ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გაკვეთილი მოსაწყენია თქვენთვის?

ტრენინგმოვლილი, მარკერების გადარჩევისას მაგნიტის ორ ბურთულას წავაწყდი. გამეღიმა: ისინი ერთ-ერთი ტრენინგის შეჯამებისას მასწავლებლურად თავდაჭერილმა და სერიოზულმა მათემატიკოსმა მაჩუქა. ისტორიაც მოაყოლა:

– ახალი გაკვეთილის ახსნის დროს, დაფისკენ მიბრუნებულს, ,,წკაპ, წკაპ“ მესმის… ავყევი ამ ხმას და აზრს თავს ვეღარ ვაბამ… გავჩერდი, გაჩერდა… ბოლოს მივაგენი – ამ ბურთულებს აწკაპუნებდა. წავართვი და ჯიბეში ჩავიყარე. მეორე კლასში შესვლისთანავე შევნიშნე ასეთივე მაგნიტები ბოლო მერხზე. თავის დასაზღვევად მაშინვე ავიღე და მეორე ჯიბეში ჩავიყარე. მესამე კლასში შესვლისთანავე დავზვერე, ვერსად მივაგენი და ის-ის იყო, დაწყებას ვაპირებდი, დაგვიანებული მოსწავლე შემოვიდა – ხელში მაგნიტი ეჭირა. ხუმრობის გუნებაზე დავდექი, გამოვართვი და ვეკითხები:

– რამდენია?

– ერთი… – მიპასუხა დაბნეულმა.

– გინდა, ფოკუსი გაჩვენოთ? – ბავშვებს თვალები უფართოვდებათ, ჩემგან ხუმრობებს მიჩვეულნი არ არიან… მე ჯიბეში ხელს ვიყოფ და სამი მაგნიტი ამომაქვს…

– ახლა?

– სამი, – მპასუხობენ შემცბარი ბავშვები.

– მოდი, კიდევ ვცადოთ, – შევდივარ როლში, რაღაც მოძრაობებს ვაკეთებ და ახლა მეორე ჯიბეში ვიყოფ ხელს…

– მას… როგორ? – გაოცებას ვერ მალავენ ისინი.

– მათემატიკას თუ ისწავლი, ეს ძალიან ადვილია, – ვეუბნები და მხიარულად ვიწყებთ გაკვეთილს. სხვათა შორის, სხვანაირი გაკვეთილი გამოვიდა, ხალისი ბოლომდე გაჰყვა, ჩართულობაც მაქსიმალური იყო და აშკარად კარგ შედეგზე გავედი… აი, თქვენც გაგახალისეთ. ახალი ტექნოლოგია შევმატე ჩემს პორტფოლიოს. მათემატიკა მათემaტიკად და ახლა დროდადრო ვიფიქრებ, რით გავაოცო და გავამხიარულო ბავშვები. მინდა, ეს მაგნიტები ამ ტექნოლოგიის სამახსოვროდ გაჩუქოთ, – მითხრა ბატონმა მათემატიკოსმა და ალბათ მიმანიშნა, თქვენც იფიქრეთ ამ საკითხზეო.

რამდენად არის ეს „ტექნოლოგია“ აღიარებული განათლების ფსიქოლოგების მიერ, რას გვირჩევენ და რაზე გვაფრთხილებენ ისინი?

დაივიწყეთ წუწუნი და დატკბით ცხოვრებით, ყოველი კვირისთვის დაგეგმეთ ისეთი საქმე, რომელიც სიხარულს მოგანიჭებთ. სიხარული მოსწავლეებსაც გადასდეთ, ეხუმრეთ მათ… ამისთვის დათმობილი ერთი-ორი წუთი ბავშვებს გაახალისებს, მოტივაციას აუმაღლებს. გაკვეთილი სახალისო პროცესად იქცევა. მათ შესაძლოა არ დაამახსოვრდეთ რომელიმე გრამატიკული წესი ან მათემატიკური ფორმულა, რომელსაც ასწავლით, მაგრამ არასდროს დაავიწყდებათ თქვენგან მიღებული პოზიტიური ემოციები.

ფსიქოლოგები მასწავლებლების ცხოვრებით უკმაყოფილების მიზეზებს ასე აყალიბებენ:

  • საკუთარი სერიოზული იმიჯით დაქანცვა;
  • ის, რომ არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა, მისი რეორგანიზება;
  • ის, რომ არ აქვთ ჩვევა, გაიჩინონ ჰობი ან გატაცება;
  • ის, რომ ეზარებათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
  • უჭირთ, თავიდან მოიცილონ თავს მოხვეული ურთიერთობები ან საეჭვო კულტურული იდეალები;
  • ვერ ბედავენ იყვნენ ისინი, ვინც არიან და დაძლიონ შიში, მოლოდინი არ გაუცრუონ საზოგადოებას;
  • დაღლილობა თავს დატეხილი დიდი დატვირთვით, დასვენების უგულებელყოფა და იმის დავიწყება, როგორ დატკბნენ ცხოვრებით.

კი, დღევანდელობას ახლავს ურთულესი პრობლემები, მაგრამ ისინი ადამიანებს არც ერთ დროში არ ჰკლებიათ. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, მათი პრობლემები უფრო რთული იყო თუ ჩვენი. თუ დავფიქრდებით, სხვა რომელ დროში ვისურვებდით ცხოვრებას, საბოლოოდ მაინც ამ ეპოქას ვირჩევთ.

გაკვეთილი მოსაწყენია თქვენთვის? ესე იგი, ის მოსწავლეებისთვისაც მოსაწყენია. ებრძოლეთ მოწყენილობას ყველა შესაძლო საშუალებით, შეცვალეთ, გაამრავალფეროვნეთ გაკვეთილები. სიახლეების დანერგვა თქვენთვისაც საინტერესო იქნება და მოსწავლეებისთვისაც.

მიეცით მოსწავლეებს საშუალება, წარმართონ სასწავლო პროცესი, თავისუფლად გამოთქვან მოსაზრებები, ხმამაღლა იაზროვნონ, მოგცენ რჩევები. განა თქვენი მიზანი მათთვის საინტერესო გაკვეთილის ჩატარება არ არის?! ნუ ჩათვლით მოსწავლეებს ცუდებად, უნიჭოებად და უსაქციელოებად და ისინი აღარ იქნებიან ასეთები.

მათ ბავშვურ ცელქობაზე ნუ გექნებათ მძაფრი უარყოფითი რეაქცია, პირიქით, იქნებ ხანდახან ჯობია, ერთად იცინოთ და მერე საქმე გააგრძელოთ, როგორც ჩვენი მათემატიკოსი მოიქცა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი