ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

წვიმა, თოვლი, ნისლი…

-ჰო, დედა, ჩამოვფრინდი, აეროპორტიდან გირეკავ. კი, კი კარგად ვიფრინე. ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ და მატარებლის სადგურში წავალ…არა, შენ მატარებლიდან დაგირეკავ, სადგურიდან აღარ.

ტელეფონს ვთიშავ და ვინახავ, თან აქეთ-იქეთ ვიხედები ყავის დასალევი ადგილი, რომ ვიპოვო. თუმცა, გეგმას მაშინვე ვცვლი. ჯერ სადგურში წავალ, ბილეთს ვიყიდი და ყავასაც იქვე სადმე მოვძებნი.

აეროპორტიდან გარეთ გამოსული ყვითელ ტაქსის ვაჩერებ. ეს კარგად მაქვს დამახსოვრებული, რომ მხოლოდ ამ ფერში უნდა ჩავჯდე. ჰო, მოქმედება სტამბულში ხდება, აქედან ესქიშეჰირში მივდივარ, ჩქარი მატარებლით სულ ორ საათ ნახევრის ამბავია.  ტაქსიში ვჯდები.

-სად მივდივართ?

-პენდიქში, სადგურთან ჩამოვალ.

მძღოლი სარკიდან მაკვირდება, ჩემმა თურქულმა მაშინვე გამცა, ტონზე, კილოზე  მეტყობა ჩასული ვარ. საერთოდ, მძღოლები ყველა ქვეყანაში ჩასულებზე ნადირობენ. რატომღაც გონიათ, რომ რადგან სხვა ქვეყნიდან ხარ, ფული თავზე საყრელად გაქვს და სწორედ მას უნდა გადაუხადო ძალიან ბევრი. ასე ხდება საქართველოშიც. ერთ რუმინელ პროფესორს რუსთაველიდან ვაკემდე ოცდაათი ლარი გადაახდევინეს. ოღონდ, მიატარ-მოატარეს რაღაც ქუჩები, სიშორის იმიტაცია, რომ შეექმნათ. ასე არის სხვაგანაც და მათ შორის თურქეთშიც. შარშან სატელევიზიო ამბებშიც კი აშუქებდნენ სტამბოლში ჩასულ ინგლისელ ტურისტს ათათურქის აეროპორტიდან „ლალელიმდე“ , ანუ ცენტრამდე, როგორ გამოართვა ტაქსის მძღოლმა სამი ათას დოლარამდე. მართალია, შემდეგ მოძებნეს, დააბრუნებინეს და დასაჯეს, მაგრამ მცდელობა ხომ ქონდა.

მოკლედ, ამ ჩემს მძღოლსაც თვალები აენთო და  წინა დღით მომხდარი სარკინიგზო ავარია შემახსენა. ხომ გახსოვთ რაც მოხდაო, ჰოდა მატარებლები არ მოძრაობენო. როცა შევიცხადე, მაშინვე დამამშვიდა, მე წაგიყვანთო, რა პრობლემააო.

-მართლა წამიყვანთ?-სიტყვა შევუბრუნე

თუმცა, იქვე დავამატე, რომ მე მხოლოდ მატარებლის ბილეთის ღირებულების თანხა მქონდა  და მასაც სწორედ ამდენს   გადავუხდიდი.  მაინც გსურთ, რომ წამიყვანოთ-თქო? არაო, კაცო, დადიანო მატარებლები, ვიხუმრეო.

მატარებლები მართლაც დადიოდნენ. ბილეთიც შევიძინე და ჩავფიქრდი, როგორ გამეყვანა ის საათ-ნახევარი, რომელიც გამგზავრებამდე მქონდა. იქვე, სადგურის კაფეტერიაში გადავწყვიტე წასაუზმება.

-მზად რა გაქვთ?-საქმიანად მიმოვიხედე,

-ძირითადად სენდვიჩემი გვაქვს, თქვენ რას ინებებთ?

-ხორციანი არაფერი მინდა (არ მომივიდა თვალში რატომღაც), სხვა რამე გაქვთ?

-ოოჰ, ჰანიმ ეფენდი, მაშინ თაფლიან და კარაქიან სენდვიჩს მოგიმზადებთ. თაფლიც და კარაქიც საქართველოდან გვაქვს, თითებს ჩაიკვნეტთ,-თავი მოიწონა მზარეულმა.

-რას ამბობთ? საქართველოდან გაქვთ?

-მააშ, მთებიდან გვაქვს წამოღებული,

-ჰოო? აბა, მაშინ მაგას ავიღებ,-უპასუხე და ჩემთვის ვიფიქრე, ნახე თურმე საქართველოს თაფლ-კარაქით თავს, როგორ იწონებს თქო.

მატარებელი ჯერ ადგილზე შეტოკდა, მერე ნელ-ნელა დაიძრა და უცებ მოუმატა სვლას. სტამბულს გავცდით თუ არა, ფანჯრის მინაზე წვრილი წვეთები შევამჩნიე. აქა-იქ კანტიკუნდად ეცემოდნენ. თხუთმეტიოდე წუთში გებზეს სადგურში შევედით, ბაქანზე ქალი და ორი პატარა ბავში იდგა. სასწრაფოდ ამოვიდნენ და დაბარებულივით მე მომისხდნენ გვერდით.

-გამარჯობა, მე ადა ვარ, შენ ვინ ხარ? რვა-ცხრა წლის ქერა თმიანი გოგონა  საქმიანი სახით მეკითხებოდა. ჩემს პასუხს არც დაელოდა, განაგრძო, რა დროზე ამოვასწარით, გაიხედე გარეთ რა ხდებაო. მართლაც გავიხედე და უკვე თავსხმა მოდიოდა.

ადა ისევ მომიტრიალდა.

-რაო, რა თქვი ვინა ვარო?

-არაფერი მითქვამს, მგზავრი ვარ,-გავუღიმე,

-მგზავრს სახელი და გვარი არ აქვს?

ისე სასაცილოდ დამტუქსა, თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა. ადას დედა ჩაერია საქმეში, ნუ აწუხებო, შენიშვნა მისცა პატარა გოგოს.

ეს საუბარი იქეთ იყოს და ამასობაში წვიმა გაყინულმა ფანტელებმა შეცვალეს. ფანჯარას საწყლად შევცქეროდი, არ მიყვარს ეს „წვიმა-თოვლები“…

წვიმა წვიმაა… დიახ, არ მიყვარს, შედგენილობაც წვიმისა აქვს (იხ. ჩემი ადრინდელი წერილები წვიმაზე https://mastsavlebeli.ge/?p=4009, https://mastsavlebeli.ge/?p=14904, https://mastsavlebeli.ge/?p=4134), თუმცა „წვიმები“ ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობით განსხვავდებიან. გავლენას შედგენილობაზე ასევე ახდენს, ადგილის ეკოლოგიური მდგომარეობა და ანთროპოგენური ფაქტორები. შესაბამისად, თბილისის წვიმა სხვა არის და აგერ ახლა გებზესა და იზმითს შორის, რომ წვიმს და შიგა და შიგ იყინება, სხვა შეიძლება იყოს. თუმცა, თუ მაინც განვაზოგადებთ, საერთო შედგენილობა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ (ეს კონკრეტული მონაცემები ნორვეგიის მაშტაბით არის აღებული).

 

კათიონები კონცენტრაცია (მოლი/ლ-1)
H+ 57
Ca2+ 9-18
Mg2+ 13-26
Na+ 56
K+ 4
NH4+ 38
ანიონები კონცენტრაცია (მოლი/ლ-1)
Cl 58
NO3 38
SO42- 232

 

დამატებითი ელემენტები (ძირითადად მეტალები), წვიმაში ე.წ. „კვალის, შლეიფის“ ელემენტებად შედიან და გეოგრაფიულ ან სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ასეთი „კვალის“ ელემენტების ზოგიერთი წარმომადგენელი წყალში კარგად იხსნება და ნიადაგზე წვიმის წყალთან ერთად მოხვედრისას მიწისქვეშა წყლებს შეერევა. კომპონენტების ხსნადობას, რა თქმა უნდა, წვიმის pH-იც განსაზღვრავს.

ნისლი წყლის ორთქლის გამოყოფის ფორმაა უწვრილესი წვეთების ან ყინულის კრისტალების სახით. შედეგად, ჰაერი ნაკლებად გამჭვირვალე ხდება. თუმცა, აქაც სხვადასხვა კომპონენტების კომბინაცია შეიძლება იყოს. შედგენილობა წვიმის წყლის მსგავსია, თუმცა ნიადაგთან სიახლოვის გამო (სადაც გაზების რაოდენობაა გაზრდილი), კონცენტრაციები მომატებულია.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნისლიან ადგილად ფანდის ყურე (Bay of Fundt) ითვლება, რომელიც აღმოსავლეთ კანადის ატლანტიკის სანაპირო ზოლში, ახალ შოტლანდიასა და ნიუ-ბრანსუიკთან მდებარეობს. აპრილიდან ოქტომბრამდე, თბილი ჰაერი ყურედან სამხრეთით მიემართება. გადაივლის ოკეანის ცივ წყალზე, ცივდება, კონდენსირდება და  ნისლი ფორმირდება. სეზონზე ფანდის ყურეს მიმდებარე ტერიტორია ნისლშია გახვეული, რაც ზოგჯერ 3-5 დღეც კი გრძელდება ხოლმე.

არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი მჟავაშემცველი ნისლის ხანგრძლივი მოქმედება უარყოფითად იმოქმედებს  იქაურ არყის ხის ტყეზე. ერთ-ერთ კვლევაში შეისწავლეს ნისლის ქიმიური შედგენილობა, ნაპირიდან 37 კმ-ის გაყოლებაზე. შედეგები შემდეგი იყო:

 

კომპონენტები H+ Na+ K+ Ca2+ Mg2+ NH4+ Cl NO3 SO42-
კონც. მოლი/ლ 3.30

pH=3.5

78 31 13 11 50 61 160 245

 

თოვლი ატმოსფერული ნალექია, რომელიც ყინულის მცირე ზომის კრისტალებისგან შედგება. წყლის წვეთები ღრუბლებში იყინება.

თოვლის ქიმია ორი ასპექტით განიხილება. პირველ რიგში, ეს არის მისი შედგენილობა უშუალოდ მიწის ზედაპირზე დადების მომენტში. თუმცა, თოვლი ზოგჯერ   ზედაპირზე დიდხანს რჩება და  შემადგენლობაშიც ცვლილებებს განიცდის.

 

მდებარეობა კონცენტრაცია (კონც. მოლი/ლ)
H3O+ Na+ K+ Ca2+ NH4+ Mg2+ Cl NO3 SO42-
ანტარქტიდა, დადებული თოვლი 1.52

pH 5.82

0.64 —– —- 0.11 0.073 0.83 0.82 0.26
ირლანდია 279

pH3.55

—- —- —– —– 13 23 86

 

სხვათა შორის, ხელოვნური თოვლის გაკეთება გაკვეთილზე სულ იოლად შეიძლება. ჭიქა სანახევროდ აავსეთ წყლით და შიგნით 10-15 გრამი ნატრიუმის პოლიაკრილატი ჩაყარეთ. ეს უკანასკნელი წყალს შეიწოვს და თოვლის მაგვარ მასად გადაიქცევა. შემდეგ, თოვლი გადმოყარეთ ჭიქიდან და ითამაშეთ (ხელთათმანებით მხოლოდ). შეგიძლიათ წყალში ჯერ რომელიმე ინდიკატორი გახსნათ და ნატრიუმის პოლიაკრილატი ისე ჩაყაროთ. შესაბამისად, ფერად თოვლს მიიღებთ.

ასეთი ცდებით ადას ტოლ ბავშვებს მშვენივრად გაახალისებთ.

ადა ხომ გახსოვთ, მატარებლით მგზავრობს ჩემთან ერთად და ათასგვარ შეკითხვას მისვამს.

-„სუპერმენს“ იცნობ?

-არაა, ასეთები ცხოვრებაში არ არსებობენ, გამოგონილი პერსონაჟები არიან,-ვპასუხობ.

-„სპაიდერმენს“?-თავს არ მანებებს ადა;

-კი, მასეთი ადამიანები მინახავს, ყველგან ინტრიგებს და ობობას ქსელებს ხლართავენ.

ადა ცოტა გაკვირვებულია, ფიქრობს, რომ ვიღაც სხვა „სპაიდერებზე“ ვესაუბრები.

-„ვარდისფერ პონის“? -კვლავ შეკითხვას მისვამს.

-„ვარდისფერი პონი“ უფრო იოლი მოსაძებნია, გადაღებე პონი ვარდისფრად და ეგაა;

-„ფისო გოგოს“?-მორიგი შეკითხვა ადასგან;

-კი, მაგას ვიცნობ, ჩემი სახლის წინ ცხოვრობს. „ფისო-კატოა“, შინაურობაში „კატუშა დეიდას“ ვეძახით.

-მართლა? უკვირს ადას,- და რას აკეთებს?

-დღე და ღამ იმაზე ფიქრობს, რომ მე მუდმივ ჰიპნოზში ვყავდე და სულ „ვისკასები“ ვაჭამო,-სიცილით ვპასუხობ.

-ჰეე, იცინის ადაც, მართლა კატა ყოფილა.

იქვე აგრძელებს: თოვლი გიყვარს?

-არა!

-რატომ?

მოდი და ახლა ეს აუხსენი, თან თურქულად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი