შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

როგორი მასწავლებელი მოსწონთ ბავშვებს

ძნელად თუ მოიძებნება პედაგოგი, რომელსაც არ სურს, მოსწავლეთა შორის აღიარებული და პოპულარული იყოს. ბავშვების სიყვარულით სავსე თვალები მასწავლებელს საოცრად უმსუბუქებს ტვირთს, რომლის ზიდვაც მას თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების პატივისცემის, სიყვარულისა და აღიარების მოპოვება არცთუ ადვილია. კარგი განათლება, საგნის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ხშირად არ არის საკმარისი. შესაძლოა, ხასიათის დადებითმა თვისებებმაც კი ვერ გაგვიწიოს საჭირო დახმარება. პედაგოგობა ერთ-ერთ ურთულეს პროფესიად მიიჩნევა და, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, განსაზღვრული უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს.

მთავარი, რაც პედაგოგის პროფესიონალიზმს განსაზღვრავს, კონსტრუქციული, ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებია. ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როდესაც რომელიმე მოსწავლე თანატოლს აღფრთოვანებით ესაუბრება იმის შესახებ, რა კარგ გაკვეთილს ატარებს მისი მასწავლებელი, რა საინტერესო ინფორმაციას აწვდის. ამაში პედაგოგს კონსტრუქციული უნარი ეხმარება. თუ მას კარგად აქვს განვითარებული ეს უნარი, ის ადვილად და სწორად შეარჩევს და გადაამუშავებს მოსწავლეებისთვის გადასაცემ სასწავლო მასალას, სწორად დაგეგმავს როგორც მოსწავლეთა საქმიანობას სასწავლო ინფორმაციის ასათვისებლად, ასევე საკუთარსაც მათთან ურთიერთობის პროცესში. მოსწავლეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რა სასწავლო მასალას იყენებს მასწავლებელი გაკვეთილის ჩატარებისას. თუ ის სახელმძღვანელოთი შემოიფარგლება, მცირეა ალბათობა, მისმა გაკვეთილმა მოსწავლეთა მოწონება დაიმსახუროს. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სასწავლო მასალის მოძიება, შერჩევა და გადამუშავება არ არის საკმარისი პედაგოგისთვის სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. მას უნდა შეეძლოს როგორც სასწავლო ინფორმაციის, ასევე მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის და მათთან უშუალო ურთიერთობისას საკუთარი ქცევის ორგანიზება. ყოველივე ამას ის ადვილად მოახერხებს, თუ ექნება პედაგოგისთვის აუცილებელი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები. ეს უნარ-ჩვევები ეხმარება მასწავლებელს, მიზანმიმართულად გამოიყენოს გაკვეთილის თითოეული წუთი, სწორი ორგანიზება გაუწიოს დაგეგმილ აქტივობებს, რამაც შესაძლოა იმდენად საინტერესო გახადოს გაკვეთილი, რომ ბავშვებმა ზარის დარეკვის შემდეგაც კი გააგრძელონ განხილულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა, ეს კი სასწავლო მოტივაციის ამაღლების მნიშვნელოვან წინა პირობას წარმოადგენს.

აქვე ვიტყვით, რომ არც ორგანიზაციული უნარებია საკმარისი პედაგოგის წარმატებისთვის. მასწავლებელმა შესაძლოა ძალიან კარგად ააგოს გაკვეთილი, მოიძიოს საჭირო მასალა, სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება როგორც მოსწავლეთა, ასევე საკუთარ საქმიანობას, მაგრამ თუ არ ექნება საკომუნიკაციო უნარები, გაუჭირდება მოსწავლეებთან სწორი ურთიერთობის დამყარება, რაც მის წარმატებას საგრძნობლად შეუშლის ხელს.

თუ მასწავლებელს აქვს ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევები, მას არ გაუჭირდება საინტერესო გაკვეთილის ჩატარება. თუმცა არც იმის გათვალისწინება იქნება ურიგო, როგორი გაკვეთილები მოსწონთ მოზარდებს. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი გაკვეთილი, სადაც თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევათ. ამისთვის სასურველია, იმართებოდეს დისკუსიები, დებატები, რომელთა დროსაც მოსწავლე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას, აზრს, დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ და საჭირო არგუმენტების მოშველიებით შეეცდება მათ დაცვას.

სასკოლო პრაქტიკა მოწმობს, რომ პედაგოგის პოპულარობას არცთუ იშვიათად მისი ხასიათის თვისებებიც განსაზღვრავს. განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარგებლობს პედაგოგი, რომელიც არის სამართლიანი, ობიექტური, კეთილი, ხალისიანი, იუმორის გრძნობის მქონე, თბილი, მოსიყვარულე, მეგობრული, მომთხოვნი, გამგები. ბავშვები საოცრად მგრძნობიარენი არიან გულწრფელობის მიმართ და მტკივნეულად აღიქვამენ უფროსების ქცევასა და სიტყვებში შემჩნეულ სიყალბეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ არავერბალურ კომუნიკაციას და შესანიშნავად კითხულობენ ფიქრებს ჩვენს სახეზე, ალბათ აჯობებს, მოვერიდოთ ყალბ ღიმილს და გრძნობები გულწრფელად გამოვხატოთ. ხშირად ბავშვისთვის ჩვენი გაბრაზებული გამომეტყველება უფრო მისაღებია, ვიდრე ემოციების დაფარვა და მოჩვენებითი კმაყოფილება.

ძალზე ფაქიზი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებს საკუთარი სახელის მიმართ და განიცდიან, როცა მასწავლებელს მათი სახელი არ ახსოვს, ან ახსოვს და მაინც გვარით მიმართავს. სახელით მიმართვა ბავშვისთვის ერთგვარი სიახლოვის გამომხატველია. მას უჩნდება განცდა, რომ მასწავლებლისთვის ის ახლობელი და ძვირფასია. ასევე მტკივნეულად აღიქვამენ ისინი მეტსახელებით მიმართვას, განსაკუთრებით – თუ ეს მეტსახელი რამენაირად უკავშირდება მათ გარეგნობას. მაგალითად, გარდამავალ ასაკში მყოფ მოზარდს, რომელსაც ფიზიკურ განვითარებაში მომხდარი დისჰარმონიის გამო ცხვირი და ყურები სახის სხვა ნაწილებთან შედარებით ბევრად უფრო წამოზრდილი აქვს, ვინმემ რომ „ცხვირა” ან „ყურშა” დაუძახოს, ის მის „უბოროტეს მტრად” იქცევა და რაიმე ფორმით აუცილებლად გამოხატავს აგრესიას მის მიმართ.

ბავშვის უკმაყოფილების მიზეზად ხშირად იქცევა მოსწავლეების გამორჩევა მასწავლებლის მიერ, ერთის მიმართ დიდი სიმპათიის გამოხატვა და სხვების მუდმივი ძაგება. მათში აგრესიას ბადებს უფროსების მიერ მისაბაძ მაგალითად რომელიმე მათი თანატოლის მოყვანა. საყურადღებოა, რომ ასეთივე აგრესია ბავშვს შესაძლოა მშობლის მიმართაც გაუჩნდეს, თუ ის გამუდმებით საყვედურობს მას და მოითხოვს მისგან, მიბაძოს ძმას, რომლის მიმართაც მშობელი საქებარ სიტყვებს არ იშურებს. თუ უფროსების მხრივ ასეთ შედარებებს სისტემატური ხასიათი მიეცა, შესაძლოა ბავშვებს შორის უკმაყოფილება მომავალში სერიოზულ მტრობაში გადაიზარდოს. ამ სირთულეებს თავიდან ავიცილებთ, თუ მივიღებთ ბავშვს ისეთს, როგორიც არის, ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს, კეთილგანწყობილი ვართ მის მიმართ და ვზრუნავთ მასზე.

გვახსოვდეს, რომ გულწრფელი ღიმილი, სიყვარული და კეთილგანწყობა ბავშვის სულთან მისასვლელი უმოკლესი გზაა. გავუგოთ ბავშვებს და ისინიც გაგვიგებენ ჩვენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი