეს ამცნობს, რომ ხელებაწეულმა უნდა გაიაროს მრუდი.

აი, ბოლო ზონასაც მივადექით. აქ მოსწავლეს ხვდება 33 წრე, დაწყობილი 2;1;1;2;1;1;2… პრინციპით, რომლებშიც ქართული ანბანის ასოებია ჩაწერილი. ხტუნვისას მოსწავლემ უნდა წარმოთქვას ყველა ის ბგერა, რომელსაც შეეხება. ეს არე ანბანის დამახსოვრებას შეუწყობს ხელს.

ვფიქრობ, ზონებად დაყოფილმა სივრცემ საშუალება მოგვცა, მოსწავლეებისათვის შეგვეთავაზებინა სახალისო აქტივობები და იმავდროულად აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზეც გვეზრუნა.

დასასრულ, მინდა ვთქვა, რომ სკოლაში არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. ბავშვები თვითონვე მიგვანიშნებენ ხოლმე, რა სჭირდებათ. მთავარია, „მათი ენა“ გვესმოდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი