ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რომელ პროფესიას მოაქვს ბედნიერება?

ჩვენ მომხმარებლურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ მოვიხმართ ყველას და ყველაფერს – საგნებს, ღირებულებებს, ერთმანეთსაც კი… ყველაფერს ვშთანთქავთ, ვამუშავებთ, გარდავქმნით… ერთი სიტყვით, დიდი ურთიერთშთანთქმისა და ურთიერთგაცვლის პროცესში ვართ ჩართულები. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ პასუხად მოვისმინო: „რა საშინელია სამაყრო… შეხედეთ, როგორ ვშთანთქავთ ერთმანეთს!“ არა, ამის თქმა არ მინდა… ეს ისედაც ცხადია.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებლურ სამყაროში, „ამაოების ბაზარში“, სად არის სული და სად – მატერია? ერთიანია თუ განცალკევებული ფორმა და შინაარსი? სული და ხორცი? ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები, უნარები და საქმე, რომელსაც ვაკეთებთ?

როგორია სულიერ და მატერიალურ ღირებულებებად დაყოფილი სამყარო? რას ნიშნავს „სულიერი საზრდო“ და როდის უნდა მივიღოთ ის? მას შემდეგ, რაც ინსტინქტებს დავიკმაყოფილებთ თუ ერთადაც შეიძლება? მაგალითად, თუ სადილს ვამზადებ, ეს მატერიის კვებას ემსახურება და თუ ლექსებს ვწერ, სულს ვკვებავ? ბევრი მზარეულის სადილი მინახავს პოეტური და ბევრი პოეტის ლექსი – მატერიალური…

რა არ ჰყოფნის თანამედროვე ადამიანს? – სწორედ ეს განცალკევებულად ყოფნა. ცალკე ზრუნვა მატერიაზე და ცალკე – სულიერებაზე. ცალკე „ფულის კეთება“ და მერე მაღალი ღირებულებების დაკმაყოფილება… მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ასე ძალიან რთულია. რთულია, რადგან ავტომატური არსებობისთვის ბრძოლაში ჩართულ ადამიანს ავიწყდება ყველაფერი და ემორჩილება მექანიკურ ყოფას. ის უბრალოდ რობოტია, სტანდარტული ცხოვრების წესით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სტანდარტულობაში ასევე სტანდარტულად ჩართული „სულიერებით“. ეს მკვდარი და უსიცოცხლო არსებობაა, როცა აკეთებ იმას, რასაც მოაქვს კმაყოფილება, მაგრამ არ მოაქვს სიხარულისა და ბედნიერების განცდა, თავდავიწყების განცდა.

ამ მდგომარეობას ადრე თუ გვიან აცნობიერებს ადამიანი და სურვილის შემთხვევაში შეუძლია სრულიად შეიცვალოს და შეცვალოს ცხოვრების წესი. როცა ამაზე ვფიქრობ, ხშირად მახსენდება ჩარლზ ბუკოვსკის ცხოვრება. ის 49 წლამდე ფოსტაში მუშაობდა. ერთხელ ერთმა გამომცემელმა დახმარება შესთავაზა, თუკი სამსახურს მიატოვებდა და დარჩენილ სიცოცხლეს წერას მიუძღვნიდა. იმ დროს ჩარლზს ვერც წარმოედგინა, რომ წერით თავის რჩენას შეძლებდა.

1986 წელს მან წერილი მისწერა თავის მხსნელს – ხემოხსენებულ გამომცემელს ჯონ მარტინს. განსაკუთრებით ემოციურია და ახალგაზრდებისთვის საყურადღებო წერილის ეს ნაწილი:

მტკივნეულია, როცა უყურებ, როგორ კნინდება მათი ადამიანობა, ვინც ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი სამსახური, რომელიც არ უყვარს, მაგრამ რისკი ვერ გაუწევია, რადგან უარესი ალტერნატივის ეშინია. ადამიანები იფიტებიან. უბრალოდ არსებობენ სხეულები შეშინებული და დაბნეული გონებით. თვალებში ნაპერწკალი ქრება, ხმა იცვლება, სხეულის ფორმები, თმის ფერი, ფრჩხილებიც კიყველაფერი იცვლება.

ახალგაზრობაში ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას ასეთი პირობებისთვის გაწირავდნენ და, მიუხედავად ყველაფრისა, ახლაც კი არ მჯერა. რისთვის აკეთებენ ისინი ამას? სექსისთვის? ტელევიზორისთვის? ავტომობილისთვის? შვილებისთვის? შვილებისთვის, რომლებიც მავეს კეთებას გააგრძელებენ?

ბუკოვსკის ეს წერილი მოწოდებაცაა და გაფრთხილებაც იმის თაობაზე, როგორ არ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მაგრამ მოსწავლე, რომელიც ახლა საკლასო ოთახში ზის და წიგნს ჩაჰყურებს, როგორ უნდა მიხვდეს, რა უნდა და რა მოუტანს მას ბედნიერებას მომავალში, რომელი პროფესია?

სკოლა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამის გარკვევაში დაეხმაროს ბავშვებს; შეუძლებელია, ყველას ერთნაირი უნარები და მისწრაფებები ჰქონდეს, ამიტომ, თუ ბავშვი საკუთარ თავში გარკვეულ უნარს აღმოაჩენს, ბუნებრივია, ამ უნარის შესაფერისი საქმიანობა მომავალში მას თვითრეალიზაციას და სიხარულს მოუტანს.

მესამე ათასწლეულში ჩვენი სამყარო განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. ძველი წესები და კანონები ახალი სამყაროს ახალი ადამიანისთვის აღარ მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმოსიც და საინფორმაციო ველიც ცნობიერების განსხვავებულ ფორმატს უჭერს მხარს. ეს განსხვავებული ფორმატია სწორედ, ტექნიკის ენაზე რომ ვთქვათ, ჰარმონიული, მთლიანი ადამიანის ახალი ვერსია.

თანამედროვე ადამიანი ვერ ცხოვრობს დაყოფილად, დანაწევრებულად. შეუძლებელია, ის ბედნიერი იყოს ეკლესიაში, რიტუალის დროს, და უბედური – ეკლესიის გარეთ, შეუძლებელია, სამსახურში ფულს აკეთებდეს და მერე ამ ფულით სულიერ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდეს.

დიახ, თანამედროვე ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას, რაც უხარია, რასაც შემოსავალიც მოაქვს და სულიერი კმაყოფილებაც და ეს ის საქმეა, რომლის კეთების უნარიც ყველაზე მეტად შესწევს. მაგრამ სკოლაში ახალგაზრდებს არავინ ელაპარაკება ცოდნით მიღებულ მატერიალურ სარგებელზე. ამიტომ არის, რომ ცალკე რჩება ცოდნა და ცალკე მიედინება ადამიანის ცხოვრება, თითქოს მათ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდეთ. ალბათ თქვენც ხშირად გაგიგონიათ ასეთი ფრაზები: „ვისწავლე, მაგრამ რაში გამომადგა?“; „რაც ვისწავლე, ყველაფერი დამავიწყდა…“ ან – „ნეტავი რას ვაკლავდი წიგნებს თავს, მაინც აღარაფერი მახსოვს!“

„ცოდნა კეთებით“ ერთადერთი გზაა, რაც მიღებულ ცოდნას აქცევს ისეთ გამოცდილებად და უნარად, რომელიც ბავშვს არასდროს დაავიწყდება. შესაძლოა, „ცოდნა“ სხვადასხვანაირი იყოს; მთავარი მოქმედებაა! მოქმედება, რომელსაც მოსწავლე ასრულებს ცოდნის მიღების პროცესში, ნავიგაციაა მომავლისთვის, როდესაც მიღებული თეორიული ცოდნა გარდაიქმნება გამოცდილებად და გაივლის გზას სკოლიდან ცხოვრებისკენ და პირუკუ. ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიჩნდება კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა ვეძიოთ ცოდნის გზით, ამ ცოდნის ყოველდღიურობაში დანერგვის გზით. სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული სკოლა. ამ შემთხვევაში ბავშვი თავიდანვე შეეჩვევა საკუთარი უნარების დანახვას, აღმოჩენას და შედეგებსაც ნახავს. სწორედ ამის საფუძველზე შეძლებს, შეარჩიოს პროფესია, მიიღოს სხვადასხვა ცოდნა და გამოცდილება და კეთების დროს ერთი ხედვით კი არ შემოიზღუდოს, არამედ ეძებოს მეტი გზა და საშუალება იმ პრობლემის დასაძლევად, რომელზეც მუშაობს. ასეთი ადამიანი არის აწმყოსა და მომავლის ადამიანი: მუდმივად განახლებადი, გამუდმებით თვითრეფლექსიაში, ცოდნისა და უნარების რეალიზაციაში მყოფი. ეს არის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების დაბადების წინაპირობა და ის იწყება აქ და ახლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი